მიხეილ სააკაშვილს, როგორც ჩანს, ახლა გაახსენდა ცნობილი გამოთქმა-ადამიანს ყოველთვის უნდა ახსოვდეს, რომ შესაძლოა, სიცოცხლის ბოლო წამი რჩებოდეს და ამიტომ მაქსიმალურად უნდა მოასწროს სიკეთის გაკეთება.
აქედან გამომდინარე, იგი პრეზიდენტობის ბოლო წამსაც ებღაუჭება და „კეთილი საქმეებით“ გვანებივრებს - ხან თურქეთში მცხოვრები ქართველების ქართველობას აქებს, ხან განმანათლებლის რანგში გვევლინება და ფასდაუდებელ ბიბლიოთეკას გვიტოვებს, ხანაც - ეროვნული გმირის წოდებას ანიჭებს ქართველ მამულიშვილებს.
მართალია, გრიგოლ ფერაძეს, ექვთიმე თაყაიშვილს, ამბროსი ხელაიას, მიხაკო წერეთელს, ზვიად გამსახურდიას, მერაბ კოსტავას, გიორგი ანწუხელიძეს ეს წოდება ქართველმა ხალხმა მადლიერების ნიშნად ისედაც მიანიჭა, მაგრამ საინტერესოა, რომ სააკაშვილს მხოლოდ ახლა გაახსენდა მათთვის ეროვნული გმირის წოდების მინიჭება. მაშინ, როცა ტიტულებს, ნებისმიერ შემთხვევაში, იოლად და დაუმსახურებლადაც არიგებდა.
სააკაშვილის დღევანდელი გადაწყვეტილება არავის გააკვირვებდა, რომ არა მის მიერ განვლილი გზა, რაც დიამეტრალურად განსხვავდებოდა იმ მამულიშვილების თავდადებისგან, რომელთაც საერთო არ ჰქონიათ ნულოვან ტოლერანტობასა და პიარზე აგებულ მოღვაწეობასთან, ისევე, როგორც აგვისტოს ომში მთავარსარდლის „გმირობასთან“.
ქვემო ალვანში აგვისტოს ომში დაღუპული გმირის - გიორგი ანწუხელიძის მემორიალის გახსნისას სააკაშვილმა ქართველი მამულიშვილები გაიხსენა.
„მივიღე გადაწყვეტილება, ეროვნული გმირის წოდება მივანიჭო გრიგოლ ფერაძეს. ოსვენციმში გრიგოლ ფერაძე იყო საქართველო და საქართველოს სხვანაირად არ შეეძლო მოქცეულიყო. პოლონელების თვალში, ვინც იცის გრიგოლ ფერაძის გმირობა, საქართველო არის გრიგოლ ფერაძე. ასევე, მივიღე გადაწყვეტილება, ეროვნული გმირის წოდება მივანიჭო მეორე დიდ მოღვაწესა და პატრიარქს - ამბროსი ხელაიას, რომელიც იყო მეტეხის ციხეში, ემუქრებოდა გარდაუვალი სიკვდილი, სთავაზობდნენ, ებრძოლა სიცოცხლის გადარჩენისთვის, მაგრამ თავისი საკნიდან მისწერა წერილი გენუის კონფერენციას, სადაც მოითხოვა საქართველოს დამოუკიდებლობა, იმიტომ, რომ იმ წუთში ამბროსი ხელაია არ იყო ცალკე აღებული ქართველი, ის იყო საქართველო, რომელიც არასდროს არ დაუჩოქებდა რუსებს, არასდროს არ აულოკავდა ხელებს და არ სთხოვდა მოწყალებას“, -აღნიშნა პრეზიდენტმა.
მანვე საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა მიხაკო წერეთელს, ეროვნული იდეის მქონე მოღვაწეს და, ამ შემთხვევაში, სააკაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ის მისი წინაპარი იყო და ის სულით ქართველი იყო. ამდენად, მიხაკო წერეთელსაც შეეძლო ეთქვა, მე ვარ საქართველო.
