შესაძლოა, ვანო მერაბიშვილი იმერეთის რეგიონში მდებარე საპატიმრო დაწესებულებაში გადაიყვანონ

შესაძლოა, ვანო მერაბიშვილი იმერეთის რეგიონში მდებარე საპატიმრო დაწესებულებაში გადაიყვანონ

„მე მზად ვარ, ქუთაისის ციხეში ჩავჯდე ქურდებთან და ყაჩაღებთან ერთად. ისინი ვერაფერს დამიშავებენ და ამით თქვენ კიდევ ერთხელ დაამტკიცებთ თქვენს პოლიტიკას. მზად ვარ ქუთაისში გადმოვიდე და ქუთაისიდან ვიარო თბილისში“, - ასეთი რეპლიკით მიმართა პროკურატურის წარმომადგენელს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულმა ვანო მერაბიშვილმა.

ამასთან, ვანო მერაბიშვილს აკვირვებს სასამართლოს პოზიცია. მას არ ესმის, ოთხი თვის განმავლობაში უკანონოდ რატომ გაგრძელდა სასამართლო სხდომები და ეს დრო სასამართლომ რატომ „მოანდომა“ მასალების მოგროვებას.

ამასთან, ირკვევა, რომ ვანო მერაბიშვილი არ აპირებს, ყოველთვის დაესწროს სასამართლოს სხდომას, რადგან მისთვის ძნელია ამ შორ მანძილზე ასე ხშირად სიარული. სხვათა შორის, უფრო ადრე ვანო მერაბიშვილი სასამართლო სხდომას არ დაესწრო, მაშინ მიზეზად მისი ვირუსით დაავადება დასახელდა.

გუშინდელ პროცესზე ვანო მერაბიშვილის და ზურაბ ჭიაბერაშვილის საქმეზე უკვე დაიკითხა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი რვა მოწმე, რომლებსაც კითხვები დასაქმების ეპიზოდთან დაკავშირებით დაუსვეს. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ მერაბიშვილსა და ჭიაბერაშვილს ბრალი სისხლის სამართლის სამი მუხლით (ამომრჩევლის მოსყიდვა, მითვისება-გაფლანგვა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) აქვთ წარდგენილი, რაც 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქმე 2012 წელს დასაქმების სახელმწიფო პროგრამის განხორციელებას ეხება. პროკურატურა მიიჩნევს, რომ ამ პროგრამის ფარგლებში სოციალური აგენტები თვალთმაქცურად დაასაქმეს და სინამდვილეში, ისინი წინასაარჩევნო პერიოდში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიულ დავალებებს ასრულებდნენ. საუბარია სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ 21 ათასზე მეტი მოქალაქის ფიქტიურ დასაქმებაზე. აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის გაცემული ხელფასების სახით სახელმწიფო ბიუჯეტმა 5 მილიონ ლარამდე იზარალა.

აღსანიშნავია, რომ იმ დროისთვის, ანუ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში, ვანო მერაბიშვილი პრემიერ-მინისტრის, ხოლო ზურაბ ჭიაბერაშვილი - ჯანდაცვის მინისტრის პოსტს იკავებდნენ.

For.ge-ს პროკურორი ნათია სონღულაშვილი ესაუბრა.

ვანო მერაბიშვილის თქმით, პროკურატურას მასზე მორალური ზეწოლის მოხდენა სურს. იგი აცხადებს, თუ გინდათ, სასამართლო პროცესები ჩემ გარეშე გაიმართოს, ამისთვის მზად ვარ, რადგან ვერ ვივლი პროცესებზე კვირაში ორჯერ. ეს ჩემთვის არაადამიანური მოპყრობის ტოლფასია და ამ ვოდევილში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებო.

- დღევანდელ პროცესზე ვანო მერაბიშვილმა გააპროტესტა, სასამართლოში კვირაში ორჯერ ნუ მატარებთ, მე მინდა, პროცესზე კვირაში ერთხელ მოვიდე და თუ ამას არ გააკეთებთ, სხვანაირად აღვიქვამო. ამის საპასუხოდ, მოსამართლეს ვუთხარი, რომ 205-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს ტერიტორია შორს არის მსჯავრდებულის ან ბრალდებულის საპატიმრო დაწესებულებისგან, მაშინ მოსამართლეს შესაძლებლობა აქვს, ეს ადამიანი მოათავსოს მის ტერიტორიაზე არსებულ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის რომელიმე დაწესებულებაში, ან დროებითი მოთავსების იზოლატორში. საუბარია მხოლოდ კონკრეტულ დღეებზე. მერაბიშვილს მოსამართლემაც განუმარტა, რომ ასეთი რამ ნამდვილად შესაძლებელია. თუმცა ბატონმა ვანომ ჩათვალა, რომ იმერეთში მდებარე ყველა საპატიმრო დაწესებულებაში მხოლოდ ქურდები სხედან და მისი ადგილი იქ არ არის. ამაზე გაბრაზდა და თქვა, თუ ასე ჩათვლით საჭიროდ, ქუთაისის ციხეში გადმოვალო.

