არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო საზოგადოება – ევროპული არჩევანი“ აგრძელებს მედია–კვლევას, რომლის მიზანია, არჩევნების პერიოდში, მედია–მონიტორინგის გზით, განსაზღვროს, რამდენად იცავს პრესა ობიექტურობის პრინციპს და პროექტში მონაწილე ექსპერტების დახმარებით, შემუშავდეს დასკვნა აღნიშნულ თემატიკასთან დაკავშირებით, შეიქმნას ზოგადი სურათი მედიასაშუალებების აქტიურობისა არჩევნების პერიოდში. ამავე დროს, პროექტის მიზანს წარმოადგენს არა მხოლოდ ამა თუ იმ პოლიტიკური პროცესისადმი მედიის ყურადღების ხარისხის განსაზღვრა, არამედ უშუალოდ იმის დადგენა, თუ რა ადგილს უთმობს ბეჭდური მედია თავად არჩევნებისთვის მზადების პროცესს, პოლიტიკური სუბიექტებისა და ამომრჩევლის ურთიერთობას, მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდის პროცესში საკუთარ როლს და ადგილს, საარჩევნო ადმინისტრაციების საქმიანობას, მათ მიღწევებს თუ მათ ქმედებებში აღმოჩენილ დარღვევებს.
პროექტში დაკავებული ექსპერტები ყოველი კვირის დასასრულს გააანალიზებენ წინასაარჩევნო პერიოდში მედიის აქტიურობას, გამოყოფენ იმ პრიორიტეტულ თემებს, რომელიც თავად გაზეთებმა აირჩიეს გასაშუქებლად.
აქვე დავძენთ, რომ დამოუკიდებელი ბეჭდური მედია თავად წყვეტს, რომელ მოვლენას ან პოლიტიკურ სუბიექტს რა ადგილი დაუთმოს საკუთარი გაზეთის ფურცლებზე. თუმცა, ამავე დროს, არსებობს ზოგადი კრიტერიუმები, რომელთა დაცვაც მედიისთვის აუცილებელია პოლიტიკურ მოვლენათა ობიექტური გამშუქებლის ფუნქციის შესასრულებლად.
გასულ კვირას ექსპერტებმა გააანალიზეს ის პუბლიკაციები, რომელიც შემდეგ გაზეთებსა თუ ინტერნეტპორტალებში გამოქვეყნდა: „რეზონანსი“, „ვერსია“, „კვირის პალიტრა“, „ასავალ-დასავალი“, „კვირის ქრონიკა“, „პრაიმ-ტაიმი“, „ახალი თაობა“, „Netgazeti.ge“, „for.ge“, „primereinfo.ge“
არჩევნების თემას ამ გამოცემებმა, ჯამში, 79 სტატია და ნიუსი მიუძღვნეს. აქედან არჩევნების თემა უარყოფით კონტექსტში 24-ჯერ გაშუქდა, ნეიტრალური აღმოჩნდა ასევე 46 სტატია, კონკრეტული კანდიდატისა და პროცესის მიმართ დადებითი განწყობა კი ცხრა პუბლიკაციაში იგრძნობოდა.
და კვლავ სიძულვილის ენა
თამარ მჭედლიშვილი
სანამ უშუალოდ ბეჭდურ მედიაში გასული კვირის ტენდენციებზე ვისაუბრებ, მინდა, მიმდინარე პროექტის მიზანი კიდევ ერთხელ შევახსენო მკითხველს: გარდა ობიექტურობის ხარისხის განსაზღვრისა, პროექტის მიზანს წარმოადგენდა იმის დადგენა, თუ რა ადგილს უთმობდა მედია არჩევნებისთვის მზადების პროცესის, პოლიტიკური სუბიექტებისა და ამომრჩევლის ურთიერთობის გაშუქებას, ხედავდა თუ არა მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდის პროცესში საკუთარ როლს და ადგილს, ადევნებდა თუ არა თვალს საარჩევნო ადმინისტრაციების საქმიანობას, მათ მიღწევებს თუ მათ ქმედებებში აღმოჩენილ დარღვევებს.
