ქართველი მილიარდერი იმისთვის ემზადება, რომ „ვარდების რევოლუციაზე“ ფარდა დაუშვას

ქართველი მილიარდერი იმისთვის ემზადება, რომ „ვარდების რევოლუციაზე“ ფარდა დაუშვას

ქართველები იმისთვის ემზადებიან, რომ მილიარდერი პრემიერმინისტრის, ბიძინა ივანიშვილის კანდიდატს მისცენ ხმა საპრეზიდენტო არჩევნებში. ამ არჩევნებით დაეშვება ფარდა „ვარდების რევოლუციის“ ეპოქაზე, რომელმაც საქართველო აშშ-ისა და ევროპისაკენ წაიყვანა.

ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც გასულ წელს საპარლამენტო არჩევნებში შოკისმომგვრელი გამარჯვება მოიპოვა და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პარტია დაამარცხა, 27 ოქტომბრის არჩევნებში მხარს უჭერს გიორგი მარგველაშვილს, განათლების ყოფილ მინისტრს, რომელსაც, უკანასკნელი გამოკითხვების თანახმად, ორჯერ მეტი მხარდამჭერი ჰყავს, ვიდრე მის უშუალო მეტოქეს.

პრეზიდენტის პოსტის გადმობარება საბოლოოდ დაასრულებს გადასვლას 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ ეპოქიდან, რომელმაც საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის ძალაუფლების უზურპირება მოახდინა და დაარღვია საქართველოს კავშირები რუსეთთან. ივანიშვილის განცხადების თანახმად, მის მიერ დეკლარირებული მთავარი მიზანი, საქართველოს პოლიტიკის მთლიანად შეცვლა, დასრულებულია, ამიტომ ის პრემიერმინისტრის თანამდებობას თავის მოკავშირეს გადასცემს მას მერე, რაც მომავალ თვეში ახალი პრეზიდენტი ფიცს დადებს.

„ივანიშვილი ყველას ჩრდილავს“, წერს 22 ოქტომბრის რაპორტში ტეემუ სინკონენი, ჰელსინკის საერთაშორისო საქმეთა ფინური ინსტიტუტის მკვლევარი. მისი წასვლა „მმართველობის მხოლოდ ერთი წლის შემდეგ, მაშინვე, როგორც კი დიდი ხნის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თანამდებობიდან წავა, პირველად საქართველოს ისტორიაში, დატოვებს ქვეყანას ქარიზმატული ლიდერის გარეშე“.

43 წლის მარგველაშვილს ხმათა 39 პროცენტი აქვს, ხოლო დავით ბაქრაძეს, სააკაშვილის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს – 18 პროცენტი – ასეთია ნაციონალური დემოკრატიული ინსტიტუტის გამოკითხვის შედეგები. გამოიკითხა 3,838 ადამიანი და შედეგები გამოქვეყნდა 26 სექტემბერს.

„ძირითადად ცერემონიალური“

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაფინანსებული გამოკითხვის თანახმად (გამოკითხვა ჩატარდა 5-დან 11 ოქტომბრამდე, Greenberg Quinland Rosner Research-ის მიერ), მარგველაშვილს ხმების 48 პროცენტი აქვს, ხოლო ბაქრაძეს – 23 პროცენტი. არჩევნებში კიდევ 23 კანდიდატია რეგისტრირებული.

მარგველაშვილმა განაცხადა, რომ შესაძლოა გამოეთიშოს არჩევნებს, თუ 50-პროცენტიან მხარდაჭერას არ მიიღებს, ანუ არ გაიმარჯვებს პირველსავე ტურში. ის პირობას დებს, რომ ხელს შეუწყობს მეწარმეობას და ექნება მეგობრული ურთიერთობები ევროპასთან, აშშ-სთან და რუსეთთან, მაგრამ მისი უფლებები უფრო შეზღუდული იქნება, ვიდრე სააკაშვილს ჰქონდა, რადგან საქართველო საპარლამენტო დემოკრატიად გარდაიქმნება.

„პრეზიდენტის პოზიცია არსებითად ცერემონიალური იქნება“, მოგვწერა გუშინ მარკ მალენმა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ხელმძღვანელმა. „ეს უფრო რეფერენდუმია, რომელიც მმართველ გუნდს ადგენს, ვიდრე რაიმე სხვა“.

ივანიშვილი, რომელმაც 23 ოქტომბერს განაცხადა, რომ ახალი პრეზიდენტის 17 ნოემბრის ინაუგურაციიდან ერთ კვირაში გადადგება, იმ დროს როდესაც კოალიცია „ქართულ ოცნებას“ ქმნიდა, შემდეგ დაპირებებს იძლეოდა: აამაღლებს ცხოვრების დონეს, გამოასწორებს ურთიერთობას რუსეთთან და სასამართლო სისტემას. მისმა კოალიციამ გასულ ოქტომბერს „ნაციონალური მოძრაობა“ დაამარცხა. იმ კომენტარების მიხედვით, რომელიც მან გუშინ, გვიან ღამით „რუსთავი 2-ზე“ გააკეთა, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ის თავის რჩეულს პრემიერმინისტრის პოსტზე, ალბათ, 29-30 ოქტომბერს დაასახელებს.

