საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი არჩევნები უკვე გააკეთეს მთავრობის წევრებმა. 11.30 წუთზე, კოჯრის ქუჩაზე მდებარე მე-4 საარჩევნო უბანზე არჩევანი უკვე გააკეთა პრემიერ-მინისტრმა. ეს არის პირველი არჩვენბი რომელშიც ბიძინა ვივანიშვილმა მონაწილეობა მიიღო. როგორც ცნობილია, პრემიერი არაა საქართველოს მოქალაქე და კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილებების შეტანამდე მას ხმის მიცემის უფლება არ ჰქონდა. ივანიშვილი საარჩევნო უბანზე მეუღლესა და ორ შვილთან ერთად მივიდა. პრემიერის განცხადებით, მთელმა ოჯახმა არჩევანი გიორგი მარგველაშვილისა და საქართველოს მომავლის სასარგებლოდ გააკეთეს.
„მინდა ქართულ საზოგადოებას მივულოცო დღევანდელი დღე. მაქვს ინფორმაცია, რომ რიგებია საარჩევნო ყუთებთან, არის მობილიზაცია. ამას ველოდი და დარწმუნებული ვიყავი, რომ შეგვიძლია დაბალანსებულ სიტუაციაში სწორი არჩევანის გაკეთება. ქართველი ხალხი დღეს ადასტურებს, რომ იდეურად ევროპული ერია. დღეს აბსოლუტურად განსხვავებული არჩევნებია, რაც ამ მთავრობის ყველაზე დიდი მიღწევაა. მთავარი ცვლილება არის დღევანდელი დღე, ის რაც ჩვენი მოსვლიდან ერთი წლის განმავლობაში მოხდა, თუნდაც მას შემდეგ, რაც ჩვენ ოპოზიციაში ვართ. დღევანდელი დღე აფორმებს ამ ყველაფერს. ჩვენ აბსოლუტურად განსხვავებულ სიტუაციაში ვატარებთ არჩევნებს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ლესელიძის ქუჩაზე, 4 საარჩევნო უბანზე დილის 10.00 საკუტარი არჩევანი გააკეთა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ. უწმინდესმა საარჩევნო უბანი კომენტარის გარეშე დატოვა.
54-ე საარჩევნო უბანზე მეუღლესთან და შვილებთან ერთად მივიდა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა. არჩევნებში ხმის მიცემის შემდეგ უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ საქართველოს ეყოლება პრეზიდენტი, რომლითაც ქვეყანა იამაყებს.
„შარშან რაღაცეები არ შეიძლებოდა, წელს შეიძლება, წელს შეიძლება თავისუფლად ხმის მიცემა, ყოველგვარი დაბრკოლებისა და წნეხის გარეშე. ეს არის დიდი მონაპოვარი. საქართველოში დღეიდან მკვიდრდება თავისუფალი არჩევნების პრაქტიკა და დღეიდან გვექნება პრეზიდენტის მშვიდობიანი საარჩევნო გზით შეცვლის პრაქტიკა“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ კი საკუთარი არჩევანი ზუგდიდში გააკეთა. მინისტრმა საკუთარი არჩევანი 30-ე საარჩევნო უბანზე გააკეთა. ალასანიას განცხადებით, ხმა საქართველოს კეთილდღეობას მისცა და აქვე იმედი გამოთქვა, რომ არჩევნები მშვიდ გარემოში ჩატარდება.
„დღეს თავისუფალმა მოქალაქეებმა გააკეთეს საკუთარი არჩევანი. ეს არის ისტორიული არჩევნები - ასეთი სუფთა და თავისუფალი არჩევნები ჯერ არ ჩატარებულა. ამიტომ გვეამაყება ყველას, რომ მონაწილე ვართ ამ პროცესის. ჩემი არჩევანია - არჩევანი ქვეყნის მომავლისკენ, პროგრესისკენ და დარწმუნებული ვარ, ზუგდიდელები ისეთ პრეზიდენტს აირჩევენ, რომელიც იქნება სავსე პასუხისმგებლობით“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იმედოვნებს, რომ საქართველოს ახალ პრეზიდენტს კონკურენტი კანდიდატები გამარჯვებას ევროპულად მიულოცავენ.
მინისტრმა საკუთარი არჩევანი საბურთალოს 25-ე საარჩევნო უბანზე გააკეთა. შს მინისტრის თქმით, ხმა მისცა ქვეყნის განვითარებას, წინსვლას და სტაბილურობას.
ამასთან, ღარიბაშვილის შეფასებით, მთელი საარჩევნო კამპანია უპრეცენდენტოდ მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა, რისთვისაც ყველა ღონე იყო გამოყეებული.
„ევროპელი ლიდერების შეფასებით, დღეს გვაქვს ნამდვილად ევროპული სტანდარტის არჩევნები. ესაა ქართული დემოკრატიის და ჩვენი მთავრობის მიღწევა. ეს პოლიტიკა მომდინარეობს ბიძინა ივანიშვილის მხრიდან და ჩვენ მისი ეს განსაზღვრული პოლიტიკა შევასრულეთ. რაც შეეხება ზოგადად საარჩევნო პროცესს, როგორც ცნობილია, ჩვენ შევქმენით საკოორდინაციო შტაბი ცესკოსთან ერთად, ვართ მათთან მუდმივ კოორდინაციაში და არავითარი დარღვევები არ იკვეთება", - განაცხადა შს მინისტრმა.
საბურთალოს მე-3 ოლქის 79-ე საარჩევნო უბანზე ოჯახის წვრების გარეშე მივიდა,
პრემიერობის სავარაუდო კანდიდატი, ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო. სერგეენკოს მიერ ხმის მიცემის გადაღების საშუალება მედიას არ მიეცა, რადგან ჯანდაცვის მინისტრმა საარჩევნო უბანი და მიმდებარე ტერიტორია ჟურნალისტების მისვლამდე დატოვა. ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ სერგეენკოს მიერ ხმის მიცემის დრო დაანონსებული არ ყოფილა.
მთავრობის წევრების აცხადებენ, რომ მათ ხმა ქვეყნის მომავალს მისცეს. 64-ე საარჩევნო უბანზე საკუთარი არჩევანი გააკეთა ენერგეტიკის მინისტრმა. კახა კალაძის განცხადებით, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი დღეს წერტილს დაუსვამს იმ დიდ გამარჯვებას, რომელიც გასული წლის ოქტომბერში დაიწყო. იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დარწმუნებულია, რომ დღეს გიორგი მარგველაშვილი გაიმარჯვებს. ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ არჩევანი ღირსეულ და მთავრობასთან ერთად კონსტრუქციული თანამშრომლობის შემძლე კანდიდატზე გააკეთა.