ოკუპირებულ ოჩაჩირის პორტში სამხედრო ხომალდებს ჯერ სტალინი მალავდა, ახლა პუტინი იგივეს აპირებს...
ისტორია უცნაურად მეორდება, განსაკუთრებით კი იმ ომების ისტორია, რომლებიც ერთი და იმავე საომარი მოქმედების თეატრზე ხდება ათწლეულების თუ ასწლეულების შემდეგ...
თითქმის ორწლიანმა რუსეთ-უკრაინის ფართომასშტაბიანმა საბრძოლო მოქმედებებმა რუსეთის საოკუპაციო ძალებს ყველაზე დიდი პრობლემები „ჩაუძირავ ავიამზიდზე“ - მანამდე ოკუპირებულ და ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე გაუჩინეს...
„ჩაუძირავი ავიამზიდი“ კი არცთუ ისე „ჩაუძირავი“ აღმოჩნდა, რადგან უკრაინამ, რომელსაც თავისი სამხედრო ფლოტიც კი აღარ დარჩა, მოახერხა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის 20 ერთეული სხვადასხვა კლასის ხომალდის ჩაძირვა და დაზიანება, მათ შორის ფლაგმანის, სარაკეტო კრეისერის „მოსკვა“, ასევე რამდენიმე დიდი სადესანტო ხომალდისა და თვით წყალქვეშა ნავისაც კი...
თავად „ჩაუძირავ ავიამზიდზე“- ყირიმის ნახვარკუნძულზე არსებული რუსეთის შავი ზღის ფლოტის სამხედრო-საზღვაო ბაზები - სევასტოპოლში, ქერჩსა და ფეოდოსიაში არაერთხელ აღმოჩნდნენ უკრიანული კამიკაძე-დრონებისა და ფრთოსანი რაკეტების საჰაერო თავდასხმების სამიზნეები, ხოლო „დაგვირგვინებათ“ იქცა თავად რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მთავარი შტაბის შენობაზე უკრაინული რაკეტების „სტუმრობა“, როდესაც იქ რუსი ადმირალები და გენერლები თათბირობდნენ...
გამომდინარე იქიდან, რომ მიუხედავად საკმაოდ ძლიერი საჰაერო თავდაცვის სისტემისა, რაც რუსმა ოკუპანტებმა 2014 წლიდან მოწყვეს ანექსირებულ ყირიმის ნახევრკუნძულის ცაში, უკრაინის მხარე მაინც ახერხებდა წარმატებულ საჰაერო და საზღვაო შეტევებს, მოსკოვში მიიღეს გადაწყვეტილება,რომ სევასტოპოლის მთავარი სამხედრო-საზღვაო ბაზიდან სამხედრო ხომალდები გადაეყვანათ უფრო მოშორებით, ქერჩის, ფეოდოსიისა და ნოვოროსიისკის საზღვაო ბაზებში.
საბჭოთა კრეისერი „კომინტერნი“, რომელსაც გერმანულმა ბომბდამშენებმა ფოთის პორტში მოაგნეს და ორი ბომბი მოარტყეს...
მაგრამ, მას შემდეგ, რაც უკრაინული ფრთოსანი რაკეტები ჯერ ქერჩის, ხოლო შემდეგ ფეოდოსიის პორტებსაც მისწვდნენ და იქ რუსული ახალთახალი კორვეტი დააზიანეს, ხოლო დიდი სადესანტო ხომალდი კი „მოლეკულებად“ დაშალეს, რუსეთის შავი ზღვის ფლოტს თავშესაფარად მხოლოდ ნოვოროსიისკი რჩებოდა, რომელიც უკვე ჩრდილო კავკასიაში მდებარეობს.
თუმცა, ნოვოროსიისკის სამხედრო-საზღვაო ბაზა სევასტოპოლისდან გამოქცეულ ყველა რუსულ სამხედრო ხომალდს ვერ დაიტევს და ამასთან ნოვოროსიისკის პორტზეც რამდენჯერმე უკვე განხორციელდა საზღვაო და საჰაერო შეტევა...
