ირაკლი ღარიბაშვილის უწყების წლიურ ანგარიშს უცხოელი დიპლომატები და მინისტრები პოზიტიურად აფასებენ

ირაკლი ღარიბაშვილის უწყების წლიურ ანგარიშს უცხოელი დიპლომატები და მინისტრები პოზიტიურად აფასებენ

შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უწყების საქმიანობის წლიური ანგარიშის პრეზენტაცია გამართა, რომელსაც მთავრობის წევრები და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.

2013 წლის ანგარიშში დეტალურად არის საუბარი ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სამინისტროს დეპოლიტიზება, სამინისტროს საქმიანობის საჯაროობისა და გამჭირვალობის უზრუნველყოფა, ადამიანის უფლებების დაცვა, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შემუშავება, საზოგადოებრივი მართლწესრიგისა და საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისა და ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლა, ტრეფიკინგის და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, კონტრტერორისტული შესაძლებლობების გაუმჯობესება, კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, სამინისტროს მიერ ხარისხიანი მომსახურების გაწევა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება.

განსაკუთრებული ყურადღება შს სამინისტროს დეპოლიტიზებას და რესტრუქტურიზაციას ეთმობა, რომლის ფარგლებშიც 2012 წლის ნოემბერში კონსტიტუციური უსაფრთხოებისა (კუდ-ი) და სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტები (სოდ-ი) გაუქმდა, მათ ნაცვლად კი ანტიკორუფციული და სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოები შეიქმნა; ასევე, სამინისტროში შეიქმნა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი.

კერძოდ, შს მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, 2012 წლის ნოემბრიდან სამინისტრო გათავისუფლდა პოლიტიკური წნეხისგან და ჩამოყალიბდა, როგორც საზოგადოებაზე ორიენტირებული ორგანიზაცია;

გარდა ამისა, დეპოლიტიზირების მხრივ მნიშვნელოვანია, რომ შს მინისტრის 2013 წლის 12 სექტემბრის N713 ბრძანებით („არჩევნების პერიოდში შსს-ს მოსამსახურეთა სახელმძღვანელო ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“), შსს-ს თანამშრომლებს ნეიტრალურობისა და მიუკერძოებლობის დაცვა ევალებათ.

ანგარიშის მნიშვნელოვანი ნაწილი შს სამინისტროს ინფრასტრუქტურის განვითარებას ეხება. აღსანიშნავია, რომ ქვეყნის მასშტაბით 30%-ით გაიზარდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟების რაოდენობა, რამაც გაზარდა საპატრულო პოლიციის მომსახურების არეალი და დაიფარა აქამდე აუთვისებელი რეგიონები – 2013 წლის 18 მარტს ფოთში, ხოლო 23 აგვისტოს ზესტაფონში გაიხსნა პოლიციის ახალი შენობები; 2013 წლის ბოლომდე დასრულდება 100-მდე სამშენებლო პროექტი, მათ შორის ჭიათურაში, საჩხერესა და გუდაურში პოლიციის ახალი შენობების მშენებლობა. მიმდინარეობს საპატრულო პოლიციის ორი ახალი შენობის მშენებლობა იმერეთშიც. მიმდინარე წელს დაიწყო და 2014 წელს დასრულდება რიგი ადმინისტრაციული შენობების მშენებლობა აჭარაში, იმერეთსა და კახეთში. მიმდინარეობს სპეციალური დანიშნულების რაზმების ბაზების რემონტი. უკვე აღდგენილია 6, ხოლო წლის ბოლომდე დაგეგმილია 4 სათვალთვალო კოშკურის აღდგენა.

ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, სამინისტრომ რამდენიმე ათეული საცხოვრებელი კონტეინერი შეიძინა და მესაზღვრეებისთვის საგუშაგო ჯიხურების მოწყობა დაიწყო.

რაც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, წინა პერიოდისგან განსხვავებით, 2012 წლის ნოემბრიდან დღემდე, დროებითი მოთავსების იზოლატორში ადამიანის უფლებების დარღვევის არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა.

