საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს თანამშრომლებმა ამავე სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის ა/რ მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი თეიმურაზ პატარიძე დააკავეს.
გამოძიებით დადგენილია, რომ თეიმურაზ პატარიძემ, 2008-2012 წლებში, ორგანიზება გაუკეთა უშუალო სამსახურებრივ დაქვემდებარებაში მყოფი პირების მიერ საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი ყალბი მოწმობების დამზადებას და უკანონო გამოყენებას, რათა ე.წ. ,,საარჩევნო კარუსელის“ გზით მომხდარიყო ყველა დონის, მათ შორის, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ფალსიფიცირება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და მათი კანდიდატების სასარგებლოდ.
თ.პატარიძის მითითებით ყალბი პირადობის მოწმობების დასამზადებლად გამოყენებული იქნა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს შენობა და მატერიალურ-ტექნიკური საშუალებები, ხოლო ე.წ. “საარჩევნო კარუსელის” მონაწილეები შერჩეულნი იყვნენ საკუთრივ დეპარტამენტის თანამშრომლებს შორის.
კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის რეგიონალური დანაყოფები მთელი ქვეყნის მასშტაბით დეტალურად სწავლობდნენ საარჩევნო სიებს, ავლენდნენ პოლიტიკურად პასიურ და საქართველოდან წლების წინ გასულ მოქალაქეებს და მათ დემოგრაფიულ მონაცემებს აწვდიდნენ პატარიძეს, რის შემდეგაც აღნიშნული მონაცემები შეჰქონდათ საქართველოს მოქალაქის ყალბ პირადობის მოწმობებში, სადაც წინასწარ ჩაკრული იყო კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომელთა ფოტოსურათები.
შესაბამისად, ერთ თანამშრომელზე დამზადებული იყო რამდენიმე ყალბი პირადობის მოწმობა, რომელთა გამოყენებით, აღნიშნული პოლიციელები სხვადასხვა საარჩევნო უბნებზე სხვადასხვა ამომრჩევლის მაგივრად აძლევდნენ ხმას „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ და მათ კანდიდატებს.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მხოლოდ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში ათასამდე ადამიანი მსახურობდა, თითო ჯერზე მზადდებოდა და არჩევნების ფალსიფიცირებისთვის გამოიყენებოდა ათასობით ყალბი პირადობის მოწმობა.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ზუგდიდიდან და ბათუმიდან ამოღებულია არჩევნებზე გამოყენებული დაახლოებით რამდენიმე ათასი ცალი ყალბი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და მათ დასამზადებლად საჭირო ბეჭდები, შტამპები და სხვა ტექნიკური საშუალებები.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სს კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, 164 2 პრიმა და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
ამ ეტაპისათვის მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულის ორგანიზატორების დადგენის მიზნით.