შეუფერხებლად მიმდინარეობს საარჩევნო პროცესი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. სამხედრო მოსამსახურეებმა ხმის მიცემა სხვადასხვა ბაზებზე დილის რვა საათიდან, საარჩევნო უბნების გახსნისთანავე დაიწყეს. თავდაცვის სამინისტრო მაქსიმალურად უწყობს ხელს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რათა საარჩევნო კანონმდებლობის არც ერთი მუხლი არ დაირღვეს. ყველა სამხედრო მოსამსახურეს შესაძლებლობა აქვს დაუბრკოლებლად გააკეთოს საკუთარი არჩევანი. პროცესი ამ დრომდე მიმდინარეობს და სამხედრო ბაზების ტერიტორიაზე განთავსებულ სარჩევნო უბნებზე მიმდინარე საარჩევნო პროცესს ცესკოში აკრედიტებული ქართველი და საერთაშორისო დამკვირვებლები აკვირდებიან. 2013 წლის პრეზიდენტის არჩევნები საქართველოს შეიარაღებულ ძალებში უპრეცენდენტოდ თავისუფალ გარემოში, ყოველგვარი ზეწოლის გარეშე მიმდინარეობს.
სამხედრო მოსამსახურეთა მთლიანი შემადგენლობის მხოლოდ 30%-ს, სამსახურეობრივი აუცილებლობიდან გამომდინარე, საკუთარი მოქალაქეობრივი ვალის მოხდა სპეციალური სიების მეშვეობით მოუხდა. საქართველოს მასშტაბით, სამხედრო ნაწილებში გამონაკლის შემთხვევაში შექმნილია 16 საარჩევნო უბანი.
საქართველოს შეიარაღებული ძალების დათხოვნაში მყოფი სამხედრო მოსამსახურეები (70%) არჩევნებში მონაწილეობას რეგისტრაციის ადგილის მიხედვით იღებენ.
ზოგიერთი სამხედრო ნაწილის მოსამსახურეები (მათი მცირერიცხოვნობიდან გამომდინარე), მიმაგრებულნი არიან ქვეყნის მასშტაბით შესაბამისი დისლოკაციის ადგილის მიხედვით 15 სხვადასხვა საარჩევნო უბანზე, რაც მათ საშუალებას აძლევს არჩევნებში მონაწილეობა სამხედრო ნაწილებთან გახსნილ უახლოეს საარჩევნო უბანზე სხვა ამომრჩევლებთან ერთად მიიღონ.
საქართველოს შეიარაღებული ძალების ის სამხედრო მოსამსახურეები, რომელთა დისლოკაციის ადგილებში არ არის შექმნილი გამონაკლისი საარჩევნო უბნები და სამსახურეობრივი აუცილებლობიდან გამომდინარე არ შეუძლიათ ნაწილის გარეთ შექმნილ ძირითად საარჩევნო უბანზე ხმის მიცემა, შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისია სამხედრო მოსამსახურეების მიერ ხმის მიცემას გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით უზრუნველყოფს.
ავღანეთში ISAF-ის მისიაში მონაწილე მოსამსახურეებმა საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში საკუთარი არჩევანი ერთი კვირის წინ უკვე გააკეთეს, რომლის შედეგები ცნობილი გახდება 27 ოქტომბერს, საერთო არჩევნების კენჭისყრის დამთავრების შემდეგ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხელშეწყობით, ცესკო-მ ავღანეთში ქართული სამხედრო კონტინგენტისთვის სპეციალური სიებით საარჩევნო უბნების მოწყობა უზრუნველყო.
კენჭისყრის დასრულების შემდეგ, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისია დალუქავს საარჩევნო ყუთის ჭრილს, ამომრჩეველთა სიას, გამოუყენებელ და გაფუჭებულ საარჩევნო ბიულეტენებს, რომლებიც დაუყონებლივ გადაეცემა საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ გამოცემული განკარგულების საფუძველზე წინასწარ განსაზღვრულ საარჩევნო უბანს (ძირითადი საარჩევნო უბანი). დადგენილი წესის მიხედვით, ძირითადი საარჩევნო უბანი ხსნის გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საარჩევნო უბნის ყუთს და მასში არსებულ სპეციალურ კონვერტებსა და საარჩევნო ბიულეტენებს შეურევს ძირითად საარჩევნო უბანზე არსებულ სპეციალურ კონვერტებსა და საარჩევნო ბიულეტენებს. გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საარჩევნო უბნის ყუთი იხსნება მას შემდეგ, რაც გაიხსნება ძირითადი საარჩევნო უბნის გადასატანი და ძირითადი ყუთები. ძირითადი საარჩევნო უბნისა და გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საარჩევნო უბნის შედეგები გაფორმდება ერთი შემაჯამებელი ოქმით.