„პური და სანახაობა“ თუ თემიდა?

„პური და სანახაობა“ თუ თემიდა?

საარჩევნო კამპანიამ ისე უჩვეულოდ ჩაიარა ქვეყანაში, რომ პოლიტიკოსებს, ექსპერტებსა თუ საერთაშორისო სადამკვირებლო მისიებს, მისი ერთგვაროვანი შეფასება უჭირთ. ჩვეულებისამებრ კი ის ხდება, რომ ამომრჩეველი საარჩევნო პროგრამების მიმართ ინტერესს ისევ არ იჩენს. საარჩევნო კამპანია წელსაც, ძირითადად, ლოზუნგებით წარიმართა. მთავარი განსჯისა და ანალიზის საგნად ისევ სიტყვიერი დაპირებები რჩება.

საქართველოში ჩატარებული საარჩევნო კამპანიების მთავარ კომპონენტს ყოველთვის სოციალური საკითხები წარმოადგენდა, რისი დეფიციტიც ამ არჩევნებზე აშკარად შეინიშნებოდა. სოციალურ პრობლემებზე ყურადღების გადატანას „ნაციონალური მოძრაობა“ ამაოდ ცდილობდა. ყოფილი მმართველი გუნდი ისე აპელირებს „ოცნების“ შეუსრულებელ დაპირებებზე, თითქოს, უკვე არავის ახსოვდეს 5 წლის წინ შეპირებული 100 დოლარიანი პენსია და „საქართველო სიღარიბის გარეშე“. სწორედ ასეთი იყო გასულ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული მიხეილ სააკაშვილის მთავარი საარჩევნო სლოგანი.

2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, ვადამდე ადრე გადამდგარი მიხეილ სააკაშვილი, საარჩევნო შეხვედრებზე, მოსახლეობას უახლოეს 4 წელიწადში საქართველოს 30 მილიარდიან ეკონომიკურ ზრდას და სანატრელ დროს პირდებოდა. მისი მტკიცებით, სიღარიბის დასაძლევად აშენდებოდა საწარმოები, სოფლის მეურნეობაში განხორციელდებოდა იაფი კრედიტების პროგრამა და შეიქმნებოდა ახალი სამუშაო ადგილები. სააკაშვილი ამომრჩეველს არწმუნებდა, რომ მისი პრეზიდენტობის ვადებში, ფოთის თავისუფალ სავაჭრო ზონად გამოცხადების შედეგად, საქართველო შავიზღვისპირა რეგიონისთვის ბიზნესცენტრად გადაიქცეოდა. მისი მტკიცებით, საქართველო ისეთივე ბიზნესცენტრი გახდებოდა, როგორიცაა სინგაპური აზიაში და დუბაი ახლო აღმოსავლეთში.

პრეზიდენტობის პირველი ვადის შეფასებისას კი იგი ამბობდა, რომ რეფორმების დროს ყველგან ხდება უსამართლობა. „ეს ძალიან მძიმე გზა იყო, რადგან სამსახურებიდან ბევრი ადამიანი შეამცირეს, მოხდა ბევრი უსამართლობა,რადგან ადვილი რეფორმები არ არსებობს... ჩემი პრეზიდენტად მეორე ვადით არჩევის შემთხვევაში, უახლოეს 4 წელიწადში საქართველოს ეკონომიკური ზრდა 30 მილიარდს მიაღწევს... დადგება სანატრელი დრო და ყველა ოჯახი უზრუნველყოფილი იქნება. საზოგადოება არ შეიძლება იყოს ძლიერი, ადამიანური და ჰუმანური, სანამ საქართველოში თუნდაც ერთი ღარიბი ოჯახია. ამიტომ ჩემი მიზანია სიღარიბის დაძლევა საქართველოს ყველაზე გაჭირვებულ ოჯახებში“, - განაცხადა სააკაშვილმა 5 წლის წინ, ახალი საპრეზიდენტო ვადის დასაწყისში.

შემდეგ იყო 2008 წლის საპარლამენტო არჩევნები და „ნაციონალური მოძრაობის“ 50 თვიანი „ზუსტი და თანმიმდევრული სამოქმედო გეგმა - გათვლილი საქმის კეთებაზე და არა ლაპარაკზე, გეგმა, რომელიც სიღარიბისაგან გაათავისუფლებს და გააერთიანებს საქართველოს“.

„ნაციონალური მოძრაობა“ ამომრჩეველს დაპირდა, რომ 50 თვეში საქართველო გახდებოდა ნატოს წევრი, დავიბრუნებდით აფხაზეთსა და ოსეთს, შეიქმნებოდა ათეულათასობით ახალი სამუშაო ადგილი, ამუშავდებოდა ახალი საწარმოები ქვეყნის ყველაზე პატარა სოფელშიც კი, სრული სიმძლავრით ამოქმედდება ფოთის ინდუსტრიული ზონა, რაც ნიშნავს 35 000-ზე მეტი ადამიანის დასაქმებას. ამას გარდა, 50 თვეში თავისუფალი ინდუსტრიული ზონებები უნდა შექმნილიყო აფხაზეთსა და ოსეთშიც.

