„ფლაი ჯორჯიას“ საჰაერო ექსპლოატაციის სერტიფიკატი ჩამოერთვა. სკანდალურმა ავიაკომპანიამ, ჯერჯერობით, საქართველოს ავიაბაზარი დატოვა.
მოქმედი კანონმდებლობით, ფრენის ნებართვას გადამზიდავი ავტომატურად კარგავს თუ ოპერირებისთვის 2 თვითმფრინავზე ნაკლები ჰყავს. „ფლაი ჯორჯიას“ კუთვნილი „ეარბასები“, გავრცელებული ინფორმაციით, სალიზინგო კომპანიამ, ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, უკან დაიბრუნა.
როგორც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელი, გურამ ჯალაღონია აცხადებს, ნებართვა ქართულ კომპანიას აღუდგება, თუ თვითმფრინავებს დაიქირავებს ან ლიზინგით შეიძენს.
„ფლაი ჯორჯიას“ ავიაპარკში აქამდე ლიზინგით აღებული თვითმფრინავები იყო, თუმცა ავიაკომპანიაში ამტკიცებენ, რომ უახლოეს მომავალში კომპანია ბაზარზე საკუთარი თვითმფრინავებით დაბრუნდება. ბაზარზე დაბრუნების პროცედურას, მათი განმარტებით, 3 თვემდე ვადა დასჭირდება.
„ჩვენ პირობით განსაზღვრული ვადა გვაქვს მოცემული - ეს იყო 4 თვე. ერთი თვე უკვე გავიდა და კომპანია ქართულ ბაზარს უახლოეს მომავალში დაუბრუნდება“, - ირწმუნებიან „ფლაი ჯორჯიაში“.
კომპანიამ ფრენები 17 ოქტომბრიდან დროებით შეწყვიტა, აღნიშნული გადაწყვეტილება დირექტორთა საბჭომ მიიღო. მენეჯმენტმა ფრენების შეწყვეტის მიზეზად კომპანიაში მიმდინარე სტრუქტურულ ცვლილებები და საორგანიზაციო სამუშაოები დაასახელა.
ახლადდაფუძნებული ქართულ-სინგაპურული ავიამპანიის, „ეარ კავკასუსის“ დირექტორი, გიორგი კოდუა „ფლაი ჯორჯიას“ რეაბილიტაციის პერსპექტივას საეჭვოდ მიიჩნევს.
მისი თქმით, კომპანია ირანული ინვესტიციით იყო შექმნილი, რაც სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის დიდ გაღიზიანებას იწვევდა, თუმცა, გარკვეული ინტერესების გამო „ფლაი ჯორჯიას“ ინტერესებს ძველი ხელისუფლება აქტიურად ლობირებდა. თუმცა მთავრობის შეცვლისთანავე, ავიაკომპანიას მფარველები მოაკლდა. გარდა ამისა, არასწორი მენეჯმენტის გამო, კომპანიას ფინანსური პრობლემებიც შეექმნა, შესაბამისად, საქმიანობის შეჩერება მოუხდა.
„სამწუხაროა, რომ 200-მდე თანამშრომელი სამსახურის გარეშე დარჩა. ვეცდებით, რომ საქართველოს მოქალაქეების ნაწილი ჩვენმა კომპანიამ და „აირზენამ“ დავასაქმოთ“, - განუცხადა სააგენტო „ბიპიენს“ კოდუამ.
ქართულ-ირანული ავიაკომპანიის ირგვლივ ბოლო პერიოდში სკანდალი სკანდალზეა. რამდენიმე თვის წინათ გავლენიანმა გამოცემა „უოლ სთრით ჯოურნალმა“ დოკუმენტური მასალა გამოაქვეყნა და „ფლაი-ჯორჯიას“ მფლობელი ირანელი ბიზნესმენები ირანის მთავრობასთან კავშირში ამხილა.
მასალის თანახმად, „ისლამური რევოლუციის დამცველების კორპუსმა“, საქართველოში 150 კომპანიისგან შემდგარი ქსელი შექმნა, რომლებიც ამერიკის სანქციებისგან თავის ასარიდებლად გამოიყენება. თუმცა, „ფლაი ჯორჯიამ“ მაშინ ამ მასალაზე რეაგირება საჭიროდ არ ჩათვალა.
„ფლაი ჯორჯია“ ადგილობრივ ავიაბაზარზე 2011 წელს შემოვიდა. კომპანია ირანის სამმა მოქალაქემ დააფუძნა. ჰოუშენგ ჰოსეინფორი კომპანიის 25%-ს, ფურია ნაიები 25%-ს, ხოლო მოჰამმად ბაგერ ნაჰვი 50%-ს ფლობდა. საჯარო რეესტრის მონაცემებით, 2012 წელს კომპანიის მოწილე საქართველოს ორი მოქალაქე გახდა. „ფლაი ჯორჯიაში“ ივანე ნადაშვილი - 5%-ს, მერაბ ჩიხრაძე 15% ფლობს. ჰოუშენგ ფარსუდეჰ, სენტ-კიტსი და ნევისი - 25% პროცენტს, ხოლო შპს ქორფორეით ლეგალ ქონსალთინგ ჯორჯია - 15%-ს. საკონტროლო პაკეტის მფლობელია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „კაუკასუს ენერგი“, რომლის წილიც კომპანიაში 40%-ია.
საჯარო რეესტრის მონცემებით, კომპანია „ქორფორეით ლეგალ ქონსალთინგ ჯორჯიას“ 50-50 პროცენტს ვლადიმერ გაბრიელაშვილი და დიმიტრი ალექსიძე ინაწილებენ, ხოლო „კაუკასუს ენერგის“ 100 პროცენტს ჰოუშენგ ფარსუდეჰ, სენტ-კიტსი და ნევისი ფლობს.