გაფხვიერებული ეკონომიკა თუ ყამირი დასაქმებისთვის

გაფხვიერებული ეკონომიკა თუ ყამირი დასაქმებისთვის

ერთწლიანი ბრძოლის შემდეგ უმუშევრობის დაძლევა ვერაფრით მოხერხდა და ამას თავად პრემიერ-მინისტრიც აღიარებს. „უმუშევრობა ყველაზე დიდი გამოწვევაა და ყოველდღე ამაზე ვმუშაობთ“, - აცხადებს ბიძინა ივანიშვილი და დასძენს, რომ ეკონომიკის გადალაგება 2-3 დღეში არ ხდება. პრემიერ-მინისტრმა ბათუმში განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „იმდენად ცუდი გაკეთებულია, ნახევარზე მეტი შენობა გამოუყენებელია“.

„წყალში გადაყრილია ეს ფული, ერთი ქუჩაა გამწვანებული ბათუმში და სულ ეს არის. ამათი ეკონომიკა იგივეა, უკუღმა ჩარგო ხე და არწმუნო ხალხი, რომ სასწაულს მოახდენს. ჩვენ ახლა ნიადაგს ვაფხვიერებთ და შემდეგ კარგი ნერგები გვჭირდება ინვესტიციების სახით. ისინი პირდაპირ აყაჩაღებდნენ ხალხს და ციხეში სვამდნენ. როგორ შეიძლება ასე გაიზარდოს ინვესტიციები და ეკონომიკა განავითარო?! ჩვენ შევქმენით თანაინვესტირების ფონდი, თუმცა ამას თვეები დასჭირდა. 6 მილიარდი უფრო ადრე მოვაგროვე, ვიდრე ფონდის დაფუძნება შევძელით. ახლა პროექტები არ გვყოფნის, სადაც ფული უნდა წავიდეს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ერთი სიტყვით, მთავრობაში ყველა და მათ შორის, პრემიერ-მინისტრიც აღიარებს, რომ უმუშევრობას ჯერჯერობით ვერაფერი ეშველა და მომავალშიც მთავარი აქცენტი დასაქმების კუთხით უნდა გაკეთდეს. უმუშევრობის პრობლემას ყველა მწვავედ აღიქვამს, როგორც რიგითი მოქალაქეები, ისე სპეციალისტები თუ უცხოელი ანალიტიკოსები.

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მთავრობის უმოქმედობა მეტად მკაცრადაც შეაფასა, რითიც ქართველი მინისტრების გულისწყრომაც გამოიწვია.

საბოლოოდ, გაირკვა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი უმუშევრობის მაჩვენებელთან დაკავშირებით გაკეთებულ პროგნოზს შეცვლის. როგორც ფონდის საქართველოში წარმომადგენლობაში აცხადებენ, ისინი ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის პოზიციას იზიარებენ და უმუშევრობის საპროგნოზო მაჩვენებლის დახვეწაზე მუშაობას შეუდგებიან.

სფს-მ საქართველოში უმუშევრობის მაჩვენებელთან დაკავშირებით პროგნოზი ორიოდე კვირის წინ გამოაქვეყნა. ამ პროგნოზის მიხედვით, ჩვენთან უმუშევრობის დონე 2013 წელს, შარშანდელთან შედარებით, 1,7%-ით გაიზრდება და 16,7%-ს მიაღწევს. 2014 წლისთვის კი ფონდი ამ მაჩვენებლის 17,3%-მდე ზრდას ვარაუდობდა.

აღნიშნულ პროგნოზს მაშინვე გამოეხმაურა ფინანსთა მინისტრი. ნოდარ ხადურმა სავალუტო ფონდის პროგნოზს წარმოუდგენელი უწოდა. ფინანსთა მინისტრის ანალოგიურად, სავალუტო ფონდის პროგნოზი გაუგებარი აღმოჩნდა ჯანდაცვის სამინისტროსთვისაც.

მოგვიანებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა უმუშევრობის პროგნოზის გაანგარიშების მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით ფინანსთა მინისტრის კრიტიკა ნაწილობრივ გაიზიარა. მეტიც, ფონდში განაცხადეს, რომ ისინი საპროგნოზო მაჩვენებლის დახვეწისთვის მზად არიან.

„წლის ბოლოს უმუშევრობასთან დაკავშირებით იქნება უფრო ნათელი სურათი. გვექნება 2013 წლის მონაცემები, ასევე მთლიანი შიგა პროდუქტის სტატისტიკა. ფინანსთა მინისტრის კრიტიკას უმუშევრობის გაანგარიშების მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით ნაწილობრივ ვიზიარებთ და მზად ვართ მის დახვეწაზე ვიმუშაოთ. ასეთი პროგნოზის გაკეთება, ზოგადად, ძალიან ძნელია. ეს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ განვითარებულ ქვეყნებსაც ეხება“, - განაცხადა სსფ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში, აზიმ სადიკოვმა.

თუმცა მარტოოდენ, სავალუტო ფონდის მიერ შეცდომის აღიარება, ქვეყანაში არსებულ სურათს ვერ შეცვლის. საქმე ისაა, რომ რეალურად ქვეყანაში უმუშევრობის მაჩვენებელი 40%-ს აჭარბებს. ახალი ხელისუფლების სათავეში მოსვლიდან ერთი წლის თავზე ამ მიმართულებით არაფერი შეცვლილა, რასაც როგორც გამოჩნდა, მთავრობის წევრებიც აღიარებენ. თუმცა, დასაქმების მხრივ სტაგნაციას ინვესტიციების დაგვიანებით ხსნიან. ინვესტიციებს კი, თავის მხრივ, ორხელისუფლებიანობისა და არჩევნების გამო აგვიანდება. ორშაბათს ერთიც დასრულდება და მეორეც. ამის შემდეგ ხელისუფლების ყველა შტოზე შემომჯდარ „ქართულ ოცნებას“ ამომრჩეველი გადამწყეტი ნაბიჯების გადადგმას მოსთხოვს.