ავღანეთში გიორგი მარგველაშვილმა გაიმარჯვა

ავღანეთში გიორგი მარგველაშვილმა გაიმარჯვა

ავღანეთში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების კენჭისყრის შედეგად დავით ბაქრაძეს გიორგი მარგველაშვილმა 104 ხმით მოუგო. ავღანეთში ჩატარებული კენჭისყრის შედეგების დათვლა უკვე დასრულდა. საბოლოო შედეგები ასეთია - კოალიცია „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატს გიორგი მარგველაშვილს - 700 ხმა, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატს დავით ბაქრაძე - 596 ხმა აქვს. 

ავღანეთში კენჭისყრა ორ უბანზე ჩატარდა. საარჩევნო უბან „ერედვზე“ ლიდერობს დავით ბაქრაძე, მას 318-მა სამხედრომ მისცა ხმა, ხოლო გიორგი მარგველაშვილს - 285-მა. საარჩევნო უბან „ლეზერნეკზე“ კი გიორგი მარგველაშვილმა მოიპოვა 415 ხმა, ხოლო დავით ბაქრაძემ 278 ხმა. დანარჩენმა კანდიდატებმა კი ბევრად ნაკლები ხმები დააგროვეს. 

სამხრდო ექსპერტი თეონა აქუბარდიას თქმით, ის ფაქტი, რომ ავღანეთში ჩვენს მისიაში სამხედროებმა დააფიქსირეს ის არჩევანი, რაც ცესკომ გამოაქვეყნა, არის დიდი მონაპოვარი იმ კუთხით, რომ ჯარი არის აპოლიტიკური და სამხედროები აძლევენ ხმას იმ კანდიდატს, ვისაც მხარს უჭერენ და არა იმას, ვისაც პოლიტიკური ხელმძღვანელობა კარნახობდა.

„რაც შეეხება შედეგებს, თუ რით შეიძლება აიხსნას სამხედროების სიმპატია „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატისადმი ამ ოდენობით, ამას ერთი ახსნა შეიძლება მოეძებნოს - ჯარი წინა ხელისუფლების დროს ითვლებოდა პრიორიტეტად და ბიუჯეტის დიდი ნაწილიც მას ხმარდებოდა, მიუხედავად იმის, რომ ახლანდელ არმიაში ბევრად უკეთესი მდგომარეობაა ჯარისკაცის უფლებების თუ სოციალური უზრუნველყოფის კუთხით. თუმცა კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, ამ შედეგების უპირატესობაა ის, რომ ეს ჯარის აპოლიტიკურობაზე მიუთითებს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას თეონა აქუბარდია.

მისივე თქმით, ეს არის პირველი საპრეზიდენტო არჩევნები, როცა სპეცუბნების ამ ოდენობით ჩატარდა არჩევნები და უშუალოდ გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი და მოადგილე აბარებდა ანგარიშს მოსახლეობას ჯარში არჩევნების მიმდინარეობის შესახებ. როგორც ცნობილია, ავღანეთში მყოფმა 1500-ზე მეტმა სამხედრო მოსამსახურემ საკუთარი არჩევანი 20 ოქტომბერს გააკეთა. ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა ხმა ორ საარჩევნო უბანზე „ლეზერნიკსა“ და „ერედვზე“ მისცეს.