სახელმწიფო დაწესებულებებმა ავტომანქანების შესაძენად 90 მილიონამდე ლარი დახარჯეს

სახელმწიფო დაწესებულებებმა ავტომანქანების შესაძენად 90 მილიონამდე ლარი დახარჯეს

სახელმწიფო უწყებების მიერ ავტომანქანების შესყიდვის მიწანშეწონილობას, მანქანის ფასს და მანქანით მოსარგებლე პირთა კატეგორიას სპეციალურად შექმნილი სახელმწიფო კომისია განსაზღვრავს. შესაბამის დადგენლებას უკვე მოაწერა ხელი პრემიერ-მინისტრმა. სამსახურებრივი ავტომანქანებით სარგებლობის, შესყიდვისა და განახლების საკითხების ახლად შექმნილ კომისიას მთავრობის კანცელარიის უფროსი უხელმძღვანელებს და მინისტრების მოადგილეებით დაკომპლექტდება.

2013 წლის 31 დეკემბრამდე კომისიამ უნდა შეიმუშაოს სათანადო ნორმატიული აქტები, ასევე დაადგინოს საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფ უწყებებში სამსახურებრივი ავტომანქანებით მოსარგებლე პირთა კატეგორია, კონკრეტული თანამდებობრივი ნომენკლატურისათვის განსაზღვრული ავტომობილის ტიპი, ავტომობილებით სარგებლობის წესები და ახალი ავტომობილის შეძენის წესი. კომისია ასევე ვალდებულია, საქართველოს მთავრობას წარუდგინოს ინფორმაცია სამსახურებრივი ავტომანქანების ავტოპარკის მდგომარეობისა და მისი განახლების მიზანშეწონილობის შესახებ.

„მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება სახელმწიფო კომისიის შექმნის თაობაზე, რომელიც წლის ბოლომდე შეიმუშავებს სახელმწიფო ავტომანქანების შესახებ შესყიდვის წესს. განსაზღვრული იქნება მანქანების ღირებულება და ფასი თანამდებობების მიხედვით, რა ტიპის, რა კლასის ავტომობილები შეიძლება ჰყავდეს ამა თუ იმ თანამდებობის პირს. ამ ეტაპზე ავტომანქანების საწვავის ხარჯი ვერ გადაიხედება, თუმცა კომისიის მიზანი იქნება განსაზღვრის ისეთი ავტომანქანების კლასი, რომლებიც შედარებით ეკონომიური იქნება“, - განაცხადა სახელმწიფო კანცელარიის უფროსმა მაია ცქიტიშვილმა. 
ეს საკითხი აქტუალური პრემიერ-მინისტრის განცხდების შემდეგ გახდა. ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, სამინისტროების, პარლამენტისა და გამგეობების თანამშრომელთა მიერ ძვირადღირებული ავტომობილების გამოყენების შეზღუდვაზე კონტროლი დაწესდება.

„მე ბევრჯერ დავსვი ეს საკითხი მთავრობის სხდომაზე, კანცელარიასაც დავავალე, დღევანდელი შედეგებით არ ვარ კმაყოფილი. ჩვენ ვაგრძელებთ პროცესებს. მიღებული მანქანებით ვაგრძელებთ მუშაობას და პრაქტიკულად, ძვირი მანქანები არ შეძენილა“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

რაც შეეხება რეგიონებსა და გამგეობებს, როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ვითარება იქ კიდევ უფრო რთულია. მისივე თქმით, ახალი ავტომობილების შეძენა სამინისტროების მხრიდან მხოლოდ მანამდე დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე მოხდა.

„ახლების შეძენა სამინისტროებიდან მოხდა ძალიან ცოტა მე რაც ვიცი და გრძელდებოდა დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე. ვერც კი მოვახერხეთ გადაკონტროლება და ამის დაბლოკვა. შესაძლოა, აქ საყვედური მივიღოთ, რადგან საკმარისი იყო ის დრო, რომ ჩვენ დაგვედგინა მანქანების შესყიდვის პროცესი და ყველა სამინისტროსა და პარლამენტის დონეზე მიგვეყვანა. საუბედუროდ, გაჭიანურდა ეს პროცესი და შეიძლება, ამის გამო ჩემ თავსაც ვსაყვედურობ, რადგან, შეიძლებოდა ეს უფრო ეფექტურად მომხდარიყო. მე კიდევ დავინტერესდები ამ საკითხით. ბევრი სამინისტროებია, ბევრი დადებული ხელშეკრულებებია და არ არის ხშირად მათი გაწყვეტა ადვილი. ეს არ არის საკმარისი გასამართლებლად, მაგრამ ვეცდებით, ამ კუთხით უფრო ეფექტურად ვიმუშაოთ“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

საიაში კი ფიქრობენ, რომ სპეციალური კომისია მინიმუმ ერთი წლით ადრე უნდა შექმნილიყო, რადგან ხელისუფლების შეცლის შემდეგ სამინისტროებმა ავტოპარკის განახლების ტენდენცია კვლავ გააგრძელეს და ძვირადღირებულ მოდელებზე მილიონობით ლარი დახარჯეს. ასევე, ამ დრომდე უცნობია, რა ბედი ეწია სამინისტროების მიერ აუქციონზე გატანილ ავტომანქანებსაც, რომელთა რეალიზიაციაზე უწყებები დიდ იმედს ამყარებდნენ. ფაქტია, რომ მათ გაყიდვას არ დალოდებიან, სამინისტროებმა ისე გამოაცხადეს ტენდერები და ახალი ავტომანქანებიც შეიძინეს.

