სააკაშვილის საძმოს „კავკასუს ონლაინი“ ხელიდან ეცლება

სააკაშვილის საძმოს „კავკასუს ონლაინი“ ხელიდან ეცლება

საქალაქო სასამართლოში „კავკასუს ონლაინის“ დამფუძნებლის - მამია სანადირაძის სარჩელის განხილვის მოსამზადებელი პროცესი დაიწყო შპს. „ნელგადოს“ წინააღმდეგ. მოსარჩელე მამია სანადირაძე მოითხოვს, გაუქმდეს ოფშორულ კომპანია -“ნელგადოსთან“ დადებული ხელშეკრულებები, რომელიც მას იძულებითა და მუქარით დააწერინეს. საუბარია მამია სანადირაძის 80 %-იან წილზე „კავკასუს ონლაინში“, 100 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ქონებაზე, რომელიც მას მიზერულ თანხად, მეათედ ფასში დაათმობინეს. სასამართლო პროცესზე მოსარჩელის ადვოკატმა- ციცინო დევრისაშვილმა შუამდგომლობის სახით წარადგინა 60 გვერდზე ნაბეჭდი სახით გაშიფრული ფარული აუდიომასალა, საიდანაც ირკვეოდა, რომ ყოფილი ხელისუფლების პირობებში მამია სანადირაძეს იძულებით დაათმობინეს თავისი წილი. მანვე წარმოადგინა დამატებითი შუამდგომლობა მოწმეების დაკითხვის შესახებ, რომლებიც ამ ზეწოლის უშუალო თვითმხილველნი იყვნენ.

რაც შეეხება მოპასუხე მხარის წარმომადგენელს, არკადი პარუნიანს, იგი მოითხოვდა, სასამართლო პროცესი ლონდონში წარიმართოს და მიზეზად სადაო ხელშეკრულების ლონდონში დადებას იშველიებდა. თუმცა როგორც მამია სანადირაძის ადვოკატი განმარტავდა, ხელშეკრულებაში ლონდონის არბიტრაჟზე საუბარი რომ ყოფილიყო, მაშინ თავიდანვე საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლო არ განიხილავდა. ამდენად, თავდაპირველი დოკუმენტაციის მიხედვით, მხარეები არ შეთანხმებულან ლონდონის არბიტრაჟზე.

უკვე იკვეთება, რომ შპს. „ნელგადოს“ წარმომადგენელს სურს პროცესი გააჭიანუროს და იგი ლონდონში გადაიტანოს. თუმცა For.ge-სთვის ცნობილი გახდა, რომ, როცა “კავკასუსის” შევიწროება დაიწყო და ამ საქმეში სახელმწიფო სტრუქტურების შემდეგ შარანგიების კლანი ჩაერთო, მამია სანადირაძე ითხოვდა, ხელშეკრულება იმგვარად გაფორმებულიყო, რომ, თუ სადაო საკითხები წარმოიშობოდა, ისინი განეხილა ლონდონის არბიტრაჟს. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ სააკაშვილის ზეობის პერიოდში საქართველოში მამია სანადირაძის ჩამოსვლა გამორიცხული იყო და მისი დაკავების დიდი შანსი არსებობდა. ამიტომაც მამია სანადირაძე არ აწერდა ხელს აღნიშნულ ხელშეკრულებას.

პარალელურად, იმ პერიოდში მეორე მხარე იძულებული გახდა, ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლო ყველანაირად უარეყო, რადგან შეეშინდათ, რომ მამია სანადირაძე უკვე ლონდონში გააგრძელებდა ჩივილს. ამიტომ, მათ აწყობდათ, თუკი არ დაფიქსირდებოდა ხელშეკრულებაში ლონდონის არბიტრაჟი, მაშინ ამ საქმეს საქართველოს სასამართლოში გადმოიტანდნენ და სააკაშვილის, ადეიშვილის, მერაბიშვილის მფარველობის პირობებში გარანტირებული ჰქონდათ ამ პროცესის მოგება. ახლა კი შეიცვალა პოლიტიკური სიტუაცია და, ამდენად, მათი სურვილია, როგორმე გაახანგრძლივონ პროცესი, რათა გააგრძელონ „კავკასუსის“ ძარცვა და მასზე რიცხული ქონების სხვა ფირმებზე გადაფორმება. ისინი ხვდებიან, რომ მამტკიცებელი ფაქტების გამო ბრძოლა წაგებული აქვთ და მათი ძალადობის გამორკვევა რთული არ იქნება. ამიტომ ცდილობენ, ეს საქმე საქართველოს სასამართლოს აარიდონ, რომელიც ნელ-ნელა დამოუკიდებლობისკენ დგამს ნაბიჯებს.

