მარგველაშვილის ეკონომიკა

მარგველაშვილის ეკონომიკა

მართალია, ქვეყნის ეკონომიკაზე ზრუნვა ახლადარჩეული პრეზიდენტის პირდაპირი მოვალეობა არ არის, მაგრამ მას შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ეკონომიკის რეანიმაციის პროცესში. ამიტომაც მედიასთან შეხვედრაზე საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულმა კანდიდატმა ამ მიმართულებითაც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ წლების განმავლობაში ქვეყანაში არარეალური ეკონომიკა იყო.

„ქართული ეკონომიკის ლომის წილი მოდიოდა საბიუჯეტო ხარჯებზე. ამ ხარჯებზე აგებული ეკონომიკა რეალურად რეგიონალური განვითარებისა და ეკონომიკური განვითარების ფუნდამენტს ხედავდა იმაში, სად რომელი სახელმწიფო უწყება იქნება განთავსებული.

თავისთავად, რეგიონალური განვითარება, ჩვენთვის უმთავრესი პრიორიტეტია. ეს აჩვენა 2013 წელმა, როდესაც დავით ნარმანიამ ისეთი უპრეცედენტო ინფრასტრქუტურული პროექტები განახორციელა, ასევე ისეთი უპრეცედენტო სოფლის მეურნეობის პროექტი განახორციელა ახალმა მთავრობამ“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა და განმარტა, რომ სწორედ ეს არის რეალური ეკონომიკური ზრდა.

ახალი პრეზიდენტის თქმით, ის ხელს შეუწყობს ხელსაყრელი პირობების შექმნას ბიზნესისა და მეწარმეობისთვის, რისთვისაც შეიქმნება შეღავათიანი სესხებისა და ბიზნეს-ინკუბატორის პროგრამები.

ამასთან, სოფლად ურბანული ცხოვრების წესის დამკვიდრებისთვის მარგველაშვილი გეგმავს, ხელი შეუწყოს ისეთი სამოქალაქო-კულტურული ინფრასტრუქტურის მოწყობას, რომელიც სოფლად ცხოვრებას მიმზიდველს გახდის.

ზოგადად ეკონომიკური მიმართულებზე ახალ პრეზიდენტს თავის წინასაარჩევნო პროგრამაშიც ჰქონდათ ყურადღება გამახვილებული.  მაგალითად, უმუშევრობის პრობლემის გადაჭრის გზას მარგველაშვილი ახალი სამუშაო ადგილების შექმნაში ხედავს, თუმცა პროგრამაში ვრცლად არ არის განმარტებული რა გზებით გახდება შესაძლებელი ამ მიზნის მიღწევა. ნათქვამია მხოლოდ ის, რომ სახელმწიფო უნდა დაეხმაროს ადამიანებს დაეუფლონ ახალ პროფესიებს და იპოვონ საკუთარი ადგილი შრომის ბაზარზე.

„ეს პრობლემა ძალიან მნიშვნელოვანია და ჩემი ადმინისტრაციის განსაკუთრებული ყურადღებისა და ზრუნვის საგანი იქნება“, - ამბობს მარგველაშვილი.

მარგველაშვილის წინასაარჩევნო პროგრამაში მისი ეკონომიკური ხედვების შესახებ ნათქვამია, რომ ქვეყნის სტრატეგიის ძირითადი ამოცანაა ყოვლისმომცველი ეკონომიკური ზრდა. პრიორიტეტები კი შემდეგია: სტაბილური გარემოს შექმნა; ახალი ტექნოლოგიების დანერგვა; ინვესტიციების მოზიდვა; ბაზრების გაფართოება; ქართული პროდუქციის ექსპორტის წახალისება; ქვეყნის საწარმოო, ენერგეტიკული და სატრანზიტო პოტენციალის გაზრდა; საერთაშორისო ეკონომკიკურ პროექტებში უფრო ინტენსიურად მონაწილეობა.

თუკი ახალი პრეზიდენტი ამ ყველაფრის მოგვარებას მეთოდურად შეუდგა, მას ახალ პერმიერთან ერთად მოუწევს ხელების დაკაპიწება. მისი ინაგურაციიდან ათიოდ დღეში მინისტრებს ბიძინა ივანიშვილის ნაცლვად, სხვა პოლიტიკოსი უთავკაცებს.

როგორც პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა დაადასტურა, ახალი პრემიერის კანდიდატურა, სავარაუდოდ, შაბათს დასახელდება. პარასკევს მოხდება მის მიერ შერჩეული კანდიდატურის პოლიტსაბჭოზე განხილვა, შაბათს უმრავლესობასთან შეხვედრა შედგება და ამ შეხვედრის შემდეგ ახალი პრემიერი საზოგადოების წინაშე წარსდგება, მუშაობას კი ნოებრის ბოლოდან შეუდგება.

„პრემიერზე პატარა ცდომილება დავუშვი, როდესაც ვთქვი, რომ ორშაბათს ან სამშაბათს დავასახელებ-მეთქი. გამოვიდა ისე, რომ პარლამენტი ქუთაისში არის წასული და მათთან შეუთანხმებლად უხერხული იქნება. პარასკევს საღამოს მოვახერხებ საბჭოსთან განხილვას. არ გამოვრიცხოთ, რომ ჩემი ვარიანტი არ მიიღოს საბჭომ, თუმცა ამის ალბათობა ძალიან მცირეა, რადგან კარგი კანდიდატი მყავს შერჩეული. პარასკევს თუ შევთანხმდით და სავარაუდოდ შევთანხმდებით, შაბათს, 2 ან 3 საათზე გვექნება შეხვედრა უმრავლესობასთან და ამ შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გაიგებს საზოგადოება მის ვინაობას. პრემიერი იქნება გასაგები, მისაღები ადამიანი ყველასთვის. რამდენად გავლენიანი იქნება, ამას დრო აჩვენებს“, - აღნიშნა ივანიშვილმა.