ცნობილია ის ხუთეული, რომელიც ახალ მთავრობაში თანამდებობას შეინარჩუნებს

ცნობილია ის ხუთეული, რომელიც ახალ მთავრობაში თანამდებობას შეინარჩუნებს

მთავრობის ახალი შემადგენლობა 20 ნოემბრის შემდეგ დამტკიცდება. საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარის ირინა იმერლიშვილის განცხადებით, ახალ მთავრობას პარლამენტი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ, უახლოეს პერიოდში დაამტკიცებს. კანონის თანახმად, ახალ პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა უმრავლესობამ უნდა წარუდგინოს და შემდეგ პრემიერ-მინისტრს პარლამენტში შემოჰყავს თავისი გუნდი - ახალი მინისტრთა კაბინეტი.

არჩეულმა პრეზიდენტმა ის ხუთეული დაასახელა, რომლებიც ახალ მინისტრთა კაბინეტში შევლენ, ესენი არიან ჯანდაცვის, ფინანსთა, ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურის და შს მინისტრები. რაც შეეხება მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებს, კონკრეტულად ვინ შეინარჩუნებს თანამდებობას, გიორგი მარგველაშვილს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.

რაც შეეხება უშიშროების საბჭოს მდივანს, არჩეული პრეზიდენტი ამბობს, რომ მან უკვე შესთავაზა ერთ-ერთ კანდიდატს, თუმცა მისგან პასუხი ჯერჯერობით არ მიუღია. მარგველაშვილი არ ასახელებს კონკრეტულად ვის შესთავაზა ეს თანამდებობა, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ ეს თანამდებობა შესაძლოა მიხეილ მაჭავარიანის ძმამ, ვანო მაჭავარიანმა დაიკავოს. თავად მაჭავარიანი არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ მან უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტის დასაკავებლად შეთავაზება მიიღო.

„ჩვენ ვთანამშრომლობთ გიორგისთან. ჩვენ ხშირად ვხვდებით ერთმანეთს საგარეო პოლიტიკურ თუ უსაფრთხოების თემის განხილვის დროს, როგორც კრეატიული ჯგუფის, მრჩეველთა ჯგუფის წევრები, რომელიც იყო ჩართული წინასაარჩევნო პერიოდში. ასე რომ, კონკრეტულ თანამდებობაზე ჯერ არ ყოფილა საუბარი და ამიტომ, ჯერ ვერ გავაკეთებ ამაზე კომენტარს“, - აცხადებს ვანო მაჭავარიანი.

ამასთან, ვრცელდება მეორე სავარაუდო კანდიდატი, პარლამენტის საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარე და კოალიცია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი. რადიო პირველის ინფორმაციით, ამ ინფორმაციას „ქართულ ოცნებაში“ არაოფიციალურად ადასტურებენ თუმცა ოფიციალური კომენტარი ჯერჯერობით არ გაკეთებულა. თავად ირინა იმერიშვილი კი ამ საკითხზე კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებს. ირინა იმერლიშვილი საქართველოში ერთადერთი ქალია, რომელიც ჩინით გენერალია.

რაც შეეხება მთავრობაში დაგეგმილ ცვლილებს, იმერლიშვილის ინფორმაციით, მინისტრთა კაბინეტში განსაკუთრებული ცვლილებები არ იგეგმება. მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ მომავალი პრემიერი, როგორც ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, მოქმედი მინისტრთა კაბინეტიდან იქნება, ერთი მინისტრის შეცვლა საჭირო იქნება. რაც შეეხება მომავალი პრემიერ-მინისტრის ვინაობას, იმერლიშვილი აღნიშნულ თანამდებობაზე დავით სერგეენკოს კანდიდატურას არც უარყოფს და არც ადასტურებს.

„უმრავლესობის შიგნით ამ საკითხზე ჯერ შეთანხმება შემდგარი არ არის. ჩვენ არ გვისაუბრია ამის თაობაზე. მოგეხსენებათ, რომ ახლა სასესიო კვირაა და ოთხშაბათიდან პარასკევის ჩათვლით სხდომები გვაქვს და როდესაც დავბრუნდებით პრემიერთან შევიკრიბებით და ამ დეტალებს გავივლით“, - აცხადებს ირინა იმერლიშვილი.

თავად პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ მთავრობაში ცვლილებები არ იქნება, თუმცა აქვე აღნიშნა, რომ თეორიულად შეიძლება ყველაფერი მოხდეს. მისი თქმით, ახალი პრემიერსაც ექნება შესაძლებლობა გამოთქვას თავის მოსაზრება მთავრობის გუნდთან დაკავშირებით.