აქვე ცნობილია, რომ მამია სანადირაძის ადვოკატი თანახმაა, საქმე მორიგებით დამთავრდეს, თუკი მოპასუხე მხარე კომპრომისზე წავა. მით უფრო, ქონება მიზერულ ფასად არის წართმეული.  

მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ განიხილა ორივე მხარის შუამდგომლობები, საბოლოოდ კი სასამართლო პროცესი 18 ნოემბრამდე გადადო. მიზეზი კი ის იყო, რომ მოსარჩელის მიერ გაშიფრული სახით წარდგენილი აუდიომასალის ასლი უფრო იოლად წასაკითხი უნდა ყოფილიყო.

პარალელურად ცნობილია, რომ მამია სანადირაძის სარჩელს პროკურატურაც განიხილავს, სადაც სადაო აუდიოჩანაწერის ექსპერტიზა უკვე განხორციელდა.    

პროცესის შემდეგ ჩვენ ციცინო დევრისაშვილს  ვესაუბრეთ.

სადაო აუდიოჩანაწერებში ვისი ხმებია დაფიქსირებული?

- ამ აუდიოჩანაწერებიდან ნათლად ირკვევა, როგორ ემუქრებიან ბატონ მამიას, თუკი იგი ხელს არ მოუწერს ხელშეკრულებას. კერძოდ, მას პირდაპირ უცხადებენ, რომ კომპანიას გაუკოტრებენ, უბრალოდ, წაართმევენ ქონებას. ყველასთვის ცნობილია, როგორი ცხრაწლიანი ეპოქა გავიარეთ, ამიტომ ადვილად გასაგებია, თუ რა მუქარას განიცდიდა მამია სანადირაძე. ამიტომ იძულებული გახდა, ასმილიონიანი ქონება კაპიკებად დაეთმო. საქმის მასალებში ფიგურირებს მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ „კავკასუსის“ წილის 19, 75 %-ის მფლობელს ბ-ნ სტეფან პინტერს თავისი წილის გამოსყიდვაში შესთავაზეს 23 მილიონი. მაშინ, როცა მამია სანადირაძის ქონების 80 %-ში  მიზერული თანხა გადაიხადეს. ჩვენ ვითხოვთ იმ სამი ხელშეკრულების ბათილად ცნობას, რომელიც მართლაც იძულებით არის დადებული. კანონმდებლობა ამას ითვალისწინებს, რომ ყველა ხელშეკრულება ბათილად საცნობია, რომელიც მხარეს იძულებით დაადებინეს. პირველად ეს ხელშეკრულება დაიდო 2011 წლის 16 მარტს, მეორედ -24 მარტს და მესამედ-2012 წლის ივლისში.

სხვადასხვა დროს რატომ დაადებინეს ხელშეკრულებები?

- სიმართლე გითხრათ, ფაქტობრივად, ეს იყო ერთი ხელშეკრულება, რომელიც ნაწილ-ნაწილ სამ ეტაპად გაყვეს იმის გამო, რომ თანდათანობით თანხას უფრო უკლებდნენ. ყველაფერი ისე შეფუთეს, ვითომც მორიგება მოხდა. მაშინ, როცა არსებობს მუქარის შემცველი მტკიცებულება.

კონკრეტულად ვინ ემუქრებოდა?

- ბატონ მამიას გადმოცემით, აქ ისმის ლევან ყარამანაშვილის(რუსთავი2-ის დღევანდელი მფლობელი), ხვიჩა მაქაცარიას და ლევან ხუნდაძის ხმები. ფაქტობრივად, ისინი იყვნენ შპს. „ნელგადოს“ დირექტორები. სწორედ ამ ადამიანებმა მოაწერეს ხელი იმ ხელშეკრულებებს, რომლებიც მხარეთა შორის გაფორმდა. ვფიქრობ, დღესდღეობით სასამართლო განთავისუფლდა მარწუხებისგან, რაც არსებობდა და ვიმედოვნებ, სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს. მით უმეტეს, საქმის მასალები ამ უკანონობას ადასტურებს, საამისო მტკიცებულებებიც არსებობს და არიან უშუალო მოწმეები, რომლებიც შეესწრნენ ამ მუქარას. კანონმდებლობით, ეს ყველაფერი ხელშეკრულების ბათილად ცნობას ითვალისწინებს.  

