საქართველოს არჩევნები და, ზოგჯერ, მისი ხმაურიანი შედეგები, სუსტი ნერვების ადამიანებისათვის განკუთვნილი არ არის. ქვეყანა 27 ოქტომბერს საპრეზიდენტო არჩევნებს გამართავს და ეს არჩევნები ისტორიულია: პირველად, მოქმედი პრეზიდენტი საარჩევნო ყუთებით შეიცვლება და არა ქუჩის საპროტესტო აქციებით.
ერთი წლის წინანდელი საარჩევნო გარემოსგან საპირისპიროდ, ქვეყანაში სიმშვიდეა. კონსტრუქციული ოპოზიცია და ნაკლებად პოლარიზებული მედიაგარემო პარტიებს ბევრად უფრო ღია შეჯიბრის შესაძლებლობას აძლევს.
არჩევნების შემდეგ, საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკა გახდება. 2010 წელს მიღებულმა საკონსტიტუციო ცვლილებებმა ფუნდამენტურად შეცვალა ძალაუფლების ბალანსი პრეზიდენტს, მთავრობასა და პარლამენტს შორის. შეერთებული შტატების ჩართულობა დღევანდელ პროცესში, ძალიან მნიშვნელოვანია.
ამ სტატიაში წაიკითხავთ საქართველოს პოლიტიკური პარტიების, სხვადასხვა საპრეზიდენტო კანდიდატებისა და პარტიების პლატფორმების შესახებ; ასევე, იმის შესახებ, თუ რა რისკები ახლავს 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს და როგორ შეცვლის ახალი საკონსტიტუციო შესწორებები პრეზიდენტს და პრემიერმინისტრს შორის კონფიგურაციას.
წინა საპრეზიდენტო არჩევნები
2007 წლის ნოემბერში, ათასობით დემონსტრანტი გამოვიდა რუსთაველის გამზირზე, თბილისის ცენტრალურ ქუჩაზე და მიხეილ სააკაშვილის გადადგომა მოითხოვა. სააკაშვილს და მის მთავრობას კორუფციაში ადანაშაულებდნენ – ბრალდება, რომელმაც 2003 წელს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე შეიწირა. სააკაშვილმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, დემონსტრანტები ცრემლსადენი გაზით და წყლის ჭავლით დაშალა. მისი ოპონენტები ამტკიცებდნენ, რომ ის ავტორიტარული გახდა და დემოკრატიის გზიდან გადაუხვია; ამ კრიტიკას სააკაშვილმა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნით უპასუხა 2008 წლის იანვარში, და ხმათა 53%-ით გაიმარჯვა.
დღევანდელი გარემო
პრეზიდენტის პოსტზე 23 კანდიდატი იყრის კენჭს. ეს ყველაზე კანდიდატმრავალი არჩევნებია ქვეყნის დამოუკიდებლობის დღიდან (1991 წელი). კანდიდატების უმრავლესობას ცოტა თუ იცნობს, რადგან პოლიტიკაში მანამდე არ აქტიურობდნენ. წინასაარჩევნო პერიოდი შედარებით მშვიდია. მიუხედავად ამისა, დამდეგი არჩევნების სამართლიანობასთან დაკავშირებით წუხილი მაინც არსებობს. ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (OSCE/ODIHR) წუხილი გამოთქვა იმის თაობაზე, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახური კამპანიის პერიოდს არასაკმარისად აკვირდებოდა. ODIHR-მა ისიც აღნიშნა, რომ ქართული მედიის მხრიდან კამპანიის გაშუქების პროცესს „კრიტიკული ანალიზი და ანალიტიკური მასალები“ აკლდა.
პრეზიდენტობის შანსი სამ კანდიდატს აქვს: გიორგი მარგველაშვილს, დავით ბაქრაძესა და ნინო ბურჯანაძეს.