ამიტომაც, კრემლის დღევანდელი ბინადარი პუტინი ითვალისწინებს იმავე, კრემლის ყოფილი ბინადრის - სტალინის გამოცდილებას და ოკუპირებული ყირიმიდან გამოქცეული რუსული ხომალდების ნაწილის გადამალვა ასევე ოკუპირებულ...საქართველოს ოჩამჩირის პორტში სურს ანუ როგორც სტალინის ბრძანებით 82 წლის წინ ქართულ პორტებში - ოჩამჩირეში, ფოთსა და ბათუმში გადამალეს მეორე მსოფლიო ომის დროს საბჭოთა კავშირის შავი ზღვის ფლოტის წყალზედა ხომალდებისა და წყალქვეშა ნავების ნაწილი...
1941 წლის 22 ივნისს, გერმანიის საბჭოთა კავშირზე თავდასხმის მომენტისთვის საბჭოთა კავშირის შავი ზღვის ფლოტი ძალზე ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენდა, მის შემადგენლობაში იყო ერთი ლინკორი(სახაზო ხომალდი), 5 კრეისერი, 16 საესკადრო ნაღმოსანი, სადარაჯო და სატორპედო კატარღები, 47 წყალქვეშა ნავი და 639 თვითმფრინავი(მათ შორის 153 ბომბდამშენი და 314 გამანადგურებელი), ხოლო პირადი შემადგენლობის რიცხვი 64 205 ადამიანს შეადგენდა.
გარდა ამისა, შავ ზღვაში საბჭოთა კავშირის „ენ-კა ვე-დე“-ს(შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატი, რომელსაც ლავრენტი ბერია ხელმძღვანელობდა)საზღვაო სასაზღვრო დაცვის განკარგულებაში 105 სასაზღვრო კატარღა იმყოფებოდა.
იმ პერიოდისთვის ეს შავ ზღვაში ყველაზე ძლიერ სამხედრო-საზღვაო დაჯგუფებას წარმოადგენდა, რომელთანაც ახლოსაც კი ვერ მივიდოდა თურქეთის, ბულგარეთისა თუ რუმინეთის საზღვაო ფლოტების საბრძოლო შესაძლებლობები, მაგრამ მიუხედავად ამისა, ომის დაწყებიდან ერთ წელში სტალინს მაინც მოუწია ჩაძირვას გადარჩენილ საბჭოთა ხომალდების გადამალვა ოჩამჩირის, ბათუმის პორტებში, ხოლო ფოთი საერთოდ შავი ზღვის ფლოტის მთავარ სამხედრო-საზღვაო ბაზად გადაიქცა. რატომ?
ომის დაწყებისთანავე შავ ზღვაში საბჭოთა ფლოტს დაუპირისპირდა გერმანელების მხარეზე მებრძოლი მხოლოდ რუმინეთის სამხედრო-საზღვაო ძალები, რომელთა განკარგულებაში იყო არაუმეტეს 2 დამხმარე კრეისერი, 4 საესკადრო ნაღმოსანი, ერთი წყალქვეშა ნავი და რამდენიმე კატარღა.
ბულგარეთმა, მიუხედვად იმისა, რომ ამ ომის დასაწყისში ჯერ გერმანიის მხარეზე იყო, შავ ზღვაში საბრძოლო მოქმედებების წარმოებაზე ნეიტრალიტეტი გამოაცხადა.
მცირე საზღვაო მონადირე-მეორე მსოფლიო ომის დროს ოჩამჩირის სასაზღვრო კატარღების ბრიგადა შავი ზღვის ფლოტის დაქვემდებარებაში გადავიდა და ისინი საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს გასწვრივ პატრულირებდნენ, ხოლო მდინარე ჯუყმურის ზღვასთან შესართავში, ევკალიპტების ქვეშ, წყალქვეშა ნავების ნავსაყუდელი იყო შეფარებული...