მოპასუხე მხარე დაჟინებით მოითხოვს, აღნიშნული საქმე განიხილოს ლონდონის სასამართლომ. რატომ ფიქრობთ, რომ საქმის განხილვა მაინცდამაინც თბილისის სასამართლოში უნდა მოხდეს? 

- მოგეხსენებათ, სადაოდ არის ცნობილი სამი ხელშეკრულება, რომელიც მხარეთა შორის იძულებითა და მუქარის ქვეშ დაიდო. საქმის მასალებში და არც ბუნებაში საერთოდ არ მოიპოვება ისეთი მტკიცებულება, რომ მხარეები შეთანხმებულიყვნენ ლონდონის არბიტრაჟზე. თუკი ასეთი შეთანხმება იქნებოდა, რა თქმა უნდა, ლონდონში მოგვიწევდა წასვლა. ამიტომ ტერიტორიული განსჯადობით ვერ წავალთ ლონდონში, რადგან სამოქალაქო-საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლით (განსაკუთრებული განსჯადობა), რომელ ტერიტორიაზეც  ხელშეკრულება დაიდება, იქ უნდა მოხდეს მისი განსჯა. ამ შემთხვევაში კი, ხელშეკრულება დაიდო თბილისში.

ჩვენ მოპასუხე მხარის ადვოკატის - არკადი პარუნიანის კომენტარის ჩაწერაც გვინდოდა, მაგრამ იგი პროცესის დასრულებისთანავე გაუჩინარდა.

For.ge ესაუბრა ბიზნესმენ მამია სანადირაძის ძმას - ბესარიონ სანადირაძეს. იგი ადასტურებს, რომ მის ძმას მართლაც იძულებით გადააფორმებინეს წილი. ბესარიონ სანადირაძე სხვადასხვა სახის მუქარებზე საუბრობს, მათ შორის, იმაზეც, რომ მამია სანადირაძეს გაკოტრებით დაემუქრნენ, მას ეუბნებოდნენ, რომ  მადლობელი უნდა ყოფილიყო, რადგან ციხეში არ იჯდა.

„მოწმეები უშუალოდ ესწრებოდნენ „მოლაპარაკების“ მთელ ამ პროცესს, რაც იძულებითი ხელშეკრულების დადებამდე განხორციელდა. ამდენად, სასამართლო პროცესზე ეს მოწმეები ყველაფერს იტყვიან. მუქარები განხორციელდა ხვიჩა მაქაცარიას, ლევან ყარამანიშვილის და სხვათა მიერ“,-აცხადებს ბესარიონ სანადირაძე.

მისი თქმით, ლევან ყარამანიშვილი  იყო „ნელგადოს“ დირექტორი, თუმცა მამია სანადირაძის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოში „ნელგადოს“ წინააღმდეგ სარჩელის შეტანის შემდეგ მორიგი თაღლითური სქემა აამუშავეს და მოგვიანებით მისი თანამდებობა უკვე, ვინმე  რევაზ ელიავამ დაიკავა.

ბესარიონ სანადირაძე აცხადებს, რომ მოპასუხე მხარის მხრიდან მანიპულურება დღემდე გრძელდება. ისინი მაქსიმალურად ცდილობენ, აიცილონ სასამართლო თბილისში, ლონდონში გადაიტანით პროცესი გაახანგრძლივონ, რადგან იციან, რომ საბოლოოდ ამ აუდიომასალებს ვერსად ვერ გაექცევიან.  პროკურატურაში, სადაც აღძრულია სისხლის სამართლის საქმე „კავკასუს ონლაინთან“ დაკავშირებით კიდევ მრავალი აუდიო და ვიდეო მტკიცებულებებია ჩვენს მიერ ჩაბარებული, რომელთაც ექსპერტიზა შესაბამის სტრუქტურებში უკვე ჩაუტარდა. ასე, რომ იმედია სამართალი იზეიმებს.