იუსტიციის სამინისტრომ კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებების პროექტზე მუშაობა დაასრულა, რომელიც იპოთეკართა საკითხს არეგულირებს. იქ მთელი რიგი რეგულაციები შემოდის, რომელიც მსესხებელისთვის პირობებს აკონკრეტებს. ეს ყველაფერი კერძო მევახშეებს ეხებათ. არანაკლები პრობლემებია ბანკებთან მიმართებაშიც, რომელთა წილი მოსახლეობისა და ბიზნების გაღატაკებაში სოლიდურია. თუმცა ბანკებისთვის არაფერი იცვლება, თითქოს ამ მიმართულებით პრობლემები არ არსებობს.
როგორც მინისტრის მოადგილე სანდრო ბარამიძე განმარტავს, ცვლილებებით იპოთეკის ხელშეკრულების დამტკიცების წესი შემოდის. მისი სანოტარო წესით დამტკიცება სავალდებულო გახდება. პარალელურად, ნოტარიუსს ვალდებულება დაეკისრება, რომ მსესხებელს აუხსნას, იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმებამ რა სამართლებრივი შედეგები შეიძლება გამოიწვიოს. გარდა ამისა, კერძო იპოთეკარებისთვის პროცენტზე შეზღუდვა დაწესდება. ამით დარეგულირდება ის, რომ აქამდე პროცენტზე არავითარი ზედა ზღვარი არ არსებობდა.
ცვლილებები იგეგმება აღსრულების წესშიც, რაც მსესხებელს საშუალებას მისცემს ქონების დასაცავად გარკვეული ზომები მიიღოს, სანამ მას სავალდებულო აუქციონზე გაიტანენ.
„ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ, სხვადასხვა უწყებებთან და დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციები გვქონდა, გვსურდა ბალანსის დაცვა ერთი მხრივ მოქალაქეების ინტერესებსა და მეორე მხრივ გამსესხებლების ინტერესებს შორის. მართალია გარკვეული რეგულაციები შემოგვაქვს, მაგარამ ამავე დროს არ გვინდა საფინანსო ინსტიტუტებს მეტისმეტად დიდი ტვირთი დავაკისროთ“,- აღნიშნავს სანდრო ბარამიძე.
რეგულაციები კომერციულ ბანკებსა და სხვა საფინანსო დაწესებულებებზე არ გავრცელდება. მთავრობის დღის წესრიგის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსში სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონსა და ნოტარიატის შესახებ კანონში ცვლილებების პროექტი პარლამენტს წარედგინება.
საბანკო ასოციაციის თავმჯდომარის განცხადებით, აუცილებელი იყო, რომ პროცესი გარკვეული სახის საკანონმდებლო ჩარჩოში მოქცეულიყო. ზურაბ გვასალიას განმარტებით, ხშირ შემთხვევაში კერძო იპოთეკარები თავიანთ საქმიანობას დაურეგისტრირებლად და არალეგალურად ახორციელებდნენ, რაც ქართულ საფინანსო ბაზარზე უარყოფით გავლენას ახდენდა.
იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განმარტებით, იპოთეკის საკითხებზე მომუშავე ჯგუფი არ განიხილავს იაფი სესხების გაცემის საკითხს, რადგან იუსტიციის სამინისტროს ამის უფლებამოსილება არ აქვს.
„სამაგიეროდ, ჩვენ შეგვიძლია შევიმუშაოთ უკეთესი კანონები, რომ სხვები არ აღმოჩდნენ იმავე პრობლემების წინაშე. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება უნდა დამტკიცდეს სანოტარო წესით, სადაც შემოწმდება, არის თუ არა მსესხებელი გადახდისუნარიანი, რათა მისი მდგომარეობა არ გამოიყენოს კერძო იპოთეკარმა“, - განაცხადა წულუკიანმა და იმედი გამოთქვა, რომ იუსტიციის სამინისტროს მომზადებულ კანონპროექტს პარლამენტი კანონად მალე აქცევს.
საკანონმდებლო ცვლილებები მოვალის სამართლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას ითვალისწინებს, ვინაიდან არსებული კანონმდებლობა არ განსაზღვრავს მოვალის დაცვის სამართლებრივ მექანიზმს კრედიტორის მხრიდან მდგომარეობის ბოროტად გამოყენების შემთხვევაში.
არცთუ იშვიათად კრედიტორი თავადაა დაინტერესებული მოვალის მხრიდან ხელშეკრულების დარღვევით, რათა მას მიეცეს იპოთეკით დატვირთული ქონების დასაკუთრების შესაძლებლობა. კრედიტორისადმი ზედმეტად ლოიალურია პროცენტიანი სესხის მარეგულირებელი ნორმებიც. მას სრული თავისუფლება ენიჭება, სესხად გაცემული თანხიდან მიიღოს ნებისმიერი ოდენობის სარგებელი. ამჟამინდელი, კანონმდებლობით დასაშვებია არა მხოლოდ სესხის ძირითადი თანხიდან, არამედ პროცენტიდან პროცენტის დარიცხვაც, რაც კიდევ უფრო ართულებს მოვალის მდგომარეობას.