„რუსეთ-თურქეთის სტრატეგიულ მეგობრობას შეეწირა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სუვერენიტეტი და სახელმწიფოებრიობა ჯერ კიდევ 1921 წელს, ისტორია მეორდება. თურქეთი ვერ იქნება ნატოსა და ევროგაერთიანების შემცვლელი საქართველოსთან მიმართებით, პირიქით, თურქეთმა შეიძლება სულ სხვა ფუნქციები შეასრულოს და რუსეთს უფრო მეტად შეუქმნას ერთგვარი ფორა. შეიძლება ასეთი გარიგებაც შედგეს, რომ რადგან თურქეთის გამო რუსეთი დაეხმარა აზერბაიჯანს, ახლა კეთილი ინებოს თურქეთმა, საქართველო დათმოს და რუსეთის გავლენის სფეროში შეიყვანოს საქართველო“, - აცხადებს ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია for.ge-სთან საუბრისას.
ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ საქართველოში უკვე ნატოში გაწევრიანების საკითხი შეიძლება დადგეს. სავარაუდოდ, ქართული ოპოზიცია ამ ახალ თემას ჩაებღაუჭება, თუ რატომ არ გვღებულობენ ნატოში. ხელისუფლება ირწმუნება, რომ ნატოს წევრი სახელმწიფოების ლიდერებისგან პოზიტიური გზავნილები მიიღეს. როგორ ფიქრობთ, შესაძლოა, 2024 წელს ნატოს კარზე კაკუნი შევწყვიტოთ და ალიანსის წევრები გავხდეთ? თუ მხოლოდ ევროკავშირით შემოვიფარგლებით, რადგან ევროკავშირი ისე არ აღიზიანებს რუსეთს, როგორც ნატო, რომლის საზღვრებთან მიახლოებაც რუსეთს აფრთხობს?
- ნატო მაინც კოლექტიური თავდაცვის ორგანიზაციაა, განსხვავებით ევროკავშირისგან, რომელიც უფრო ეკონომიური, პოლიტიკური და სოციალური ტიპის გაერთიანებაა და აქ სამხედრო და უსაფრთხოების საკითხები ნაკლებად განიხილება. სხვათა შორის, ევროკავშირიც საკმაოდ აღიზიანებს რუსეთს. უკრაინაში იმიტომ შეიჭრა რუსეთი, რომ ამით ომი გამოუცხადა დასავლეთს ევროკავშირში უკრაინის ინტეგრაციის გამო. თუმცა რუსეთს ევროკავშირში რომ გაეშვა უკრაინა, ამით არაფერი დაშავდებოდა, ვინაიდან ევროკავშირი არ არის სამხედრო პოლიტიკური ალიანსი, რომ რუსეთს შეუქმნას სამხედრო პრობლემები.
თვითონ ზელენსკიმაც აღიარა, რომ ნატოზეც კი უარს იტყოდა, ოღონდ ომი არ დაწყებულიყო უკრაინაში, რადგან რუსეთი უკრაინის ნეიტრალიტეტს ითხოვდა. როგორ უყურებთ საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივას ნატოში?
- ცხადია, ევროკავშირში გაწევრიანება ეს, უბრალოდ, ევროპული ქვეყნის სტატუსის მინიჭებაა. რაც შეეხება ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივას, არა მგონია, 2024 წელს ნატოში გაწევრიანება მოხდეს. მით უმეტეს, ნატოს შემდეგი სამიტი ჩატარდება ვაშინგტონში. ფაქტობრივად, ამერიკაში არჩევნებისთვის ემზადებიან, ახლა საქართველოსთვის არავის არ ეცლება ამერიკაში. სწორედ ამერიკაა მთავარი გამწევი ძალა ნატოში გაწევრიანების თვალსაზრისით, ხოლო ევროპული სახელმწიფოები დაკავებულნი არიან თავიანთი პრობლემების მოგვარებით, თავდაცვის საშუალებების შეზღუდვაზეცაა ევროპაში საუბარი. ევროპელებს თავდაცვის რესურსების პრობლემები აქვთ. ყველაფერ ამის გათვალისწინებით, ჩვენდა სამწუხაროდ, არა მგონია, ნატოს გაფართოების პოლიტიკა ახლა აქტუალური იყოს, როგორც ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკაა უკვე შემდგარი ფაქტი და ევროკავშირმა პრინციპულად მიიღო გაფართოების გადაწყვეტილება. კარგია, რომ საქართველო ამ ძალიან კარგ ტალღაში მოხვდა. თუმცა ასეთი მიმართულება ნატოში არ შეინიშნება.