შესანიშნავი სამეული
კოალიცია „ქართულ ოცნებაში“, რომელსაც პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს, ექვსი პოლიტიკური პარტიაა, მათ შორის არიან, როგორც ნაციონალისტები, პოპულისტები, ასევე ეკონომიკურად და სოციალურად ლიბერალური შეხედულებების ჯგუფები. „ქართული ოცნება“ შედგება შემდეგი პარტიებისგან: „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“; რესპუბლიკური პარტია, „თავისუფალი დემოკრატები“, ეროვნული ფორუმი, კონსერვატიული პარტია, „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში, კოალიცია „ქართული ოცნება“ ოთხ საკითხზე აკეთებდა აქცენტს: დასაქმება, ჯანდაცვა, განათლება და სოფლის მეურნეობა. ივანიშვილი აცხადებდა, რომ მხარს დაუჭერდა ქვეყნის ნატოში ინტეგრაციას და, იმავდროულად, შეეცდებოდა რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებას.
გიორგი მარგველაშვილი, ვიცეპრემიერი და განათლების ყოფილი მინისტრი, კოალიცია „ქართული ოცნების“ ფაქტობრივად უცნობი საპრეზიდენტო კანდიდატია. კვლევებში მარგველაშვილი 20%-იანი მაჩვენებლით ლიდერობს, მიუხედავად იმისა, რომ მას საყოველთაო ცნობადობა არ აქვს. ის პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირია. მისი პლატფორმა მოიცავს, უმუშევრობის შემცირებას, ინვესტიციების და სამუშაო ადგილების ზრდის ხელშეწყობას, გამოყოფილი რეგიონების – აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დაბრუნებას, და რუსეთის მიმართ საბრძოლო ტონის შერბილებას.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ (ენმ) ქართულ პოლიტიკაში ათი წელია დომინირებს. პარტიის დაბადება უკავშირდება იმედგაცრუებას იმით, რომ ედუარდ შევარდნაძე არ ავლენდა პოლიტიკურ ნებას, დაპირისპირებოდა გაბატონებულ კორუფციას, რომელიც ქვეყანას აზიანებდა. 2001 წლის ბოლოს, იმ დროს იუსტიციის მინისტრი მიხეილ სააკაშვილი შევარდნაძეს გაემიჯნა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დააფუძნა.
დასაწყისშივე, „ენმ“ ხასიათდებოდა რეფორმისტული შემართებით და პროდასავლური ორიენტაციით. მისი პლატფორმა დაეფუძნა პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ლიბერალიზმს ნაციონალიზმის ძლიერი შემადგენლით. დასაწყისში, მემარცხენე-ცენტრისტული „ენმ“ ნელ-ნელა მემარჯვენე-ცენტრისტულ გაერთიანებად გადაიქცა, თავისუფალი ბაზრის მხარდამჭერი რიტორიკით, თუმცა პოპულისტური ტენდენციები არ დაუკარგავს. „ენმ“ მხარს უჭერს ქვეყნის ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებას და დასავლეთისთვის მიბაძვისკენ მიისწრაფვის.
2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დამარცხდა, ნაწილობრივ ეგრეთ წოდებული ციხის სკანდალის გამო და ხელისუფლებას ჩამოშორდა.
დავით ბაქრაძე – პარლამენტის სპიკერი 2008-2010 წლებში. მას აქვს ზომიერი პოლიტიკოსის რეპუტაცია საქართველოს უკიდურესად დაძაბულ პოლიტიკურ გარემოში. ბაქრაძემ განაცხადა, რომ „ენმ“-ს აქვს ბევრი პოზიტიური მიღწევა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ პარტიამ პასუხისმგებლობა უნდა მოიხსნას წარსულ შეცდომებზე. მისი ლატფორმა „ენმ“-ის პლატფორმისგან არ განსხვავდება; ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს შორის, ის პოზიტიური რეიტინგით სარგებლობს. როგორც პრეზიდენტი, ის ყურადღებას გაამახვილებდა სამუშაო ადგილების შექმნასა და ეკონომიკაზე.