რა მოხდა რეალურად 2008 წლის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებიდან რამდენიმე თვეში ყველას კარგად ახსოვს. შესაბამისად, დღეს, ხელისუფლებაში მოსვლიდან ერთი წლისთავზე, მმართველი გუნდისთვის შესრულებული საარჩევნო დაპირებების მოთხოვნა, სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, ცოტა არ იყოს ცინიზმს ჰგავს.

პრეზიდენტობის ნაციონალი კანდიდატი დავით ბაქრაძე ცდილობს გარკვეულწილად გაემიჯნოს წარმავალ პრეზიდენტს, თუმცა ეს შეუძლებელი გახდა იქედან გამომდინარეც, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარტიის თავმჯდომარედ ისევ მიხეილ სააკაშვილი, ხოლო გენერალუერ მდივნად ისევ ვანო მერაბიშვილი დატოვა. ახლა, საარჩევნო დებატებისას, ბაქრაძის მიერ იმის თქმა, რომ მას - პირადად, ერთ ლარად სახელმწიფო ქონება არ გაუჩუქებია და ამ საკითხით „სხვასთან“ გადამისამართება, პასუხისმგებლობისგან გაქცევის უსუსური მცდელობაა. იგი 2008 წელს, დაპირებების გაცემისას, სააკაშვილის საარჩევნო შტაბს, შემდეგ კი საკანონმდებობლო ორგანოს ხელმძღვანელობდა. როგორც პოლიტიკურ კულუარებში ამბობენ, დავით ბაქრაძის დათანხმება საპრეზიდენტო კანდიდატად წარდგენაზე, „ნაციონალურ მოძრაობას“ ცოტა გაუჭირდა და საკუთარი გუნდისგან მანაც მიიღო შეუსრულებელი დაპირება. კულუარული ინფორმაციით, ბაქრაძე დაარწმუნეს, რომ პარტიის სათავეში ცვლილებები განხორციელდებოდა და იქ სააკაშვილისა და მერაბიშვილის გვარები, საზოგადოებისათვის უფრო მისაღები, ახალი სახეებით შეიცვლებოდა.

საკუთარი გუნდის მიერ, 9 წლის მანძილზე გაცემული შეუსრულებელი დაპირებების მიუხედავად, თავისი საარჩევნო კამპანია, შიდა პრაიმერში გამარჯვებულმა დავით ბაქრაძემ „ოცნების“ შეუსრულებელი დაპირებების ტურით დაიწყო. შეუსრულებელ დაპირებებში ნაციონალები, რა თქმა უნდა, მხოლოდ სოციალურ დაპირებებს გულისხმობენ და არამც და არამც სამართლიანობის აღდგენას.

„ვიწყებ შეუსრულებელი დაპირებების ტურს, მე მოვუსმენ ხალხს და ერთად ვისაუბრებთ იმ დაპირებებზე, რაც გასცა ხელისუფლებამ და რომელიც დღემდე არ არის შესრულებული“, - განაცხადა 50 თვიანი სამოქმედო პროგრამისა და „საქართველო სიღარიბის გარეშეს“ ერთ-ერთმა შემოქმედმა.

მართალია, ამ არჩევნებზე მთავარი ლოზუნგების ფუძეს, უმეტესად მცნება - „სამართლიანობა“ წარმოადგენს, მაგრამ საპრეზიდენტო კანდიდატებს საკუთარი ხედვა სოციალურ საკითხებთან დაკავშირებითაც აქვთ დაფიქსირებული. 

