„პრემიერის მხრიდან კანონმდებლობის დარღვევას ადგილი არ ჰქონია“

„პრემიერის მხრიდან კანონმდებლობის დარღვევას ადგილი არ ჰქონია“

პრეზიდენტობის კანდიდატის, ნინო ბურჯანაძის პარტია პრემიერ-მინისტრს კანონდარღვევაში ადანაშაულებს.  არჩევნების მიმდინარეობისას დაფიქსირებულ დარღვევებზე განცხადება  „დემოკრატიული მოძრაობის" პრეს-სპიკერმა თამარ ცინცაბაძემ გააკეთა. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა საარჩევნო უბანზე საჯაროდ დააფიქსირა საკუთარი არჩევანი. ასევე რამდენიმე წუთში სატელევიზიო კომენტარის დროს კიდევ ერთხელ ღიად დააფიქსირა კანდიდატი, რომელსაც ხმა მისცა, რაც აგიტაციად ითვლება და საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით იკრძალება. კანონრდაღვევაში ადანაშაულებენ იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანსაც.

„რა თქმა უნდა, გიორგი მარგველაშვილის სასარგებლოდ და საქართველოს მომავლის სასარგებლოდ გავაკეთეთ არჩევანი და ხმა მივეცით მთელმა ოჯახმა“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ხმის მიცემის შემდეგ. იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი კი დარწმუნებულია, რომ „დღეს გიორგი მარგველაშვილი გაიმარჯვებს“. ეს განცხადება მათ ხმის მიცემის შემდეგ გააკეთეს.

„დემოკრატიული მოძრაობის“ ბრალდებას „ქართული ოცნების“ იურიდიული სამსახურის უფროსმა თედო კობახიძემ საგანგებო ბრიფინგით უპასუხა, რომლის განცხადებით ივანიშვილს ამით მოწოდება არ გაუკეთებია. მისივე თქმით, კონკრეტული გვარის დასახელებითაც პრემიერ-მინისტრის მხრიდან კანონი არ დარღვეულა.

„ბიძინა ივანიშვილს არ გაუკეთებია მოწოდება გიორგი მარგველაშვილისთვის ხმის მიცემაზე. მან ასევე შენობის გარეთ გააკეთა განცხადება, რომ ხმა მისცა პრეზიდენტობის კანდიდატთაგან ერთ-ერთს“, - განაცხადა თედო კობახიძემ.

„დაირღვა თუ არა კანონი პრემიერის მიერ საკუთარი არჩევანის შესახებ ტელევიზიით გაკეთებული განცხადებისას, ამაზე პასუხი კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ უნდა გასცეს“, - აცხადებენ  ცესკოში. პრეს-სპიკერი ეკა აზარაშვილი განმარტავს, რომ უბნის გარეთ აგიტაცია არ იკრძალება.

პრემიერის განცხადების სამართლებრივ მხარეს უახლოეს დღეებში შეისწავლის მარეგულირებელი კომისია. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ხატია ყურაშვილი ამბობს, რომ  პრემიერი-მინისტრის განცხადება, რომელიც რამდენიმე ტელევიზიის პირდაპირი ეთერით გადაიცა, სააგიტაციო ხასიათის იყო, რაც საარჩევნო კოდექსით აკრძალულია. მიუხედავად ამისა, ყურაშვილის განმარტებით, მაუწყებელი წინასწარ ვერ განჭვრეტდა, რა განცხადებას გააკეთებდა პრემიერ-მინისტრი.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის განცხადებით, პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისა და იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის მიერ პრეზიდენტობის კანდიდატ გიორგი მარგველაშვილთან დაკავშირებული განცხადება აგიტაცია არ იყო. მისივე თქმით, აგიტაცია ზოგადად, იკრძალება, თუმცა, როგორც გიგაური განმარტავს ეს არ იყო აგიტაცია.

საიას თავმჯდომარე კახა კოჟორიძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ საარჩევნო უბნის გარეთ აგიტაციის გაკეთება პრობლემა არაა. მისი თქმით, ნებისმიერ პირს აქვს უფლება თქვას ვის მისცა ხმა.

„აქ ფარულობის დარღვევა და აგიტაცია არაფერ შუაში არაა.ფარულობა ნიშნავს იმას, რომ პირს აქვს უფლება სხვისი ინფორმირებულობის გარეშე გააკეთოს არჩევანი, სხვამ არ იცოდეს მისი არჩევანის შესახებ, მაგრამ თუ თვითონ თავისი ნებით ადამიანებს ეუბნება რა არჩევანი გააკეთა, ეს არაა პრობლემა. აქიდან გამომდინარე პრემიერის ქმედება დარღვევად არ ჩაითვლება. როდესაც ამბობენ, რომ დაირღვა კანონი, კარგი იქნება თუ კი მიუთითებენ კანონის რომელი მუხლი დაირღვა. ასე ბევრი ნორმაა საარჩევნო კოდექსში და ზოგად საუბარს ჯობია კონკრეტული ინფორმაცია. ჩვენი შეფასებით ეს კანონდარღვევა არაა, იმიტომ, რომ არც ერთი ნორმა არ კრძალავს მსგავს ქმედებას“, - აცხადებს კახა კოჭორიძე.

 „მოქმედი კანონდებლობის შესაბამისად, არანაირ კანოდარღვევას ადგილი არ ჰქონდა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევითი ცენტრის დირექტორი კახი კახიშვილი, რომლის განმარტებით, კანონი არ კრძალავს კენჭისყრის დღეს აგიტაციას.

„აგიტაცია აკრძალულია კენჭისყრის დღეს მხოლოდ და მხოლოდ საუბნო საარჩევნო კომისიაში და მის შენობაში. კანონით აკრძალულია კენჭისყრის დღეს ფასიანი და უფასო საარჩევნო რეკლამების განთავსება ტელევიზიით, მაგრამ ამავდროულად აგიტაცია არანაირად არაა აკრძალული. დღესაც შეუძლია პოლიტიკური პარიების სუბიექტებს იარონ ქუჩებში და მეგაფონების საშუალებით საკუთარი კანდიდატის მხარდაჭერა მოითხოვონ. მთავარია ეს არ მოხდეს საუბნო საარჩევნო კომისიის შენობაში. შესაბამისად,პრემიერის მხრიდან კანონდებლობის დარღვევას ადგილი არ ჰქონია“, - აცხადებს კახი კახიშვილი.