ბეჭდური მედიის ობიექტურობასა და სანდოობაზე უკვე ბევრი ვისაუბრეთ. ახლა კი, როდესაც არჩევნების შედეგები ცნობილია, უპრიანი იქნებოდა, აქცენტი სხვა რამეზე გაგვეკეთებინა. კერძოდ იმ გარემოებაზე, რომ არჩევნების წინ მედიამ საერთოდ არ იზრუნა ამომრჩევლის ინფორმირებულობის ხარისხის გაზრდაზე და მეტიც - საერთოდ არ დაეხმარა მოსახლეობას და პოლიტიკურ სუბიექტებს კომუნიკაციის დამყარებაში.
რა თქმა უნდა, მარტო გაზეთებს ვერ დააბრალებ ამომრჩეველთა არნახულ პასიურობას ასეთ საეტაპო არჩევნებზე, მაგრამ თავისი წილი პასუხისმგებლობა მედიასაც ეკისრება. 50 პროცენტზე მეტმა ამომრჩეველმა არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა. ეს კი ნიშნავს, რომ ფავორიტი კანდიდატები მათთვის მიუღებელნი აღმოჩნდნენ, უცნობ პრეტენდენტებზე კი ინფორმაცია არ ჰქონდათ. ბეჭდური მედია, საზოგადოებაში არსებული განწყობების ნაცვლად, პოლიტიკურ სპექტრში არსებული განწყობების ლაკმუსად მოგვევლინა.
რთული სათქმელია, რატომ გადაწყვიტა ბეჭდურმა მედიამ, რომ უცნობი კანდიდატები არ იმსახურებდნენ ამომრჩევლის ყურადღებას, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება. საბოლოოდ კი, სამოქალაქო საზოგადოება პროცესებს მიღმა დარჩა.
არჩევნებზე მივიდნენ კონკრეტული კანდიდატების სტაბილური ამომრჩევლები, კანდიდატებმა მხოლოდ მათი მობილიზება მოახერხეს. დანარჩენები კი, ფაქტიურად, თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ასე რომ, პრეზიდენტი არჩეულ იქნა არა სრულიად სამოქალაქო საზოგადოების უმრავლესობის, არამედ კონკრეტული კანდიდატის სტაბილური მხარდამჭერების მიერ.
მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი მომენტი: არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ბეჭდურმა მედიამ ისევ მიმართა სიძულვილის ენას. სამი თუ ოთხი კანდიდატის საქმიანობის გაშუქებისას, ან რესპოდენტთან ინტერვიუებისას კვლავ თვალში საცემი გახდა აგრესიული ტონი, კონკურენტების მისამართით შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი ეპითეტები. გასულ კვირას ჭარბობდა კანდიდატთა მიერ ურთიერთბრალდებები, ხოლო რესპოდენტების უმეტესობა სარკაზმითა და ცინიზმით მოიხსენიებდნენ კონკურენტებს. პრესის ყურადღების ცენტრში პირველ პოზიციაზე კულუარული ინფორმაცია იდგა.
პრესაში აშკარად იგრძნობოდა ნეიტრალიტეტის მწვავე დეფიციტი. ამ ფონზე კი ბეჭდურ მედიაში გამოქვეყნებული მასალების აბსოლუტურმა უმეტესობამ საარჩევნო სუბიექტებს ოპონენტთა კრიტიკის ჟინი დააკმაყოფილებინა.
რაც შეეხება მწირ ნეიტრალურ პუბლიკაციებს: აბსოლუტურ უმრავლესობას სააგენტოების მიერ გავრცელებული მშრალი ინფორმაციების სახით იყო წარმოდგენილი. ყოველივე ეს, ბუნებრივია, მედიის საქმიანობის დადებითი შეფასების საშუალებას არ იძლევა.
გასულ კვირას ნეგატივიზმით კვლავ ყოველკვირეულმა გაზეთებმა გამოიჩინეს თავი. ლიდერი, კვლავ, „ასავალ-დასავალი“ იყო, რომლის ფურცლებიდან შემდეგი პოსტულატების ამოკითხვა იყო შესაძლებელი: „დავით ბაქრაძე არის ადამიანთა მწამებელთა და გამაუპატიურებელთა, უდანაშაულო ხალხის მკვლელთა სისხლხორცეული ნაწილი“... (უნდა აღინიშნოს, რომ მთელი წინასაარჩევნო პერიოდი ეს გაზეთი აშკარად ეწეოდა ბურჯანაძის სასარგებლოდ აგიტაციას).