ეროვნული გმირის წოდება მიხეილ სააკაშვილმა ექვთიმე თაყაიშვილსაც მიანიჭა, რომელმაც შიმშილის ფასად შეინახა უზარმაზარი განძი. სააკაშვილის თქმით, „ექვთიმეს შიოდა, წყუროდა, სიკვდილი ემუქრებოდა, მის ადგილზე ბევრი ადამიანი ამ ოქროულობას, ვერცხლს, ბრილიანტებს გაყიდდა და საჭმელს მაინც შეჭამდა, მაგრამ ის არ იყო ცალკე აღებული პიროვნება, ვისაც შიოდა და წყუროდა, ის იყო საქართველო“.
სააკაშვილმა ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა, ასევე, პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას. მისი თქმით, როცა არავის ახსოვდა საქართველოს დამოუკიდებლობის იდეა, როცა ქართველების უმეტესობა დაავადებული იყო კონფორმიზმით, ზვიად გამსახურდია იყო ეროვნული ჩირაღდნის მატარებელი და იგი, როგორც სამეგრელოს შორეულ სოფელში მიმწყვდეული, მიტოვებული თანამებრძოლების მიერ, დევნილი, მოღალატეებით გარემოცული და ალყაშემორტყმული, იყო მაშინდელი საქართველოს სიმბოლო. რა თქმა უნდა, პრეზიდენტის თქმით, ზვიად გამსახურდიას შეეძლო ეთქვა, მე ვარ საქართველო.
ასევე, ეს წოდება მიენიჭა მერაბ კოსტავას, ზვიად გამსახურდიასთან ერთად ამ დიდი იდეის მქონე პიროვნებას, ერთ-ერთ ყველაზე დიდ ქართველს, რომელმაც, სააკაშვილის თქმით, მრავალი წელი გაატარა უსაშინლეს წამებაში და ერთი წამით არ დაუხევია უკან, არ დათანხმებია არანაირ თანამშრომლობას მჩაგვრელებთან და დამპყრობლებთან.
საბოოლოდ მან გიორგი ანწუხელიძეს მიანიჭა ეროვნული გმირის ტიტული და ისურვა, ყველა ქართველს ისე ეცხოვროს, გადამწყვეტ მომენტში, ერთხელ მაინც ეთქვას, მე ვარ საქართველო.
„ჩვენს მტერს 200 წლის განმავლობაში სურდა, ქართველებისგან, რომელიც მგელების ქვეყანა იყო, ცხვრის ჯიში გამოეყვანა, ნაწილობრივ ეს შეძლო, მაგრამ გიორგი ანწუხელიძემ ამას გადაუსვა ხაზი“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ქვრივმა - მანანა არჩვაძემ ჩვენგან შეიტყო სააკაშვილის მიერ ქართველი მამულიშვილებისთვის ეროვნული გმირის ტიტულის მინიჭების შესახებ. თუმცა რატომღაც ჩვენმა შეკითხვებმა მასში გაღიზიანება გამოიწვია. როცა დავინტერესდით, რამდენად გულწრფელად ეჩვენებოდა პრეზიდენტის დღევანდელი გადაწყვეტილება და, ზოგადად, სააკაშვილის მთელი მოღვაწეობა ზვიად გამსახურდიას ოჯახზე როგორ აისახა, გვიპასუხა:
„რა შუაშია აქ ცოტნეს დაპატიმრება? რადგან სააკაშვილმა ზვიად გამსახურდიას მიანიჭა, რაც ეკუთვნოდა და რაც ეკადრებოდა, მოდით, ადამიანებს იმის შესაძლებლობა მივცეთ, ადრე თუ გვიან გამოისყიდონ გვიან გამჟღავნებული დამოკიდებულება პერსონალიებისადმი. ნუ ვიქნებით მკაცრები, მივუტევოთ ადამიანებს ცოდვები და შევუნდოთ. თუ არადა, თავად აგებს პასუხს თავისი დანაშაულის გამო. იმ შემთხვევაში, როცა ადამიანი სიკეთეს სჩადის, არ შეიძლება, ამ სიკეთის გამო გავაკრიტიკოთ“.