საინტერესოა რა ნაბიჯების გადადგმას გეგმავს ამჯერად უმუშევრობის პრობლემის მოსაგვარებლად და რა პოლიტიკას დაუჭერს მხარს სოციალური უსაფრთხოების გაუმჯობესების მისაღწევად პრეზიდენტის რანგში დავით ბაქრაძე. მისი ხედვით, ამ პრობლემებიდან გამოსავალი, ძირითადად, არის ფინანსურ-ეკონომიკური ხასიათის დანაშაულის დეკრიმინალიზაცია.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აზრით, დაცულობისა და სტაბილურობის განცდა კერძო სექტორში მნიშნელოვანია დასაქმების ხელშეწყობისთვის. შესაბამისად, უნდა გამოცხადდეს 5 წლიანი მორატორიუმი ისეთ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლებიც გავლენას ახდენენ ქვეყნის ფინანსურ–ეკონომიკურ გარემოზე; საკანონმდებლო ორგანომ უნდა მიიღოს კანონი ფინანსურ–ეკონომიკური ხასიათის დანაშაულის ამნისტიისა და დაფარული გადასახადების ლეგალიზაციის შესახებ; მოხდეს ფინანსურ–ეკონომიკური ხასიათის დანაშაულის დეკრიმინალიზაცია; აიკრძალოს სასამართლოს ნებართვის გარეშე კერძო მფლობელობაში არსებული კომპანიების შემოწმება სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოების მიერ; სახალხო დამცველის ყოველწლიურ ანგარიშში უნდა დაემატოს ეკონომიკური თავისუფლების შესახებ ინფორმაციის პარლამენტისთვის წარდგენის ვალდებულება“ - აცხადებს დავით ბაქრაძე.

თავისი მმართველობის პერიოდში, „ნაციონალური მოძრაობა“ კატეგორიულად გამორიცხავდა ყოველგვარი ფინასურ-ეკონომიკური დანაშაულებების არსებობას ქვეყანაში და რომელი დანაშაულების ამნისტიაზეა საუბარი მათივე მხრიდან, ცოტა გაურკვეველია. ამომრჩეველმა შესაძლოა ჩათვალოს, რომ დავით ბაქრაძე ე. წ. ელიტური კორუფციის შედეგად და ჩამორთმეული ქონებით მოპოვებული სარგებლის დაკანონებას გულისხმობდეს საკუთარი გუნდის წევრებისთვის.

სოციალური უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად, ბაქრაძე სიღარიბის ზღვრის ქვემოთ მყოფი ოჯახებისთვის მიზნობრივი სოციალური დახმარებით უზრუნველყოფაზე აკეთებს აქცენტს და 1000 ლარიანი ვაუჩერების დარიგებაში ხედავს გამოსავალს. თუმცა, „ნაციონალური მოძრაობის“ 9 წლიანი მმართველობის პერიოდში გაცემული დაპირებების თანახმად, სიღარიბე და სიღატაკე კარგა ხნის დაძლეული უნდა ყოფილიყო ქვეყანაში.

ნაციონალების მიერ გაცემულ შეუსრულებელ დაპირებებზე პასუხისმგებლობა ფაქტიურად მოხსნილი აქვს პრეზიდენტობის კანდიდატს, ნინო ბურჯანაძეს. მიუხედავად იმისა, რომ 2001 წლიდან 2008 წლამდე იგი ქვეყანაში პირველი და მეორე პირის თანამდებობეზე მონაცვლეობდა, საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის მხარდაჭერა მაინც მოიპოვა. ბურჯანაძე სამუშაო ადგილების შესაქმნელად, სტაბილური გასაღების ბაზრის მოძიებას გეგმავს. როგორც თავად აცხადებს, მისი საპროგრამო დევიზი ამ კუთხით მარტივიცაა და რთულიც.

„სახელმწიფომ არ უნდა შექმნას სამუშაო ადგილები, მან ხელი უნდა შეუწყოს ბიზნესს სამუშაო ადგილების შექმნაში. სხვა საკითხებთან ერთად, ერთ-ერთი მთავარია პროდუქციის გასაღების ბაზრების მოძიება - უმუშევრობის პრობლემის აღმოსაფხვრელად საჭიროა სამუშაო ადგილები, ხოლო სამუშაო ადგილებისთვის საწარმოები. საწარმოები რომ აშენდეს, საჭიროა იყოს მოთხოვნა ამ საწარმოთა პროდუქციაზე და მისი გასაღების სტაბილური ბაზარი. ამდენად, უმუშევრობის პრობლემა რომ მოიხსნას, საჭიროა სტაბილური გასაღების ბაზრების მოძიება და გახსნა. ჩვენი საპროგრამო დევიზი ამ კუთხით მარტივიცაა და რთულიც: იქნება ბაზარი? - იქნება ქარხნებიც! იქნება ქარხნები? - იქნება სამუშაო ადგილებიც“, - აღნიშნავს „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წამყვანი სახე ნინო ბურჯანაძე.

რაც შეეხება სოციალური უსაფრთხოების საკითხს, ამ მიმართულებით კანდიდატი რამდენიმე კონკრეტული ნაბიჯის ასახელებს: საარსებო მინიმუმის გათვლის მეთოდიკისა და სიდიდის საჯაროობის დანერგვა; სოციალური გასაცემლების ორიენტირება საარსებო მინიმუმზე; სოციალურად დაუცველი მოსახლეობის იდენტიფიკაციის გამჭვირვალე და მარტივი, ლოგიკურად გამართული სისტემის შემოღება/განვითარება. თუმცა, არჩევნების მოგებას ნინო ბურჯანაძე არა სოციალური თემატიკით, არამედ სამართლიანობის აღდგენის პირობით ცდილობს.

