ეგზითპოლების თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნებში საქართველოს პრემიერმინისტრის მოკავშირემ გაიმარჯვა. ამ მონაცემების მიხედვით, 44 წლის გიორგი მარგველაშვილმა ხმათა 66-68% მიიღო, მისმა ყველაზე ახლო მეტოქე დავით ბაქრაძემ მოქმედი პრეზიდენტის პარტიიდან ხმათა 20.2% მოიპოვა. ბაქრაძემ დამარცხება აღიარა და ბ-ნ მარგველაშვილს გამარჯვება მიულოცა.
არჩევნები პროდასავლელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის დასასრულია, სააკაშვილის, რომელსაც კანონი მესამე ვადით კენჭისყრას უკრძალავდა.
თუმცა კონსტიტუციური ცვლილებები ახალი პრეზიდენტის ძალაუფლებას ზღუდავს.
ეგზიტპოლი საქართველოს კერძო ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სთვის ევროპული საბაზრო კვლევის ორგანიზაცია GfK-მ ჩაატარა, ასევე ქართულმა საზოგადოებრივი აზრის ჯგუფმა ACT-მ.
გიორგი მარგველაშვილი, ივანიშვილის პარტია „ქართული ოცნების“ წევრია, რომელმაც შარშან საპარლამენტო არჩევნები მოიგო, რასაც ამ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში ხელისუფლების პირველი კანონიერი გადაცემა მოჰყვა.
მილიარდერი ბიზნესმენი გადადგომას აპირებს პრემიერმინისტრის თანამდებობიდან არჩევნებიდან რამდენიმე კვირის განმავლობაში, აცხადებს რა, რომ მან საკუთარ მიზნებს მიაღწია.
მან ამ არჩევნებს საქართველოს პირველი „ევროპული ტიპის არჩევნები“ უწოდა.
რეფორმები
2003 წლის უსისხლო „ვარდების რევოლუციით“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, სააკაშვილმა განახორციელა რეფორმები, რომელმაც ხელი შეუწყო კორუფციის აღმოფხვრას.
ის პროდასავლურ საგარეო პოლიტიკას ატარებდა და გააუმჯობესა საჯარო მომსახურება კავკასიის რესპუბლიკაში, სადაც ჯერ კიდევ სიღატაკეა გაბატონებული.
დაძაბული ურთიერთობა მოსკოვთან 2008 წლის აგვისტოში შეიარაღებულ კონფლიქტში გადაიზარდა.
ქვეყნის პრემიერმინისტრი, რომელიც იმავდროულად საქართველოში ყველაზე მდიდარი ადამიანია, არაფრად აგდებს მიმავალი პრეზიდენტის მიღწევებს და სააკაშვილს „მატყუარას“ და „დიქტატორს“ უწოდებს.
ის მინიშნებას აკეთებს, რომ სააკაშვილი, მას შემდეგ რაც მისი ვადა ამოიწურება, შეიძლება დაიკითხოს ან მის მიმართ სამართლებრივი დევნაც დაიწყოს მისი მთავრობის დანაშაულებების გამო.
ბ-ნ ივანიშვილს ჯერ არ დაუსახელებია თავისი მემკვიდრე, პრემიერმინისტრის კანდიდატურა მისი პარტიიდან.
foreignpress.ge