„მთავრობაში ცვლილებები არ იქნება, თეორიულად შეიძლება ყველაფერი მოხდეს, მაგრამ პრაქტიკულად, მე არ მაქვს ამის გეგმა. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ახალი პრემიერი, რომელიც დასახელდება, მას ექნება უფლებები და მას შეეძლება გუნდში ცვლილებები გამოიწვიოს. მართალია, ამის ცოტა ალბათობა არსებობს, რამე თუ ის გუნდის წევრია და იცის საერთო პოზიცია. თეორიულად შეიძლება რაღაც ცვლილება მაინც მოხდეს, თუმცა ჩემი გადმოსახედიდან, ყველა მინისტრი შეინარჩუნებს თავის თანამდებობას“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ახალ მინისტრთა კაბინეტში საფუძვლიან ცვლილებას არ ელის თავდაცვის მინისტრი. ირაკლი ალასანიას განცხადებით, ქვეყანას ახალი პრემიერი ეყოლება, რომელმაც მთავრობა ხელახლა უნდა დაამტკიცოს და პარლამენტმა ნდობა უნდა გამოუცხადოს.

„პრემიერ-მინისტრმა და ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა დღეს განაცხადეს, რომ კვირის ბოლოს გაკეთდება განცხადება კოალიციის ლიდერის მიერ, თუ ვინ იქნება მომავალი პრემიერ-მინისტრი. კონსულტაციები დასრულდება მაშინ, როცა პოლიტიკური საბჭო შეიკრიბება კვირის ბოლოს“. 
კითხვაზე, ელოდება თუ არა ახალი პრემიერის დანიშვნის შემდეგ მთავრობაში ცვლილებებს, ალასანია პასუხობს, რომ საფუძვლიან ცვლილებებს არ ელოდება. ქვეყანას ახალი პრემიერ-მინისტრი ეყოლება, რაც თავისთავად ნიშნავს იმას, რომ მთელი მთავრობა ახლიდან უნდა დამტკიცდეს და პარლამენტმა ნდობა გამოუცხადოს. მე რაიმე დიდ, საფუძვლიან ცვლილებებს, როგორც პრემიერმა განაცხადა, არ ველოდები“, - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.

ექსპერტი კახი კახიშვილი იმედოვნებს, რომ ახალი მთავრობის მინისტრთა კაბინეტში კონკრეტული მინისტრები იქნებიან შეცვლილები.

„იმედი მაქვს, რომ ისევ იგივე შემადგენლობას ნამდვილად არ შემოგვთავაზებენ, როგორც ამას არჩევნების პერიოდში გვეუბნებოდნენ. რეალურად, საზოგადოებას ბევრი კითხვის ნიშანი აქვს ზოგიერთი მინისტრის მუშაობის ეფექტურობასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, რომ საქართველოში, ახალ ეპოქაში, როდესაც ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმებია ჩასატარებელი, როდესაც ძალიან ძირეული საკითხებია გადასახედი და ახალი რეგულაციებია მოსაფიქრებელი, საქართველოს ხელისუფლებას სჭირდება ბევრად გამოცდილი და კომპეტენტური საკურატორო დარგის მცოდნე სპეციალისტები. მართალია, ეს ყველა მინისტრს არ ეხება. აქიდან გამომდინარე, იმედია, რომ კონკრეტული მინისტრები შეიცვლებიან“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას კახი კახიშვილი.

„ძირითადი შემფასებელი უნდა იყოს ახალი პრემიერი, მან უნდა ჩამოაყალიბოს ახალი კაბინეტი“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე, რომელსაც უძნელდება პროგნოზირება იმისა, არსებული კაბინეტიდან ვინ შიენარჩუნებს თანამდებობას.

„სიმართლე გითხრათ, ვინ უნდა დარჩენილიყო და ვინ არა, მე ესეც მკაფიოდ არ ვიცოდი. გააჩნია როგორია მიზანი ამა თუ იმ თანამდებობაზე ადამიანის ყოფნის დროს. როგორ ხედავ ამ დარგის განვითარების პრესპექტივას. ერთი კაცი შეიძლება გამოდგეს, მეორე არა, ამ დროს შეიძლება ორივე კარგი იყოს როგორც პროფესიონალი, ან მათი თვისებები იყოს დაგამწყვეტი“, - ამბობს რამაზ საყვარელიძე.