პრეზიდენტის დანთებულ ცეცხლზე მინისტრმა ნავთი დაასხა

პრეზიდენტის დანთებულ ცეცხლზე მინისტრმა ნავთი დაასხა

[ეკა ბაქრაძე]

საქართველოს პერზიდენტიდან მოყოლებული მინისტრებით დამთავრებული ფასების ზრდას ისე გულდამშვიდებით უცქერენ, რომ თავი სიზმარში გეგონება. იმის ნაცვლად, რომ ბობოლა მოხელეებმა სიტყვით მაინც დაამშვიდონ მოქალაქეები, სულ საპირისპიროდ იქცევიან. სააკაშვილმა და ბაინდურაშვილმა ერთიერთმანეთზე უპასუხისმგებლო განცხადებები გააკეთეს. პრეზიდენტის დანთებულ ცეცხლზე მინისტრმა ნავთი დაასხა.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, იაფი ფასების ეპოქა წარსულს ჩაბარდა. „საქართველოში ფასების ზრდა მსოფლიო ფასებზეა მიბმული. ეს არ არის ის, რაც 1990-იან წლებში ხდებოდა. მაშინ ამას ემატებოდა ის, რომ სახელმწიფოს ჰქონდა რამდენიმე ათეული პროცენტი დეფიციტი. ე.ი, სახელმწიფო ფულს ბეჭდავდა, კუპონიზაცია ხდებოდა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა თავი მოიკლა“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

იქვე პრეზიდენტმა დასძინა, რომ ფასები ბევრად აღარ გაიზრდება, „თუმცა ეს დიდი ვერაფერი ნუგეშია“.

„რეგიონის და მსოფლიო სიტუაცია მარტივი არ არის. ვიცით, რომ დამოკიდებულები ვართ მრავალ ფაქტორზე. იზრდება საწვავის ფასები, ახლოვდება მიწის დამუშავების ვადები და დიზელის ფასი გაზრდილია. უკვე გაზრდილი ფასები ბევრად აღარ გაიზრდება“, - დააიმედა კაჭრეთში მყოფმა პრეზიდენტმა კახელები.

ამის მიუხედავად, სააკავშილი აღნიშნავს, რომ საქართველო მსოფლიოში ყველაზე ჩქარა პროგრესირებადი ქვეყანაა.

„თუ ვნახავთ საქართველოს საერთო სურათს, რეიტინგებით ჩვენ ვართ მსოფლიოში პირველი რეფორმატორი, ყველაზე ჩქარა პროგრესირებადი ქვეყანა, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ეკონომიკური ზრდის ქვეყანა“, - განმარტა სააკაშვილმა.

არანაკლებ საოცარი განცხადება გააკეთა ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა, რომელმაც არხეინად აღინშნა, რომ ინფლაციის წნეხი ადრე თუ გვიან გადაივლის. თუმცა, როდის რა იქნება, ამის დაკონკრეტება მინისტრს არც კი მოსვლია აზრად.

„ინფლაციის წნეხი, რომელიც დღეისათვის საქართველოს აწუხებს, ადრე თუ გვიან, გადაივლის. მთავრობას ამ პრობლემის შესაჩერებლად მოკლე და გრძელვადიანი პროგრამა გააჩნია. პირველი - მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებაში, მეორე კი ადგილობრივი წარმოების გაზრდაში მდგომარეობს.

კერძოდ, აუცილებელია სოფლის მეურნეობის პროდუქციის ადგილობრივი წარმოების განვითარება, რადგან სურსათის მნიშვნელოვანი ნაწილი იმპორტირებულია, საერთაშორისო ბაზარზე კი მისი ფასი მაღალია“, - განაცხადა ბაინდურაშვილმა.

არადა, პრეზიდენტმა მთავრობას ანტიინფლაციური პროგრამის შექმნა ჯერ კიდევ გასულ წელს დაავალა, თუმცა მსგავსი პროგრამა დღემდე არ შემუშავებულა. ერთადერთი რაც ამ კუთხით გაკეთდა, მოსახლეობისთვის ელექტროენეგიის 20-ლარიანი ვაუჩერების დარიგებაა, თუმცა ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ასეთი აქციები სწორედ რომ ინფლაციის წახალისებას იწვევს.

გარდა ამისა, გზრდილ ფასებთან საბრძოლველად მთავრობამ აგრარული ბაზრების მოწყობა გადაწყვიტა. გეგმა თბილისის მერიამ შეიმუშავა და იგულისხმება მცირე მასშტაბის ბაზრობები.

პროექტის საინვესტიციო ღირებულება 890 ათას ლარამდეა, საიდანაც 460 ათას ლარზე მეტი სამშენებლო სამუშაოებზე მოდის. როდისთვის დაიწყება და დასრულდება პროექტის განხორციელება, ჯერჯერობით უცნობია.

ხელისუფლებას ანტიინფლაციური სიტყვა დამთავრებული, ხოლო საქმე დაწყებული არ ჰქონდა, რომ რძის პროდუქტების მწარმოებელმა კომპანიებმა თითქმის ყველა სახის ნაწარმზე ფასი გააძვირეს.

„სანტემ“ პროდუქტებზე ფასები 15 პროცენტით უკვე გაზარდა, რასაც კომპანიაში ნედლეულზე ფასების ზრდით ხსნიან.

„გაზრდილი ფასები ჩვენი კომპანიის ყველა პროდუქტს შეეხო. ფასებმა 15 პროცენტით მოიმატა, რაც ნედლეულზე ფასების ზრდით არის გამოწვეული“, - განაცხადა „სანტეს“ გენერალური დირექტორის მოადგილემ მარკეტინგის დარგში ერეკლე გამყრელიძემ.

ფასებს აძვირებს კომპანია „ეკოფუდიც“, თუმცა კომპანიაში ამ საკითხზე კომენტარის გაკეთებისგან ამ ეტაპზე თავს იკავებენ.

„სანტესა“ და „ეკოფუდისგან“ განსხვავებით, ფასებს ამ ეტაპზე არ ზრდის კომპანია „ნიკორა“.

„ჩვენი კომპანია სტაბილურობას ინარჩუნებს და არცერთ პროდუქტზე ფასს არ ვაძვირებთ. ფასების ზრდა მომწოდებელზეა დამოკიდებული, ჩვენ ფასებს თვითნებურად არ გავზრდით“, - განმარტა კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა გიგა ბატკუაშვილმა.