„ქართული ენასა და ლიტერატურას იმდენად მცირე საათები ეთმობა ჰაგიოგრაფიას კი არა, ვერაფრის სწავლას ვერ ასწრებენ, ჰაგიოგრაფია ჩვენს სკოლებში ისწავლება გადარბენით“

„ქართული ენასა და ლიტერატურას იმდენად მცირე საათები ეთმობა ჰაგიოგრაფიას კი არა, ვერაფრის სწავლას ვერ ასწრებენ, ჰაგიოგრაფია ჩვენს სკოლებში ისწავლება გადარბენით“

თანამედროვე ეპოქაში ჰაგიოგრაფიული ნაწარმოების სწავლების ადგილი არის თუ არა, ეს საკითხი მას შემდეგ გააქტიურდა, რაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის კონსულტანტმა გია მურღულიამ განაცხადა, რომ თუკი ჩვენს შვილებს 21-ე საუკუნისთვის ვზრდით, მათ უნდა გაიაზრონ, რა არის თანამედროვე ადამიანის მისწრაფებები. ამას კი სრულფასოვნად თანამედროვე ლიტერატურა გამოხატავს.

გია მურღულიას შეფასებით, შემთხვევითი არაა, რომ ბერძნები სკოლებში ორ ჰაგიოგრაფიულ ტექსტზე მეტს არ ასწავლიან და ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ბერძნები პატივს არ მიაგებენ ჰაგიოგრაფიას, ქართველებმა ხომ ქრისტიანობაც და ჰაგიოგრაფიაც ბერძნებისგან ვისწავლეთ. მისივე შეფასებით, ფრანგები, რომლებსაც მე-19 საუკუნის ბრწყინვალე ლიტერატურა აქვთ, ამ საინტერესო ეპოქის მხოლოდ ერთ-ორ ნიმუშს ასწავლიან და ეს იმიტომ ხდება, რომ ფრანგებს სკოლის სპეციფიკა ესმით.

„ყველაფერი კი არ უნდა ასწავლო, უნდა ასწავლო იმდენი, რაც ბავშვის განვითარებისთვისაა საჭირო... ამ წუთას ქართულ სკოლებში სამ ჰაგიოგრაფიულ ტექსტს ვასწავლით, სამივე ძალიან მეძვირფასება, მაგრამ როგორც კი დადგება ხოლმე საკითხი, რაღაცას შეველიოთ, მიმოხილვის წესით ვასწავლოთ, იმ წუთას იწყება საუბარი, რომ წარსულ კულტურას პატივს არ სცემენ“, - აცხადებს გია მურღულია.

მინისტრის კონსულტანტი მიიჩნევს, რომ სკოლაში ბავშვებმა მსოფლიო მასშტაბის ნაწარმოებებიც უნდა ისწავლონ, თანამედროვე მწერლობაც, აღმოსავლური ლიტერატურაც, ბიბლიისა და მითოსის ცალკეული ნიმუშებიც, რადგან ზოგადი განათლების მიზანი კარგი მკითხველის და არა ლიტერატურისმცოდნის აღზრდაა.

გია მურღულიას ნათქვამს მალევე გამოუჩნდნენ ოპონენტები, ვინც მიიჩნევს, რომ ჰაგიოგრაფია უნდა ისწავლებოდეს ისე, როგორც ისწავლება, რადგან მთელი ქართული ლიტერატურა ამოზრდილია სწორედ ჰაგიოგრაფიაზე.

ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი აცხადებს, რომ ჰაგიოგრაფიის სწავლების თვალსაზრისით, ტრადიციონალისტური შეხედულების მომხრეა და მიიჩნევს, რომ ჰაგიოგრაფია უნდა ასწავლონ ისე, როგორც აქამდე ისწავლებოდა. პირიქით, ამ თვალსაზრისით შეიძლება გაძლიერებაც იყოს საჭირო, რადგან ქართული სახელმწიფოებრიობა დგას სწორედ ჰაგიოგრაფიაზე.

