მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, თბილისის შემოგარენში თავდაცვითი ნაგებობების მშენებლობა შეჩერებულია. პრეზიდენტმა თბილისის გარშემო თავდაცვითი ზღუდის შეჩერებული მშენებლობა პირადად დაათვალიერა და აღნიშნა, რომ ადრე ეს იყო სახელმწიფო საიდუმლოება, მაგრამ დღეს, მისი ინფორმაციით, საქართველოს მტერმა ეს უკვე იცის. 2008 წლის შემდეგ ყოფილმა ხელისუფლებამ დაიწყო თბილისის გარშემო თავდაცვითი ნაგებობების შენება.
„ყველგან, თბილისის გარშემო, სიმაღლეზე გავაკეთეთ ბეტონის ბუნკერები და თბილისი დღეს კარგად არის დაცული ამ ბეტონებიდან და ჩრდილოეთიდან შეტევა თბილისზე ძალიან გართულებულია, განსხვავებით 2008 წლისგან. შემდეგ ჩვენ განვიხილეთ შესაძლებლობა, რომ თუ ჩრდილოეთიდან გაუჭირდებოდათ რუსებს შემოტევა, მათ სომხეთის ტერიტორიაზე ბაზები გამოეყენებინათ. ჩვენ ასევე დავიწყეთ წითელი ხიდის მიმართულებით ფორტიფიკაციების გაკეთება. ამ ფორტიფიკაციების 70 პროცენტი დამთავრებულია, ეს არის ანტისატანკო თხრილი, 25 კილომეტრია აშენებული და დარჩენილია სულ რამდენიმე კილომეტრი. ასევე, რამდენიმე საფორტიფიკაციო ნაგებობა გაკეთდა თბილისის გარშემო“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, იგი ესაუბრა გენშტაბის ოფიცრებს და მათ თქვეს, რომ მთავრობაში მათ აუხსნეს, რომ ამ ნაგებობის მშენებლობით საქართველო აღიზიანებს რუსებს და პროვოკაციას აწყობს.
„ჩვენ მათ გამოვიწვევთ თუ ვიქნებით დაუცველები. ყოველი ასეთი ფორტიფიკაცია ანელებს და დიდი ხნით ურთულებს საქართველოს მტერს ყოველგვარ შემდგომ შეტევით ოპერაციებს. ამაში ჩვენ გამოვიყენეთ უცხოელი ინჟინრებიც, ძალიან ბევრი ვიმუშავეთ, ძალიან ბევრი ენერგიაც ჩავაქსოვეთ. მშენებლობა მთლიანად შეჩერებულია და არსებული ნაგებობების ამუშავება, პრაქტიკულად, საბოტაჟის ქვეშ არის. მიმაჩნია, რომ ეს არის საქართველოს უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული მავნებლური ქმედება და მე ასევე მიმაჩნია, რომ ქართველმა ხალხმა ამის შესახებ უნდა იცოდეს“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა თავდაცვის სამინისტრო. ირაკლი ალასანიას უწყება გაკვირვებულია პრეზიდენტის მიერ თბილისის გარშემო თავდაცვითი ზღუდეების მშენებლობაზე გაკეთებული განცხადების გამო. თავდაცვის სამინისტრო მოუწოდებს საქართველოს უშიშროების საბჭოს აპარატს, პრეზიდენტის ადმინისტრაციას, მეტი სიფრთხილით მოეკიდონ სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გავრცელებას.
„ქვეყნის თავდაცვითი ნაგებობების ლოკაციისა და ტიპის შესახებ ნებისმიერი სახის ინფორმაიციის გავრცელება საფრთხის შემცველია ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. სახელმწიფოს მთავარსარდლის, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის 23 ოქტომბრის განცხადება საქართველოს თავდაცვისუნარიანობას ზიანს აყენებს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და შეირაღებულ ძალებს შესწევს უნარი უზრუნველყოს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა და საკადრისი პასუხი გასცეს უსაფრთხოების გამოწვევებს“, - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.
თავდაცვის და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით პრეზიდენტი აბსოლუტურად არაადეკვატურია და კვლავ ცდილობს ბინძური პიარკამპანიით საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს.
„როცა საუბრობს, რომ გენერალურ შტაბს ელაპარაკა და თავდაცვითი ზღუდის მშენებლობასთან დაკავშირებული პროექტები შეჩერებულია, ცრუობს. არ ვიცი, გენერალურ შტაბში ვის ელაპარაკა, რადგან ხელმძღვანელი, მოადგილეები არ ადასტურებენ მასთან ამ თემასთან დაკავშირებით საუბარს და ვერც დაადასტურებენ, რადგან თავდაცვის სამინისტროში რამდენიმე თვის წინ შეიქმნა კომისია, რომელმაც შეისწავლა ყველა ის ობიექტი, რაც ე.წ. თავდაცვის ზღუდეებს და სისტემებს ქმნიდა და მის მიხედვით, თუ რა მდგომარეობაში იყო ესა თუ ის ობიექტები, მოხდა მათი მწყობრში მოყვანა, ან ისე დაკონსერვება, რომ მიზანშეწონილობის შემთხვევაში, შემდგომში გაგრძელდეს სამუშაო“, - აცხადებს სესიაშვილი.
რაც შეეხება იმ ადგილს, სადაც პრეზიდენტი გუშინ იყო და დედაქალაქის თავდაცვითი ზღუდეების შესახებ აკეთებდა განცხადებას, ეს არა თბილისი, არამედ მარნეული იყო და იქ ის პროექტი დასრულებულია. სესიაშვილის განმარტებით, საინტერესოა პრეზიდენტის განცხადება იმის თაობაზე, რომ რუსებმა საქართველოს საიდუმლო ობიექტების შესახებ იციან.
„მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ რუსებმა უკვე იციან ამ საიდუმლო ობიექტების შესახებ. თვითონაც იცის, რომ ეს საიდუმლო ობიექტებია და მიუხედავად ამისა, იქ ბრიფინგებს აწყობს, თუმცა საინტერესოა, საიდან იცის პრეზიდენტმა, რომ რუსებს საიდუმლო ობიექტის შესახებ ინფორმაცია აქვთ?“, - აღნიშნა სესიაშვილმა.
მისი თქმით, საქართველო არ არის მხოლოდ თბილისი და მხოლოდ დედაქალაქში თავდაცვითი ნაგებობების მშენებლობა საკმარისი არაა. ამასთან, როგორც სესიაშვილი აცხადებს, პარლამენტი წინა ხელისუფლების მიერ თავდაცვითი საფორტიფიკაციო ნაგებობებისა და თხრილების მშენებლობაზე დახარჯული თანხების მიზნობრიობას შეისწავლის. სესიაშვილის განმარტებით, პარლამენტი აღნიშნულ საკითხზე „ნდობის ჯგუფის“ ფარგლებში იმუშავებს.
„მნიშვნელოვანი საკითხია ფინანსები - რა დაუჯდა სახელმწიფოს თხრილების გაკეთება. მე მქონდა საუბარი შესაბამის უწყებებთან და ეს საკითხი ცალკე შესწავლას ითხოვს. პირველივე შესაძლებლობის ფარგლებში გამოვითხოვ დოკუმენტებს და გავაანალიზებთ, რამდენად რაციონალურად მოხდა თანხების გახარჯვა“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
სამხედრო ექსპერტები კი თბილისის გარშემო თავდაცვითი ზღუდის მშენებლობის შეჩერებაში საგანგაშოს ვერ ხედავენ. მათი თქმით, ამ ე.წ. თავდაცვითი ზღუდეებით თბილისის დაცვაც ვერ მოხერხდებოდა და თანხაც არამიზნობრივად იხარჯებოდა. ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორი, ირაკლი ალადაშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ არის ძალიან დიდი ეჭვი, ზღუდის აშენება ხდებოდა არასწორი გათვლებით, როგორც ტაქტიკური, ისე სხვა თვალსაზრისით.
„ბევრის თქმა არ შემიძლია, რადგან სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენს, თუმცა, როგორც ვიცი, სერიოზული შეცდომებია დაშვებული და ვფიქრობ, ამით პროკურატურა აქამდეც უნდა დაინტერესებულუყო. ზღუდის აშენება 21-ე საუკუნეში, როდესაც განვითარებულია მობილური ჯარები, ცოტა მოძველებულად მიმაჩნია. თავდასხმა შეიძლება ისე მოხდეს, საერთოდ არ გაიარო თავდაცვითი ზღუდე“, - აცხადებს ირაკლი ალადაშვილი.
უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი თეონა აქუბარდია კითხულობს საიდან იცის პრეზიდენტმა, რომ თავდაცვითი ზღუდეების შესახებ ინფორმაცია აქვს რუსეთს.
„პრეზიდენტის განცხადება თავდაცვის ზღუდეების შესახებ განსაკუთრებით კი ის დეტალები, სადაც ის კილომეტრებზე საუბრობს თუ რამდენია გაკეთებული გვირაბი და რამდენი დარჩენილი და ასე შემდეგ, არის სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი საკითხი. პრეზიდენტს იმ შემთხვევაში, თუ სურდა რომ ამ თემაზე რეალური ინფორმაცია მიეღო, აქვს უშიშროების საბჭო და შეეძლო ამ სამსახურის მეშვეობით მოეძიებინა მშენებლობის შეჩერების მიზეზი, ან და ის, თუ როგორ გაიგეს რუსებმა ამ მშენებლობების შესახებ ინფორმაცია. როცა პრეზიდენტი სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას საჯარო განცხადების სახით აკეთებს და თან საბოტაჟზე აკეთებს აპელირებას, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს მის დამოკიდებულებას ქვეყნის უსაფრთხოებისადმი“, - აცხადებს აქუბარდია.
რაც შეეხება თავად მშენებლობების შეჩერების საკითხს, აქუბარდიას განცხადებით, როცა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ გააკეთა განცხადება, რომ ამ საკითხს ნდობის ჯგუფი შეისწავლის, ეს განცხადება მისასალმებელია.
„თუმცა ვფიქრობ შესწავლის საკითხი დაიგვიანებს, ნდობის ჯგუფის ფორმატით, მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი თემები სწორედ რომ ნდობის ჯგუფის შესასწავლია, პარლამნეტში უმრავლესობამ ვერ მოახერხა მიუხედავად ერთი წლის მუშაობისა ნდობის ჯგუფის ფორმირება უმცირესობის კანდიდატის უნდობლობის გამო. მნიშვნელოვანია ნდობის ჯგუფის ფორმირება არჩევნების შემდგომ უახლოეს დროში და შესწავლა როგორც ამ საფორთიფიკაციო ნაგებობის ხარისხის (რამდენადაც ბატონ სესიაშვილს ეჭვი ეპარება ამაში), ასევე ფინანსური ხარჯების მიზნობრიობა. ასევე ისიც, თუ ვი იყო მშენებელი კომპანია და რამდენად ხარისხიანი სამშენებლო სამუშაოები იყო ჩატარებული“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას თეონა აქუბარდიამ.