„ასავალ-დასავალს“ არც „ქრონიკა“ ჩამორჩა, რომლის ფურცლებიდან გავიგეთ, რომ: “ვინც ნომერ „5“ -ს შემოხაზავს, ისინი არიან ღირსნი გააუპატიურონ ცოცხით, დუბინკით!!!“ და „კვერცხები არა მგონია, ვინმემ ისროლოს, 4 თეთრი ღირს. „ნაციონალები“ მაგდენი საერთოდ არ ღირან და კვერცხი ქვაში ხომ არ გეშლებათ?“ (ეს ის ორი გაზეთია, რომელსაც მკითხველთა საკმაოდ დიდი აუდიტორია ჰყავს). შედარებით თავშეკავებულები იყვნენ „PRIME-TAME” და „კვირის პალიტრა“.
რაც შეეხება ყოველდღიურ გამოცემებს: ინფორმატიულობის თვალსაზრისით, კვლავ ლიდერობდა „ახალი თაობა“. „ვერსიამ“ რესპოდენტთა რაოდენობა გაზარდა, თუმცა კვლავ იგრძნობოდა არტიბურჯანაძისეული გამწყობები, ხოლო „რეზონანსმა“, სხვა გაზეთებთან შედარებით, მეტი ყურადღება საარჩევნო პროცედურების გაშუქებას დაუთმო.
დაახლოებით, იგივე სურათი იყო ინტერნეტგამოცემებშიც. ვერც მათ შეძლეს ვარაუდებისა და მათთვის მიუღებელი კანდიდატების საქმიანობის ობიექტურად გაშუქება. ნეიტრალური პუბლიკაციებად კი, „ახალი თაობის“ მსგავსად, საინფორმაციო სააგენტოების მიერ მოწოდებული ინფორმაციები შეიძლება მივიჩნიოთ. ამ მხრივ, ყველაზე მეტად კვლავ „for.ge” აქტიურობდა და მეტ-ნაკლებად საინტერესო ნიუსს ოპერატიულად ანთავსებდა ვებ-გვერდზე.
ჩატარებულმა არჩევნებმა ცხადყო, რამდენად შორს დგას ქართული პრესა არსებული რეალობისგან
როზი ჯღამაია
არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ქართული პრესა განსაკუთრებით დატვირთული იყო ნეგატიური შინაარსის ინფორმაციებით. შეიძლება ითქვას, საპრეზიდენტო კანდიდატების ნაცვლად, თავად პრესა ცდილობდა ამომრჩევლისთვის საკუთარი შეხედულებების მიხედვით შეექმნა განწყობა და მხოლოდ რამდენიმე გამოცემა ამახვილებდა ყურადღებას არჩევნებისთვის ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა საარჩევნო გარემო, სიები და საზოგადოებრივი განწყობა.
27 ოქტომბრის არჩევნები თავისთავად გამორჩეული იყო იმითაც, რომ მთელი აქცენტი არა მომავალ პრეზიდენტზე, არამედ მეორე ადგილზე გამსვლელ პოლიტიკურ ძალაზე კეთდებოდა. ეს იგრძნობოდა, როგორც თავად საპრეზიდენტო კანდიდატების (ბურჯანაძე, ბაქრაძე) მხრიდან, ისე - საზოგადოებაშიც.
მართალია, წლევანდელი არჩევნები ყველა სხვა არჩევნებისგან განსხვავდებოდა თავისი დემოკრატიულობით და მშვიდი გარემოთი (თუ ინდივიდუალურ, უმნიშვნელო დარღვევებს არ ჩავთვლით), რაც დადებითი ფაქტორია, ამ არჩევნებს თავის ნაკლიც ჰქონდა - ამომრჩეველთა აქტივობა საკმაოდ დაბალი იყო.
რთული სათქმელია რამდენად მიუძღვის ამაში როლი ქართულ პრესას, თუმცა ფაქტია - პრესა ვერ ქმნიდა ამინდს, იყო მიკერძოებული და ამომრჩეველს რეალობის ობიექტური აღქმის საშუალებას არ აძლევდა.