ბოლოდროინდელ სხდომაზე სოციალური მომსახურების სააგენტოს ყოფილი თანამშრომელი - ვახტანგ ჩხეიძენაციონალური მოძრაობისსასარგებლოდ აგიტაციაზე საუბრობდა. მოწმე აცხადებდა, რომ დასაქმებულებს 240 ლარის სანაცვლოდ, პარტიის სასარგებლოდ ხალხის მობილიზება, სიის შედგენა და სააგიტაციო მასალების განთავსება ევალებოდათ.

- როგორც წინა პროცესზე, ამჯერადაც აბსოლუტურად ყველა მოწმემ ყველა დეტალი დაგვიდასტურა, რაზეც წინასაწარი გამოძიებისას ისაუბრეს. მოყვანილი გვყავდა სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის და ქუთაისის სამსახურების ორი ხელმძღვანელი პირი და ორი მთავარი სპეციალისტი. დანარჩენი ოთხი ადამიანი კი იყო „ნაცმოძრაობის“ კოორდინატორი, აქედან ორი - წყალტუბოს გამგეობის თანამშრომელი. ბოლო ოთხი ადამიანიდან ორმა პირდაპირ თქვა, რომ მათ უთხრეს, დაეწერათ განცხადება და წასულიყვნენ შვებულებაში. შვებულებაში ყოფნის პერიოდს კი ნაციონალებისთვის არჩევნებზე დასახმარებლად გამოიყენებდნენ. მოწმე აცხადებდა, ჩემი დახმარება გამოიხატებოდა იმაში, რომ, როგორც მთავარ კოორდინატორს, უნდა მომეძებნა ექვს-ექვსი ნდობით აღჭურვილი პირი ჩემ საარჩევნო ტერიტორიაზე და მიკროკოორდინატორებად უნდა შემერჩია ისეთი ადამიანები, ვინც ახლობლებში ავტორიტეტით სარგებლობდა და მათ სიტყვას გაითვალისწინებდნენ „ნაცმოძრაობისთვის“ ხმის მისაცამად. ამ მიზნით ერთმა მათგანმა ექვსი პირი შეარჩია, ხოლო მეორემ -სამი პირი. ამდენად, ამ ადამიანებს წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რა იყო დასაქმების პროგრამა, რა სამუშაოები უნდა შეესრულებინათ. მიკროკოორდინატორებმაც დაადასტურეს, რომ ტელევიზიით გაგონილი ჰქონდათ დასაქმების პროგრამის შესახებ, მაგრამ ამის მეტი არაფერი იცოდნენ. უფრო მეტიც, ისინი არანაირი დასაქმების აგენტები არ ყოფილან და არც კითხვარები შეუვსიათ, უბრალოდ, „ნაცმოძრაობის“ მიკროკოორდინატორის ამპლუაში მათ სასარგებლოდ აგიტაციას ეწეოდნენ და ხელფასსაც ამაში იღებდნენ. სხვათა შორის, სამსახურის მაძიებელთა ერთიანი პროგრამის პროექტის პირველი ეტაპი ნამდვილად კარგად შესრულდა და ამას მათ არავინ ედავება. თუმცა მეორე ეტაპი რადიკალურად განსხვავებული იყო. მეორე ეტაპზე დასაქმებულ ადამიანებს არანაირი საქმიანობა არ განუხორციელებიათ, მათთვის არანაირი დავალება არ მიუციათ. უბრალოდ, დასაქმების პროგრამის საფარქვეშ გამგეობის თანამშრომლებმა მოიძიეს ეს ადამიანები აგიტაციის გასაწევად. ანუ პარტია ამ ხალხს ხელფასს ვერ მისცემდა, რადგან ეს იქნებოდა სახელმწიფოსგან მიღებული უკანონო შერმოწირულობა. ამიტომ ეს რომ გამოესწორებინათ, მოიგონეს ვითომც დასაქმების აგენტების სქემა და ამ ადამიანებმა ხელფასი აგიტაციაში აიღეს. ერთ-ერთმა მოწმემ ისიც თქვა, ხმა „ნაცმოძრაობას“ მივეცი, დავდიოდი მათ მიტინგებზე, შეკრებებზე, რადგან ამას მავალებდნენ და ამაში გადამიხადესო ფული. ბრალდებულები ამბობენ, 600 ათასი ადამიანი აღვრიცხეთო. სინამდვილეში, ეს ადამიანები დასაქმების პირველ ეტაპზე აღირიცხნენ, რასაც პროკურატურა არ ედავება, რადგან პირველი ეტაპი კანონის დაცვით შესრულდა. მეორე ეტაპზე კი 5 მილიონ 240 880 ლარი გაიხარჯა და ხელფასი აგიტაციისთვის მიიღეს.