„გრიგოლ ხანძთელი რომ არ ყოფილიყო, შეუძლებელი იქნებოდა ქართული სახელმწიფოს შენება. გავიხსენოთ გიორგი მერჩულის ფორმულა - „ქართლად ფრიადი ქვეყანაი აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაი ყოველი აღესრულების“... ეს არის სწორედ გრიგოლ ხანძთელის სულიერი მოღვაწეობის შედეგი, რამაც საბოლოოდ შექმნა ჩვენი ქვეყანა და სახელმწიფო. ამაზე უარის თქმა და გათანამედროვეობა, პოსტინდუსტრიული ეპოქისთვის დამახასიათებელი პარადიგმები არ გამოდგება, რადგან რაზედაც დგას ჩვენი სახელმწიფოებრიობა, ჩვენი სულიერება, ჩვენი კულტურა, ეს ჰაგიოგრაფიაა და როგორ უნდა ასწავლონ სხვანაირად, გაუგებარია. ცხადია, ჰაგიოგრაფიული ნაწარმოები დღევანდელი ეპოქისგან დაცილებულია, სულ სხვა სინამდვილეა გადმოცემული, ჰაგიოგრაფიაში ლიტერატურულადაც სხვა სიმართლეა, კულტუროლოგიურადაც და ნებისმიერი თვალსაზრისითაც, თითქოს დღევანდელობასთან არ აქვს არანაირი კავშირი, მაგრამ მთელი ჩვენი სულიერება, კულტურა და, მათ შორის, დღევანდელობაც იმ პერიოდიდან მოდის. ამაში შეიძლება გია მურღულიას დავეთანხმო, რომ შესაძლოა, გარკვეული განსხვავებული ფორმა მოინახოს, მაგრამ განა შეიძლება არ ასწავლო „შუშანიკის ცხოვრებიდან“, „აბო თბილელის ცხოვრებიდან“, „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებიდან“ საზეპიროები?! ყველა ქართველმა ეს ზეპირად უნდა იცოდეს. ის მეთოდოლოგია შესაძლოა, არ მოგწონდეს, მაგრამ ეს საზეპიროა და აუცილებელია, იცოდე. ეს ხომ სიმდიდრეა, ჯერ როგორი შესანიშნავი ქართული სიტყვებია, რაც „აბო თბილელშია“ გადმოცემული - „ირყევიან, ვითარცა ლერწამნი ქართაგან ძლიერთა“. ასევე, „აბო თბილელში“ საოცარი სიტყვებია ქრისტიანული რწმენის შერყევის გამოსახატად: „ნაშობნი ქრისტიანეთანი გარდაგულარძნეს“, - აღნიშნა დავით ზარდიაშვილმა for.ge-სთან საუბრისას.

რაც შეეხება მოსაზრებას, ხომ არ ჯობია, მღვდლებმა ასწავლონ ჰაგიოგრაფია, რათა ზოგიერთმა პედაგოგმა არაკომპეტენტურობის გამო არ შეაძულოს ძველი ქართული ლიტერატურა მოსწავლეებს, დავით ზარდიაშვილი განმარტავს, რომ პირადად მას მღვდელი არ ასწავლიდა ქართულ ლიტერატურას, ასწავლიდა იზო რობაქიძე, მაგრამ იმდენად ღრმად ჰქონდა იმ თაობას აგიოგრაფია შეთვისებული, იმდენად დიდი ტრადიციები არსებობდა ქართული ლიტერატურის და ეს ტრადიცია უნივერსიტეტიდან მოდიოდა, რომ საბჭოთა დროის მიუხედავად, ეს ტრადიცია არ ჩამქრალა.

ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ჰაგიოგრაფიაში გადმოცემულ საზეპიროებს თავისი დანიშნულება და მნიშვნელობა აქვს. შეიძლება, თავიდან არ გესმოდეს, მაგრამ ზეპირად უნდა იცოდე. რაც შეეხება თანამედროვე ლიტერატურის ხვედრითი წილის გაზრდას სკოლებში, დავით ზარდიაშვილს აინტერესებს, განა გვაქვს იმ დონის თანამედროვე ლიტერატურა?!