ჩვენ დავინტერესდით, რატომ აქამდე არ გახსენებია სააკაშვილს ზვიად გამსახურდია და მისი ოჯახი და ხომ არ იყო ეს პიარზე გათვლილი ნაბიჯი? ეს მანანა არჩვაძემ გამორიცხა. მისი თქმით, არავითარი საარჩევნო განზრახვა არ არის, რადგან სააკაშვილი არ მონაწილეობს არჩევნებში. მეტიც, სააკაშვილმა გადაწყვიტა, წავიდეს კარგი სახელით.
ამიტომ მანანა არჩვაძემ მოგვიწოდა, ვიყოთ მიმტევებლები და ნუ ვხედავთ ყველაფერში ანგარებას. ასევე, გვირჩია, შერჩევითი სამართალი ნუ გვექნება და გავაკრიტიკოთ სხვები, რომლებიც შეურაცხყოფას აყენებენ ზვიად გამსახურდიას.
„ქრისტიანი თუ ბრძანდებით, ყველას მიმართ თანაბრად მომთხოვნი იყავით. თქვენ თუ გადახედავთ ჩემი ცხოვრების ისტორიას, მაშინ მე სამუდამოდ უნდა დამეგმო საქართველო და აღარ მეცხოვრა საქართველოში იმის გამო, რომ აქ ცხოვრობენ ის ადამიანები, რომლებმაც ამ მდგომარეობაში ჩააგდეს ჩემი სამშობლო. ნუ შევიჭრებით სხვის სამყაროში და მის გულწრფელობაზე ნუ ვისაუბრებთ, რადგან სააკაშვილს დღესდღეობით არაფერი სჭირდება. მას ჩაფიქრებული ჰქონდა, მიენიჭებინა თბილისის საერთაშორისო აეროპორტისთვის ზვიადის სახელი, მაგრამ არეულმა სიტუაციებმა მას ამის შესაძლებლობა არ მისცა“.
იმ ფაქტზე საუბარი, რომ ზვიად გამსახურდიას ოჯახი არანაირ დახმარებას არ იღებდა ნაციონალების დროს და არც კოლხური კოშკი იყო შეკეთებული, მანანა არჩვაძემ არ ისურვა. მისი თქმით, თუ ადამიანები ცუდად ცხოვრობენ, ეს გასართობი თემა არაა და, თუ ვინმეს დახმარება შეუძლია, ამას არავინ უკრძალავს.
„თუ არადა, ილაპარაკონ პინგვინებზე, ზებრაზე... ვის რა შესაძლებლობაც გააჩნია, ის მოახმაროს საქართველოს მოსახლეობას და პრეზიდენტის ოჯახს. ვისაც ვგულისხმობ, კარგად ხვდებით და ზვიგენებზე მაღლა დააყენონ მოსახლეობა“.