ზუსტად იმის დასაბალანსებლად, რომ საქართველო ნატოს წევრი ჯერჯერობით ვერ ხდება, საქართველოს სასარგებლოდ ხომ არ იმუშავებს ჩინეთის ფაქტორი? ამავდროულად, ცალკეული ანალიტიკოსები ამბობენ, ხომ არ ჯობდა სამხრეთ კავკასიაში უფრო მეტად შემოსულიყო რეგიონალური ლიდერი - თურქეთი, რათა მას გადაეფარებინა საქართველოსთვის თავისი ქოლგა რუსეთის წინააღმდეგ?
- რუსეთ-თურქეთი კარგად თანამშრომლობენ ერთმანეთთან...
ახლა თანამშრომლობენ, მაგრამ ისტორიიდან გამომდინარე, მყიფე იქნება ეს თანამშრომლობა და, ნებისმიერ მომენტში უღალატებს თურქეთი რუსეთს.
როგორც ალიევს დაეხმარა ერდოღანი, ასეთნაირად ვერ დაგვეხმარება თურქეთი აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან მიმართებით?
- ერდოღანი არა მარტო ალიევს დაეხმარა, არამედ რუსეთსაც დაეხმარა. რუსეთ-თურქეთის სტრატეგიულმა ალიანსმა, სტრატეგიულმა პარტნიორობამ მოახერხა ის, რომ აზერბაიჯანმა დაიბრუნა თავისი ტერიტორიული მთლიანობა. აშკარად ჩანს, რომ სწორედ რუსეთის გამო თურქეთი ატორმუზებს სხვა ქვეყნების ნატოში ინტეგრაციას. თუნდაც იმავე შვედებს არ უშვებს ნატოში, ფინეთთანაც ჰქონდა სერიოზული პრობლემები. გარდა ამისა, თურქეთმა შექმნა თურქულ სახელმწიფოთა ორგანიზაცია, რომელიც, არა მგონია, დასავლური საზოგადოების ინტერესებს გამოხატავდეს, პირიქით, თურქეთმა უნგრეთიც კი მოიტაცა და აქეთ მხარეს გადმოიყვანა. ფაქტობრივად, უნგრეთისა და თურქეთის ურთიერთობები ერთგვარად ანტიევროპულ მიმართულებას იძენს. მესამეც, ერდოღანი ძალზე გაბრაზებულია და აგრესიულადაა განწყობილი ევროკავშირის მიმართ, რაც სავსებით გასაგებია, რადგან თურქეთს დღემდე არ აწევრიანებენ ევროკავშირში. საერთოდ, თურქეთმა ხელი ჩაიქნია უკვე და თქვა, რომ ევროკავშირში აღარ სურს გაწევრიანება. აქედან გამომდინარე, თურქეთი უფრო მიისწრაფვის ევრაზიული მიმართულებით. თურქეთი ნამდვილად ვერ იქნება ნატოსა და ევროგაერთიანების შემცვლელი საქართველოსთან მიმართებით, პირიქით, შეიძლება სულ სხვა ფუნქციები შეასრულოს და რუსეთს უფრო მეტად შეუქმნას ერთგვარი ფორა, შეიძლება ასეთი გარიგებაც შედგეს, რომ რადგან თურქეთის გამო რუსეთი დაეხმარა აზერბაიჯანს, ახლა კეთილი უნდა ინებოს თურქეთმა, საქართველო დათმოს და რუსეთის გავლენის სფეროში შეიყვანოს საქართველო.
ამდენად, თურქეთს გეოპოლიტიკური გადანაწილების თვალსაზრისით, სანდო პარტნიორად არ მიიჩნევთ და ფიქრობთ, რუსეთ-თურქეთმა შეიძლება გადაინაწილონ სამხრეთ კავკასიის ქვეყნები?
