11 ივლისს, თბილისში, ათონელის N9-ში, ხელისუფლებისა და შს სამინისტროს მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად სამეგრელოში „გადასროლილი“ აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობა პროტესტს დღემდე გამოთქვამს.
ზუგდიდის რაიონის სოფელ ორულუში, “ცეკავშირის” მაღაზიის ყოფილ შენობაში ჩასახლებული კოდორელები იმ ძალადობასა და სისასტიკეზე საუბრობენ, რომელიც თბილისიდან მათ “გამოყრას” და ორულუში “დაყრას” თან ახლდა.
ამ ფრაზებს ერთ-ერთი დევნილი, ნანა გერლიანი “პრესა.გე” - სთან საუბარში ყველაზე ხშირად იმეორებდა. იგი იმაზეც საუბრობდა, თუ როგორ იქცა ათასობით აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობა ხიზნად საკუთარ სამშობლოში.
ნანა გერლიანი: “სუბელიანის ბრძანებით, სააკაშვილის ე.წ. პოლიცია ათონელზე თავს გამთენიისას დაგვესხა. დილის 6 საათზე შენობა უკვე 300-ზე მეტი პოლიციელით იყო გარშემორტყმული. ისე შემოგვეჭრნენ, რომ არც გასვლის და არც გადარეკვის საშუალება არ მოგვეცა. დაავლეს ხელი ჩვენს ნივთებს და მანქანებში შეყარეს. მტვირთავებიც ჰყავდათ მოყვანილი.
ავეჯი, ჭურჭელი და სხვა საოჯახო ნივთები ერთიანად დამინგრიეს და დამილეწეს. არავის განუმარტავს ჩვენთვის, თუ სად მივყავდით, გვითხრეს, როცა ჩაგიყვანთ, იქ ნახავთო... დაგვყარეს ორულუში. ოთხი დღეა ამ კორიდორში გვძინავს... 5 ოჯახი ვიყავით თავდაპირველად, მაგრამ სამი გაიქცა, იმდენად გაუსაძლისი პირობები დაგვხვდა აქ”.
გერლიანების ოჯახი განადგურებული ავეჯისა და ნივთების სანაცვლოდ სუბელიანის უწყებისგან საკომპენსაციო თანხასაც მოითხოვს, თუმცა მათ პრობლემა საცხოვრებელი ფართის გამოყოფაშიც შეექმნათ.
ნანა გერლიანი ამბობს, რომ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ ფართის განაწილებისას ოჯახების სულადობა უნდა გაითვალისწინოს, “ამას მათ მიერ შექმნილი კანონიც ითვალისწინებს. არავის მივცემ უფლებას ჩემს ხარჯზე ჯიბე ისქელოს. გვეკუთვნის სულზე 17 კვ.მ და გამოგვიყონ. სახელმწიფოს უნდა რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაასახლოს აქ. ეს იმიტომ, რომ თუ ვინმე უარს იტყვის შემოთავაზებულ ფართზე, მას 10 000 აშშ დოლარი უნდა გადაუხადონ...” - აცხადებს გერლიანი.
ერთი შეხედვით ევროსტანდარტების შესაბამისი ორსართულიანი სახლი გადმოსახლებულ დევნილებს დისკომფორტს უქმნის. სამი შვილის დედა, ნუნუკა ეხვაია ამბობს, რომ რემონტი დაუსრულებელია და ყველაფერი ერთჯერადი გამოყენებისაა. შენობაში შეყვანილი მაღალი ძაბვის ელექტროსადენები იმდენად უსუსურია, რომ მაცივრის ჩართვაც შეუძლებელია. არ არის სასმელი წყალი და მას შორი მანძილიდან ეზიდებიან. წყალსაქაჩი დევნილებს მწყობრიდან გამოსული დახვდათ, ამიტომაც მათ არც აბაზანის მიღების საშუალება აქვთ. ხელოვნური ჭა, რომელიც ეზოში გაუთხრიათ, მატლებით სავსეა. დევნილების შეშფოთების მიზეზი საკანალიზაციო სისტემის მოშლაც გამხდარა.
ნუნუკა ეხვაია: “ეზოში დიდი ხელოვნური ავზია, სადაც საკანალიზაციო სისტემა ჩაედინება. ფეკალური მასები ერთ კვირაში უკვე ზევით იტივტივებს. შეიძლება აქ ბავშვების გაჩერება? მალე აქ ანტისანიტარია გვექნება და ათასგვარი დაავადებების წინაშე აღმოვჩნდებით. ხომ მოვიწამლებით ყველანი... ეს ძალიან აწუხებს კობა სუბელიანს და ჩვენს მთავრობას საერთოდ, ასეთ დღეში რომ ვიმყოფებით”.
ორულუში ჩასახლებულ დევნილებს, რომლებსაც ზუგდიდამდე 28 კილომეტრი აშორებთ, ცხოვრების გაგრძელება ვერ წარმოუდგენიათ, რადგან მათ სოფელში არც მიწის ნაკვეთი და არც სამუშაო ადგილები გააჩნიათ. მათი არსებობის წყარო დღეს მხოლოდ 28-ლარიანი შემწეობის თანხაა.
ორულუში ჩასულ “პრესა.გე” - ს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს აჭარისა და სამეგრელოს წარმომადგენლობა დახვდა, მაგრამ მათ კომენტარის გაკეთება არ ისურვეს და მიზეზად არაკომპეტენტურობა დაასახელეს. ამავე სამმართველოს უფროსმა, ლევან მიქავამ კი სამინისტროში გადაგვამისართა და პასუხების მიღება პრესსამსახურში გვირჩია.
ასე “დაკვალიანებულ”, სამეგრელოს რეგიონში მომუშავე ჟურნალისტებს დღეიდან, შს სამინისტროს მსგავსად, სუბელიანის უწყებაში ღია კარის მტვრევა მოგვიწევს, რადგან ადგილობრივ ჩინოვნიკებს ჟურნალისტებთან კონტაქტიც კი აკრძალულია.
გასაგებია, რის დამალვას ცდილობს შს მინისტრი მერაბიშვილი, მაგრამ სრულიად გაუგებარია რას გვიკრძალავს სუბელიანი, რომელსაც დევნილების ყოფის გაუმჯობესება და მათი უფლებების დაცვა პირდაპირ ევალება. თუმცა, ჩვენის მხრივ მათი „დაკავალიანებაც“ არ იქნება ურიგო - შს სამინისტროს დაუყონებლივ დაექვემდებაროს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო, რადგან დევნილების „დაცვას“ იგი მხოლოდ ამ ძალოვანი სტრუქტურის „დახმარებით“ ახერხებს.