არჩევნები საქართველოს ციხეებში და ჯარში მშვიდ გარემოში ჩატარდა

არჩევნები საქართველოს ციხეებში და ჯარში მშვიდ გარემოში ჩატარდა

დილის 8 საათზე გაიხსნა საარჩევნო უბნები სასჯელაღსრულების დაწესებულებებში. საარჩევნო უბნები 2 კატეგორიად იყო დაყოფილი. სასაჯელაღსრულების თანამშრომლებისთვის და პატიმრებისთვის. პენიტენციალურ სისტემაში შესვლის და არჩევნების მიმდინარეობის პროცესზე დაკვირვების შესაძლებლობა მიეცათ ცესკოში აკრედიტირებულ ყველა მედიასაშუალებას. ჟურნალისტებს აუდიო-ვიდეო და ფოტოგადაღების განხორციელების უფლება მხოლოდ საარჩევნო უბნებისთვის გამოყოფილ ტერიტორიაზე მიეცათ.

პენიტენციალურ სისტემაში გახსნილ საარჩევნო უბნებზე მედიის მუშაობის წესი, პატიმრობის კოდექსის მე-60 მუხლის მესამე ნაწილისა და მინისტრის 176-ე ბრძანებით დამტკიცებული სასჯელაღსრულების დეპარატამენტის დებულების თანახმად, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებით განისაზღვრა.

მედიის ყურადღება კი ე.წ. მატროსოვის ციხისკენ იყო მიმართული. მატროსოვის ციხეზე საერთო სიით 50 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული, 24 კი სპეციალური სია იყო. მატროსოვის ციხეზე მყოფმა პატიმრებმა საკუთარი არჩევანი გადასატანი ყუთის მეშვეობით დააფიქსირეს, თუმცა ჟურნალისტებს მატროსვის ციხეში საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობს გადაღების საშუალება არ მიეცათ. აღსანიშნავია, რომ ამ 24 კაციან სიაში მოხვდნენ ყოფილი ხელისუფლების მაღლაჩინოსნები.

ამ სიაში პირველი ადგილი წილად ხვდა თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბაჩო ახალაიას, სიაში მე-8 ადგილი უკავია თავდაცვის სამინისტროს დაზვრევის დეპარტამენტის თანამშრომელს კობა თოდიას, მე-10 ადგილი ოლეგ მელნიკოვს, ხოლო მე-11 ნომრად ყოფილი პრემიერ-მინისტრი და „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილია რეგისტრირებული. ყოფილი მაღალჩინოსნებიდან პირველი არჩევანი ვანო მერაბიშვილმა გააკეთა. მან საკუთარი არჩევანი 9.35 წუთზე გააკეთა.

ციხის საუბნო კომისიის თავმჯდომარის მირანდა კოტრიკაძის თქმით, არჩევნები საკმაოდ მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა.

„ციხის ადმინისტრაციამ მოგვმართა, რომ გადასატანი ყუთი ყოფილიყო 24 მსჯავრდებულისთვის და ბრალდებულისთვის. გადასატანი ყუთი დილის 9 საათზე გაიტანეს და დაბრუნების მაქსიმალური ვადა იყო 19 საათი“, - აცხადებდა მირანდა კოტრიკაძე.

მატროსოვის ციხეში საპრეზიდენტო არჩევნებს პოლონელი დამკვირვებლების ხელმძღვანელი აკვირდებოდა. გრეჟინა შტარკი ამბობს, რომ მატროსოვის ციხე განსაკუთრებული დაწესებულებაა და მათთვის განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგეს.

„მიმაჩნია, რომ მედიას უნდა ჰქონდეს პროცესის გადაღების უფლება. საარცევნო პროცესი ნებისმიერ დაწესებულებაში ჟურნალისტებისთვის ღია უნდა იყოს და მათ უნდა გააჩნდეთ ყველა ის უფლება, რაც გააჩნიათ დამკვირვებლებს“, - განაცხადა გრეჟინა შტარკიმ.

საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევითი ცენტრის დირექტორი კახი კახიშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ შესაძლოა ძალიან ბევრ პატიმარს არ უნდა იმის დაფიქსირება, რომ ხმას ციხიდან აძლევს.

„ამ საკითხებს ცოტა ფრთხილი მიდგომა უნდა. ერთი მხრივ, მე მესმის პოლონეთის დელეგაციის სურვილი, რომ გადაღებული იქნას პროცესი, მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ შესაძლებელია, თვითონ პატიმრებს არ უნდოდეთ კამერებმა დააფიქსირონ ისინი სასჯელარსრულების დაწესებულებაში ხმის მიცემის დროს. საქმე ეხება ყოფილ მაღალჩინოსნებს“, - აცხადებს კახი კახიშვილი.

„გაცილებით მაღალი აქტივობაა, სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულებაში ვიდრე მოსალოდნელი იყო“, - ამის შესახებ აღნიშნულ დაწესებულებაში ჟურნალისტებს საუბნო კომისიის წარმომადგენლებმა და ადგილზე მყოფმა დამკირვებლებმა აცნობეს. საუბნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის, მიხეილ მუხადგვერდელის თქმით, დაწესებულებაში აქტივობა მაღალია. მისი თქმით, გადასატანი ყუთით სარგებლობა დაწესებულების მხოლოდ 22 პატიმარს დასჭირდა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. ადგილზე მყოფი დამკვირვებელი ორგანიზაცია „ადამიანი, კანონი, თავისუფლების“ წარმომადგენელის, გიორგი ჭულუხაძის თქმით, გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაფიქსირებულია 1044 ამომრჩეველი. მისი ინფორმაციით, 10:00 საათისთვის ხმის მიმცემთა რაოდენობა 40-ს შეადგენდა, 11:00 საათისთვის კი - 140-მდე გაიზარდა.

„წინასწარი მონაცემებით, გლდანის აღნიშნულ დაწესებულებაში არჩევნებში მონაწილეობის სურვილი 197 ადამიანმა გამოთქვა, თუმცა აქტივობა გაცილებით მაღალია. საარჩევნო პროცესი ამ დრომდე სტაბილურად მიმდინარეობს და ინციდენტს ადგილი არ ჰქონია“, - განაცხადა გიორიგ ჭულუხაძემ.

ჟურნალისტები ასევე გაესაუბრნენ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფ პატიმრებსაც. მათი თქმით, ვითარება ნორმალურია. როგორც პატიმრებმა აღნიშნეს, არჩევანი გააკეთეს ქვეყნის გაერთიანების, თავისუფლებისა და სოციალური ვითარების გაუმჯობესებისთვის.

ქუთაისის მეორე საპყრობილეში, 12:00 საათის მონაცემებით, არჩევნებში 114 ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა.აღნიშნულ უბანზე 473 ამომრჩეველი იყო დაფიქსირებული, აქედან 351 პატიმარია და 109 ადმინისტრაციის წარმომადგენელი, რომლებიც არჩევნების დღეს მუშაობენ. არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება, წინასწარ პატიმრობაში მყოფ მსჯავრდებულებს და ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩამდენ პირებს აქვთ, რომელთა სასჯელი 1-დან 6 წლამდეა განსაზღვრული.

საპყრობილის სოციალური განყოფილების უფროსის ხათუნა ჯავახაძის განცხადებით, დაწესებულებაში მყოფი პატიმრები საპრეზიდენტო კანდიდატების სააგიტაციო ლიტერატურას და საარჩევნო პროგრამებს წინასწარ იცნობდნენ. 

„არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. ეს არის დახურული ტიპის დაწესებულება, სააგიტაციო მასალა განთავსებული იყო პატიმრების სასეირნო ადგილებში და მათ ყველა სახის ინფორმაცია ჰქონდათ არჩევნებთან დაკავშირებით“, - განაცხადა ხათუნა ჯავახაძემ.

