მოკრძალებული, მაგრამ გადამწყვეტი საპრეზიდენტო არჩევნები

მოკრძალებული, მაგრამ გადამწყვეტი საპრეზიდენტო არჩევნები

საქართველოს დამდეგი საპრეზიდენტო არჩევნები არ გავს გასული ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს არც ინტენსივობის და არც პოლიტიკური ფსონების თვალსაზრისით. მაგრამ 27 ოქტომბრის კენჭისყრა ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესისთვის მნიშვნელოვანი ქვაკუთხედი შეიძლება გახდეს.

„ქართული ოცნების“ კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტობისთვის ბრძოლაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ დავით ბაქრაძეს უსწრებს. თავად არჩევნები, დამკვირვებელთა უმრავლესობის თანახმად, შესაძლოა შესანიშნავი არა, მაგრამ საკმაოდ თავისუფალი და სამართლიანი იქნება. მთავარი კითხვა არის ის, იქნება თუ არა მეორე ტური, და ხმების რა პროცენტს მიიღებს პარლამენტის ყოფილი სპიკერი ნინო ბურჯანაძე.

მშვიდი წინასაარჩევნო კამპანიის ფონზე, ქართული პოლიტიკის დღის წესრიგში ორმა სხვა საკითხმა წამოიწია. ერთი, ეს არის შეინარჩუნებს თუ არა ერთობას კოალიცია „ქართული ოცნება“ და რა გავლენა ექნება ქართულ პოლიტიკაზე ბიძინა ივანიშვილის გადადგომას პრემიერმინისტრობიდან მალევე არჩევნების შემდეგ, როგორც მან თავად განაცხადა? ამ საკითხის მიმართ ძირითადი განწყობა შემდეგია: ორივე ეს შესაძლებლობა საფრთხეს უქმნის იმ დემოკრატიულ მიღწევებს, რაც საქართველოს გასული ერთი წლის განმავლობაში ჰქონდა.

შიში, თუ რა მოხდება თუკი მმართველი კოალიცია დაიშლება, ან თუკი პრემიერმინისტრი გადადგება, იმის შედეგია, რომ ქართული დემოკრატიის სიმტკიცე არ არის სათანადოდ შეფასებული. ის მიუთითებს ასევე ზოგადად დემოკრატიის შესახებ მწირ წარმოდგენაზე, განსაკუთრებით საქართველოს უახლესი ისტორიის კონტექსტში.

საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, დემოკრატიზაციის პროცესს საქართველოში რამდენიმე მნიშვნელოვანი წინააღმდეგობა შეხვდა. ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაბრკოლება, ერთპარტიული ბატონობის ციკლია, რომელსაც კოლაფსი და შემდეგ კვლავ მორიგი ყოვლისმომცველი მმართველი პარტიის ხელისუფლებაში მოსვლა მოჰყვა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დაბრკოლებაა ძლიერი მმართველის სისტემის ევოლუცია, სისტემის, რომელშიც, როგორც ოფიციალური, ასევე არაოფიციალური ძალაუფლება კონცენტრირებულია ერთი არაორდინარული ფიგურის ხელში. ახლა ეს როლი ივანიშვილს აქვს; ივანიშვილამდე ეს იყო მიმავალი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. სააკაშვილამდე ამ როლს ყოფილი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძეც თამაშობდა.

კოალიცია „ქართული ოცნება“, რომ ერთიანი არ იყოს, იქნებოდა მეტი პოლიტიკური პარტია, განსხვავებული შეხედულებებით, სადაც ინდივიდებს აქვთ მეტი ძალაუფლება, ეჯიბრებიან ერთმანეთს საკანონმდებლო ორგანოში და მედიაში. ეს სცენარი ნაკლებად სტაბილური და პროგნოზირებადია, მაგრამ ის უკეთესია დემოკრატიული პროცესისათვის. რამდენიმე პარტიის არსებობა, რომლებიც თანხმდებიან მთავრობის ლეგიტიმაციაზე, მაგრამ არა მთავრობის პოლიტიკაზე ან კურსზე , კარგია დემოკრატიისთვის. სინამდვილეში, ეს გაცილებით კარგია დემოკრატიისთვის, ვიდრე ერთი სამთავრობო კოალიციის მმართველობა, რომელშიც პოლიტიკა უფრო მეტად კოალიციის შიგნით განიხილება და არა საჯაროდ.

