სოფლიდან გადახვეწილებს უკან დაბრუნების სურვილი გაუჩნდათ

სოფლიდან გადახვეწილებს უკან დაბრუნების სურვილი გაუჩნდათ

მთელი ქვეყნის მასშტაბით გაფანტულ და სოფლიდან გადახვეწილ მოსახლეობას სოფელში დაბრუნების სურვილი გაუჩნდა. სოფლის მეურნეობის სექტორში მიმდინარე ცვლილებებმა, კერძოდ კი, დარიგებულმა სასოფლო ბარათებმა, შეღავათებმა, დიდმა მოსავალმა და რეალიზაციის გაუმჯობესებამ, ხალხს დიდი იმედი ჩაუსახა. ქალაქს შეხიზნული სოფლელები უკვე ფიქრობენ საგაზაფხულო სამუშაოების დაწყებისას სოფელს მიაშურონ. მით უმეტეს, რომ სოფლის მეურნეობის ხელშემწყობი პროგრამა გაისადაც გაგრძელდება.

სოფლის მეურნეობა ქვეყნისთვის ერთ-ერთი წამყვანი დარგია, თუმცა წლების წინ მან მნიშვნელობა დაკარგა და ხალხმა საკუთარ კარ-მიდამოზე უარი თქვა. ბოლო ერთ წელიწადში განხოციელებულმა სოფლის მეურნეობის სახელმწიფო პროგრამამ კი ადამიანებს პერსპექტივა დაუსახა, ხოლო შინამეურნეობებში გარდატეხა შეიტანა.

სოფელელები მიმდინარე მოვლენებს და სამინისტროს მიერ გადაგმულ ნაბიჯებს იმედიანად უყურებენ. ისინი მიიჩნევენ, რომ ეს გლეხკაცის გაძლიერებისა და მთელი ქვეყნის მასშტაბით გაფანტული მოსახლეობის დაბრუნების საწინდარია.

„წლეულს სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან მხარდაჭერასა და ყურადღებას ვგრძნობდით. სანამ მოსავალს ავიღებდით, ბარათები დაგვირიგეს, რითაც შესაწამლი შევიძინეთ და სწორედ ამიტომაც, შარშანდელთან შედარებით, კარგი მოსავალი მივიღეთ. არც ჩაბარებაზე გვქონდა პრობლემა. კერძო კომპანიები იყვნენ დაინტერესებულნი და დიდი ნაწილი მათ მივყიდეთ. თუ ადრე 1 კგ ყურძენში, საშუალოდ, 40 თეთრს გვიხდიდნენ, ახლა ეს ციფრი გასამმაგებულია.

სოფელი იბრუნებს თავის იერსახეს. ხალხს წლებია სურს დაუბრუნდნენ საკუთარ მიწა-წყალს, თუმცა ამ ნაბიჯის გადადგმას ვერ ბედავენ. სიდუხჭირე და გაჭირვება აფრთხობთ. ბევრისგან გამიგია, რომ სათანადო პირობების შეთავაზების შემთხვევაში, სიამოვნებით განაახლებენ წლების წინათ მიტოვებულ საქმეს“, - ამბობს იმერელი გლეხი ოთარ ბაღდავაძე.

სოფლის მეურნეობის მიმართულებით განხორციელებული პროექტები აძლევს გლეხებს იმედს, რომ ხალხი საკუთარ სახლკარს დაუბრუნდება. შეღავათიანი კრედიტები, ხვნა-თესვისთვის განკუთვნილი ბარათების დარიგება, სოფლის მეურნეობის ერთმილიარდიანი ფონდი, რომელიც გარკვეულ პროექტებს დააფინანსებს, მოსახლეობას პოზიტიურად განაწყობს.

„საქართველოში სამუშაო ადგილების სიმცირის ფონზე, გადარჩენის საუკეთესო საშუალებად მეურნეობა, მევენახეობა, მიწათმოქმედება სახელდება. ახლა უკვე არ უნდა იყოს უგუნური საქციელი საკუთარ კერასთან დაბრუნება, განსაკუთრებით მაშინ, როცა მთავრობა ასე აქტიურად ცდილობს სათანადო პირობების შექმნას, გაუმჯობესებას.

