„მივიდვარ ჩემს სახლში“, - ამ სიტყვებით დაასრულა მიხეილ სააკაშვილმა მისი საპრეზიდენტო ვადა. აღსანიშნავია, რომ 10 წლის წინ, ზუსტად ასე დაემშვიდობა საქართველოს მოქალაქეებს ექს-პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე. ისევე როგორც შევარდნაძის, ასევე სააკაშვილის წასვლას ქართველი ერი ოვაციებით ხვდება. 16:45 წუთზე მთაწმინდის პირველი ოლქის მე-19 საარჩევნო უბანზე საკუთარი არჩევანი გააკეთა საქართველოს პრეზიდენტმა. საარჩევნო უბანზე ის ოჯახის გარეშე მივიდა და განმარტა, რომ მისი ოჯახი გადაბარგების პროცესში დაიღალა.
ბოლო 9 წლის განამავლობაში, წელს პირველად, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია პირველ ლედის, პრეზიდენტის დედას და ბებიას. ხმის მიცემის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა უბანი უკომენტაროდ დატოვა, მხოლოდ ის აღნიშნა, რომ ჟურნალისტებს თავის სახლში იწვევდა, სადაც პრესკონფერენციას გამართავს. სააკაშვილმა ჯურნალისტებს საარჩევნო უბანზე შესვლამდე ასე მიმართა: „მთავარი ხელისუფლება ახლა თქვენ, ჟურნალისტები ხდებით“.
მე-19 საარჩევნო უბანთან მიხეილ სააკაშვილის მისვლას ახალგაზრდების ერთი ჯგუფი საპროტესტო აქციით დახვდა. როგორც ისინი აცხადებენ, დღეს საქართველოში ზეიმის დღეა, ვინაიდან მიხეილ სააკაშვილის მიმართ 9 წლიანი მმართველობის ეპოქა საბოლოოდ სრულდება. მათი განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი იყო პრეზიდენტი, რომლის დროსაც ხალხს ქუჩაში ხოცავდნენ და რომლის მმართველობაც დიქტატორული იყო.
ამასთან, აქციის მონაწილეებმა ყველას ფილარმონიასთან შეკრებისკენ მოუწოდეს, ვინც მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ვადის ამოწურვას მიესალმება. მათი განმარტებით, ერთად უნდა აღნიშნონ დღევნდელი საზეიმო დღე. ახალგაზრები მიხეილ სააკაშვილის მიმართ სხვადასხვა სახის ეპითეტებს იყენებენ.
სააკაშვილმა მიმდინარე პროცესებზე განცხადება უკვე საკუთარი სახლიდან გააკეთა. პრეზიდენტის თქმით, მას შემდეგ, რაც საპარლამენტო არჩევნების შედეგად ხელისუფლება ერთი კონკრეტული პოლიტიკური ძალის ხელში აღმოჩნდა, საქართველოში ყველა ძირითადი პროექტი შეჩერდა.
„ყველა კარგად ვხედავთ, რომ ქვეყანა დაპაუზებულ მდგომარეობაშია. შეიმჩნევა ბევრი სხვა ტენდენციაც, რომელიც ხალხისთვის კარგი არ არის. საჭიროა ამ ყველაფერის მინიმიზაცია. საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში ბოლომდე ყველაფერს არ წყვეტს, რადგან პრეზიდენტის უფლებამოსილება აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელობას აღარ მოიცავს. ეს იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი საქართველოს ყოველდღიურ ცხოვრებაზე გავლენას ვეღარ მოახდენს“, - განახცადა პრეზიდენტმა.
მიხეილ სააკაშვილის განმარტებით, ხელისუფლება უკვე პარლამენტის ხელშია და საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გარკვეული გადაჯგუფებებიც მოსალოდნელია.
