ლაფანყურის სპეცოპერაციის დეტალებს საზოგადოებრივი საბჭო შეისწავლის

ლაფანყურის სპეცოპერაციის დეტალებს საზოგადოებრივი საბჭო შეისწავლის

ლაფანყურში ჩატარებული სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის აპარატთან საზოგადოებრივი საბჭო შეიქმნა, რომელიც 12 წევრისაგან შედგება. საბჭოს და საკონსტულაციო ჯგუფს ხელმძღვანელობას და კოორდინაციას სახალხო დამცველი გაუწევს. რაც შეეხება საზოგადოებრივი საბჭოს წევრებს, უჩა ნანუაშვილის გარდა, კომისიაში არიან - სოსო ცისკარიშვილი, ლია მუხაშავრია, უმარ იდიგოვი, ზაურ გუმაშვილი, ხასო ხანგოშვილი, მურად ქავთარაშვილი, ვახტანგ მაისაია, კახა კახიშვილი, მამუკა არეშიძე, თამარ გაბისონია და გელა ნიკოლაიშვილი. 

როგორც უჩა ნანუაშვილმა განაცხადა, სახალხო დამცველი უკვე რამდენიმე თვეა, სწავლობს ლოპოტას ხეობაში, სოფელ ლაფანყურთან 2012 წლის 28 აგვისტოს ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ადამიანის უფლებათა სავარაუდო დარღვევის საკითხს. 
მისივე თქმით, სპეცოპერაციის დროს დაზარალებული პირების ოჯახის წევრებს კვლავ აქვთ მრავალი ლეგიტიმური და ამ დრომდე პასუხგაუცემელი კითხვები.

„არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი ისეთი საკითხებისადმი, როგორიცაა სპეცოპერაციის დაგეგმვისა და სისრულეში მოყვანის პროცესი, ლეტალური ძალის გამოყენების აუცილებლობა და ლეგიტიმურობა. სახალხო დამცველი ვერ დარჩება გუგრილი ამ პროცესში. სახალხო დამცველის განცხადებით, მას მიზანშეწონილად მიაჩნია, ლაფანყურში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა სავარაუდო დარღვევების დოკუმენტირების და სრულყოფილი შესწავლის მიზნით, სახალხო დამცველის აპარატთან შეიქმნას საზოგადოებრივი საბჭო“, - განაცხადა ნანუაშვილმა.

საბჭოს მიზანი იქნება განვითარებული მოვლენების თაობაზე ინფორმაციის მოძიება და ფაქტების დოკუმენტირება. საბჭო ასევე ყურადღებას გაამახვილებს დაზარალებულთა ინტერსების წარმოჩენაზე და გამოძიების პროცესის დამოუკიდებლად და გამჭვირალედ წარმართვის აუცილებლობაზე. ამასთან, საბჭო მოამზადებს ანგარიშს, რომელიც შესაბამის მასალებთან ერთად გადაეგზავნება საგამოძიებო ორგანოებს. ნანუაშვილმა ხაზგასმით აღინიშნა, რომ საბჭო არ წარმოადგენს ალტერნატიულ საგამოძოებო უწყებას და პირიქით, ხელს შეუწყობს გამოძიების ყოველმხრივ ეფექტურად და გამჭვირვალედ წარმართავს.

ამასთან, უკვე ცნობილია, რომ ლაფანყურის საქმეზე მომუშავე საზოგადოებრივი კომისიის მუშაობაში „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ და საია არ ჩაერთვებიან. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხზე გამოძიება მიმდინარეობდეს და დადგინდეს სინამდვილეში რა მოხდა, მაგრამ მეორე მხრივ, საკითხი დაკავშირებულია სახელმწიფო უსაფრთხოებასთან, გამოძიების შედეგად კი შეიძლება შეგროვდეს ისეთი ინფორმაცია, რომლის საჯაროდ გამოქვეყნებაც არ იყოს მიზანშეწონილი.

„როცა ასეთ სენსიტიურ თემასთან გვაქვს საქმე და ის ეროვნულ ინტერესებს უკავშირდება, ვფიქრობ, მას სათუთად უნდა მოვექცეთ. სწორედ ამიტომ, მიმაჩნია, რომ ლაფანყურის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით გამოძიება უნდა აწარმოოს სამართალდამცავმა ორგანოებმა, კომისიამ კი მას შეიძლება დამატებითი ინფორმაციები მიაწოდოს“, - განაცხადა ეკა გიგაურმა.

საიას თავმჯდომარის, კახა კოჟორიძის განცხადებით, მისთვის ცნობილია, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში, ბევრი არაფერი გაკეთებულა ამ საქმეზე.

„ჩვენ ვართ დაზარალებულების ოჯახების ადვოკატები და იმ შემთხვევაში, თუ საბოლოოდ დავრწმუნდით იმაში, რომ გამოძიება უმოქმედოა, ჩვენ ამ საქმის ადამიანთა ევროპულ სასამართლოში წაღებას ვაპირებთ. ამ კომისიას კანონმდებლობა არ აძლევს სათანადო ბერკეტებს, რომ გამოძიება წარმართოს“, - განაცხადა კახა კოჟორიძემ.

სახალხო დამცველის განცხადებით, ლაფანყურთან დაკავშირებით შექმნილ საზოგადოებრივ საბჭოში „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ მიწვეული არ ყოფილა. როგორც უჩა ნანუაშვილმა განაცხადა, მათ ჰქონდათ საუბარი საიას ხელმძღვანელთან, თუმცა, გამომდინარე იქედან, რომ ისინი იცავენ ლაფანყურის სპეცოპერაციისას დაზარალებულთა ინტერესებს, სახეზეა ინტერესთა კონფლიქტი და აქედან გამომდინარე, საია ვერ ჩაერთვება საბჭოს მუშაობაში.

ლაფანყურში მოკლული შსს-ს სპეციალური ოპერაციების ცენტრის თანამშრომელი, არჩილ ჩოხელის და, ხათუნა ჩოხელი დარწმუნებულია, რომ მისი ძმა სპეცოპერაციის დროს მიზანმიმართულად იქნა მოკლული.

„იმედიანად ვარ განწყობილი და შესაბამისად, ალბათ, დაიდება რეალური ფაქტები. ვნახოთ, მოვლენებს არ გაუსწრებ. ალბათ, საბოლოოდ დაიდება რეალური დასკვნა რა მოხდა 2012 წლის 28 აგვისტოს. ძალიან ბევრი ფაქტი ადასტურებს, რომ მიზანმიმართულად არის მოკლული ჩემი ძმა, ეს იყო წინასწარ დაგეგმილი მკვლელობა. თუნდაც ის, რაც ხდებოდა ჩვენს სახლში... საშინელი ზეწოლისა და ტერორის ქვეშ ვიყავით“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ხათუნა ჩოხელი.