ღვინის საერთაშორისო ბაზარზე ვითარება იცვლება. არსებობს კვლევებზე დაფუძნებული მოსაზრება, რომ უახლოეს წლებში პროდუქციაზე დეფეციტი შეიქმნება. როგორ ხვდებიან სამომავლო ტენდენციას ქართველი მეღვინეები?
ამერიკული საფინანსო კორპორაცია „მორგან სტენლის“ კვლევის მიხედვით, შარშან ღვინოზე მოთხოვნამ მიწოდებას 300 მილიონი ლიტრით გადააჭარბა და დეფიციტმა ბოლო 40 წლის მაქსიმუმს მიაღწია. როგორც ექსპერტები აცხადებენ, ევროპაში ცუდი ამინდის გამო, ღვინის წარმოება რეგიონში 2012 წელს - 10%-ით, ხოლო 2004 წელთან შედარებით, როცა პიკური მაჩვენებელი დაფიქსირდა - 25%-ით შემცირდა. სამაგიეროდ, ღვინის მომხმარება 1996 წლიდან იზრდება.
„მორგან სტენლის“ ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ღვინის მარაგების შემცირების გამო, საერთაშორისო ფასები ალკოჰოლურ სასმელზე გაიზრდება, შესაბამისად, ახალ ექსპორტიორებს დიდი პერსპექტივა აქვთ.
მევენახეობა–მეღვინეობის საერთაშორისო ორგანიზაციის ცნობით, 2013 წელს ღვინის მსოფლიო მოხმარებამ, შესაძლოა, 2008 წლის კრიზისამდელი პერიოდის მაჩვენებელს მიაღწიოს.
ორგანიზაციის სპეციალისტების განცხადებით, ღვინოზე მოთხოვნა გაიზრდება ახალი მომხმარებელი ქვეყნების ხარჯზე. მათივე პროგნოზით, მსოფლიო მასშტაბით ღვინის წარმოება წლის ბოლოსთვის 28 მილიარდ 100 მილიონ ლიტრს მიაღწევს, საიდანაც 16 მილიარდ ლიტრზე მეტი ევროპული პროდუქცია იქნება.
მევენახეობა–მეღვინეობის ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში ღვინის უმსხვილეს მწარმოებლად იტალია რჩება, მეორე ადგილს საფრანგეთი, ხოლო მესამეს ესპანეთი იკავებს. უმსხვილესი მწარმოებლების ათეულში ასევე არიან ამერიკის შეერთებული შტატები, არგენტინა, ავსტრალია, ჩილე, სამხრეთ აფრიკა, გერმანია და პორტუგალია.
2012 წელს მსოფლიოში ვენახების ფართობი 7,528 მლნ ჰა-მდე შემცირდა. ღვინის წარმოებამ 252 ჰლ შეადგინა, რაც 2011 წლის მაჩვენებელზე (267 მლნ, ჰლ) 6%-ით ნაკლებია. ვენახების ფართობის კლების გარდა, ამ ფაქტზე ცალკეული მეღვინეობის რეგიონში არახელსაყრელმა მეტეოროლოგიურმა პირობებმაც იმოქმედა. სპეციალისტთა თქმით, 2012 წელს პირველად 3 წლიანი პერიოდის (208-2011) შემდეგ, ევროკავშირის ქვეყნების მთავრობა მევენახეებს ფულს უხდიდა, რათა ვაზი არ მოეშენებინათ. სხვათა შორის, ამ რამდენიმე წლის წინათ დაახლოებით იგივე ტენდენცია შეინიშნებოდა საქართველოშიც, როდესაც 1 ჰექტარი ვაზის გაჩეხვისთვის და სხვა კულტურის მოშენებისთვის მთავრობა გლეხებს 2000 ლარს უხდიდა.
სამაგიეროდ, ვენახების ფართობმა აზიის ქვეყნებში იმატა და მსოფლიო ვაზის ნარგავების 22,7% შეადგინა. მთავარი „დამნაშავე“ ჩინეთია, სადაც გასული ათწლეულის განმავლობაში ვენახები ფაქტობრივად, გაორმაგდა (+90%).
ამ მეტად საინტერესო პროგნოზების ფონზე, საინტერესოა რა ტენდენციებია საქართევლოში და როგორ ემზადებიან ადგილობრივი მეღვინეები საერთაშორისო გამოწვევებისთვის. თუკი წლევანდელ სტატისტიკურ მაჩვენებლებს გადავხედავთ, პერსპეტივა ნამდვილად სახარბიელოა. 2013 წლის იანვარ–სექტემბერში ღვინის ექსპორტი 73.9%–ით გაიზარდა და 74.1 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. შედეგად, მისმა წილმა ქვეყნის მთლიან ექსპორტში 3.7% შეადგინა. რასაკვირველია, ამ მაჩვენებლში ლომის წილი რუსეთზე მოდის, მაგრამ ქართველი მეწარმეები სხვა საერთაშორისო ბაზრებზეც აქტიურად მუშაობენ და საკმაო წარმატებებიც აქვთ, ამასთან რუსეთიც მსოფლიო ბაზრის ნაწილია (თანაც სწრაფად მზარდი) და საერთაშორისო ტენდენციები იქაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, „რთველი 2013“-ის საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელი ლევან დავითაშვილი წლის ყველაზე დიდ მიღწევად ინდუსტრიის წნეხისგან გათავისუფლებას მიიჩნევს და საუბრობს რეკორდულ ციფრებზე, რასაც წარმოებამ მიაღწია.
„კახეთის რეგიონში ინდუსტრიულად 91 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა. შარშან ეს მაჩვენებელი 52 ათას ტონას შეადგენდა, ძალიან დიდი სხვაობაა. განსაკუთრებული შედეგი „შეღავათიანი აგროკრედიტების“ პროგრამის დახმარებით მივიღეთ. რაც მთავარია, ინდუსტრია წნეხისგან გათავისუფლდა. ეს ფაქტორი მევენახეობის დარგში სტაბილურ მდგომარეობას შექმნის.
მნიშვნელოვანი შედეგებია ექსპორტის თვალსაზრისითაც. ქვეყნის გარეთ სულ 26 მილიონი ბოთლი ღვინოა გასული, რაც შარშანდელ მთლიან მაჩვენებელს უკვე 20%-ით აღემატება, ხოლო 2012 წლის ანალოგიურ პერიოდს 70%-ით აჭარბებს.
ხარისხის ზრდამ გარკვეული გავლენა ფასზეც მოახდინა, საექსპორტო ბაზრებზე ქართული ღვინო 10-20%-ის ფარგლებში გაძვირდა. შიდა ბაზრებზე არსებული ფასების შენარჩუნებას ვახერხებთ. რაც შეეხება ჩამოსასხმელ ღვინოებს, ადმინისტრირება გამკაცრდება და ჰიგიენური პირობები გაუმჯობესდება. ამ მხრივ სახელმწიფოს ნორმატიული ბაზა აქვს ჩამოსაყალიბებელი“, - აცხადებს ლევან დავითაშვილი.