- რა თქმა უნდა, ამიტომაც სრულიად გამოვრიცხავ თურქეთის როლს აფხაზეთთან მიმართებით ამ ეტაპზე.
როგორ ფიქრობთ, ჩინეთის უსაფრთხოების ქოლგაც ასეთივე მყიფეა? მით უმეტეს, ჩინეთისა და რუსეთის ლიდერებს შორის სულ უფრო მეტად იგრძნობა სენტიმენტები და პუტინი, რომელიც ვერსად ვერ ჩადის ჰააგის ტრიბუნალისგან გამოტანილი დაკავების შიშით, ჩინეთს ესტუმრა. აღარაფერს ვამბობთ იმ ფაქტზე, რომ ჩინეთმა უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთს დიპლომატიური და ეკონომიკური მხარდაჭერა გაუწია, რამაც რუსეთს დასავლეთის სანქციებთან გამკლავება გაუადვილა.
- ჩინეთის დაპირისპირება რუსეთთან უფრო მეტად რეალურია. ჩინეთი და რუსეთი კავკასიის რეგიონში მოწინააღმდეგეები არიან. აქედან გამომდინარე, მათ შორის უფრო მეტი წინააღმდეგობაა, ვიდრე სტრატეგიული თანამშრომლობა.
ეს ნიშნავს, რომ სწორი გადაწყვეტილება იყო ჩვენი ხელისუფლების მხრიდან ჩინეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის განვითარება და ჩინეთის უფრო მეტად შემოყვანა კავკასიაში?
- ეს სავსებით ლოგიკურია, თუნდაც გეოეკონომიკური ფაქტორიდან გამომდინარე, რომ არაფერი ვთქვათ გეოპოლიტიკურ პერსპექტივაზე. საქართველო ხდება სატრანზიტო ჰაბი ევროკავშირსა და ჩინეთს შორის. ახალი ტერმინი შემოდის უკვე - გეოეკონომიკა. ამ მხრივ ჩინეთთან ურთიერთობა გაცილებით უფრო ძლიერია, ვიდრე სხვა რომელიმე აქტორთან.
რაზეა წამსვლელი ჩინეთი საქართველოსთან მიმართებით? რამდენად უღირს საქართველო?
- ჩინეთი საქმიანობს წმინდა პრაგმატული მოსაზრებიდან გამომდინარე. თავის დროზე საბჭოთა კავშირზე მეტად კომუნისტური სახელმწიფო იყო ჩინეთი. კომუნისტური იდეოლოგია უფრო ძლიერად იყო განვითარებული ჩინეთში, ვიდრე საბჭოთა კავშირში. ფაქტობრივად, სტალინსა და მაო ძედუნს სტრატეგიული ძმობა ჰქონდათ დადებული, მაგრამ მერე კომუნისტური ჩინეთი და კომუნისტური საბჭოთა კავშირი ერთმანეთის დაუძლეველი მტრები გახდნენ. ასე რომ, ჩინეთ-რუსეთს შორის ურთიერთობებში სად იწყება მეგობრობა, სად მთავრდება მტრობა, ამის დადგენა ძალიან რთულია. კი, შეიძლება ჩინეთი და რუსეთი ამ ეტაპზე ამერიკის საპირწონედ საერთო ენას ნახულობენ, მაგრამ კავკასიის რეგიონსა და „ერთი გზა- ერთი სარტყლის“ განვითარებაში ჩინეთი და რუსეთი მოწინააღმდეგეები არიან. თუნდაც იმავე რუსეთის მიერ ოჩამჩირის სამხედრო ბაზის გახსნა ეს იყო ჩინეთის მიმართ მუქარა. აქედან გამომდინარე, ვერ ვილაპარაკებთ ჩინეთ- რუსეთს შორის სტრატეგიულ ურთიერთობებზე, მაგრამ რუსეთსა და თურქეთს შორის, მიუხედავად მათი ისტორიული მტრობისა, სტრატეგიული პარტნიორობა ყოველთვის იყო მთავარ ადგილზე. სწორედ რუსეთ-თურქეთის სტრატეგიულ მეგობრობას შეეწირა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სუვერენიტეტი და სახელმწიფოებრიობა. ისტორია მეორდება.