ჩვენ შევახსენეთ, რომ ზვიადის გზა არ ყოფილა ახალგაზრდების ქუჩებში ჩახოცვა, თუმცა მანანა არჩვაძემ გვითხრა, რომ მთელი საქართველო დახოცა შევარდნაძემ, მაგრამ ამაზე ხმას არავინ იღებს. ამის საპასუხოდ ვუთხარით, რომ სწორედ ნაციონალების დროს იყო შევარდნაძე წყნარად გამოჭიმული საკუთარ რეზიდენციაში. თუმცა პრეზიდენტის ქვრივი ამაზეც განაწყენდა: „არაფერი წყნარად არ იყო. თქვენ ნუ მასწავლით, შევარდნაძეს ვინ ებრძოდა და ვინ არა. ჟურნალისტები მასთან კარგად იყავით შეგუებულნი. რატომ არ ამობრძანდებოდნენ და არ აშუქებდნენ ჟურნალისტები კრწანისის რეზიდენციასთან ჩვენს ბოიკოტს? დღემდე მალავენ ჟურნალისტები იმ ფაქტს, რომ შევარდნაძე მომაკვდავია და საუბარი არ შეუძლია. „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი კი იმით ინიღბება, ვითომ ორშაბათობით დაბეჭდილი სტატიები ედუარდ შევარდნაძის აზრია. ამ დროს მას მეტყველება წართმეული აქვს. შევარდნაძეზე ჟურნალისტები ქმნით ეპოპეას. არადა, ის იყო მტრის სამსახურში, ეპოპეა მან უკვე შექმნა, 50 წლის განმავლობაში საქართველო გაანადგურა, ქართველი ერი მოსპო, ეროვნული იდეოლოგია მისთვის არ არსებობდა. ის იყო საქართველოს გამანადგურებელი. ჟურნალისტები კი მას ეფარებით“.
ჩვენ განმეორებით შევახსენეთ, რომ სწორედ ნაციონალები გადაეფარნენ შევარდნაძეს, რასაც მანანა არჩვაძე არ ეთანხმება და აცხადებს, რომ პირადად ის არც ნაციონალია, არც მოქკავშირელი, უბრალოდ, სიმართლის მოყვარულია. იგი თვლის, რომ ნაციონალებმა შევარდნაძე და მისი ამფსონი-ასლან აბაშიძე გააძევეს. ისევე, როგორც გააძევეს ბევრი მხედრიონელი, რაზეც შევეკამათეთ და ნიკა რურუა გავახსენეთ. ამის საპასუხოდ მანანა არჩვაძემ აღნიშნა, რომ მხედრიონელები და ბანდის წევრები სწორედ ქუთაისის პარლამენტში სხედან. ამიტომ ჟურნალისტებს მათი ბიოგრაფიების გამოქვეყნებისკენ მოგვიწოდა.
„მე ჩემი ნაბიჯით არ შევუქმენი მათ ის პირობები, რომ გამწარებულ ხალხს ისინი ჩაექოლა, ეს ნაბიჯი არ გადავდგი, რადგან მოქალაქეების დაპირისპირება არ მინდოდა“, - გვითხრა მანანა არჩვაძემ.
ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლი ზვიად ძიძიგური ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ ეროვნული გმირის სახელის მინიჭება არც მერაბ კოსტავას, არც ექვთიმე თაყაიშვილს და არც ზვიად გამსახურდიას სააკაშვილისგან არ სჭირდება.
„იქნებ, დავით აღმაშენებელსა და გიორგი ბრწყინვალესაც მიანიჭოს ეროვნული გმირის ტიტული მიხეილ სააკაშვილმა და კიდევ უფრო კომიკურ სიტუაციაში ჩაიყენოს თავი?! ის არ ღალატობს თავის მავნე ჩვევებს იმ დროსაც კი, როცა ერთი დღე დარჩა პრეზიდენტობის უფლებამოსილების განხორციელებამდე. სასაცილო, ანეკდოტურ სიტუაციებში რატომ იყენებს თავს, წარმოდგენა არ მაქვს. აქამდეც რომ ჩამოერიგებინა ეს ტიტულები, მისი მხრიდან ესეც არანაკლებ კომიკური იქნებოდა. ხომ წარმოგიდგენიათ, ექვთიმე თაყაიშვილს, ზვიად გამსახურდიას, მერაბ კოსტავას სააკაშვილი რომ ანიჭებს ეროვნული გმირის წოდებას?!“ - აცხადებს ზვიად ძიძიგური.
მისი თქმით, საწყენია, რომ ადამიანი, რომელიც ხელისუფლებაში საყოველთაო მხარდაჭერის ტალღაზე მოვიდა, ძალიან ცუდად ამთავრებს პრეზიდენტობას.