საპრეზიდენტო არჩევნები შეუფერხებლად მიმდინარეობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. სამხედრო მოსამსახურეებმა ხმის მიცემა სხვადასხვა ბაზებზე დილის რვა საათიდან, საარჩევნო უბნების გახსნისთანავე დაიწყეს. თავდაცვის სამინისტრო მაქსიმალურად უწყობდა ხელს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რათა საარჩევნო კანონმდებლობის არც ერთი მუხლი არ დარღვეულიყო. ყველა სამხედრო მოსამსახურეს შესაძლებლობა მიეცა დაუბრკოლებლად გააკეთებინა საკუთარი არჩევანი. სამხედრო ბაზების ტერიტორიაზე განთავსებულ სარჩევნო უბნებზე მიმდინარე საარჩევნო პროცესს ცესკოში აკრედიტებული ქართველი და საერთაშორისო დამკვირვებლები აკვირდებოდნენ.

როგორც თავდაცვის სამნისტროში აცხადებენ, 2013 წლის პრეზიდენტის არჩევნები საქართველოს შეიარაღებულ ძალებში უპრეცენდენტოდ თავისუფალ გარემოში, ყოველგვარი ზეწოლის გარეშე მიმდინარეობდა. სამხედრო მოსამსახურეთა მთლიანი შემადგენლობის მხოლოდ 30%-ს, სამსახურეობრივი აუცილებლობიდან გამომდინარე, საკუთარი მოქალაქეობრივი ვალის მოხდა სპეციალური სიების მეშვეობით მოუხდა.

საქართველოს მასშტაბით, სამხედრო ნაწილებში გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი იყო 16 საარჩევნო უბანი. საქართველოს შეიარაღებული ძალების დათხოვნაში მყოფი სამხედრო მოსამსახურეების 70% არჩევნებში მონაწილეობას რეგისტრაციის ადგილის მიხედვით იღებდნენ. ზოგიერთი სამხედრო ნაწილის მოსამსახურეები (მათი მცირერიცხოვნობიდან გამომდინარე), მიმაგრებულნი იყვნენ ქვეყნის მასშტაბით შესაბამისი დისლოკაციის ადგილის მიხედვით 15 სხვადასხვა საარჩევნო უბანზე, რაც მათ საშუალებას აძლევდა არჩევნებში მონაწილეობა სამხედრო ნაწილებთან გახსნილ უახლოეს საარჩევნო უბანზე სხვა ამომრჩევლებთან ერთად მიეღოთ.

საქართველოს შეიარაღებული ძალების ის სამხედრო მოსამსახურეები, რომელთა დისლოკაციის ადგილებში არ არის შექმნილი გამონაკლისი საარჩევნო უბნები და სამსახურეობრივი აუცილებლობიდან გამომდინარე, არ შეეძლოთ ნაწილის გარეთ შექმნილ ძირითად საარჩევნო უბანზე ხმის მიცემა, შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისია სამხედრო მოსამსახურეების მიერ ხმის მიცემას გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით უზრუნველყოფდა.

რაც შეეხება ავღანეთში ISAF-ის მისიაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებს, მათ საკუთარი არჩევანი ერთი კვირის წინ უკვე გააკეთეს, რომლის შედეგები ცნობილი გახდება 27 ოქტომბერს, საერთო არჩევნების კენჭისყრის დამთავრების შემდეგ.

გაერთიანებული შტაბის უფროსმა, პოლკოვნიკმა ირაკლი ძნელაძემ თავდაცვის სამნისტროში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ქართველი სამხედროები საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ყოველგვარი დარღვევებისა და შეფერხების გარეშე იღებენ.

„ყველა სამხედრო მოსამსახურეს საშუალება აქვს ხმა მისცეს მისთვის სასურველ კანდიდატს. თავდაცვის მინისტრს არაერთხელ განუცხადებია და მეც გავიმეორებ - შეიარაღებული ძალები არის მიუკერძოებელი და აპოლიტიკური და ვერავინ მოახდენს ქართველი სამხედროების გულწრფელ არჩევანზე ზეგავლენას. რაც შეეხება დარღვევას, დარღვევის არც ერთი ფაქტი არ დაფიქისრებულა“, - განაცხადა ირაკლი ძნელაძემ.