გაკოტრების პირას მისულ კვერცხის მწარმოებელ ადგილობრივ კომპანიებს მოულოდნელად ყველაფერი სასიკეთოდ შემოუბრუნდათ. საერთაშორისო ბაზარზე გაძვირების ტალღამ კვერცხის იმპორტი თითქმის მთლიანად შეაჩერა. ქართველმა მწარმოებლემა მსწრაფლ დაიწყეს დაკარგული პოზიციების დაბრუნება.
ბოლო რამდენიმე დღეა ადგილობრივ ბაზარზე კვერცხის გაძვირების ტენდენციებია. იმპორტიორების ინფორმაციით, ძირითად მომწოდებელ ქვეყნებში - თურქეთსა და უკრაინაში ფასების მკვეთრი ზრდა და მატებაა, რაც ფასებზე უკვე აისახა.
რაც შეხება სავაჭრო ქსელში მოხვედრილ პროდუქციას, აქ უკვე შეიმჩნევა გაძვირების ტენდენცია. სადისტრიბუციო კომპანიების ნაწილმა ფასები 3-დან 5-თეთრამდე გაზარდა, ნაწილი ჯერ ძველ ღირებულებას ინარჩუნებს.
ადგილობრივი წარმოების კვერცხის ფასმა 3 თეთრით დაიკლო, თუმცა საერთო დინამიკის გათვალისწინებით, ქართული კომპანიები საფასო პოლიტიკას ჯერჯერობით არ ცვლიან. ამ დროისთვის, კვერცხის გასაყიდი ფასი ბაზარზე 29-30 თეთრია. ზოგიერთ სუპერმარკეტში მისი ფასი უკვე 33-34 თეთრსაც აღწევს.
აღსანიშნავია ისიც, რომ წლის ამ პერიოდში ტრადიციულად ძვირდება სოფლის ნაწარმიც და ეს ეხება კვერცხსაც.
ე.წ. სოფლის კვერცხის ფასი უკვე 40 თეთრია და 2-3 თვე მისი ღირებულება მუდმივად გაიზრდება. ასე რომ, მომხმარებლისთვის ყველა მხრიდან გამოუვალი ვითარება შეიქმნა. არადა, კვერცხი პურისა და შაქრის შემდეგ ყველაზე მოთხოვნადი საკვები პროდუქტია.
მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის ინფორმაციით, საქართველოში იმპორტირებული კვერცხის შემოტანა, ფაქტობრივად, გაჩერებულია. როგორც ასოციაციის ხელმძღვანელი განმარტავს, მიზეზი თურქეთსა და უკრაინაში კვერცხის გაძვირებაა.
ზურაბ უჩუმბეგაშვილის განცხადებით, თურქეთში კვერცხის ფასმა 10%-ით მოიმატა, ხოლო უკრაინაში ერთი ყუთი კვერცხის ფასმა 16-დან 46 დოლარამდე აიწია. უჩუმბეგაშვილის თქმით, იმპორტიორ ქვეყნებში პროდუქციის გაძვირებამ ქართული წარმოშობის კვერცხს ადგილობრივ ბაზარზე პოზიციები გაუმყარა და მიუხედავად დეფიციტისა, ქართულ კვერცხზე მოთხოვნა საკმაოდ დიდია.
გაკოტრების რეჟიმში გადასულმა კომპანიებმა წარმოების აღდგენა დაიწყეს და იმედი აქვთ, რომ სამარხვო პერიოდში, საშობაოდ, საჭირო მარაგს დააგროვებენ. მწარმოებლებისთვის ასეთი ვითარება, რა თქმა უნდა, დიდი შვებაა, მაგრამ მომხმარებელი აქედან არაფერ სახარბიელოს არ ელის. სავარაუდოა, რომ კვერცხი სწორედ საახალწლო-საშობაო დღეებში ყველაზე მაღალ ნიშნულამდე გაძვირდება.
ამასობაში ირკვევა, რომ კვერცხისა და ქათმის მწარმოებელ ქართულ კომპანიებს მთავრობა საგადასახადო შეღავათების მიცემას კვლავ არ თანხმდება. როგორც მეფრინველეობის ასოციაციის ხელმძღვანელმა რადიო „კომერსანტს“ განუცხადა, ფინანსთა სამინისტროს მხრიდან გარკვეული რეკომენდაციების შემუშავების მიუხედავად, კომპანიებს არანაირი შეღავათი არ შეხებია.
უჩუმბეგაშვილის თქმით, მთავრობას სხვა პროდუქტებთან გათანაბრებას სთხოვენ, რადგან დღეის მდგომარეობით, მხოლოდ ქათამი და კვერცხი იბეგრება. ასოციაციამ არაერთხელ მიმართა როგორც პრემიერს, ასევე პარლამენტს და ფინანსთა სამინისტროს, თუმცა მათი მხრიდან ადგილობრივი წარმოების წახალისების მიზნით ნაბიჯები ამ დრომდე არ გადადგმულა.
ამჟამად კვერცხის და ქათმის მწარმოებელი კომპანიებისთვის დღგ 18%-ს შეადგენს.