გაერთიანებული შტაბის უფროსმა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე საარჩევნო პროცესი შეაფასა. პოლკოვნიკ ირაკლი ძნელაძის განცხადებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა ხმის მიცემის პროცესი სხვადასხვა ბაზებზე დილის რვა საათიდან, სარჩევნო უბნების გახსნისთანავე დაიწყეს. პროცესი ამ დრომდე შეუფერხებლად მიმდინარეობს.
მისი თქმით, თავდაცვის სამინისტრო მაქსიმალურად უწყობს ხელს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რათა საარჩევნო კანონმდებლობის არც ერთი მუხლი არ დაირღვეს. ყველა სამხედრო მოსამსახურემ დაუბრკოლებლად შეძლო საკუთარი არჩევანის გაკეთება და ხმის სასურველი საპრეზიდენტო კანდიდატისთვის მიცემა.
„პროცესი ამ დრომდე მიმდინარეობს და სამხედრო ბაზების ტერიტორიაზე განთავსებულ საარჩევნო უბნებზე მიმდინარე საარჩევნო პროცესს ცესკოში აკრედიტებული ქართველი და საერთაშორისო დამკვირვებლები აკვირდებიან. შემიძლია განვაცხადო, რომ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები უპრეცენდენტოდ თავისუფლად და ყოველგვარი ზეწოლის გარეშე მიმდინარეობს. საქართველოს თავდაცვის მინისტრს არაერთხელ უთქვამს და მეც კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ქართული შეიარაღებული ძალები მიუკერძოებელი და აპოლიტიკურია და ვერავინ მოახდენს ზეგავლენას სამხედრო მოსამსახურეების გულწრფელ არჩევანზე.“ - განაცხადა გაერთიანებული შტაბის უფროსმა.