თურქეთი არ ჩართულა შავ ზღვაში ბრძოლებში და ამასთან ასრულებდა 1936 წლის მონტროს კონვენციას და ბოსფორის სრუტეში არ გამოატარა გერმანიისა და იტალიის ძლიერი ფლოტების კრეისერები, რაც ნამდვილ შვებად იქცა მოსკოვისთვის(სხვათა შორის,ბოსფორის სრუტის გავლით შავ ზღვაში გერმანული კრეისერების შემოსვლის საფრთხეს მუდმივ კონტროლს უწევდა შავი ზღვის ფლოტის მთავარი შტაბის სადაზვერვო განყოფილება, რომელსაც 1938-55 წლებში პოდპოლკოვნიკი(შემდგომში გენერალ-მაიორი) დიმიტრი ნამგალაძე მეთაურობდა, რომლის დაქვემდებარებაში მყოფ საბჭოთა მეზღვაურ-დივერსანტებს სპეციალური დავალება ჰქონდათ მიცემული, მოეწყოთ დივერსიული აფეთქებები ბოსფორის სრუტეში, თუკი თურქეთი მაინც დართავდა ნებას შავ ზღვაში გერმანული ხომალდების შემოსაშვებად...
თუკი ასეთი დიდი უპირატესობა გააჩნდა შავ ზღვაში საბჭოთა კავშირს, მაშინ რატომ მოუწია სტალინს ხომალდების გადამალვა ქართულ პორტებში, ფრონტის ხაზიდან რაც შეიძლება მოშორებით?
პირველ რიგში, ისევ გერმანიის სამხედრო-საჰაერო ძალების-„ლიუფთვაფეს“ კარგად ორნიზებული და ზუსტი საჰაერო დარტყმების გამო. გერმაული თვითმფრინავები გამუდმებით ბომბავდნენ სევასტოპოლის, ფეოდოსიისა და ნოვოროსიისკის პორტებს, რასაც უკვე გერმანიის სახმელეთო ძალების ყირიმის ნახევარკუნძულზე შეჭრაც დაემატა.
1943 წლის დასაწყისისთვის გერმანიამ და იტალიამ მდინარე დუნაის საშუალებით შავ ზღვაში შემოიყვანეს ორასამდე ერთეული მცირე გაბარიტებისა და წყალწყვის მცურავი საშუალებები, მათ შორის 6 მცირე წყალქვეშა ნავი, 16 სატორპედო კატარღა და სხვ.
მაგრამ მიუხედავად ამისა, შავ ზღვაში საბჭოთა ხომალდების მთავარ საფრთხედ მაინც გერმანული ავიაცია რჩებოდა, რომელიც მათ საჰაერო დარტყმებს ქართულ პორტებშიც კი აყენებდა.
მაგალითად, 1942 წლის 16 ივლისს ფოთის პორტში მდგომ საბჭოთა კრეისერ „კომინტერნს“ გერმანულმა „იუნკერსმა“ ორი საავიაციო ბომბი ზუსტად მოახვედრა - პირველი ბომბი ხომალდის საკვამლე მილთან აფეთქდა, ხოლო მეორემ ისე ჩახვრიტა ტრიუმი, მთლიანად კრეისერის კორპუსი და დაეშვა ფოთის პორტის ფსკერზე...რომ არ აფეთქებულა.
იმავე წლის 10 ოქტომბერს, ეს, 134 მ სიგრძისა და 7 ათას ტონაზე მეტი წყალწყვის კრეისერი „კომინტერნი“(შეიარაღებისა და სხვა აგრეგატების დემონტაჟის შემდეგ) მდინარე ხობის შავ ზღვასთან მიერთების ადგილის სიახლოვეს სპეციალურად ჩაძირეს ტალღებმჭრელის ფუნქციის შესასრულებლად.
ამ, არცთუ ისე მცირე ისტორიული ექსკურსით, იმის თქმა მინდოდა, რომ მონდომების, კარგად დაგეგმვის, ორგანიზებისა და რაც მთავარია, შესაბამისი ტაქტიკურ-ტექნიკური შესაძლებლობების მქონე ფრთოსანი რაკეტების, საჰაერო და საზღვაო კამიკაძე-დრონების გამოყენების შემთხვევაში, უკრაინელები რუსეთის მიერ ოკუპირებულ ოჩამჩირის პორტშიც მისწვდებიან რუსულ ხომალდებს, თუკი პუტინი სტალინივით იქ მათ მართლაც გადამალავს...