ნინო ბურჯანაძე, პარლამენტის ყოფილი სპიკერი 2001-2008 წლებში და ორჯერ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, სააკაშვილის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე ოპონენტია. მიუხედავად იმისა, რომ მას ძალიან მაღალი პოზიციები ეკავა, ბურჯანაძე ყოველთვის კონსტრუქციული მოთამაშე არ იყო. 2011 წელს, მისმა პარტიამ „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო“ ქუჩის საპროტესტო გამოსვლები დაიწყო თბილისში, რაც ძალადობით და ოთხი ადამიანის დაღუპვით დასრულდა. პოპულისტობს რა, ბურჯანაძე „ქართულ ოცნებას“ აკრიტიკებს იმისთვის, რომ ეს უკანასკნელი არ ასრულებს თავის დაპირებას სამართლიანობის აღდგენის კუთხით. ის 2010 წელს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდა და რუსებთან მაღალი დონის მოლაპარაკებების ინიციატივით გამოდის.
მეორე რიგის კანდიდატები არიან: ლეიბორისტული პარტია, რომლის საპრეზიდენტო კანდიდატია შალვა ნათელაშვილი, ქარიზმატული ვეტერანი პოლიტიკოსი. 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მან ხმების 6.5% მოიპოვა, ხოლო მისმა პარტიამ 2012 წლის არჩევნებში – 1%-ზე ოდნავ მეტი. ნათელაშვილი ივანიშვილს და სააკაშვილს შორის სხვაობას ვერ ხედავს. არჩევის შემთხვევაში ის ამომრჩეველს ჰპირდება, რომ გამოიყვანს ჯარს ავღანეთიდან, რუსეთთან უვიზო რეჟიმის შემოღებაზე მოილაპარაკებს, საპროცენტო განაკვეთებს შეამცირებს და აკრძალავს მიწების მიყიდვას უცხოელებისათვის.
ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა, რომელსაც საპრეზიდენტო კანდიდატი გიორგი თარგამაძე უდგას სათავეში, მემარჯვენე-ცენტრისტული პარტიაა, რომელიც ემხრობა ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის როლის გაზრდას საზოგადოებრივ ცხოვრებაში. იმის მოლოდინი, რომ ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ტელეგენურ ლიდერს კარგი შედეგები ექნება, არ არსებობს. ყოფილ ტელეწამყვან თარგამაძეს ქვეყანაში კარგად იცნობენ, მაგრამ მისი წარსული კავშირები ასლან აბაშიძესთან და ბადრი პატარკაციშვილთან, მის შეხედულებებთან დაკავშირებით გარკვეულ კითხვებს აჩენს. თარგამაძის პლატფორმა მოიცავს საკონსტიტუციო აკრძალვის შემოღებას გეი-ქორწინებებზე და სოციალური ხარჯების გაზრდას.
კობა დავითაშვილი, დიდი ხნის გამოცდილი პოლიტიკოსი, პარლამენტის წევრი და „ხალხის პარტიის“ ლიდერია. ის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ჯერ წევრი, შემდეგ კი შეურიგებელი ოპონენტი იყო. 2012 წელს, დავითაშვილი პარლამენტში „ქართული ოცნების“ პარტიული სიით შევიდა, მაგრამ მისი კოალიციაში ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდა. მან დატოვა კოალიცია „ქართული ოცნება“ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოაბიტაციის მიუღებლობის გამო.
ზურაბ ხარატიშვილი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ყოფილი ხელმძღვანელია. მან ეს თანამდებობა ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნის და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის დატოვა. კვალიფიციური ფინანსური აუდიტი და ტექნიკური ექსპერტი, „ქართულ ოცნებასა“ და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ შორის შუალედური პოზიციის დაკავებას ცდილობს.
ნესტან კირთაძე, ყოფილი პარლამენტარი და „ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი, თბილისის ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური სახლის ხელმძღვანელია. ის „ქართული ოცნების“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატებს „ერთი პოლიტიკური ოჯახის“ წარმომადგენლებად მიიჩნევს.