„დროებითი მოთავსების იზოლატორების (დმი) საქმიანობა გახდა ტრანსპარენტული. ბოლო 10 თვის განმავლობაში, მონიტორინგის მიზნით, დმი-ებში სახალხო დამცველის წარმომადგენლებისა და უცხოელი უფლებადამცველების მიერ 90-ზე მეტი ვიზიტი განხორციელდა; ხოლო 2012 წლის დეკემბერში, დროებითი მოთავსების ყველა იზოლატორის დერეფნებში დამონტაჟდა ვიდეოკონტროლის სისტემები. გარდა ამისა, დაკავებულ ქალთა უფლებების დაცვის მიზნით, დროებითი მოთავსების იზოლატორებში გაიზარდა ქალ თანამშრომელთა რაოდენობა; პარალელურად კი პერმანენტულად ხორციელდება იზოლატორების თანამშრომელთა ტრენინგი პირველადი გადაუდებელი დახმარების, ფსიქოლოგიური საჭიროებების გამოვლენისა და ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო სტანდარტების კუთხით,“_აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

არც ოპერატიულ-სამორიგეო სამსახური დარჩენილა ყურადღების გარეშე. 2013 წლის თებერვალში შსს-ს ადმინისტრაციის ოპერატიულ-სამორიგეო სამსახური აღიჭურვა ვიდეოკედლითა და უახლესი მოდელის სერვერით; სერვერთან დაკავშირებულია თბილისის გარემეთვალყურეობის კამერები, ჩატვირთულია სხვადასხვა სახის დეტალური რუკები (თბილისის, რეგიონების); 2013 წლის იანვრიდან მიმდინარეობს მუშაობა კრებსის მომზადების გაუმჯობესებულ პროგრამაზე, რისი საშუალებითაც, მომხდარი დანაშაულის შესახებ ინფორმაცია მომენტალურად, 24 საათიან რეჟიმში, აისახება რუკაზე. შესაბამისად, 2013 წლის 15 თებერვალს ამოქმედდა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის 24 საათიანი ცხელი ხაზი - „126“;

2013 წელს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განსაკუთრებული ყურადღება  საკანონმდებლო ბაზის დახვეწას დაუთმო. 2013 წლის 4 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტმა უკვე მიიღო შსს-ს მიერ ინიცირებული ახალი კანონი „პოლიციის შესახებ“, რომელშიც ზედმიწევნით გაიწერა მთელი რიგი საპოლიციო ღონისძიებები, რასაც წინა კანონი არ ითვალისწინებდა.

რაც შეეხება პიროვნების პერსონალური მონაცემების დაცვას, შეიქმნა უკანონო მიყურადებისა და ფარული ჩანაწერების საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისია, რომელსაც თავმჯდომარეობს შს მინისტრი. კომისიას დაევალა შსს-ს სისტემაში აღმოჩენილი უკანონოდ მოპოვებული მასალის აღრიცხვა, სისტემატიზაცია, ანალიზი, განადგურების ან დაარქივების შესახებ გადაწყვეტილების მიღება; საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, რომ აღნიშნული კომისიის გადაწყვეტილებით, 2013 წლის სექტემბერში განადგურდა პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო/ვიდეო მასალის ნაწილი.

შს მინისტრის განმარტებით, უსაფრთხოების მიზნით, ქვეყნის მასშტაბით 30%-ით გაიზარდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟების რაოდენობა (თბილისში 60-დან 116-მდე, სამეგრელოში 14-დან 20-მდე). გაიზარდა მოქმედების არეალი, დაიფარა აუთვისებელი მიმართულებები; რაც აქამდე ქართულ სინამდვილეში არასდროს ყოფილა, საპატრულო პოლიციის ოფიცრები აღიჭურვნენ სამხრე ვიდეოკამერებით, პრომილეს მზომი ახალი ალკოტესტებითა და ელექტროშოკებით.

შსს-ში პირველად შემუშავდა სამინისტროს სისტემის განვითარების სტრატეგია. დოკუმენტში ხაზგასმულია სამინისტროს წინაშე არსებული გამოწვევები.

2013 წლის აპრილში შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოში ჩამოყალიბდა 3 მობილური ჯგუფი, რომლის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ტრეფიკინგის რისკის შემცველი ადგილების გამოვლენა და რისკჯგუფებს მიკუთვნებულ პირთა გამოკითხვა; 2013 წლის განმავლობაში შსს-ს მიერ ტრეფიკინგის მუხლით გამოძიება დაწყებულია 15 შემთხვევაზე.