„არ ვიცი, თანამედროვე ლიტერატურა საერთოდ გვაქვს კი?! უკანასკნელი დროის ქართული ლიტერატურიდან გურამ დოჩანაშვილი მახსენდება, ოთარ ჭილაძე, ჭაბუა ამირეჯიბი, ანა კალანდაძე, ეს თაობა. ტურაშვილისა და ბუღაძის შემოქმედებაზე ვერ ვიტყვით დიდი ქართული ნაწარმოებიო, პირიქით, საკუთარი თავი უნდა აიძულო, დაჯდე და წაიკითხო. ლიტერატურის წაკითხვა უნდა გსიამოვნებდეს, რომ დაიწყებ კითხვას, ბოლომდე უნდა გახვიდე თავაუღებლად. ჰაგიოგრაფიაც შეიძლება თავიდან არ გვესმოდა, მაგრამ ცოტა ძალა დაგვატანეს და მიგვიყვანეს იქამდე. ჩვენც მივხვდით, რომ ეს იყო საოცარი, გამაოგნებელი ქართული, „შუშანიკში“ საოცარი სიტყვებია ვარსქენზე - „ვითარცა მხეცი მძვინვარეი ყიოდა და იზახდა ვითარცა ცოფი“. ეს ხომ უნდა იცოდეს ბავშვმა. მესმის, რომ „ტიკ-ტოკის“ თაობაა, მაგრამ ეს არ არის კარგი, რომ „ტიკ-ტოკის“ თაობაა, ეს თაობა ხომ უნდა ლაპარაკობდეს, მეტყველებდეს, აზროვნებდეს. ამაზე დგას მთელი ჩვენი ცნობიერება. ამიტომ უნდა ასწავლონ ისე, როგორც ადრე ასწავლიდნენ, რაღაც ფორმები შეიძლება შეიცვალოს, ცოტა ძალდატანებაც საჭიროა. სხვანაირად ვერ ასწავლი. ხუმრობა-ხუმრობით და თამაშ-თამაშით ასეთი სერიოზული ნაწარმოებები არ ისწავლება, სწავლას სჭირდება შრომა, მასწავლებლის შრომაც და მოსწავლის შრომაც. თუ გვინდა, სწავლება ვაქციოთ თამაშად, ცოტა არასერიოზული იქნება. ზომიერად საჭიროა სიმკაცრეც, დესპოტიზმს არ ვგულისხმობ. შეიძლება ვცდები, მაგრამ ლიბერალური მიდგომები ამ შემთხვევაში არ გამოგვადგება. რუსთაველის „ვეფხისტყაოსანიც“ ასევეა, ეს მარტო ლიტერატურა არაა, ესაა მთელი სახელმწიფოებრიობა, სამართალი, ამ თვალსაზრისით, ბევრი ქვეყანა ვერ შეგვედრება“, - მიიჩნევს დავით ზარდიაშვილი და განმარტავს, რომ ლიტერატურაც პოლიტიკაა, იმ პერიოდის პოლიტიკა, რომელიც დღესაც განსაზღვრავს ქართულ პოლიტიკას. ეს ნიშნავს, რა მასშტაბის პოლიტიკა გვქონდა იმ პერიოდში, რამხელა სიბრძნე იდო ამაში, რამხელა გრძნობა და გული.

ფსიქოლოგიის პროფესორი, პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი, განათლების მეცნიერებათა აკადემიკოსი ზურაბ ვახანია for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ჰაგიოგრაფიული ნაწარმოების ამოღების საკითხი პირდაპირ არავის დაუსვამს, არასწორი ინფორმაცია გავრცელდა ამის შესახებ, რადგან ჩასაფრებულნი არიან, როგორმე ატეხონ ხმაური, თითქოს რომელიმე ჰაგიოგრაფიულ ნაწარმოებს იღებენ სასკოლო პროგრამიდან.

ზურაბ ვახანიას განმარტებით, თუ რამეს შემოგვაპარებენ მოგვიანებით, ამის თაობაზე მერე ვილაპარაკოთ, მანამდე კი უნდა მოგვარდეს გაცილებით უფრო ფუნდამენტური საკითხები, რომელიც არ ეხება მხოლოდ ქართულ ლიტერატურას. პირველ რიგში, ეს არის საშუალო საფეხურის ბოლო სამი წლის პროფილიზაცია, ანუ რომელ პროფილზე რა ისწავლებოდეს. გარდა ამისა, პირველი კლასიდან მოყოლებული, დიფერენცირებული, ანუ მოსწავლეებისადმი ინდივიდუალური მიდგომა უნდა დაინერგოს, არ არის საჭირო, კლასში ყველას ერთი და იგივე დავალება ჰქონდეს, ამისთვის მთელი მეთოდები არსებობს, მასწავლებელი უკეთესად როგორ მოერგოს მოსწავლის საჭიროებებს. მესამე და ყველაზე მთავარი, ზურაბ ვახანიას აზრით, არის ის, რომ ქართულ ენასა და ლიტერატურას ჩამოაჭრეს საათები, ამდენად, დააბრუნონ შეკვეცილი საათები.