ამ არჩევნებზე ქართული პრესა ვერ გახდა ანგარიშგასაწევი ძალა, რამეთუ, თავად მოექცა სიტუაციის ტყვეობაში - რამდენიმე გამოცემა დაუფარავად ეწეოდა ამა თუ იმ კანდიდატის დისკრედიტაციას და რესპონდენტებიც ამის მიხედვით ჰყავდა შერჩეული. ამ საარჩევნოდ, განსაკუთრებული აქცენტი კეთდებოდა იმაზე, ვინ გავიდოდა მეორე ადგილზე - ბურჯანაძე თუ ბაქრაძე და მმართველი გუნდის საპრეზიდენტო კანდიდატი (რომელიც ყველა კვლევებით, სხვა კანდიდატებთან შედარებით აშკარა უპირატესობას ფლობდა) პრესას პრაქტიკულად არ აინტერესებდა. ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ გიორგი მარგველაშვილზე ინფორმაციას პრესაში ვერ შევხვდებოდით, მაგრამ მარგველაშვილი, ძირითადად, ნახსენები იყო უარყოფით კონტექსტში, რომელიც ქართველ ხალხს „არ უნდა აერჩია“.
ჩატარებულმა არჩევნებმა კი, ცხადყო, რამდენად შორს იდგა ქართული პრესის ნაწილი არსებული რეალობისგან და რამდენად ასახავდა იგი მოსახლეობის განწყობას.
მაშ ასე, გაზეთი „ასავალ დასავალი“, რომელიც აშკარად გამოხატავდა ნინო ბურჯანაძის მხარდაჭერას, თემებს შემდეგნაირად სთავაზობდა მკითხველს:
„პრეზიდენტი იქნება ნინო ბურჯანაძე - პირველივე ტურში თუ არა, მეორე ტურში აუცილებლად გაიმარჯვებს!“
„ქართული ოცნება“ და „ნაციონალები“ ტანდემში ებრძვიან ნინო ბურჯანაძეს, რადგან თოფის გასროლასავით ეშინაით ყოვედღიურად მზარდი მისი რეიტინგის“.
„ბაქრაძე არის „არაკაცის არაკაცი“.
„თუ „ოცნებამ“ ბაქრაძე მეორე ადგილზე გაათრია, საქართველოში სახალხო გამოსვლები დაიწყება“.
„დავით ბაქრაძე - ხმა ისმის, კაცი არ ჩანს“
„შესაძლებელია, რომ „ოცნებამ“ გაყალბების გზით მოახერხოს ბაქრაძის მეორე ადგილზე გაყვანა, მაგრამ ეს ამ ხელისუფლებას ძვირად დაუჯდება“.
„ახალი თაობა“ ნაკლებ აგრესიულობით ხასიათდებოდა წინა კვირაში და სტატიებიც შედარებით ნეიტრალური იყო, თუმცა, აქაც აქცენტი გაკეთებული იყო მეორე ტურზე. გამოცემამ შემოგვთავაზა ინტერვიუ ნინო ბურჯანაძესთან - „ვურჩევ ბატონ მარგველაშვილს, მოემზადოს მეორე ტურისთვის“, და მცირე ზომის ინფორმაცია - ნინო ბურჯანაძე: „რის იმედად ამბობს ბიძინა ივანიშვილი, რომ მარგველაშვილი პირველივე ტურში მოიგებს?“
ისიც სიახლეა, რომ აღნიშნულმა გამოცემამ თავისი გვერდი დაუთმო ნაკლებად ცნობილ კიდევ ერთ საპრეზიდენტო კანდიდატს, ნინო ჭანიშვილს.
გაზეთი, ასევე, მნიშვნელოვნად მიიჩნევს ე.წ. „მეორე ადგილის დილემას“: „ბაქრაძის გაპრეზიდენტება პოლიტიკური კატასტროფაა!“ - ვკითხულობს ინტერვიუს ამ სათაურით.
და კიდევ, გაზეთმა გვერდი ვერ აუარა გასული კვირის „სკანდალს“, როცა ბიძინა ივანიშვილმა გიორგი თარგამაძეს მოღალატე უწოდა. ამ თემაზე გაზეთი აქვეყნებს ინტერვიუს გიორგი თარგამაძესთან - „მე ვერაფერი შემცვლის“.
აქვე წაიკითხავდით ინტერვიუს დავით საგანელიძესთან: „დარწმუნებული ვართ, რომ მოვიგებთ, პირველივე ტურში“
რამდენიმე სტატაია კი დავით ბაქრაძეს და „ნაციონალურ მოძრაობას“ ეხება - უარყოფით კონტექსტში.
