შრომის კოდექსს მორიგი ცვლილებებისთვის ამზადებენ ოღონდ ამჯერად სიახლეები მხოლოდ ქალ მშრომელებს შეეხებათ. სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ პროექტის პრეზენტაციაც გაიმართა, რომელიც შრომით ურთიერთობაში ქალთა უფლებებს ეხება. იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი თვლის, რომ ამ ცვლილებების გატარება ქვეყნისთვის სასიცოცხლოა.
„როდესაც რომელიმე დაწესებულებაში ქალის დასაქმების საკითხი იხილება, შეკითხვები არ უნდა ეხებოდეს მის შესაძლო ორსულობას, დაქორწინების პერსპექტივას და ა.შ. ქალებსა და კაცებს თანაბარი შრომის პირობებში თანაბარი ანაზღაურება და სოციალური გარანტიები უნდა ჰქონდეთ, რომ ღამე ზეგანაკვეთური შრომა და მივლინება ქალთა განსაზღვრული კატეგორიისთვის მხოლოდ მათი თანხმობის შემთხევაში იყოს. განსაზღვრული კატეგორიაა ორსული, მეძუძური, ნამშობიარები და ის ქალები, რომელთც 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი ჰყავთ ან ახალშობილი, ვიდრე ის რამდენიმე თვეს არ მიაღწევს“, - განაცხადა წულუკიანმა.
შრომის კოდექსის ცვლილებების ახალი პროექტის თანახმად, მშობიარობის შემდეგ მშობლებს თავად ექნებათ საშუალება, აირჩიონ, თუ რომელი მათგანი გამოიყენებს დეკრეტულ შვებულებას.
„გვინდა, დეკრეტული შვებულების პირობები იყოს ისეთი, რომ როცა ქალი სამსახურში ბრუნდება, ვიდრე ბავშვი ერთი წელს არ მიაღწევს, ხელშეკრულების გაწყვეტა აკრძალული იყოს“, - განაცხადა წულუკიანმა.
პრეზენტაციას სხვადასხვა სახელმწიფო უწყების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, სახალხო დამცველის აპარატის, საქართველოს პროფესიული კავშირები, ბიზნეს სექტორისა და დიპლომატიური მისიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ და განსაკუთრებული შენიშვნა ახალი ცვლილებების მიმართ არც ერთ მათგანს არ გამოუთქვამს.
კოდექსის რეფორმის პირველი ტალღა 20 ივლისს დასრულდა. ახალმა კანონმა სხვაგვარად დაარეგულირა დამსაქმებლისა და დასაქმებულის ურთიერთობა, დააბალანსა მათი ინტერესები, განსაზღვრა სამსახურიდან დათხოვნის, ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურების, ვადიანი და უვადო შრომითი ხელშეკრულებების დადების წესები. გაიზარდა დეკრეტული შვებულებაც და ანაზღაურებაც - 600 ლარიდან 1000 ლარამდე.
პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი აღნიშნავს, რომ მხოლოდ ეს ცვლილებები დემოგრაფიული სურათის შეცვლის საფუძველს არ იძლევა.
„მესმის, რომ 600 ლარზე უფრო მომხიბვლელი არის 1000 ლარი, მაგრამ ჩვენ ვართ დემოგრაფიული პრობლემების წინაშე მდგარი ქვეყანა. ქალბატონები დეკრეტულ შვებულებაში ძალიან გვიან გადიან და ლამის სამსახურიდან მიდიან სამშობიაროში ბავშვის გასაჩენად იმისთვის, რომ ხელფასი არ დაკარგონ.
იგივე მდგომარეობაა 1000 ლარის პირობებშიც: დეკრეტული შვებულებების დღეთა რაოდენობა კი გაიზარდა, მაგრამ ხელფასი ისევ მიზერულია, ასევე მიზერულია დეკრეტულ დღეთა ანაზღაურებაც. აქედან გამომდინარე, მანდილოსნები კვლავ გვიან გავლენ დეკრეტულ შვებულებაში და ადრე გამოვლენ შვებულებიდან“, - ამბობს პეტრიაშვილი.
იუსტიციის მინისტრი კი აცხადებს, რომ ცვლილებების მიზანი საერთაშორისო საზოგადოებისთვის იმის ჩვენებაა, რომ საქართველო შრომის კოდექსზე მუშაობს:
„შრომის კოდექსის რეფორმის პირველი ტალღა, რა თქმა უნდა, წინგადადგმული ნაბიჯია, მაგრამ დღეს საერთაშორისო სტანდარტებით გვსაყვედურობენ, რომ ეს არ იყო საკმარისი. ამიტომ, ეს მეორე ტალღა ემსახურება ქალთა უფლებების გაძლიერებას და იმის ჩვენებას საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის, რომ ჩვენ ვაგრძელებთ შრომის კოდექსზე მუშაობას და რომ ეს არის მუდმივი, მიმდინარე და პროგრესირებადი პროცესი“, - ამბობს წულუკიანი.