საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებია. მოსახლეობა დღეს რიგით მეოთხე პრეზიდენტს ირჩევს. არჩევნებში 23 კანდიდატი იყრის კენჭს, მათგან ცხრა კანდიდატი პოლიტიკურმა პარტიამ წარადგინა, ხოლო 12 საინიციატივო ჯგუფმა. საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ამომრჩეველთა რაოდენობა 73 საარჩევნო ოლქში 3 537 719 შეადგენს. არჩევნებისთვის საზღვარგარეთ 52 საარჩევნო უბანი მუშაობს . 33 ქვეყანის 52 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა რაოდენობა 48 460-ს შეადგენს. მათ შორის ყველაზე მეტი ამომრჩეველია საბერძნეთში, სადაც 7 საარჩევნო უბანია, ხოლო ამომრჩეველთა რაოდენობა 16 132-ს შეადგენს. ყველაზე ცოტა, 38 ამომრჩეველი სლოვაკეთის რესპუბლიკაშია.
ამასთან, საზღვარგარეთ ორ უბანზე არჩევნები უკვე გაიმართა. ავღანეთში მყოფმა 1 500-ზე მეტმა სამხედრო მოსამსახურემ საკუთარი არჩევანი 20 ოქტომბერს გააკეთა. ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა ხმა ორ საარჩევნო უბანზე „ლეზერნიკსა" და „ერედვზე" მისცეს.
ამასთან, 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის უბნები არ გაიხსნება რუსეთში, მოლდოვაში, რუმინეთსა და იორდანიაში.
საარჩევნო პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. ყველა საარჩევნო უბანი დილის 08:00 საათიდან გახსნილია. ცესკოში მოქმედებს ცხელი ხაზი 2 51 00 51. ცესკოს ინფომაციით, თბილისში საკუთარი პოზიცია უკვე 63360-მა ადამიანმა დააფიქსირა, რაც ამომრჩეველთა მთელი ნაწილის 6.6%-ს შეადგენს. კახეთში - 20561 ამომრჩეველი (6.6%) მივიდა უბანზე, მცხეთა-მთიანეთში – საკუთარი პოზიცია 6813-მა ადამიანმა (7.7%) ქვემო ქართლში - 6.4 %-მა, შიდა ქართლში - 6.4%-მა, რაჭა-ლეჩხუმში - 12. 2 %-მა დააფიქსირა. რაც შეეხება სხვა რეგიონებს - ამ დროისთვის იმერეთში უკვე 41163 ადამიანმა მისცა ხმა, გურიაში 10887-მა, აჭარაში ამომრჩეველთა აჭარაში - 6.6%-მა, სამეგრელო-ზემო სვანეთში კი მოსახლეობის აქტივობა კი ამ დროისთვის 7.2 % შეადგენს.
ცესკოს პრეს-სპიკერის ეკა აზარაშვილის თქმით, ოლქების მიხედვით ყველაზე მეტი - 63360 ამომრჩეველი თბილისში მივიდა. რაც შეეხება აქტივობის პროცენტულ მაჩვენებელს, ყველაზე მაღალი აქტივობა ამ დროისათვის 12,2 % რაჭა-ლეჩხუმის საარჩევნო ოლქში დაფიქსირდა.
მისივე თქმით არსებითი დარღვევები არ დაფიქსირებულა. თუ არ ჩავთვლით ქუთაისში N98 საარჩევნო უბანზე მომხდარ დაპირისპირებას. სადაც ერთმანეთს „ნაციონალური მოძრაობისა" და ნინო ბურჯანაძის პარტიის წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ. ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც დავით ბაქრაძის შტაბის წარმომადგენელმა ქალბატონმა „ნაციონალური მოძრაობის" შტაბში დარეკა და უბანზე მყოფი დამკვირვებლების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. აღნიშნული ნინო ბურჯანაძის შტაბის წარმომადგენელმა ქალბატონმა გააპროტესტა, რასაც შეხლა-შემოხლა მოჰყვა.
ამასთან, ბათუმის 79-ე ოლქში რამდენიმე ამომრჩეველი პრეტენზიით მივიდა. როგორც მოქალაქე თინა ცეცხლაძე აცხადებს, 15 დღის წინ, ბათუმის 72-ე უბნის კედლის სიაში გადაამოწმა მონაცემები, დღეს კი სამაგიდო სიაში არ აღმოჩნდა. ბათუმის 79-ე ოლქში, ცეცხლაძეებს განუმარტეს, რომ სიებთან დაკავშირებული საკითხების შესახებ იუსტიციის სახლისთვის უნდა მიემართათ.
პირველი კომენტარი უკვე გააკეთა საქართველოში სადამკვირვებლო მისიით მყოფმა ეუთოს საპარლამენტო ანსამბლეის წარმომადგენელმა ჯოაო სუარესმა, რომლის განცხადებით საქართველო, დღესდღეობით, პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის მაგალითია დემოკრატიული სახელმწიფოსი და იმისა, თუ როგორ შეიძლება მშვიდობიანად გადავიდეს ძალაუფლება ერთი პარტიიდან მეორე პარტიის ხელში. არჩევნებთან დაკავშირებით პოზიცია დააფიქსირა ეუთოს საპარლამენტი ანსამბლეის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ილკა კანერვამ. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები იყოს სამართლიანი.