წინა კვირებისგან განსხვავებით, გასულ კვირას გაზეთი „კვირის პალიტრა“ გაცილებით მრავალფეროვანი იყო და შემოგვთავაზა ინტერვიუები
გიორგი მარგველაშვილთან, ნინო ბურჯანაძესთან, გიორგი თარგამაძესთან და კობა დავითაშვილთან. გაზეთში ასევე წაიკითხავთ საარჩევნო თემატიკაზე რამდენიმე ექსპერტის მოსაზრებას.
გაზეთი Prime time, როგორც ყოველთვის „ბურჯანაძის ქუჩის გეგმებზე“ ამახვილებდა ყურადღებას და რატომღაც ცდილობდა საზოგადოება დაერწმუნებინა, რომ არჩევნებს აუცილებლად არეულობა მოყვება, რომლის ორგანიზატორი იქნება „დამარცხებული ნინო ბურჯანაძე“.
გაზეთი „ქრონიკა“ ასევე ნეგატიურ კონტექსტში მოიხსენიებს „ნაციონალურ მოძრაობას“ - „ვინც ნომერ „5“-ს შემოხაზავს, ისინი არიან ღირსნი გააუპატიურონ ცოცხით, დუბინკით!!!“
„კვერცხები, არა მგონია, ვინმემ ისროლოს, 40 თეთრი ღირს, ნაციონალები მაგდენი საერთოდ არ ღირან და კვერცხი ქვაში ხომ არ გეშლებათ?“
გასულ კვირას ნაკლებაგრესიული და მრავალფეროვანი იყო გაზეთი „რეზონანსი“. კვირის განმავლობაში გაზეთში წაიკითხავდით არჩევნებთან დაკავშირებულ სხვადასხვა თემებს, თუმცა ვერც „რეზონანსი“ აუვლიდა გვერდს „მეორე ადგილს“ და შემოგვთავაზა სტატია: „ჩვენმა პრემიერმა არაერთხელ განაცხადა, რომ მისი სიმპათია ბაქრაძეა, როგორც მეორე ადგილის პრედენდენტი“ და „რატომ უნდა მოგვწონდეს ერთნაირად ფოლადი და პლასტილინი?!“
„მეორე ადგილზე უფრო ბურჯანაძის მომხრეები მუშაობენ“. „ოცნება“ ცდილობს მეორე ადგილზე „ნაციონალური მოძრაობა“ გაათრიოს. თუ არჩევნები გაყალბდება და ბაქრაძე მეორე ადგილზე გავა, საზოგადოებასთან ერთად მშვიდობიან საპროტსტო აქციას დაიწყებს“, თუმცა აქვე წაიკითხავთ საპირისპირო აზრსაც - „არანაირი ბოიკოტი არ იქნება“.
გაზეთმა „ვერსიამ“ კი საკუთარი გვერდი შალვა ნათელაშვილს და ნესტან კირთაძეს დაუთმო: „ფრთხილად, საქართველოში „ოლიგარქატის ეპოქა“ იწყება!“
გაზეთი, ამავდროულად, ცდილობს მმართველი პარტიის მხარდამჭერებთან და წევრებთან გაარკვიოს შედგება თუ არა მეორე ტური.
რაც შეხება ბურჯანაძის თემას, შეიძლება ითქვას, რომ წინა კვირაში გაზეთი მასზე მხოლოდ ნეგატიური ინფორმაციების მოგროვებით იყო დაინტერესებული: „ვინ აჩუქა ბურჯანაძეების ოჯახს 15 მილიონი და რის ფასად დათმეს მათ გარეჯის მიმდებარე ტერიტორია?!“
„თუ ნინო ბურჯანაძე მეორე ადგილზე ვერ გავა, „სამძიმრის ტელეგრამას“ გავუგზავნი“.
დასასრულს უნდა აღინიშნოს, რომ ქართული პრესა ისევეა დაყოფილი, როგორც საზოგადოება - ვიღაცის მომხრე, ვიღაცის მოწინააღმდეგე და მუდმივად იგრძნობა, რომ თავის მხრივ, პრესაც ცდილობს საზოგადოებაში დაპირისპირება კიდევ უფრო გააღრმავოს.