„ვფიქრობ, მთავრობა იფუნქციონირებს ყოვლედღიური საპარლამენტო კონტროლის ქვეშ. ეს არის დემოკრატიის ახალი ფორმა, როდესაც ხალხს ექნება საშუალება, პარლამენტის მეშვეობით გააკონტროლოს მთავრობა და ყოველდღიურად შეახსენოს, რომ ხალხზე უნდა იზრუნოს. პრეზიდენტის ფუნქციების ძირითადი ნაწილი საკმაოდ სიმბოლურია, თუმცა საქართველოში სიმბოლოკასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ ნამდვილად არ არის სულ ერთი, როგორ დამთვრდება ეს საპრეზიდენტო არჩევნები. პრეზიდენტს საერთაშორისო თვალსაზრისით, შეუძლია, განსხვავებული სურათი შექმნას, ამიტომ გააჩნია, ვინ იქნება იგი“, - განახცადა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნული კომენტარი მედიისთვის ზანდუკელის ქუჩაზე მდებარე სახლში გააკეთა, სადაც იგი პრეზიდნტად არჩევამდე ცხოვრობდა და განაცხადა, რომ ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ საცხოვრებლად აღნიშნულ სახლში დაბრუნდება.
სააკაშვილმა აქვე განცხადება გააკეთა აქციის მონაწილეებზე და აღნიშნა, რომ მათ თანხას შსს უხდის. როგორც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, ძნელია ბრძოლა იმ ხალხთან, ვინც „არაფერში გასვრილი არ ყოფილა“.
„ამ ტიპაჟებს, რომლებიც დამდევენ, პირდაპირ ფულს უხდის პოლიცია, ეს ყველამ ვიცით. ეტყობა, რაღაცას ზედმეტად ნერვიულობენ საქართველოს მთავრობაში და ზედმეტად ეშინიათ ჩემი, იმის მიუხედავად, რომ ჩემი პრეზიდენტობა მთავრდება. ალბათ, რაღაც ისეთი იციან, რაც მე არ ვიცი. მთავარი, რაც იციან, არის ის, რომ ჩვენ ისე გავლიეთ ეს წლები, არანაირი სერიოზული უარყოფითი რამ არ არსებობს, ვინმემ ამ გაგებით შარი რომ მოგვდოს.
მე მართლაც შევძელი, 10 წელი მთავრობას ეფუნქციონირა ისე, რომ არ ყოფილიყო კორუმპირებული და თავისი შესაძლებლობის ფარგლებში ემსახურა ხალხისთვის. ასეთ მთავრობასთან და პრეზიდენტთან, თუნდაც მაშინ, როდესაც ის ყოფილია, ბრძოლა ძნელია. ძნელია ბრძოლა იმ ხალხთან, ვინც არაფერში გასვრილი არ ყოფილა. ეს ანერვიულებს, ალბათ, ყველაზე მეტად იმ ადამიანებს, ვინც ბოლო წუთამდე ეწევა ასეთ ისტერიულ კამპანიას ჩემ წინააღმდეგ“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისი თქმით: „ჩემი დილა დავიწყე იმით, რომ გავირბინე ანაკლიის ბულვარზე. ვემზადები იმ პერიოდისთვის, როცა ცოტა მეტი დასვენების შესაძლებლობა მექნება, ძალები მოვიკრიფო. მართალი გითხრათ, არა ვარ დაღლილი, მაგრამ ემოციურად გადატვირთული ვარ. ყველა პოლიტიკოსს გარკვეული პერიოდის განმავლობაში აქვს თავისი თავის მარაგი, ყველა შემთხვევაში როგორაც არ უნდა დამთავარებულიყო შარშან საპარლამენტო არჩევნები, მე ვაპირებდი პოლიტიკიდან დასვენებას ერთი პერიოდი, მითუმეტეს, თუ ისე დამთავრდებოდა, რომ გაგარძელდებოდა აღმშენებლობა, ვაპირებდი დასვენებას და საერთოდ, პოლიტიკიდან ჩამოშორებას. ეს იყო ჩემი მტკიცე გადაწყევტილება და ამის შესახებ ჩემმა თანამებრძოლებმა და საერთაშორისო პარტნიორებმა კარგად იცოდნენ. ახლა საქართველო შედის გაურკვევლობის რთულ ეპოქაში და ჩემთვის უფრო მნიშვნლოვანია საქართველოს მომავალი გაირკვეს, ვიდრე ჩემი და მე რას გავაკეთებ“, - აღნიშნა მიხელ სააკაშვილმა.