ალბათ, კითხვებს ამძაფრებს ის გარემოებაც, რომ ეს პერიოდი დაემთხვა 2012 წლის არჩევნებს.

- დიახ. სპეციალურად შეარჩიეს ეს პერიოდი. თანაც, მეორე ეტაპის ადამიანებს ხელშეკრულება შედგენილი ჰქონდათ 2012 წლის 1-ლიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, ხოლო მთელი თვის ხელფასი წინსმსწრებად ჰქონდათ აღებული. მეორე ეტაპზე ხელშეკრულების ფორმაც კი არ დაბეჭდილა, მაშინ, როცა 1-ლი ეტაპის დასაქმებულებთან მითითებულია გვარი, სახელი, თანამდებობა, საიდენტიფიკაციო მონაცემები, წინასწარ დაბეჭდილი კითხვარები.

ჩვენთვის ცნობილია, რომ პროკურატურა აპირებს, ოფიციალურად გააპროტესტოს თქვენი პირადი შეურაცხყოფა, რაც მერაბიშვილ-ჭიაბერაშვილის სასამართლო პროცესზე განხორციელდა. რაში გამოიხატა ეს შეურაცხყოფა?

- ჯერ კიდევ 2013 წლის 17 ოქტომბერს წავიყვანეთ მოწმეები დასაკითხად. სამი მოწმე და ერთი ადამიანი პროცესზე მოსული იყო გარკვეული ჩანაწერით. მათ უნდა ესაუბრათ დიდი მოცულობის ციფრებზე.

ანუ საუბარია ჩანაწერებზე, რომლებიც .. შპარგალკებად მონათლა ზურაბ ჭიაბერაშვილმა?

- ზუსტად ასეა. იმ დღეს ოთხივე მოწმე მოსული იყო დოკუმენტაციით. ეს იყო კანონის მოთხოვნა. თუმცა პირველ ადამიანზე მათ აჟიოტაჟი ატეხეს, რადგან არ აწყობდათ, რასაც ეს ადამიანი ლაპარაკობდა. არადა, მას თავისი ხელით ჰქონდა მონიშნული ციფრები, მთავრობის განკარგულებები, თარიღები. მოსამართლემაც აუწყა ბრალდებულებს, რომ ეს კანონის სრული დაცვით განსახორციელებელი ქმედება იყო და, ამდენად, მოსამართლემ მათ ამ ჩანაწერის წაკითხვის ნება დართო. ამას წინ უძღოდა, რომ რამდენიმე ხნით ადრე მოსამართლემ ყველას და, მათ შორის, ბრალდებულ ზურაბ ჭიაბერაშვილსაც აუკრძალა ვიდეოგადაღება და ფოტოგრაფირება, რადგან მხოლოდ მაუწყებელს ჰქონდა ამის უფლება. თუმცა მიუთითა, რადგან ბრალდებული ხართ და სათანადო ადგილზე ვერ დაჯდებით, აუდიოჩანაწერი განახორციელეთო. ამის მიუხედავად, ჭიაბერაშვილმა მოწმის ჩანაწერს გადაუღო რამდენიმე ფოტო. ისეთი რაკურსით ვიდექი, რომ ეს დავინახე. ზუსტად ვიცოდი, რომ აიფონით გადაღებულს რაღაცაში გამოიყენებდა. მოსამართლეს ვუთხარი, ბრალდებული არ ასრულებს თქვენს მითითებას და გთხოვთ, ამ ადამიანმა გამორთოს აიფონი და არ მოახდინოს გადაღება. ეს არ მოეწონა ბრალდებულ ჭიაბერაშვილს და, გარდა იმისა, რომ მომაყვირა - „შენ შეგეკითხები, რა გავაკეთოო“, ძალიან უცენზურო სიტყვით მომმართა, რაც მისი ლექსიკონის ყოველდღიური შემადგენელი ნაწილია. ამის გამეორება მიჭირს, მაგრამ მაინც გეტყვით: „ნაბიჭვაროო“, - დამიძახა. ეს გაიგონა ჩემს გვერდით მჯდომმა მეორე პროკურორმა და, ასევე - დასაკითხმა მოწმემ, ბორის ჩოფლიანმაც, რომელსაც მანამდეც რაღაცები დაუძახეს, ოღონდ მოწმემ მაშინ არაფერი თქვა. ყველა გადაღებული ფოტო, ასევე, ჩოფლიანის ფოტო ჭიაბერაშვილმა ზუსტად სამ წუთში თავის ფეისბუკზე დადო. ესეც ადასტურებს ჩემს სიმართლეს, რომ ე.წ. შპარგალკა, რეალობაში მოწმის ჩვენების მონახაზია, თავისივე ხელით შესრულებული. მოსამართლეს ვუთხარი, ბატონო მოსამართლე, შემაგინა-თქო. მან მიპასუხა, სამწუხაროდ, არ გამიგონია და ამაზე რეაგირებას ვერ მოვახდენო. ჩვენ ახლა გამოვითხოვთ სასამართლო სხდომის ოქმს - აუდიო და ვიდეო ჩანაწერს. იქნებ, ბრალდებულის გინების ხმა იქ კარგად ისმოდეს, რათა მასზე სათანადო რეაგირება მოვახდინოთ.

