საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი მოსახლეობამ 62.11 პროცენტით აირჩია

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი მოსახლეობამ 62.11 პროცენტით აირჩია

ცესკოს საბოლოო მონაცემებით, გიორგი მარგველაშვილი 62.11 პროცენტით ლიდერობს. მეორე ადგილს დავით ბაქრაძე 21.73 პროცენტი, ხოლო მესამე ადგილს ნინო ბურჯანაძე 10.18 პროცენტით იკავებს.

საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ ცნობს „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი, რომელიც ბიულეტენების ხელახლა გადათვლას მოითხოვს. პირველი მშრომელი ირწმუნება, რომ ის პირველ-მეორე ადგილზე გავიდა.

„პირველ–მეორე ადგილებზე გავედი მე. მოხდა გარიგება ივანიშვილსა და სააკაშვილს შორის. მათ მიითვისეს ჩემი პირველ–მეორე ადგილები“, - აცხადებს შალვა ნათელაშვილი.

რაც შეეხება „დემოკრატიული მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატს ნინო ბურჯანაძეს, მან ხმების დაცვა დაანონსა, თუმცა როგორც ირკვევა ბურჯანაძე დამარცხებას აღიარებს. ის ამბობს, რომ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის სამარცხვინო და ცინიკური გარიგება მოხდა, რის შედეგადაც ერთი დიდი სახელისუფლო ძალა ჩამოყალიბდა. 

საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევითი ცენტრის დირექტორის კახა კახიშვილის განცხადებით, შედეგები რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აჩვენა, მათთვის ფანტასტიური შედეგია. თუმცა, ამავდროულად, ადასტურებს, რომ ქვეყანაში ჩატარდა აბსოლუტურად თავისუფალი არჩევნები.

„ასეთ შედეგებს, ალბათ, არც მოელოდნენ და სიმართლე გითრხათ, არც მე მოველოდი, რომ 12 თვის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებიდან ნაწილობრივ წასვლის შემდეგ, ასეთ შედეგს დადებდნენ. მაგრამ ამავდროულად, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს შედეგი დაიდო იმ კანონის საფუძველზე, რომელიც ბოლომდე კარგად არ არეგულირებს საარჩვენო პროცესებს და საჭიროა მისი შეცვლა“, - აცხადებს კახიშვილი.

რაც შეეხება ბურჯანაძეს, მისივე თქმით, მან აწარმოა ძალიან სერიოზული კამპანია, ამავდროულად ორი სახელისუფლებო პარტიის მონაწილეობის პირობებში, თუნდაც, 10 პროცენტი შედეგია.

„როგორც ჩანს, ბურჯანაძემ ვერ მოახერხა მისი პოლიტიკური პარტიის მოტივირებული ამომრჩევლის გარდა, დიდი დოზით მიეყვანა სხვა არანაციონალური ამომრჩეველი მის მხარდსაჭერად. დღეს ამომრჩეველი იყოფა რამდენიმე სეგმენტად, ერთი არის „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მოტივირებული ამომრჩეველი. მესამე სეგმენტი არის ისეთი ამომრჩეველი, რომელიც არასოდეს არ მისცემს ხმას „ნაციონალურ მოძრაობას“ და ამავდროულად, არ მოსწონთ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილელები. ამ ამომრჩევლის ხმები ვერ მიიზიდა ბურჯანაძემ, თუმცა, თუნდაც, 10 პროცენტი სერიოზული განაცხადია“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას კახი კახიშვილმა.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე კი თვლის, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებმა აჩვენა, რომ ქართული პოლიტიკური სპექტრი ცოტა გადაბერდა. როგორც საყვარელიძე ამბობს, გიორგი მარგველაშვილის შედეგი გასაკვირი არ იყო, თუმცა სხვა კანდიდატების მიერ მიღებული პროცენტული მაჩვენებლები მისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. 

„ვგულისხმობ მეორე-მესამე ადგილზე გასულ კანდიდატებს, იმიტომ, რომ ერთი წლის წინ, მოსახლეობის, თითქმის, 90-მა პროცენტმა უარი უთხრა „ნაციონალურ მოძრაობას“. ახლა, დაახლოებით, 20-მა პროცენტმა ნდობა გამოუცხადა. რეიტინგის ასეთი ზრდა ახსნას ითხოვს. ამ პარტიას რაიმე განსაკუთრებული პოლიტიკური ნაბიჯებით ამ ერთ წელიწადში თავი არ შეუხსენებია. შესაძლოა, მოსახლეობამ დაინახა „ნაციონალურ მოძრაობაში“ რაიმე პოზიტიური, რაც ექსპერტებს გამორჩათ.

ბაქრაძის მეორე ადგილი გასაკვირია. ხალხი რომელმაც ზეიმი მოაწყო მიშას წასვლაზე, საიდან აქვს ამხელა მხარდაჭერა „ნაციონალურ მოძრაობას“ ბაქრაძის სახით? ეს კითხვა ტრიალებს და ამ კითხვაზე, ჯერჯერობით, დამაჯერებელი პასუხები არაა, სანამ საბოლო შედგები არ გამოქვეყნდება, რომ უკვე გაიშიფროს, საიდან, რომელი უბნებიდან და რა ჯგუფიდან შიეძლება მიეღო ეს ციფრი“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.

რამაზ საყვარელიძის განხადებით, საკმაოდ ბევრი პოლიტიკური ლიდერი აღმოჩნდა ისეთი მცირე ოდენობის ხმებით, რაც პოლიტიკურ ლიდერს აღარ შეეფერება. ეს ნიშნავს, რომ ქართული პოლიტიკური სპექტრი ცოტა გადაბერდა და გიორგი მარგველაშვილის არ იყოს, ახალი პოლიტიკური სახეები სჭირდება ქვეყანას.

ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძის თქმით, არჩევნებმა აჩვენა, რომ ოპოზიციურ ფლანგზე ორი ოპოზიციური ძალა იქნება „ნაცმოძრაობა“ და „დემოკრატიული მოძრაობა“ და ორივე მათგანს შეუძლია, საკმაოდ დიდი კონკურენცია გაუწიოს „ქართულ ოცნებას“.

„განსაკუთრებით მინდა ვთქვა ბურჯანაძეზე. მას შემდეგ, რაც ბურჯანაძემ 2008 წელს სააკაშვილის გუნდი დატოვა, ოპოზიციაშია და არჩევნებში მონაწილეობა დამოუკიდებლად არ მიუღია. 10%-იანი მაჩვენებელი საკმაოდ სერიოზული რაოდენობაა იმისათვის, რომ ადგილობრივ არჩევნებზე ეს მაჩვენებელი გააუმჯობესოს და შემდეგ რეალურად იბრძოლოს საპარლამენტო არჩევნებზე. ამ არჩევნებმა აჩვენა, რომ ბურჯანაძე ანგარიშგასაწევი ძალაა. 3% ზღვარს ნათელაშვილი კი მიუახლოვდა, მაგრამ მისგან რაიმე სიურპრიზებს არ უნდა ველოდოთ. ვგულისხმობ მისი რეიტინგის სწრაფ ზრდას. საპრეზიდენტო არჩევნებმა ძირითადი პოლიტიკური ძალები გამოკვეთა. არჩევნების შედეგებმა გვაჩვენა, რომ ქვეყანაში რეალურად სამი პოლიტიკური ძალაა „ქართული ოცნება“, „ნაცმოძრაობა“ და ბურჯანაძის „დემოკრატიული მოძრაობა“, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.