საქართველოს მასშტაბით შეიარაღებული ძალების სამხედრო ნაწილებში ხმის მიცემის პროცესი დასრულდა. კანონით განსაზღვრულ დროს, 20:00 საათზე დაიხურა გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საარჩევნო უბნები.
პრეზიდენტის არჩევნებში სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობასთან დაკავშირებით შემაჯამებელი ბრიფინგი მედიის წარმომადგენლებთან საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ვახტანგ კაპანაძემ გამართა. როგორც მან აღნიშნა, ეს იყო საქართველოს შეიარაღებული ძალების და ქვეყნის ისტორიაში უპრეცენდენტოდ თავისუფალი არჩევნები. საქართველოს შეიარაღებული ძალების 70-მა პროცენტმა თავის ოჯახებთან ერთად გააკეთა არჩევანი საკუთარი რეგისტრაციის ადგილების მიხედვით.
შეიარაღებული ძალების დანარჩენმა 30-მა პროცენტმა, რომელებიც ქვეყნის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, სხვადასხვა ბაზებზე იყვნენ დისლოცირებული, სპეციალურად მოწყობილ საარჩევნო უბნებზე მისცეს ხმა მათთვის სასურველ საპრეზიდენტო კანდიდატს.
„დღეს შეიარაღებულ ძალებში თავისუფალმა ჯარისკაცებმა შეუზღუდავად და ყოველგვარი ზეწოლის გარეშე დააფიქსირეს საკუთარი არჩევანი და ნება. მხოლოდ ასეთ თავისუფალ ჯარისკაცს, შესწევს სამშობლოს დაცვის და მისთვის თავგანწირვის უნარი. მინდა, მივულოცო შეიარაღებული ძალების თითოეულ სამხედრო მოსამსახურეს გამარჯვება და ამ არჩევნებით ჩვენი ქვეყნისთვის წინ გადადგმული ნაბიჯი“ - განაცხადა ბრიგადის გენერალმა ვახტანგ კაპანაძემ.
თავდაცვის სამინისტრომ მაქსიმალურად ეფექტურად და კანონის სრული დაცვით ითანამშრომლა ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან. სამხედრო მოსამსახურეებმა დაუბრკოლებლად შეძლეს საკუთარი არჩევანის გაკეთება. შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე სააარჩევნო პროცესს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აკრედიტებული ქართველი და უცხოელი მონიტორები აკვირდებოდნენ. მათი მხრიდან ამ დრომდე არცერთი შენიშვნა და პრეტენზია არ გამოთქმულა.