არჩევნები დამთავრდა და უცხოელი ინვესტორები საქართველოში უახლოეს მომავალში 70-მდე პროექტს განახორციელებენ. ყოველ შემთხვევაში, ასეთ პროგნოზს აკეთებს მთავრობა. საერთოდ, ეკონომიკურ პროგნოზებში ყველა მთავრობა აჭარბებს და მათ შორის, ჩვენიც, მაგრამ საინვეტიციო კუთხით რომ წინსვლა იქნება, ამას საერთაშორისო კვლევებიც ადასტურებენ.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ქეთი ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ აღნიშნული პროექტები უკვე აქტიურ ფაზაშია და ინვესტორები პროექტების განხორციელებას მომავალი წლიდან დაიწყებენ. ამასთან, საქართველოსადმი ინტერესი არა მარტო რუსი, არამედ სხვა ქვეყნების ბიზნესმენების მხრიდანაც ფიქსირდება.
„ჩვენ სისტემატიურად ვესაუბრებით ინვესტორებს, ინტერესი საქართველოს მიმართ მაღალია და ჩვენს მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება აქვთ, მე არ გამოვყოფდი მხოლოდ რუს ინვესტორებს“, - აცხადებს ბოჭორიშვილი. მისი თქმით, უცხოელი ბიზნესმენები, მათ შორის რუსეთიდან, ქართულ ბაზარს უკვე სწავლობენ.
რუსული გამოცემა „კომერსანტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი აღნიშნავდა, რომ არჩევნების შემდეგ გაივლიდა ის შიში, რომელიც ახალ ინვესტიციებს აჩერებს. ახლა სწორედ ეს დროა, როდესაც არჩევნები დასრულებულია და შიშიც უნდა გაქარწყლდეს.
როგორც საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი პერტაიამ რადიო „კომერსანტს“ განუცხადა, საქართველოთი დაინტერესებულ რუსულ კომპანიებსა თუ კერძო ბიზნესმენებს მათთან მოლაპარაკებების დასრულებისთანავე დაასახელებს.
ახალი ხელისუფლება რუსი ინვესტორების მხრიდან ქართული ბაზრისადმი დაინტერესებაზე ბოლო პერიოდში აქტიურად საუბრობს. ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსი ბიზნესმენების დელეგაცია საქართველოშიც კი იმყოფებოდა. თუმცა დღემდე ხელისუფლებას არცერთი პოტენციური ინვესტორი არ დაუსახელებია. მხოლოდ გუშინ გახდა ცნობილი, რომ რუსული კაპიტალით დაფუძნებულმა კომპანია „ვინოგრადმა“ ერთი ქარხნის აშენება უკვე დაიწყო, გეგმაში კი 3 საწარმოს ამოქმედება აქვს. ინვეტიციების მოცულობა 10 მლნ დოლარია.
წლევანდელი 2-მილიარდიანი საინვესტიციო გეგმის ჩავარდნის შემდეგ, მთავრობა მთელ იმედებს 2014 წლის მეორე ნახევარზე ამყარებს. როგორც აღვნიშნეთ, ეკონომიკის სამინისტრო უახლოეს მომავალში უცხოელი ინვესტორებისგან 70-მდე პროექტის განხორციელებას ელოდება.
პრინციპში, ეს საკმაოდ რეალური უნდა იყოს თუ გავითვალისწინებთ იმ რეიტინგებს, რაც საქართველოს ბიზნესის კეთების კუთხით ენიჭება. მათგან უახლესი „დუინგ ბიზნესის“ კვლევაა, რომელიც ადასტურებს, რომ საქართველოში ბიზნესის წარმოების მაჩვენებელი, შარშანდელთან შედარებით, ერთი პუნქტით გაუმჯობესდა და ქვეყანამ მერვე ადგილზე გადაინაცვლა.
კვლევის მიხედვით, საქართველო მხოლოდ ისეთ ქვეყნებს ჩამორჩება, როგორიცაა, სინგაპური, ჰონგ-კონგი, ახალი ზელანდია, აშშ, დანია, მალაიზია და სამხრეთ კორეა.
რეიტინგის დადებით ცვლილება სამი მიმართულებით მიღწეულმა წარმატებამ გამოიწვია. კერძოდ, 3 პუნქტით გაუმჯობესდა გადასახადების გადახდის მაჩვენებელი და 29-ე ადგილზე ვიმყოფებით, 2 პუნქტით - საერთაშორისო ვაჭრობის (43-ე ადგილი), ხოლო 4 პუნქტით - გაკოტრების პროცედურების სიმარტივის (88-ე ადგილი). უცხოელი ექსპერტების მოწონება საქართველომ საკრედიტო ინფორმაციის სისტემის გაუმჯობესებით და პირადი ინფორმაციის დაცვის შესახებ ახალი კანონის მიღებით დაიმსახურა.
წელს პირველ რეფორმატორად რუანდა დაასახელეს, თუმცა საქართველო მაინც რეგიონის უპირობო ლიდერია, რადგან ბიზნესის წარმოების მიხედვით, სომხეთი 37-ე ადგილზე, აზერბაიჯანი 70-ზე, უკრაინა - 112-ზე, ხოლო რუსეთი კი 92-ე ადგილზეა.