რუსული ქონება

მას შემდეგ, რაც პრემიერმინისტრის პოსტი დაიკავა, ივანიშვილმა, რომელმაც რუსეთში გააკეთა თავისი $5.5-მილიარდიანი ქონების უდიდესი ნაწილი, 2 მილიონი ადამიანისთვის უფასო სამედიცინო მომსახურება შემოიღო და ცდილობდა ჩაეცხრო დაძაბულობა რუსეთთან. საქართველოს და რუსეთს 2008 წელს, სეპარატისტული რეგიონის, სამხრეთ ოსეთის გამო ომი ჰქონდათ. წელს რუსეთმა მოხსნა ემბარგო ქართულ ღვინოზე, მინერალურ წყალსა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტზე.

„ამ არჩევნებით საქართველოში ახალი პერიოდი იწყება“, განუცხადა დღეს ჟურნალისტებს მარგველაშვილმა თბილისში. „პოსტსაბჭოთა პოლიტიკური კულტურა საქართველოში დასრულდა“.

მართალია, 57 წლის ივანიშვილი სააკაშვილის დამარცხებას გეგმავდა, საქართველოში მრავალპარტიული პოლიტიკის დამკვიდრების ხელშესაწყობად, ის მაინც ინარჩუნებს ხელისუფლებიდან მიმავალი პოლიტიკური ლიდერის იმ კურსს, რომელიც ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებას გულისხმობს. დაგეგმილია, რომ საქართველო მომავალ თვეში ევროკავშირის 28 წევრ ქვეყანასთან ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერს ხელს.

„სრულიად კმაყოფილი“

2 სექტემბერს პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ „სრულიად კმაყოფილია“ თავისი მუშაობით და მესიის ნაცვლად ქვეყანაში ქმედითი პოლიტიკური სისტემის დატოვებას აპირებს.

მისი მმართველობა აბსოლუტურად უშფოთველი არ ყოფილა. ევროკავშირი და აშშ აკრიტიკებდა მთავრობას სააკაშვილის ეპოქის ჩინოვნიკების, მაგალითად, ყოფილი პრემიერმინისტრის ვანო მერაბიშვილისა და თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრის ბაჩო ახალაიას დაპატიმრების გამო. სასაზღვრო დავები რუსეთთან ომის დასრულებიდან 5 წლის შემდეგაც გრძელდება.

იმის გამო, რომ საქართველოს პოლიტიკურ მიმართულებასთან დაკავშირებით ბუნდოვანებაა, ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა: მშპ-ის ზრდის მაჩვენებელი 1.5 პროცენტამდე დაეცა მიმდინარე წლის მეორე კვარტალში, არადა, 2012 წლის იმავე პერიოდში ეს მაჩვენებელი 8.2 პროცენტს შეადგენდა. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, რომელთა პროცენტული მაჩვენებელი 2007-2012 წლებში 5.1-ს შეადგენდა, 2012 წელს, როდესაც ივანიშვილი სააკაშვილს დაუპირისპირდა, სამჯერ შემცირდა.

საინვესტიციო ფონდი

პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ თავის ფულს მულტიმილიარდიან კერძო თანადაფინანსების ფონდში მიმართავს, რათა ხელი შეუწყოს უცხოური ინვესტიციების შემოდინებას, მაგრამ მოქალაქეებს იმის იმედი ჰქონდათ, რომ ის უფრო თავისუფლად დახარჯავს ფულს ისეთ ინიციატივებზე, როგორიცაა პენსიების გაზრდა, გვითხრა დავით საყვარელიძემ, პარლამენტარმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ 23 ოქტომბერს სატელეფონო საუბარში.

წელს ლარი დოლართან მიმართებით 0.6 პროცენტით დასუსტდა, უფრო მეტად, ვიდრე სომხური დრამი, რომელმაც 0.3 პროცენტი დაკარგა და აზერბაიჯანული მანათი, რომლის კურსიც არ შეცვლილა. შემოსავლიანობა სამთავრობო ვალებზე, სადაც დოლარი დომინირებს, 2021 წლისათვის, დღეს 5.332 პროცენტია, ორი თვის წინ ეს მაჩვენებელი 6.105-ს შეადგენდა.

დღეს ქართველები ივანიშვილს და მის გუნდს უდანაშაულობის პრეზუმფციას ანიჭებენ, ამბობს თენგიზ ფხალაძე, გეოპოლიტიკური კვლევების ცენტრის თავმჯდომარე თბილისში.

„ადამიანები უფრო მეტს მოსთხოვენ ახალ პრეზიდენტსა და მთავრობას, რადგან მათ ხალხის ნდობა აქვთ და ამიტომ ადამიანებს შედეგების ხილვა სურთ“, გვითხრა მან ტელეფონით.
 
foreignpress.ge