საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ევროპარლამენტმა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების პარაფირების მხარდაჭერის რეზოლუცია მიიღო, რომელშიც ხაზგასმულია ევროკავშირის ვალდებულებები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიმართ და საქართველოს სწრაფვა ევროპული ინტეგრაციისაკენ. ევროპარლამენტის მიერ სამეზობლო პოლიტიკის საკითხებზე მიღებულ რეზოლუციაში საქართველოს ხუთი პუნქტი ეთმობა, სადაც საუბარია საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე ქვეყნის მოდერნიზაციისა და ასოცირების შეთანხმების მოთხოვნის დაკმაყოფილების მხრივ. რეზოლუციაში ასევე ხაზგასმულია, რომ ევროპარლამენტი მხარს უჭერს ასოცირების შეთანხმების პარაფირებას ვილნიუსის სამიტზე.
რეზოლუციის ტექსტშია ასევე საუბარია მიმდინარე სასამართლო პროცესებზე, რომლებიც ოპოზიციურ ფიგურებს, მათ შორის ვანო მერაბიშვილს ეხება.
ევროპარლამენტი დარწმუნებულია, ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა უნდა ეფუძნებოდეს პირობითობასა და საქართველოს მხრიდან სამართლის უზენაესობისა და დემოკრატიზაციის სფეროში მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს და მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების ევროპული სტანდარტების შესაბამისად ჩატარებას.
კითხვაზე, რატომ შეიცვალა რეზოლუციაში ვანო მერაბიშვილის პოლიტპატიმრობასთან დაკავშირებით არსებული ჩანაწერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე პასუხობს, რომ დოკუმენტის სამუშაო ვარიანტში შესაძლოა, ყველაფერი ეწეროს, მთავარია, რა რჩება ბოლოს და რა რეზოლუციას მიიღებს ევროპარლამენტი.
ექსერტი ხათუნა ლაგაზიძე თვლის, რომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების პარაფირების მხარდაჭერის რეზოლუციის მიღება ძალიან მნიშვნელოვანია იმ ერთ წლიანი საგარეო შეხლა-შემოხლის ფონზე, რომელიც ახალ ხელისუფლებას გამართული ჰქონდა საგარეო ფრონტზე „ნაციონალური მოძრაობის“ დამსახურებით.
„ეს არის უდიდესი მიღწევა. იმიტომ, რომ ასახასვს იმ რეალობას რომელიც დღეს არის საქართველოში და ასახავს იმ ძალისხმევას, რომელიც საქართველოს არაერთმა ხელისუფლებამ გასწია იმისათვის, რომ ჩვენ ნოემბერში მიგვეღო ის, რასაც ველოდებით, ანუ - პარაფირება ასოცირების და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების. უფრო გლობარულად თუ შევხედავთ, ეს არის უპრეცედენტო მხარდაჭერა, რაც საქართველოს ყველა ხელისუფლების დამსახურებაა, დღევანდელი ხელისუფლების ჩათვლით. ყველა ხელისუფლებამ შეიტანა წვლილი იმაში, რომ საქართველოს გადაედგა ნაბიჯები ევროინტეგრაციის გზაზე და წარმატებული ყოფილიყო ეს ნაბიჯები“, - აცხადებს ხათუნა ლაგაზიძე.
მისივე განმარტებით, საინტერესო აქცენტებია იგივე რუსეთთან ურთიერთობის კუთხით.
„იმიტომ, რომ ევროპა არაა ამერიკა, ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ დასავლეთზე, როგორც ერთიან სხეულზე, მაგრამ იქაც არის დიფერენცირება და განსაკუთრებით რუსეთთან ურთიერთობის კუთხით. ევროპა ყოველთვის გაცილებით უფრო ლაბილურია ამ თვალსაზრისით. იმიტომ, რომ მისი კარის მეზობელია რუსეთი და ენერგეტიკულად დიდწილად არის მასზე დამოკიდებული, ამიტომ, ევროპა გაცილებით უფრო პრაგმატულია რუსეთთან ურთიერთობაში, ვიდრე ამერიკა. აქიდან გამომდინარე, მას არ სჭირდება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები როგორც თავის ტკივილი. ამ თვალსაზრის მისასალმებელია, რომ ასე ხედავს ამ პრობლემას და ამავდოულად აფასებს და აღიარებენ იმას, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკურ კურსს რუსეთთან დაძაბულობის შემცირებით არაფერი დაკლებია“, - ამბობს ლაგაზიძე.
რაც შეეხება რეზოლუციაში ვანო მერაბიშვილის პოლიტპატიმრობასთან დაკავშირებით არსებული ჩანაწერის შეცვლას, ლაგაზიძე თვლის, რომ ეს მნიშვნელოვანია.
„ხედავთ, ნოემბრის ვილნიუსის სამიტის წინ როგორი ამბავია ატეხილი უკრაინასთან დაკავშირებით. უკრაინამ რა არ გადაიტანა იმისათვის, რომ მყარად დადგომოდა ევროპასთან ინტეგრაციის გზას, რამდენი ემბარგო, რამდენი შეზღუდვა და რამდენი მუქარა იყო რუსეთისგან და, ამ ყველაფრის შემდეგ, ევროსტრუქტურა კატეგორიულ მოთხოვნებს უყენებს უკრაინას, რომ თუ არ გამოუშვებენ ტიმოშენკოს, ამ შემთხვევაში პარაფირების შესახებ ხელშეკრულება დადგება ეჭვქვეშ. ამ ფონზე სრულად განსხვავებულია მიდგომა საქართველოს მიმართ.
ევროპა ნათლად ხედავს იმ სხვაობას რაც არის საქართველოსა და უკრაინაში ყოფილ პრემიერ მინისტრების წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეებში. აქედან გამომდინარე უკრაინისგან განსხვავებით, იგივე ვანო მერაბიშვილის ქეისი არ იქნა გამოყენებული ხელისშემშლელ ფაქტორად ამ ხელშეკრულების პარაფირებისას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი სხვაობაა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ხათუნა ლაგაზიძემ.