გარდა ამისა, როგორც ირკვევა სამსახურებრივი ავტომანქანებით თანამდებობის პირების ოჯახის წევრებიც სარგებლობენ. მაგალითად, ბათუმის საკრებულოში ამ ტენდენციის აღსაკვეთად განკარგულების გამოცემაც კი გამხდარა საჭირო. მანქანების საწვავისა და ავტოპარკის ტექნიკური მომსახურებისთვის, რითაც ხელისუფლების წევრები სარგებლობენ, თანხა ბიუჯეტიდან არის გამოყოფილი.

საიას კვლევის თანახმად, 2011 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის ივლისის ჩათვლით, სხვდასხვა საჯარო დაწესებულებამ 2 146 ავტოსატრანსპორტო საშუალება შეისყიდა, რომელთა საერთო ღირებულებამ მთლიანობაში, 61 439 788 ლარი, 16 545081 დოლარი და 110 000 ევრო შეადგინა. კვლევაში განხილულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის, პარლამენტის, მთავრობის კანცელარიის, ყველა სამინისტროსა და სახელმწიფო მინისტრის აპარატები, ასევე, თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, ფოთისა და რუსთავის თვითმმართველობების მიერ აღნიშნულ პერიოდში როგორც შესყიდული, ისე უსასყიდლოდ და ჩუქების ფორმით ავტომანქანების მიღების შემთხვევები.

კვლევის თანახმად, შესწავლილი საჯარო დაწესებულებებიდან ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილი შსს-მ 2012 წლის ივლისში შეიძინა და მასში 110 000 ევრო გადაიხადა. ძვირადღირებული ავტომობილების შეძენის ფაქტები ასევე დაფიქსირდა, რუსთავის თვითმმართველობის, მთავრობის კანცელარიის, ფინანსთა სამინისტროს, პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სხვა საჯარო დაწესებულებების მიერ.

საიას თავმჯდომარე კახა კოჟორიძე for.ge-სთან საუბრისას განმარტავს, რომ დღემდე არ არსებობს სამართლებრივი აქტი, რომლითაც განისაზღვრებოდა ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეძენის წესი, გადახდილი თანხის მაქსიმალური ოდენობა, ავტოპარკის განახლების წესი და პერიოდულობა.

„არ არსებობს საკანონმდებლო აქტი, რომელიც ამ საკითხს დაარეგულირებს. ეს დამოკიდებულია კონკრეტული საჯარო მოხელის ნებაზე. მაგალითად, რუსთავის ადგილობრივმა თვითმმართველობამ 170 000 ლარად ღირებული ავტომანქანა იყიდა. არ ვამბობ, რომ მინისტრებმა „ჟიგულებით“ უნდა იარონ, მაგრამ გაწერილი უნდა იყოს წესი და არსებობდეს ნორმატიული აქტები“, - განაცხადა კოჟორიძემ.

მისივე თქმით, ავტომობილების შეძენისთვის დახარჯული თანხებით, ასევე, ჩუქებებით განსაკუთრებით, შსს გამოირჩეოდა.

„კერძო პირების მიერ მისთვის ნაჩუქარმა ავტომობილების რაოდენობამ 87 შეადგინა. ამასთან, ჩუქებისა და უსასყიდლოდ მანქანების გადაცემის ფაქტების დიდი ნაწილი 2012 წელს განხორციელდა. შესაძლებელია, დაწყებულიყო გამოძიება, რამდენად ნებაყოფლობით ხდებოდა ავტომობილების ჩუქება აღნიშნული უწყებისათვის. რაც შეეხება აღნიშნულთან დაკავშირებით წინა და ახლანდელი ხელისუფლების შედარებას, ახალი მთავრობის პირობებში შესყიდვების მოცულობა შემცირებულია. ჩუქების შემთხვევები კი ფაქტობრივად, აღარ ფიქსირდება“, - აცხადებს კახა კოჟორიძე.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული პრობლემის მოგვარების მიზნით, დროულად მოწესრიგდეს საკანონმდებლო ბაზა და სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების მიერ განისაზღვროს სამართლებრივი ჩარჩო, რომელსაც ინსტრუქციის ხასიათი ექნება და ავტომობილების შესყიდვების პროცესის მარეგულირებელ კონკრეტულ წესს დაადგენს.

როგორც საიაში აცხადებენ სამინისტროებში ძვირადღირებული ავტომანქანების შეძენის ტენდენცია ხელისუფლების შეცვლის შემდეგაც გაგრძელდა. კვლევა რომელიც საიამ 2011-2013 წლებში ჩაატარა, აჩვენა, რომ ყველაზე ძვირაღირებული მანქანის ყიდვის ფაქტი 2012 წლის 9 ივლისს დაფიქსირდა. შს მინისტრმა ბაჩო ახალაიამ 110 ათას ევროდ შეძენილი „მერსედეს ბენც -500“ საპატრიარქოს აჩუქა. საანგარიშო პერიოდში ძვირადღირებული მანქანები შეისყიდა რუსთავის თვითმმართველობამ, რაც ჯამში 173 ათასი ლარი დაჯდა, მთავრობის კანცელარიამ დახარჯა 167 ათასი, ხოლო პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 128 ათასი.