სხვათა შორის, ბაჩო ახალაიას პროცესზეც მოსამართლის ლოიალურობა იგრძნობოდა, რომელიც მოწმეების მიმართ ახალაიასა და მისი თანამოაზრეების შეურაცხმყოფელ განცხადებებზე არ რეაგირებდა. პირადად თქვენ მოსამართლის მიმართ შეკითხვები არ გაქვთ?

- იქ, სადაც მოწმეების და თუნდაც პროკურორის მიმართ შეურაცხყოფა ისმოდა, წინა მოსამართლეებიც და ახლანდელიც ამბობენ, ვერ გავიგონეთო. თუმცა, თუ სხვებმა გაიგონეს, სასამართლო რატომ ვერ იგებს ამ შეურაცხყოფას?! გარდა იმისა, რომ ერთმანეთს შეურაცხყოფა არ უნდა მივაყენოთ, პროცესზე არ უნდა კეთდებოდეს პოლიტიკური განცხადებები. ამ მხრივ დღემდე თავისუფლება ეძლევა დაცვის მხარეს, რომ ხშირად აკეთოს პოლიტიკური განცხადებები. ჩვენს მოწმეს თუ ოთხი ფურცელი ჰქონდა მოტანილი, დანარჩენი მოწმეები მთელ ბაინდერებს იყენებდნენ, მაგრამ მაშინ ჭიაბერაშვილს და სხვებს ეს არ გაუპროტესტებიათ, რადგან ისინი შედარებით მყარი ფსიქიკისანი იყვნენ. ეს მოწმე კი ახალგაზრდა, გამოუცდელი ბიჭი იყო და ნახეს, მასზე გადავლა შეიძლებოდა. ამიტომ ბოლომდე გადაუარეს და შეურაცხყოფა მიაყენეს. არადა, 115-ე მუხლის თანახმად, მოწმეს უფლება აქვს, ჩვენების მისაცემად ჩანაწერი გამოიყენოს.

საკმაოდ დიდი რაოდენობის - 4 ათასამდე მოწმეა დასაკითხი. თუ მერაბიშვილს ბრალი დაუმტკიცდება, მას 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის, მაგრამ საზოგადოებაში უფრო მერაბიშვილის არაერთ სხვა დანაშაულზე კეთდება აქცენტები. თუკი ის სხვა დანაშაულებიც გამოიკვეთება, როგორ გესახებათ მერაბიშვილის პერსპექტივა იმ ფონზე, როცა დასავლელი ლობისტებისგან მისი მხარდამჭერი განცხადებები ისმის?

- დასაკითხია ბრალდების მხარის 3 669 მოწმე, სადღაც 80-მდე მოწმე ჰყავს დაცვის მხარეს წარმოდგენილი. ჩვენ ამ მოწმეებიდან დავკითხავთ იმ რაოდენობას, რამდენსაც საჭიროდ მივიჩნევთ პროცესის მიმდინარეობიდან გამომდინარე. პირობითად, შეგვიძლია, დავკითხოთ 500 ადამიანი და ჩავთვალოთ, რომ ამით სასამართლოს გავაგებინეთ, რისთვის ვედავებოდით. ჩვენ მხოლოდ ვიხილავთ აგარაკის ეპიზოდს და ამომრჩეველთა მოსყიდვის ეპიზოდს. პარალელურ რეჟიმში, 5 და 6 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში დაიწყება ორ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე საქმის განხილვა მერაბიშვილის მიმართ -26 მაისისა და გირგვლიანის ეპიზოდი. შესაძლოა, სასამართლომ ყველა მუხლში ცნოს ჭიაბერაშვილი და მერაბიშვილი დამნაშავედ და 12 წელი მიუსაჯოს, მაგრამ ჩვენ ვამტკიცებთ მხოლოდ ბრალეულობას და რამდენი მიესჯება, ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა.