ადრე თუ გლეხებს მოსავალი ულპებოდათ, ახლა გასაღების, რეალიზაციის პრობლემა აღარ არის. ხელისუფლება ბაზრის ძიებაში დაგვეხმარა. ვყიდით მეზობელ ქვეყნებში, აგერ, უკვე იგეგმება ხილის გატანა რუსეთის ბაზარზე. კარგ ფასში იბარებენ კერძო საწარმოებიც“, - ამბობს ფერმერი მალხაზ ნოზაძე.

სპეციალისტები სამთავრობო პროგრამის წარმატებას აღიარებენ, მაგრამ მიიჩნევენ, რომ ქართული სოფლის სიღარიბიდან ამოსაყვანად მხოლოდ ამ მიმართულებით მუშაობა არ კმარა. მართალია, გლეხების ნაწილმა წელს ამოისუნთქა, მაგრამ ზოგადად დღევანდელი სოფელი ეკონომიურად კვლავ მძიმე მდგომარეობაშია. მას შემდეგ, რაც საბჭოთა სტრუქტურების ლიკვიდაცია მოხდა, არავის ახალი არაფერი არ შეუთავაზებია, რამაც სოფლის დაშლა-პარალიზება გამოიწვია. მკვეთრად გაიზარდა სოფლის მოსახლეობის მიგრაცია ქალაქად და საზღვარგარეთ.

სოფლად დარჩენილი მოსახლეობა, ძირითადად, ხანდაზმულია, მათ შორის, ფერმერი-გლეხები შეადგენს მხოლოდ 5-7%-ს. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ მიწის ნაკვეთების 50% სახლს და ეზოს უკავია და დანარჩენ ნაკვეთზე მოყვანილი მოსავლის რეალიზაციით კი ოჯახი თავს ვერ ირჩენს.

ამიტომ, ექსპერტთა აზრით, საჭიროა, სოფლად შეიქმნას მრავალდარგობრივი კოოპერატივები, დასაქმდეს სოფლის უღარიბესი მოსახლეობა, გადაწყდეს სოციალური და ეკონომიური პრობლემები, მოხდეს სოფლის ინდუსტრიალიზაცია.

საქართველოს სოფლის მოსახლეობა დაახლოებით 2 მილიონია და აქედან 80% სიღარიბის ზღვარზეა და რადგან მათ საწარმოო ქონება არ გააჩნიათ, ამიტომ მრავალდარგობრივი კოოპერატივების ჩამოყალიბება და მოსახლეობის დასაქმება, ერთადერთი გამოსავალია სიღარიბის დასაძლევად.

ზოგიერთ ქვეყანაში არსებობს სახელმწიფო კოოპერატივები. აუცილებელია, რომ კოოპერატივებში ნებაყოფლობით გაერთიანდეს სოფლის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა. კარგი იქნება თუ კოოპერატორები დაიყოფიან ორ მიმართულებად:

1. აქტიური - რომლებშიც უშუალოდ დასაქმდება და იმუშავებს მოსახლეობა;

2. პასიური - რომლებშიც დასაქმდება სოფლის ინტელიგენცია (ექიმები, მასწავლებლები, დიასახლისები და სხვა), პენსიონერები და ის ადამიანები, რომლებიც წამოსულნი არიან ქალაქში ან საზღვარგარეთ სამუშაოდ, მაგრამ სოფელში აქვთ მიწის ნაკვეთები.

ბევრ ქვეყანაში სახელმწიფო ეხმარება ამა თუ იმ სახის კოოპერატივს. სახელმწიფო აძლევს კრედიტებს, უწევს საგადასახადო შეღავათებს, ხდება სპეციალური პროგრამის შემუშავება კონკრეტული კოოპერატივისათვის.