[ლელა კობერიძე]
მთავრობამ ქამრები მხოლოდ მოსახლეობას შემოაჭერინა, მისმა წევრებმა კი ხალხის ფულით მთელი დედამიწა შემოიარეს. ყოველ თვე პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი მსოფლიოს წრეს რამდენჯერმე უვლის. თანაც თითოეულის დელეგაცია ისეთი მრავალრიცხოვანია, რომ არაბ შეიხებსაც კი შეშურდებათ. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ქართველები უცხოეთში უბრალო სასტუმროებს არ კადრულობენ და მხოლოდ ელიტურ სასტუმროებში ბინავდებიან. მათი გართობისთვის კი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ათეული მილიონობით ლარი იხარჯება.
მაგალითად, პრემიერმა ნიკა გილაურმა ორი კვირის წინათ ჟენევაში ვიზიტის წინ გამოსცა N21 ბრძანება, რომლის მიხედვითაც 25 იანვრიდან 1-ლი თებერვლის ჩათვლით განისაზღვრა დელეგაციის შემადგენლობა: სერგი კაპანაძე - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დელეგაციის ხელმძღვანელი, თინა ბურჯალიანი -საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე, ირაკლი გიორგობიანი - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, ეკატერინე ზღულაძე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ირინე ქურდაძე - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, თამარ კინწურაშვილი - საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე, თამარ კოვზირიძე -საქართველოს მთავრობის კანცელარიის საგარეო ურთიერთობათა საკითხებში მრჩეველთა ჯგუფის უფროსი, ალექსანდრე ნალბანდოვი -საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში, ზურაბ ჭიაბერაშვილი- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი, თინათინ გოლეთიანი - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის დირექტორი, თამარ თომაშვილი - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის უფროსი, ვალერიან კოპალეიშვილი - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი, ვახტანგ მახარობლიშვილი - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორი, დავით ოქროპირიძე - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსი, თეიმურაზ ანთელავა - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის გაეროს სამმართველოს უფროსი, ანა ქებაძე -საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი და პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის ზოგადი განათლების განვითარების სამმართველოს უფროსი, ნინო ჯავახაძე -საქართველოს მთავრობის კანცელარიის საგარეო ურთიერთობათა საკითხებში მრჩეველთა ჯგუფის ექსპერტი.
ანუ მარტო დელეგაციის ეს შემადგელობაც ცხადყოფს იმ ფაქტს, რამდენად უფრთხილდება ხელისუფლება სახელმწიფო ბიუჯეტის თანხას. ამჯერად გილაური ასევე მრავალრიცხრვანი დელეგაციით ამერიკაში გაემგზავრა. მთავრობა ერთობა ხალხი კი შიმშილობს.
აღსანიშნავია, ისიც, რომ მთავრობის მიერ გაპიარებული „ქამრების შემოჭერა“ სახელმწიფო უწყებებში ადმინისტრაციული და შრომითი ხარჯების შემცირებასაც ითვალისწინებდა. ფინანსთა მინისტრის კახა ბაინდურაშვილი ირწმუნება, რომ „ქამრების შემოჭერით“ მთავრობა მნიშვნელოვანი თანხას ზოგავს.
„ქამრები ჩვენ 2009 წლიდან შემოვიჭირეთ, რაც გარდაუვალი იყო მაშინდელი ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე. 2011 წლის ბიუჯეტში რამდენიმე პარამეტრი ჩავდეთ, რომლითაც დამატებითი საშტატო ერთეულის დაქირავება და აპარატების გაბერვა აკრძალულია. ავკრძალეთ ბიუროკრატიული მანქანების შესყიდვა, რაც თანამდებობის პირის გადაადგილებისთვისაა აუცილებელი. გარდა ამისა, გავყინეთ ხელფასების ზრდა და უწყებების აპარატები რომ ნახოთ, ადმინისტრაციული რესურსი ყველგან 10%-ით შემცირდა,“ - განაცხადა ბაინდურაშვილმა.
სინამდვილეში ბევრ სახელმწიფო უწყებაში - ჯანდაცვის სამინისტრო, რეგიონული ინფრასტრუქტურის სამინისტრო, შსს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო - გაიზარდა, როგორც თანამშრომელთა ოდენობა, ისე შრომითი ანაზღაურება.
უფრო მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო სამსახურში დასაქმებულებს მაღალი ხელფასები აქვთ, ჩინოვნიკები წლის განმავლობაში ხელფასებზე მეტს პრემიებს იღებენ. მაგალითად, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, სახაზინო სამსახურის უფროსმა 2010 წელს 20 ათასი ლარი ხელფასი და 41ათასი პრემიის სახით აიღო.
ამ მიმართულებით ასევე აღმაშფოთებელი ვითარებაა სოფლის მეურნეობის სამინისტროში. მიუხედავად იმისა, რომ სოფლის მეურნეობა ეკონომიკის ყველაზე მაჩანჩალა დარგია, 2010 წელს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ხელფასებისთვის - 395 000 ლარი, ხოლო პრემიებისთვის 675 ათასი ლარი დახარჯა. ხელფასზე თითქმის სამჯერ მეტი პრემია აიღო გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გოგა ხაჩიძემ, რომლის უწყება ყველაზე კორუმპირებულად სახელდება და 2010 წელს სამინისტროს რამდენიმე ათეული თანამშრომელი დაიჭირეს.
ხალხის ფულით ასე ერთობა ხელისუფლება. სამაგიეროდ, საბიუჯეტო დეფიციტის გამო, ვერ ხერხდება პენსიის 100 დოლარამდე გაზრდა, ვეტერანებისთვის შეღავათების მინიჭება, მუნიციპალური ტრანსპორტის გაიაფება და ა.შ.