მმართველი გუნდის რჩეული - გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატისათვის შუფერებელი გულწრფელობით აცხადებს, რომ უმუშევრობისა და სოციალური პრობლემების სრულად აღმოფხვრა ფაქტიურად შეუძლებელია. მისი ხედვით, სახელმწიფომ უნდა აიღოს სოციალური პასუხისმგებლობა უმუშევართა დახმარებაზე.

„უმუშევრობის პრობლემის მოგვარების გასაღები ეკონომიკის განვითარებაში, ახალი სამუშაო ადგილების შექმნაშია. თუმცა, ყველაზე განვითარებული ეკონომიკების ქვეყნებშიც კი არ არის უმუშევრობა სრულად აღმოფხვრილი. ჩვენ ეტაპობრივად უნდა მივიდეთ თანამედროვე წამყვანი ინდუსტრიული ქვეყნების გამოცდილებამდე, როდესაც სახელმწიფო იღებს სოციალურ პასუხისმგებლობას უმუშევართა დახმარებაზე და, ამავე დროს, მათ გადამზადებაზე. სახელმწიფო უნდა დაეხმაროს ადამიანებს, დაეუფლონ ახალ პროფესიებს, სპეციალობებს და იპოვონ საკუთარი ადგილი შრომის ბაზარზე... სოციალური დახმარებების მოცულობა კიდევ უფრო გაიზრდება. მალე დასრულდება ახალი მეთოდოლოგიისა და კრიტერიუმების შემუშავება. ახალი სოციალური პოლიტიკა ორიენტირებული იქნება მეტ სოციალურ სამართლიანობაზე - მეტი ყურადღება მიექცევა მრავალშვილიან ოჯახებს, ავადმყოფებს, პენსიონერებს და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს“, - აღნიშნავს მარგველაშვილი, რომელიც სხვა რეალური საპრეზიდენტო კანდიდატებისგან განსხვავებით, დაპირებებს პირველად იძლევა.

როგორც ჩანს, მმართველ გუნდში ჩათვალეს, რომ მათი შავი ლაქა უკანასკნელი ერთი წლის მანძილზე, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანაცხოვრებაა და მთავარ დაპირებად სწორედ კოაბიტაციის დასრულება დაასახელეს.

არჩევნებამდე სულ ცოტა დრო რჩება და ცხადია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავდაუზოგავი მცდელობის მიუხედავად, ვერ მოხერხდა ამომრჩევლის სრული ყურადღების გადატანა „ოცნების“ შეუსრულებელ სოციალურ დაპირებებზე. უსამართლობის განცდამ ისე გადაფარა სოციალური პრობლემები, რომ საპრეზიდენტო კანდიდატებს, ძირითადად, სწორედ ამ კუთხით მოუწიათ ამომრჩეველთა გულების მოგება. შესაბამისად, მმართველი გუნდის საპრეზიდენტო კანდიდატის ლოზუნგია - „დავამთავრებთ კოაბიტაციას არჩევნებისთანავე“, ნინო ბურჯანაძის - სამართლიანობის აღდგენა, დავით ბაქრაძის ლოზუნგია - ვაკონტროლოთ მთავრობა.

იმპერატორთა საყოველთაოდ ცნობილმა ლოზუნგმა - „მიეცი ხალხს პური და სანახაობა“, მას შემდეგ დაკარგა აქტუალობა, რაც ყოფილმა მმართველმა გუნდმა პური შინ წაიღო და ხალხს მხოლოდ სანახაობა მისცა. თანაც ეს საკმაოდ მძაფრსიუჟეტიანი სანახაობა, საზოგადოების უმეტესი ნაწილისთვის 7D-ს ფორმატში იქნა მიწოდებული. შედეგად კი, მიხეილ სააკაშვილის გუნდმა გასულ წელს 1 ოქტომბერი მიიღო.

თუ საარჩევნო სლოგანებით ვიმსჯელებთ, ამ არჩევნებზე აქტუალური თემიდაა. ვინ უკეთ მოირგო მართლმსაჯულებისა და სამართლიანობის ქალღმერთის როლი საარჩევნო კამპანიისას, ამას 27 ოქტომბერს გავიგებთ. ხოლო, გააკეთა თუ არა სწორი არჩევანი საზოგადოებამ, ამას როგორც ყოველთვის, უფრო მოგვიანებით გაიგებს, ალბათ, მაშინ, როდესაც სასწორის პინაზე ერთ მხარეს ყოფილი ჩინოვნიკი, მეორე მხარს კი ჩვეულბრივი მოკვდავი განთავსდება.