პუტინი ისევ აპირებს, პრეზიდენტად კენჭი უკვე მეხუთედ იყაროს და, სავარაუდოდ, ისევ 6 წელი მოგვევლინება რუსეთის ლიდერად. ფაქტია, მისი რეიტინგი უფრო მაღალია შარშანდელთან შედარებით, რადგან პუტინის რეჟიმის მიმართ კრიტიკულად განწყობილმა ადამიანებმა დატოვეს რუსეთი. თუკი ვიფიქრებთ, რომ რუსეთმა გაუძლო სანქციებს, რა გარანტიაა, პუტინის შეცვლა განიზრახონ რუსებმა? როგორც წესი, რუსეთი მარცხდებოდა შიგნიდან და არა გარედან, ახლაც ასეა - რუსეთი უკრაინასაც უძლებს, დასავლეთის კოალიციურ ფრონტსაც, რომელიც უკრაინას ამარაგებს იარაღით, სანქციებსაც. რამდენ ხანს უნდა ველოდოთ რუსეთის შიგნით პროცესების რადიკალიზაციას და რევოლუციის მაგვარის განვითარებას?
- გეთანხმებით, რომ პუტინის რეიტინგი ახლა უფრო მეტია რუსეთში, მაგრამ პუტინმა უკვე თავისი დრო მოჭამა, თავისი მმართველობის პერიოდის ხანგრძლივობით პუტინმა სტალინსაც გადაუსწრო. საქართველოსგან განსხვავებით, რუსეთში არიან პოლიტიკური ლიდერშიპის უნარის მქონე ადამიანები, ამ მხრივ რუსეთი ნაკლებობას არ განიცდის, რადგან რუსეთში დაახლოებით 7 პოლიტიკური გავლენიანი კლანია. თითოეულ კლანს თავისი შემცვლელი ჰყავს ქვეყნის ლიდერად, ასე რომ, მათ შეუძლიათ განახორციელონ ე.წ. ჩელენჯი. ამიტომ რუსეთი ყოველთვის მონახავს დღევანდელი ლიდერის შემცვლელს. ამ ეტაპზე 4 კანდიდატია, ერთ-ერთია რუსეთის „ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერი ლეონიდ სლუცკი. პუტინი, ალბათ, გააგრძელებს რუსეთის ლიდერობას.
საქართველოს ისევ მოუწევს სიფრთხილის რეჟიმში ყოფნა?
- ყოველ შემთხვევაში, საქართველო ბლოკირებულია 3+2 ფორმატით, რომელიც ჩვენს საწინააღმდეგოდ მოქმედებს კავკასიის უსაფრთხოების კონტექსტში. აქ უკვე თურქეთმა და რუსეთმა ალიანსი მონახეს. ანუ 1921 წლის ყარსის გეოსტრატეგიული ფონი მეორდება საქართველოს მაგალითზე. თურქეთი და რუსეთი არიან სტრატეგიული მეგობრები და პარტნიორები და რუსეთმა გაუწია თურქეთს ერთგვარი კარტ- ბლანში, როცა აზერბაიჯანმა დაიბრუნა საკუთარი ტერიტორია. ახლა, როგორც ჩანს, თურქეთის ჯერია და არ არის გამორიცხული, რუსეთმა ფსონი დადოს სწორედ საქართველოზე, მით უმეტეს, საქართველო რუსეთისთვის მნიშვნელოვანი ტერიტორიაა. აქ სარკისებური ელემენტია, თუკი თურქეთს უნდა გასვლა კასპიისპირეთის მიმართულებით, აზერბაიჯანი კასპიის ზღვის მნიშვნელოვანი პლაცდარმია, სარკისებურად შავი ზღვისპირეთში საქართველოა რუსეთისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პლაცდარმი გეოპოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე. ეს ჩანს კიდეც, შემთხვევით არ მოახდინა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია მედვედევმა და აღიარა დე ფაქტო რეჟიმები. ახლაც რუსები რბილ ძალას იყენებენ და შემოდიან საქართველოში, რუსეთის მხრიდან ფინანსურ- ეკონომიკური სავაჭრო ექსპანსია ხორციელდება. ასეთი რამ არ მახსენდება 1992-94 წლებშიც კი, როცა საქართველოში ერთადერთი საგადასახადო ერთეული რუსული რუბლი იყო. ამდენი პროევრაზიული პარტია საქართველოში მე არ მახსოვს. ეს პარტიები პირდაპირ აცხადებენ, რომ პრორუსული ორიენტაცია აქვთ.
