საქართველოს შეიარაღებულ ძალებს დღეს კიდევ 311 წვევამდელი შეემატა. ფიცის მიღების ცერემონიალი ოსიაურში შეიარაღების, საბრძოლო მასალებისა და სამხედრო ტექნიკურ ბაზის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. პირად შემადგენლობას საქართველოს შეიარაღებულ ძალებში გაწევრიანება გაერთიანებული შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ვახტანგ კაპანაძემ მიულოცა და მათ მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
ახალწვეულებმა ოსიაურის სამხედრო ბაზაზე საწყისი საბრძოლო მომზადების სპეციალური კურსი გაიარეს. სამკვირიანი კურსის განმავლობაში მათ საყარაულო წესდება და ცეცხლსასროლი იარაღის ტექნიკური მდგომარეობა შეისწავლეს; გაიარეს ტოპოგრაფიული, საინჟინრო, პირველადი დახმარების კურსი და სახელმწიფოებრივი მომზადება. წვევამდელებს პრაქტიკული სასწავლო სროლებიც ჩაუტარდათ.
დღეიდან სამხედრო მოსამსახურეები საქართველოს შეიარაღებული ძალების ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ქვედანაყოფებში გადანაწილდებიან და ერთი წლის განმავლობაში შეასრულებენ მათზე დაკისრებულ მოვალეობას.
წვევამდელთა ფიცის დადების ცერემონიალს ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. ღონისძიებაზე ასევე იმყოფებოდნენ პირადი შემადგენლობის ოჯახის წევრები და ახლობლები.