„ყველაზე მთავარი საგანია ქართული ენა და ლიტერატურა და რატომ შეუმცირეს საათები?! იმდენად მცირე საათებია ახლა, რომ ჰაგიოგრაფიას კი არა, ვერაფრის სწავლას ვერ ასწრებენ მოსწავლეები. ინტეგრირებული სწავლების გამო არ დაჩაგრულა ქართული გრამატიკა, იმის გამო დაიჩაგრა, რომ ძალიან ცოტაა ქართულისთვის დათმობილი საათები. დაარქვეს ქართული ენა და ლიტერატურა და თითქოს ერთი საგანია, ერთი კი არა, სინამდვილეში, სამი საგანია - ერთია ლიტერატურა, მეორეა გრამატიკა, მესამეა წიგნიერება. შემთხვევითი არაა, რომ ძალიან ცუდი შედეგები აქვთ ჩვენს მოსწავლეებს წიგნიერებაში. რა თქმა უნდა, უმჯობესია, ინტეგრირებული სწავლება იყოს, მაგრამ სამ საგანს ეყოფა კვირაში ოთხი საათი? ეს ხომ მასხარაობაა. ამ წინაპირობის გარეშე რომელ ჰაგიოგრაფიაზეა საუბარი. ჰაგიოგრაფია ჩვენს სკოლებში ისწავლება გადარბენით, ზერელედ, ასეთი სწავლება მოტყუებაა. ჟურნალისტების მიერ ქუჩაში ჩატარებული გამოკითხვების დროს ბავშვებმა არ იციან, ილია ჭავჭავაძე უფრო ადრე იყო, თუ დავით გურამიშვილი“, - აცხადებს ზურაბ ვახანია და მიიჩნევს, რომ კვირაში რვა საათი მაინც უნდა ეთმობოდეს ქართულ ლიტერატურასაც, მსოფლიო ლიტერატურასაც, უნდა ისწავლებოდეს ცოტა ხელოვნებისა და კულტურის ისტორიაც, რელიგია, ბიბლია, მითოლოგია.

 

petrekupry სწავლებისადმი მიდგომა უნდა შეიცვალოს. როცა ჰაგიოგრაფია ისწავლება, მაშინ ბავშვმა არ იცის მისი მნიშვნელობა. ამიტომ დამამთავრებელი კლასები თუ შემდეგნაირადგადალაგდება კარგი იქნება: მეცხრე კლასი - ქართული პოეზია ბესიკიდან მოყოლებული მეოცე საუკუნით დამთავრებული, მეათე კლასი- ქართული პროზა - მეცხრამეტე-მეოცე საუკუნეები. მეთერთმეტე კლასი - ჰაგიოგრაფია და ძველი ქართული მწერლობა და მეთორმეტეკლასი დაეთმოს ცალკე საგნად ვეფხისტყაოსნის დაწვრილებით შესწავლას ....
9 თვის უკან
trampi რაც არაფერს ისწავლიან ეგ არის კარგი
არსენა მარაბდელივით ხელმოწერის ნაცვლად ჯვარს დასვამენ და................. ვსოოო
......დამპყრობელისთვის ხელმოწერის ნაცვლად ჯვრის დასმა სრულიად საკმარისია
თქვენ კიდევ ............. ჰაგიოგრაფიაო
ჰაგიოგრაფია ------------- ეს ინჩა??
რაც ტვინი სუფთა იქნება და ცარიელი, ამერიკე;ლები უფრო ადვილად ჩატენიან აქური ბავშვების თავებში მათთვის საურველ ინფარმაციას.
.აბა ჩვენ ჩაჟანგებულ თავებში, თავიაანთ ჭკვაზე ვერაფერს რომ ვეღარ გვიტენიან, ის აწყოობთ??
ჰოოდა მათთვის ჩვენი ბავშვების ცარიელი თავები პირდაპირ მისწრებააა
თქვენ კიდევ...................... ჰაგიოგრაფიაო
თქვენ რო იცით ეგეც უკვე დიდი დანაშაულია
9 თვის უკან