მთავრობის შტოთა როლების ცვლა
როგორც საპარლამენტო რესპუბლიკა, საქართველოს აღმასრულებელი ოფისი ფორმირდება კაბინეტით, რომელსაც პრემიერმინისტრი დააკომპლექტებს და რომელსაც მხარს დაუჭერს საპარლამენტო უმრავლესობა. მთავრობა აღმასრულებელი ხელისუფლების „წამყვანი ორგანო“ გახდება როგორც საშინაო, ასევე საგარეო პოლიტიკაში. პრემიერმინისტრს ექნება უფლებამოსილება, დანიშნოს რეგიონის გუბერნატორები (პრეზიდენტის თანხმობით), წარადგინოს ელჩები, ხელი მოაწეროს პრეზიდენტის დეკრეტებს (გამონაკლისია ომი), დანიშნოს არმიის მაღალჩინოსნები. პრეზიდენტი რჩება სახელმწიფოს მეთაურად, მთავარსარდლად, და „ყველაზე მნიშვნელოვან წარმომადგენლად“ საგარეო საქმეებში. პრეზიდენტი მართავს და ახორციელებს საშინაო და საგარეო პოლიტიკას, თუმცა პრაქტიკაში მას აღარ ექნება საკანონმდებლო ინიციატივის უფლება და მთავრობის თანხმობა დასჭირდება, როგორც მოლაპარკებების წარმოების, ასევე საერთაშორისო შეთანხმებების ხელმოწერის დროს. პრეზიდენტს რჩება არჩევნების დანიშვნის, სპეციალური ჯილდოების და წოდებების, ასევე მოქალაქეობის მინიჭების, კანონების ხელმოწერის და პატიმრების შეწყალების უფლება, ასევე რეფერენდუმების და პლებისციტების თარიღების დასახელების უფლება.
2010 წელს, საკონსტიტუციო ცვლილებები გააკრიტიკეს მისი მიღების სისწრაფის და იმის გამო, რომ საზოგადობრივი კონსულტაციები არდადეგების დროს დაინიშნა. შესწორებებს აკრიტიკებდნენ ასევე მისი ვადების გამოც, რადგან ახალი კონსტიტუციის ამოქმედება განისაზღვრა იმ დროით, როდესაც მიხეილ სააკაშვილს ბოლო საპრეზიდენტო ვადა ეწურებოდა, და რამაც გააჩინა იმის შიში, რომ ის ახალი, ძლიერი პრემიერმინისტრის თანამდებობის დაკავებას გეგმავდა. საერთაშორისო ორგანიზაციებმა, როგორიცაა ვენეციის კომისია, ცვლილებები ზოგადად დადებითად შეაფასა, განაცხადა რა, რომ ის მოიცავს „რამდენიმე მნიშვნელოვან გაუმჯობესებას, და სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია“. თუმცა კომისიამ გამოთქვა წუხილი, რომ პრემიერმინისტრის თანამდებობა ზედმეტად ძლიერი იყო. 2013 წლის 4 ოქტომბერს, პარლამენტმა ერთხმად მიიღო საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც პრემიერმინისტრის ზედმეტ ძალაუფლებას შეზღუდავს ისე, როგორც ამას ვენეციის კომისია მოითხოვდა.