ერთ-ერთი გადამწყვეტი მომენტი, როდესაც „ვარდების რევოლუციასთან“ დაკავშირებულმა დემოკრატიულმა იმედებმა ჭკონობა დაიწყო, იყო ის, რომ სამმა ლიდერმა საკუთარი ორი პარტია გააერთიანა და ერთი პარტიის სახელით მიიღო მონაწილეობა 2004 წლის საპარლამენტო არჩევნებში. ამას ერთპარტიული სისტემისკენ სვლა მოჰყვა, რამაც საბოლოო ჯამში „ვარდების რევლუციის“ დემოკრატიულ იმედებს ბოლო მოუღო. მაგრამ თუკი დღევანდელი კოალიცია დაიშლება, ახლო მომავალში მსგავსი სცენარი გამოირიცხება.

ივანიშვილის შესაძლო წასვლა პოლიტიკიდან ზოგიერთებს აშფოთებს, კერძოდ მათ, ვინც ფიქრობს, რომ არადემოკრატიულია ივანიშვილის მხრიდან (რომელიც ცხადი იყო, რომ „ქართული ოცნების“ არჩეული პრემიერმინისტრი იქნებოდა შარშანდელი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ) პოლიტიკის დატოვება და საკუთარი თანამდებობის გადაცემა მის მიერ და არა ხალხის მიერ არჩეული პირისათვის. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ივანიშვილიც პარლამენტმა აირჩია და არა ხალხმა. მიუხედავად იმისა, რომ ყველას ესმოდა, რომ სწორედ ის იქნებოდა პრემიერმინისტრი თუკი მისი პარტია გაიმარჯვებდა, თავად ივანიშვილის გვარი საერთოდ არ ეწერა საარჩევნო ბიულეტენში. იმავდროულად, მართალია ივანიშვილს შეუძლია რეკომენდაცია გაუწიოს ვინმეს, ვისაც ის საკუთარ მემკვიდრედ მიიჩნევს, მაგრამ ამ რეკომენდაციაზე დათანხმება პარლამენტის საქმეა. რთული წარმოსადგენია, რომ პარლამენტი არ მიიღებს ივანიშვილის რეკომენდაციას, მაგრამ ეს არის სწორედ ის ორგანო, რომელიც პრემიერმინისტრს ირჩევს.

ზოგიერთები იმასაც ფიქრობენ, რომ იმ განსაკუთრებული და სერიოზული პრობლემების გათვალისწინებით, რომლის წინაშეც არის საქართველო, ივანიშვილი არ უნდა წავიდეს, რომ თავისი წასვლით კიდევ უფრო მეტი არასტაბილურობა არ შეიტანოს სისტემაში. მაგრამ, საქართველო ვერასდროს გათავისუფლდებდა ძლიერი მმართველის სისტემისგან, ვიდრე ეს ძლიერი მმართველი თანამდებობას არ დატოვებს. რა თქმა უნდა, სიმართლეა ის, რომ ივანიშვილის თანამდებობის მიღმაც შეუძლია დარჩეს ძალაუფლების ცენტრად საქართველოში. მაგრამ თუკი ის არ გადადგება, ის გარდაუვლად გახდება კიდევ უფრო არაოფიციალური ძალაუფლების ცენტრი ქვეყანაში. სიმართლეა ისიც, რომ ივანიშვილის გადადგომას ქართულ პოლიტიკაში შეიძლება უფრო დიდი არასტაბილურობა მოჰყვეს. მაგრამ, დამკვირვებლებმა უნდა გაითვალისწინონ ის, რომ დემოკრატიის მთავარი საფუძველი არის ის, რომ კანონი და ინსტიტუტებია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, და არა ადამიანები.

ივანიშვილი, თუკი ის გადადგება, ნიძლავს დებს, რომ ქართული დემოკრატია ძლიერია და მასზე არ არის დამოკიდებული. თუკი ის მართალია, მისი გადადგომა მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება საქართველოს პოლიტიკური განვითარებისთვის. თუკი ის ცდება, და მისი წასვლა არასტაბილურობას გაამწვავებს, ეს საბოლოო ჯამში, მაინც პოზიტიური ფაქტი იქნება. შესაძლო არასტაბილურობის ხანმოკლე პერიოდი, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ახალი პრეზიდენტი და პარლამენტი, რომელიც უფრო კომპეტენტური და დემოკრატიულია, ვიდრე რომელიმე წინამორბედი, თუნდაც ბოლო ათწელეულის პარლამენტი, პატარა დათმობაა იმ იმედისთვის, რაც ქართული პოლიტიკის ბუნებაში უდიდეს შემობრუნებას უტოლდება.

foreignpress.ge