ერთი შეხედვით, ამერიკა დემოკრატიული ქვეყანაა, მაგრამ იქაც იგრძნობა არადემოკრატიული პროცესი, რადგან ცალკეული შტატები ყველანაირად ცდილობენ დონალდ ტრამპის დაბლოკვას არჩევნებზე. პოლიტიკურად მოტივირებული ხელოვნური ბარიერების მიუხედავად, ამერიკელი ამომრჩეველი, ალბათ, დაიღალა არაქარიზმატული ბაიდენით და ტრამპის ქარიზმა მოენატრა. ეს ნიშნავს, რომ ისევ ტრამპი გახდება პრეზიდენტი?
- ვერ გეტყვით, ტრამპს რამდენიმე შტატში საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრა დაუბლოკეს. სხვათა შორის, ჯონ ბაიდენსაც „რესპუბლიკელებმა“ დაუბლოკეს ინიციატივები. ერთი იმედია, თუ უზენაესი სასამართლო გამოიტანს ისეთ ვერდიქტს, რომ ტრამპი და ბაიდენი მივიდნენ ფინიშამდე, თორემ მოხდება კურიოზული სიტუაცია, როცა პრეზიდენტობის ორი მთავარი პრეტენდენტი, საკმაოდ გავლენიანი ადამიანები - ბაიდენი და ტრამპი შეიძლება ბორტს მიღმა აღმოჩნდნენ და ამერიკის არჩევნები ჩაიშალოს კიდეც, რადგან არც დემოკრატებს, არც რესპუბლიკელებს არ ჰყავთ ღირსეული კანდიდატები ბაიდენის და ტრამპის გარდა. საბჭოთა კავშირს დასცინოდნენ, გერონტოკრატია (უხუცესთა მმართველობა) არისო და ამ დროს, ფაქტობრივად, ამერიკამ ბუმერანგივით მიიღო გერონტოკრატია. თანაც, ამერიკაში უფრო რთული სიტუაციაა, რადგან, ბოლოს და ბოლოს, საბჭოთა გერონტოკრატებმა ახალგაზრდა შემცვლელი მაინც მონახეს გორბაჩოვის სახით, გორბაჩოვმა მერე ახალი უნარები გამოაჩინა. მართალია, გორბაჩოვმა მერე დაშალა ქვეყანა, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, რუსებმა შემცვლელი მაინც გამონახეს. ამერიკაში კი ისეთი მდგომარეობაა, შემცვლელიც არ ჩანს. თუმცა, თუკი ბაიდენსა და ტრამპს შორის იქნა არჩევანი, ტრამპი ყველანაირად მოუგებს ბაიდენს.
დაბოლოს, პალესტინა და ისრაელი საბოლოოდ გაარკვევენ ურთიერთობებს?
- პალესტინა-ისრაელის კონფლიქტი, მე მგონი, უკვე მინავლდა, ეს კონფლიქტი, ალბათ, გადავა ზომიერი ბალანსირების დონეზე, სერიოზული შეტაკებები აღარ იქნება, ფაქტობრივად, ორივე მხარე გამოიფიტა, ორივე მათგანს გამოეფიტა საბრძოლო სამხედრო პოლიტიკური ძალა. მე მგონი, ახლა უფრო იწყება ახალი სერიოზული კონფლიქტი ჰუსიტებსა და დასავლეთის სამხედრო საზღვაო კოალიციას შორის. იანვარში შეიძლება ახალი კონფლიქტის სერიოზული კერა ვიხილოთ წითელ ზღვაში. ეს დაპირისპირებაც დაკავშირებულია პალესტინა- ისრაელთან. ჰუსიტებს უნდათ ისრაელის ბლოკირება, გემებსაც ესხმიან თავს და შეიძლება გადაწონონ პალესტინა-ისრაელის კონფლიქტიც კი.