წინა სასამართლოს სხდომაზე მოყვანილი გვყავდა სახელმწიფო აუდიტის პოლიტიკური პარტიების მონიტორინგის სამსახურის უფროსი  -ზურაბ აზნაურაშვილი. მან დაწერა დასკვნა, რომ 5 მილიონ 260 880 ლარის გადარიცხვით, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ ხელფასების სახით მისცა ვითომ დასაქმებულ 21 ათას კოორდინატორს, „ნაცმოძრაობის“ სასარგებლოდ უკანონო შემოწირულობა განხორციელდა. ეს დაგვიდასტურა ზურაბ აზნაურაშვილმა. თუმცა ნაციონალები იმიტომ არ დააჯარიმეს, რომ ახალმა ხელისუფლებამ ამნისტიის აქტი გამოსცა.

ბოლო დროს გახმიანდა, რომ მერაბიშვილი ვირუსის გამო ვერ დაესწრო სასამართლო სხდომას. ხომ არ გრჩებათ შთაბეჭდილება, რომ მას, უბრალოდ, არ სურს სასამართლო პროცესზე მისვლა და ამიტომაც ჯანმრთელობით აპელირებს?

- მერაბიშვილმა ეს ახლანდელ სასამართლო სხდომაზეც დააფიქსირა, წინ და უკან სიარული არ მინდა, აღარ მოვალ პროცესზე და, თუ მოვალ, როცა ამას საჭიროდ ჩავთვლიო. ალბათ, ეს პიარისთვის სჭირდება, რომ, აი, ხერხემალი მაწუხებს, ხოლო წინ და უკან სიარულით ჩემზე ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდებაო.

ანუ სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანაზე აქვს აქცენტი გადატანილი?

- პროცესი რომ დაიწყო, ოფიციალურად მივმართეთ სასჯელაღსრულების სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტს. მათ ივანე მერაბიშვილის ჯანმრთელობის შესახებ ცნობა მოგვცეს, რადგან იმ პერიოდში დასრულებული იყო მისი გამოკვლევა 16 ექიმის, მათ შორის, მერაბიშვილის მიერ მოწვეული ექიმის მეშვეობით. ცნობაში წერია, რომ ვანო მერაბიშვილი აბსოლუტურად ჯანმრთელია.

თუმცა მერაბიშვილი ახლა ძალიან გამხდარია.

- წონის კლება ციხეში მოხვედრილ ყველა ადამიანს ახასიათებს. რაც შეეხება გადატანილ ვირუსს, მასზე ეჭვი არ გაგვჩენია, რადგან სასჯელაღსრულების ექიმი ადასტურებდა, რომ მერაბიშვილს მწავავე ინფექციური ვირუსი, ანუ გაციება ჰქონდა. ხერხემალთან დაკავშირებით კი ვიტყვი, რომ ეს პრობლემა ყველა საჯარო მოსამსახურეს აწუხებს ერთ ადგილზე ხანგრძლივი ჯდომის გამო. ეს სწორედ ე.წ. თეთრ საყელოიანი ადამიანის პრობლემაა.

და ბოლოს, მოსალოდნელია თუ არა ვანო მერაბიშვილის გადაყვანა ქუთაისის ციხეში, იქ, სადაც იგი ქურდებსა და ყაჩაღებს ელის?

- ეს სასამართლოს გადასაწყვეტია, თუმცა საპროცესო კანონმდებლობით, ამის სამართლებრივი და ფაქტობრივი მექანიზმი არსებობს. შეუძლიათ, მერაბიშვილი შეასახლონ სასამართლოსთან ახლოს მდებარე რომელიმე დაწესებულებაში, სავალდებულო არ არის, ეს მაინცდამაინც ციხე იყოს. უბრალოდ, ე.წ. კაპეზეს რომ ეძახიან, დროებითი დაკავების იზოლატორშიც შეიძლება მოათავსონ იმ ორი-სამი დღის განმავლობაში, როცა ივანე მერაბიშვილის იმერეთის ტერიტორიაზე ყოფნა აუცილებელია პროცესში მონაწილეობის მისაღებად.