რას შეცვლის დარჩენილი 2 თვე დამუხრუჭებულ ეკონომიკაში

რას შეცვლის დარჩენილი 2 თვე დამუხრუჭებულ ეკონომიკაში

არჩევნებგამოვლილი საქართველოს ეკონომიკა ჯერ ისევ დამუხრუჭებულია. 3 კვარტლის მშპ-ს ზრდის მაჩვენებელი დიდად ჩამორჩება წლის დასაწყისში ნავარაუდებ მონაცემს. თუმცა, ყველაზე რთული პერიოდი უკან მოტოვებულია. წლის დარჩენილი 2 თვე და მთელი 2014 წელი ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით მკვეთრად განსხვავებული უნდა იყოს.

„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, 2012 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2013 წლის სექტემბერში რეალური მთლიანი შიგა პროდუქტის (მშპ) ზრდის ტემპმა 1,7% შეადგინა. ამასთან, მესამე კვარტალში მშპ-ს ზრდის მაჩვენებელი 1,3%-ია, ხოლო 2013 წლის პირველი ცხრა თვის მშპ-ს საშუალო რეალურმა ზრდამ 1,7% შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ „საქსტატმა“ სექტემბერში გამოქვეყნებული მაჩვენებლებიც დააზუსტა. კერძოდ, ივლისში მშპ-ს ზრდამ 0,9% შეადგინა, ნაცვლად 0,8%-სა, აგვისტოში - 1,2%, ნაცვლად 1,1%-სა.

არასახარდიელო მდგომარეობაა დღგ-ს გადამხდელი საწარმოების მიმართულებით. ასეთი საწარმოების ბრუნვის ვარდნის წლიური ტემპი შემცირებას განაგრძობს. სტატისტიკოსთან ცნობით, დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვამ სექტემბერში 4,133 მლრდ ლარი შეადგინა, რაც შარშანდელ ანალოგიური პერიოდის მონაცემზე 1,2%-ით ნაკლებია.

აღსანიშნავია, რომ აპრილიდან მოყოლებული ამ ტიპის საწარმოთა ბრუნვა კლების ტენდენციით ხასიათდება. კერძოდ, მაისში დღგ-ს გადამხდელი საწარმოების ბრუნვა წლიური 5,6%-ით შემცირდა, ივნისში - 2,7%-ით, ივლისში - 2,7%-ით.

ამ მონაცემების გამოქვეყნებამ მეორე ადგილზე გასულ ოპოზიციას კიდევ ერთხელ მისცა სალაპარკო თემა. „ნაცმოძრაობის“ ლიდერები თვლიან, რომ ქვეყნის ეკონომიკას შველა სჭირდება. ზურაბ ჭიაბერაშვილის შეფასებით, ეკონომიკის განვითარებისთვის კარგი ბიზნესგარემო და ინვესტორების დაინტერესებაა საჭირო, რაც პოლიტიკური არასტაბილურობის გამო ვერ ხერხდება.

„თუ ქვეყანაში არის კარგი ბიზნესგარემო და მოდიან ინვესტორები, მხოლოდ ეს ქმნის ეკონომიკის წინსვლასა და სამუშო ადგილებს. სამწუხაროდ, დაგეგმილი 6%-იანი ზრდა წელს არ სრულდება იმ პოლიტიკური არასტაბილურობის გამო, რაც, პირველ რიგში, „ქართული ოცნების“ მიერ პოლიტიკური ოპონენტების დევნას და წინააღმდეგობრივ სიგნალებს უკავშირდება, რასაც ის უგზავნიდა, ერთი მხრივ, გარე სამყაროს ქვეყანასთან დაკავშირებით და მეორე მხრივ, თავად ინვესტორებს.

მუდმივად გვესმოდა, რომ ქვეყანაში არ ვარგა ეკონომიკური გარემო. როცა მთავრობის წევრები ინვესტორებს ასეთ სიგნალს უგზავნიან, ბუნებრივია, ქვეყანაში ინვესტიციების რაოდნობა იკლებს, ეკონომიკა ჩერდება და სამუშაო ადგილები იკარგება“, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

დიამეტრალურად განსხვავებულ შეფასებას აკეთებენ ექსპერტები. აკადემიკოს ავთო სილაგაძის აზრით, წლის სამ კვარტალში მშპ-ს 1,7%-იან ზრდა „ჩავარდნა“ ნამდვილად არ არის და ხელისუფლების ცვლის გარდამავალ პერიოდში აღნიშნული მაჩვენებელი დამაკმაყოფილებლად შეიძლება შეფასდეს.

„ეკონომიკური ზრდა პროგნოზის შესაბამისი არ არის. გასაგებია, რომ ჩვენს ქვეყანას ზრდის უფრო მაღალი ტემპი სჭირდება. უნდა გავითვალისწინოთ, რომ რთული პერიოდი იყო, ჩატარდა ორი მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი არჩევნები. რეალურად ეს ბიზნესზე მოქმედდება. ამჯერად პოლიტიკური სიტუაცია გარკვეულია. გაისად ზრდაც უფრო დიდი იქნება“, - ამბობს სილაგაძე.

სხვათა შორის, დაახლოებით იგივე პოზიციას აფიქსირებენ საერთაშორისო ორგანიზაციებიც. მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური წარმომადგენლობის მოლოდინი დადებითია. ისინი თვლიან, რომ 2014 წელს საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპი გაცილებით მაღალი იქნება და გამორიცხული არ არის, 5-6%-იან მაჩვენებელსაც დაუბრუნდეს.