უნივეტსიტეტებში სახელმძღვანელოების დეფიციტია

უნივეტსიტეტებში სახელმძღვანელოების დეფიციტია

ქართველ სტუდენტებს სასწავლო სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით დიდი პრობლემა აქვთ. უნივერსიტეტების სტუდენტები ქართულენოვანი სამეცნიერო ლიტერატურის ნაკლებობაზე უკმაყოფილებას გამოთქვამენ და ამბობენ, რომ სასწავლო დაწესებულებები მათ შესაბამისი ლიტერატურით ვერ ამარაგებენ, რის გამოც სწავლის პროცესი ფერხდება.

უნივერსიტეტების ბიბლიოთეკებშიც კი ამა თუ იმ წიგნის თითო ეგზემპლარი ინახება. ამიტომაც საგნის მოსამზადებლად სტუდენტებს რიგში დგომა და ცდა უწევთ. არასაკმარისი ლიტერატურის გამო, სწავლის ხარისხი ეცემა, პრობლემის მოგვარებას კი სტუდენტები განათლების სამინისტროსა და უნივერსიტეტებისგან ითხოვენ.

თსუ-ს ზოგიერთი ფაკულტეტის სტუდენტი, წიგნების სიმცირის გამო იძულებულია სხვა ბიბლიოთეკით ისარგებლოს. ყველა უნივერსიტეტი ვერ უზრუნველყოფს სახელმძღვანელოების იმ რაოდენობას, რაც სტუდენტისთვის არის საჭირო. ნაწილი არსებული პირობებითაც უკმაყოფილოა.

„წიგნის დეფიციტია სასწავლებელში და მის ბიბლიოთეკაშიც. ზოგჯერ მათ მხოლოდ თითო ეგზემპლარი გააჩნიათ. ასეთ დროს სტუდენტებს შესაძლებლობა გვაქვს გამოვიყენოთ მხოლოდ სამკითხველო დარბაზი ან ჩვენთვის საჭირო ადგილები გადავაქსეროქსოთ. ზოგჯერ, მე და ჩემი ჯგუფელები მთელ წიგნს ვიღებთ იმისათვის, რათა ყოველდღე ქსეროქსის აპარატთან არ ვიდგეთ. საკითხს ართულებს ის ფაქტიც, რომ ბიბლიოთეკიდან სახელმძღვანელოს გამოტანის უფლება არ გვაქვს.

თუ მაღლივის და ილიას უნივერსიტეტებში ეს ხერხდება, რატომ არ შეიძლება იგივე პირობებით ვისარგებლოთ ივანე ჯავახიშვილის სახელობის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში მყოფმა სტუდენტებმაც. პრობლემის მოსაგვარებლად გამოინახა ალტერნატიული გზები. გაკეთდა ელექტრონული ბიბლიოთეკა. მაგალითად, ძველი ქართულის, პალეოგრაფიისა და ქართული სალიტერატურო ენის საგნები ასე გავიარე. ეს, რა თქმა უნდა, ამარტივებს სწავლის პროცესს”, - ამბობს სტუდენტი გიორგი თოფჩიშვილი.

სახლმძღვანელოებთან დაკავშირებულ პრობლემას სახელმწიფო უმაღლესებშიც ადასტურებენ. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში კი აცხადებენ, რომ ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაწყებულია. სასწავლო წიგნების დეფიციტის შესახებ დიდი ხანია იციან თსუ-ს ადმინისტრაციაში. მათი განმარტებით, ამჟამად საკითხის გასაუმჯობესებლად სხვადასხვა ღონისძიებები მიმდინარეობს.

წლეულს წიგნების სიმცირის აღმოსაფხვრელად დამატებითი ფულადი სახსრები გამოიყო. გაიზარდა ხარჯი სახელმძღვანელოს თარგმანზე, წიგნების შეძენაზე 127 000 ლარზე მეტია გამოყოფილი, გამომცემლობისა და სასტამბო ხარჯების მოცულობა კი 259 000 ლარს აღწევს.

თსუ-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ პრობლემა ყველაზე მეტად ეკონომიკისა და ბიზნესის, ასევე სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზეა.

„პრობლემის სრულად მოგვარება შეუძლებელია, რადგან სახელმძღვანელოები მუდმივად ახლდება და მათი თარგმნა თუ გამოცემა პერმანენტულად მიმდინარეობს. სახელმძღვანელოების თარგმნა-გამოცემაზე ყველაზე მეტი მოთხოვნა, როგორც წესი, ეკონომიკისა და ბიზნესისა და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტებზეა. სწორედ ამ ფაკულტეტების სახელმძღვანელოებია მუდმივად განახლებადი, რადგან სხვა ფუნდამენტური მეცნიერებებისგან განსხვავებით, სწორედ ამ მიმართულების მეცნიერებების შესწავლა თანამედროვე ლიტერატურით ხელმძღვანელობას მოითხოვს.

მაგალითად, წელს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტისთვის სახელმძღვანელოების შესაძენად 40 ათასი ლარია გამოყოფილი, ხოლო სათარგმნად - 100 ათასი ლარი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტისთვის სახელმძღვანელოების შესაძენად გათვალისწინებულია 11 ათასი ლარი, ხოლო თარგმნისთვის - 126 ათასი ლარი“, - აცხადებენ თსუ-ში.

როგორც გაირკვა წიგნების შეზღუდული რაოდენობა, მარტო თსუ-ს სტუდენტებს არ აწუხებთ. ეს საკითხი დგას შოთა რუსთაველი სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ილიას უნივერსიტეტში, ტექნიკურ უნივერსიტეტში და ა. შ.

ამ საკითხზე ახლახან ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებმა ჩაატარეს გამოკითხვა, დამაკმაყოფილებელი იყო თუ არა ბიბლიოთეკაში არსებული წიგნთა ფონდი. მცირე კვლევას ხელმძღვანელობდა სტუდენტური ასოციაცია „პროგრესი“ და საინიციატივო ჯგუფი. სულ 900-მდე სტუდენტის პოზიცია დაფიქსირდა. შედეგები ასე გადანაწილდა - 57% მიიჩნევს, რომ ბიბლიოთეკაში წიგნების რაოდენობა არასაკმარისია, 34% - ამ აზრს არ იზიარებს.