უცხოელებს სანუგეშოდ მიწის იჯარას სთავაზობენ

უცხოელებს სანუგეშოდ მიწის იჯარას სთავაზობენ

მართალია, უცხოელებს სასოფლო-სამეურნეო მიწების ყიდვა დროებით აეკრძალათ, მაგრამ, სანაცვლოდ, 49-წლიან იჯარას გამოკრავენ ხელს. ამას „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილბები ითვალისწინებს, რომელიც განსახილველად პარლამენტს უკვე წარედგინა.

კანოპროექტის მიხედვით, რომელის ავტორი ეკონომიკის სამინისტროა, ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირებისთვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების სარგებლობაში გადაცემა შესაძლებელია არა უმეტეს 49 წლის ვადით, გარდა აღნაგობის უფლებით გადაცემის შემთხვევებისა, რომლის ვადიანობაც მხარეთა შეთანხმებით, არა უმეტეს 99 წლით განისაზღვრება.

ამასთან, სახელმწიფო ტყის ფონდის მიწები სასოფლო-სამეურნეო მიზნით სარგებლობის უფლებით არა უმეტეს 10 წლის ვადით გაიცემა, ხოლო არასასოფლო-სამეურნეო მიზნით - არა უმეტეს 49 წლის ვადით.

სასოფლო-სამეურნეო მიწების იჯარის წესის სასწრაფო ამოქმედება პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა მოითხოვა. მას შემდეგ, რაც სასოფლო მიწების უცხოელებისთის მიყიდვაზე მორატორიუმი გამოცხადდა, პრემიერმა ეკონომიკის შეფერხების ნიშნები დაინახა.

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკური კომიტეტის თავმჯდომარის ზურაბ ტყემალაძის ინფორმაციით, მიწების იჯარით გაცემასთან დაკავშირებით ცვლილებები ისედაც დაგეგმილი იყო, უბრალოდ, პრემიერმა ვადების შემცირება ითხოვა.

აგრარული კომიტეტის თავმჯდომარის გიგლა აგულაშვილის განმარტებით კი, ხელისუფლებას ესმის, რომ მორატორიუმი არ უნდა გაიწელოს, რათა ინვესტორები არ გადავიდნენ მოლოდინის რეჟიმში და ჰქონდეთ შესაძლებლობა მიწა იჯარით აიღონ ან შეიძინონ.

„სახელმწიფო დარჩენილ სავარგულებს თვითონ ვერ დაამუშავებს, ამიტომ მის საკუთრებაში არსებული მიწა ან გასხვისდება, ან იჯარის წესით გაიცემა. არ გვინდა, რომ ეს პროცესი გაიწელოს და პოტენციურ ინვესტორებზე დამაბნევლად იმოქმედოს“, - განაცხდა აგულაშვილმა.

რაც შეეხება სასოფლო-სამეურნეო მიწებს პრივატიზაციას.  საკანონმედბლო ორგანომ ზაფხულში მიიღო კანონი, რომლის საფუძველზეც, უცხოელებსა და უცხო ქვეყანაში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საქართველოში დაფუძნებულ იურიდიულ პირებს 2014 წლის 31 დეკემბრამდე სასოფლო მიწების შეძენა ეკრძალებათ. 14 თვის შემდეგ რა გადაწყვეტილებას მიიღებს პარლამენტი, რა თქმა უნდა, გაკრევეველია.

„ჯერ გაყიდვის აღდგენაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის, მაგრამ ჩვენ წინაშე მდგარი ამოცანა ასეთია:  სასოფლო-სამეურნეო სავარგულები უნდა დამუშავდეს და შესაბამისად, მხარს ვუჭერთ ადგილობრივმა, მაღალხარისხიანმა პროდუქტმა ჩაანაცვლოს იმპორტირებული.

ხედვები განსხვავებულია, ძირითად საკითხებში ვთანხმდებით, რომ შუალედური მიდგომა უფრო გონივრულია. უწყებათაშორის კომისიაში მკაცრი და ულტრალიბერალური მიდგომის მომხრეები, მგონი, არც არიან. ექსპერტები და ზოგიერთი პოლიტიკოსი უჭერს მხარს მკაცრ პოზიციას, რომ მიწა არ უნდა გაიყიდოს. არის ასეთი მოსაზრებაც, რომ, თუ უარს იტყვი უცხოელისთვის მიწის გაყიდვაზე, თავისუფალ ბაზარს მოკლავ და მას ჩალის ფასად ხელში ჩაიგდებს ადგილობრივი, ღმერთმა იცის, რა გზით გამდიდრებული ადამიანი. მერე ის რას უზამს ამ მიწას, არავინ არ იცის. მე მაინც ვფიქრობ, რომ საუკეთესო ვარიანტზე შევჯერდებით“, - ამბობს გიგლა აგულაშვილი.