რეგიონების ახალ გუბერნატორებს მთავრობა დანიშნავს. საკონსტიტუციო ცვლილებების მიხედვით, რომელიც ძალაში პრეზიდენტის ფიცის დადების მომენტიდან შედის, გუბერნატორები მთავრობის წინაშე ხდებიან ანგარიშვალდებულნი. მათ თანამდებობაზე პრეზიდენტის ნაცვლად, ამიერიდან მთავრობა მოხსნის და დანიშნავს.
ამასთან, პარლამენტმა უკვე შეიტანა ცვლილებები „მთავრობის სტუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ კანონში“, რომლის მიხედვითაც გუბერნატორების საქმიანობაში მთავრობის წინაშე ანგარიშვალდებულება განსაზღვრულია.
როგორც ცნობილია, საქართველოს პრეზიდენტს ქვეყნის რეგიონების მიხედვით ცხრა გუბერნატორი ჰყავს დანიშნული. 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რეგიონის რწმუნებულებმა განცხადება თანმდებობიდან გადადგომის შესახებ რიგ-რიგობით გააკეთეს. მიზეზი მარტივია, მათ არ სურთ ახალ ხელისუფლებასთან პოლიტიკური თანამშრომლობა. ერთადერთი, ვისაც ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ აქვს როდის დატოვებს თანამდებობას, ეს ქვემო ქართლი პრეზიდენტის რწმუნებული დავით კირკიტაძეა. როგორც მან აღნიშნა, პოსტიდან გადადგომის ზუსტ თარიღს მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ დაასახელებს.
კახეთის გუბერნატორი ზურაბ ჭიაბერაშვილი კი ამბობს, რომ უფლებამოსილებას სააკაშვილის წინაშე მოიხსნის.
„თანამდებობას დავტოვებ, მაგრამ არა დღეს. ჩემს უფლებამოსილებას მე მიხეილ სააკაშვილის, როგორც პრეზიდენტის წინაშე მოვიხსნი“, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა, რომელმაც პოსტიდან წასვლის ზუსტი თარიღი არ დაასახელა, თუმცა აღნიშნა, რომ ეს ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე მოხდება. ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე თანამდებობის დატოვებას აპირებს შიდა ქართლის გუბერნატორი ზურაბ ჩხეიძე. მან სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარტიულ მუშაობას იმ გუნდთან ერთად გააგრძელებს, რომლის წევრიც არის.
„რა თქმა უნდა, მე დავტოვებ აღნიშნულ თანამდებობას და გადადგომის შესახებ განცხადებას ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე დავწერ. ჯერჯერობით ნაადრევია საუბარი იმაზე, თუ ზუსტად როდის დავტოვებ თანამდებობას, მაგრამ ამას უთქმელად არ გავაკეთებ და აუცილებლად გაცნობებთ ჟურნალისტებსაც“, - განაცხადა ზურაბ ჩხეიძემ.
თანამდებობას ტოვებს პრეზიდენტის რწმუნებული მცხეთა-მთიანეთის მხარეში ხათუნა ოჩიაური. როგორც ოჩიაურმა აღნიშნა, სხვის სურვილებს მისთვის ნაკლები მნიშვნელობა აქვს, მთავარია მას რა სურს და როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს.
„მე თვითონ არ მაქვს ახალ პრეზიდენტთან თანამშრომლობის სურვილი. დრო გამოაჩენს როგორ იქნება, დავგეგმავთ პოლიტიკურ მომავალს. ნამდვილად არ ვაპირებთ გაჩერებას პოლიტიკური თვალსაზრისით. იმიტომ, რომ ვფიქრობთ, საქართველოს მომავალი და წინსვლა უკავშირდება სწორედ „ნაციონალურ მოძრაობას“ და არც ერთ სხვა პარტიას“, - ამბობს ხათუნა ოჩიაური.
ახალი გუბერნატორების დანიშვნის საკითხზე მთავრობა მსჯელობას ხვალიდან დაიწყებს. როგორც პრემიერ-მინისტრმა, სასტუმრო „რედისონში“ მიმდინარე პრესკონფერენციაზე განაცხადა, მთავრობის კომპეტენციის მიუხედავად, ფიქრობს, რომ საკითხზე კონსულტაციები კოალიციის პოლიტსაბჭოსთანაც იქნება საჭირო.
„საკითხზე მსჯელობა არ დაგვიწყია, მაგრამ ვიმსჯელებთ, მთავრობის სხდომა ხვალ გვაქვს. მე მგონი, საბჭოსთანაც დაგვჭირდება ამ თემის გავლა, მომავალ პრემიერსაც შევუთანხმებთ, ახალ პრეზიდენტასც შევუთანხმებთ. ახალი პრეზიდენტი მოვიდა და ეს იგივეა - ახალი პრემიერი რომ ინიშნება, მთავრობა უნდა გადადგეს. მსგავსი მოხდა აქაც, მათი მხრიდან გმირობად ვერ ჩავთვლი, არც ერთ მათგანს არ ვიცნობ, მაგრამ დაახლოებით წარმომიდგენია, როგორი წარმომადგენლები ჰყავდა ჩვენს პრეზიდენტს“, - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.