4 ოქტომბრის ცვლილებით, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ამოქმედდება, გაუქმდა მუხლი, რომელიც თავდაპირველად პრემიერმინისტრს ანიჭებდა უფლებას, უნდობლობის ვოტუმი გამოეცხადებინა კაბინეტისთვის მთავრობის მიერ მხარდაჭერილი ნებისმიერი პროექტისათვის. თუკი კაბინეტის წევრების ერთი მესამედი თანამდებობას დატოვებს, მთელი მთავრობა (პრემიერმინისტრის ჩათვლით) პარლამენტმა ხელახლა უნდა დაამტკიცოს. თუკი პარლამენტი ახალ მთავრობას არ დაამტკიცებს, პრეზიდენტს შეუძლია პარლამენტის დათხოვნა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა. ამ მნიშვნელოვანი შესწორების გარეშე, პრემიერმინისტრს ექნებოდა მთელი კაბინეტის შეცვლის უფლება პარლამენტის თანხმობის გარეშე. [1]
დასკვნა
2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს საქართველოში აკლია ის ინტენსივობა, რომელიც ახლდა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებს, რაც პოზიტიური ფაქტია. წელს სასწორზე ნაკლები რამ დევს. თუმცა ეს არჩევნები შანსია საქართველოსთვის განამტკიცოს მისი დემოკრატიული არჩევნების და დემოკრატიული პრაქტიკის კულტურა.
ამერიკის შეერთებული შტატების ჩართულობა საქართველოს საქმეებში სერიოზულია მას შემდეგ, რაც ეს ქვეყანა დამოუკიდებელი გახდა. მან და განსაკუთრებით ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა საკუთარი პოზიტიური წვლილი შეიტანა პროცესებში, რაც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების მოულოდნელ შედეგს მოჰყვა და ხელი შეუწყო იმას, რომ კოაბიტაციას ემუშავა. ის, რომ პრემიერმინისტრის და პრეზიდენტის როლები იცვლება, ხოლო პრემიერმინისტრი ივანიშვილი გადადგომას აპირებს და საკუთარი მემკვიდრის ვინაობას დაასახელებს არჩევნებიდან შვიდ დღეში, სისტემის მდგრადობასთან დაკავშირებით შემდეგი თორმეტი თვის განმავლობაში სერიოზულ გაურკვევლობას აჩენს. ამ გაურკვევლობისა და არეულობის პერიოდში, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ჩართულობა გაღრმავდეს.
სავარაუდოდ, მარგველაშვილს წელს გამარჯვების კარგი შანსი აქვს; თუმცა ამ არჩევნების გაცილებით მნიშვნელოვანი შედეგი არის ის, თუ ვინ გავა მეორე ადგილზე. რადგან სწორედ ამით განისაზღვრება ის, თუ რომელი პარტია გახდება მთავარი ოპოზიციური პარტია და, შესაბამისად, ძლიერი პოზიციის მქონე შემდეგი პოლიტიკური ციკლისათვის. თუკი მეორე ადგილზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გავა, ის დაადასტურებს თავის რელევანტურობას და ძალას, როგორც ნამდვილი ოპოზიციური ძალა. თუკი სულ უფრო პრორუსული, პოპულისტური „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო“ დაიკავებს მეორე პოზიციას, სავარაუდოდ, ანტიდასავლური სენტიმენტები გაიზრდება. გაურკვევლობა ახალი პრეზიდენტის და მომავალი პრემიერმინისტრის ვინაობებთან დაკავშირებით და კოალიციური მთავრობის შესაძლო დაშლის საფრთხე, გაურკვევლობასა და მომავალში შესაძლო არასტაბილურობას მოასწავებს. როგორც კი ვითარება ჩაცხრება, თეთრ სახლში ახალი პრემიერმინისტრის ვიზიტი განამტკიცებდა და გააღრმავებდა სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც არსებობს ამ ორ ქვეყანას შორის და ხაზს უსვამს შეერთებული შტატების ვალდებულებას სამხრეთ კავკასიის მიმართ.
[1] 4 ოქტომბრის შესწორების ფარგლებში, სპეციალური კომისია გეგმავს მთლიან საკონსტიტუციო რეფორმას საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. ახალი კონსტიტუცია 2014 წლის 1-ლი სექტემბრის შემდეგ ამოქმედდება. კომისიას პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი უხელმძღვანელებს, მასში გაერთიანდებიან იურისტები, სამოქალაქო საზოგადოებისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები.
foreignpress.ge