აშშ-ის სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL) მხარდაჭერით, მიმდინარეობს კინოლოგიური სამსახურის განვითარება;

2012 წლის დეკემბერში შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში შეიქმნა კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველო. 2013 წლის მაისში შსს-ში შეიქმნა ჰაბიტოსკოპიური და კომპიუტერულ-ტექნიკური ექსპერტიზის განყოფილება. მისი ერთ-ერთი ძირითადი დანიშნულებაა კომპიუტერული ტექნიკიდან, მობილური ტელეფონებიდან და ციფრული ინფორმაციის სხვა მატარებლებიდან ინფორმაციის მოპოვება, აღდგენა, გაშიფრვა და საექსპერტო ანალიზი.

„2012 წლის ოქტომბრიდან დღემდე საპატიმრო დაწესებულებები დატოვა 16 892-მა პირმა. აღნიშნულის მიუხედავად, ქვეყნის მასშტაბით იკლო დანაშაულის რიცხვმა და გაიზარდა მისი გახსნის მაჩვენებელი. 2012 წლის 9 თვის მონაცემებთან შედარებით, 2013 წლის ანალოგიურ პერიოდში დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი 37.2 %-ით გაიზარდა და 57.2 % შეადგინა“,_აცხადებს შს მინისტრი.

როგორც ირკვევა, 2012 წლის ნოემბრიდან შსს-ს მიერ დაკავებულია ექვსი ე.წ. „კანონიერი ქურდი“, 2013 წლის ივლისში კი შსს–ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა 116.5 კგ. ჰეროინი ამოიღო და შსს–ს მიერ მსგავსი მასშტაბის ოპერაცია აქამდე არ განხორციელებულა.

რაც შეეხება გახმაურებულ თემას, 2013 წლის ივნისში, სამეგრელოში აღმოჩენილ მიწისქვეშა სამალავებთან დაკავშირებით, მინისტრი აცხადებს, რომ ამოღებულ იქნა დიდი ოდენობით ფეთქებადი ნივთიერებები, ასაფეთქებელი მოწყობილობები, ცეცხლსასროლი იარაღი, ნარკოტიკული და ძლიერმოქმედი ფსიქოტროპული ნივთიერებები, აგრეთვე, წინა ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილი პირების ფოტოსურათებისა და პირადი მონაცემების შემცველი არქივი; ადამიანების სასტიკი წამების, მათზე სექსუალური ძალადობის განხორციელების, ცემის, დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი მოპყრობის ამსახველი ვიდეომასალა. აღნიშნულ ფაქტზე დაკავებულია 12 პირი (მათ შორის, 5 მოქმედი პოლიციელი და თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი) და მიმდინარეობს გამოძიება;

ინტერნეტსივრცეში საქართველოს მიმართ მუქარის შემცველი ე.წ. „ჯიჰადის ვიდეორგოლის“ გავრცელებამ საზოგადოებაში ფართო გამოხმაურება ჰპოვა. ამის შესახებ წლიურ ანგარიშშიც მითითებულია. კერძოდ, ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგენილ იქნა დანაშაულის ჩამდენი პირი - რუსეთისა და ყირგიზეთის ორმაგი მოქალაქე, რომელზეც გამოცხადებულია ძებნა;

საგანგებო სიტუაციების მართვასთან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაწყებულია მიგრაციის სამსახურის ჩამოყალიბება; აქვე შეიქმნა იმიგრაციის მონაცემთა ერთიანი ელექტრონული ბაზის სატესტო ვერსია;

გარდა ამისა, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოზარდების ცნობიერების ამაღლებასა და ცრუ შეტყობინებების შემცირებას; შესაბამისად, გამკაცრდა სანქციები „112“-ის საგანგებო ნომრის არამიზნობრივი გამოყენებისთვის. 

შს სამინისტრო საკუთარი თანამშრომლებისთვისაც ზრუნავს. ამ მიზნით მრავალშვილიან ოჯახებს დაუწესდათ ყოველთვიური დანამატი; ხოლო შს მინისტრის 2013 წლის 1 მარტის ბრძანებით, ქორწინების, შვილის შეძენის ან ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში, სამინისტროს თანამშრომლები იღებენ 1250 ლარიან დახმარებას. გარდა ამისა, საპატრულო პოლიცია მთელი წლის განმავლობაში ჩართულია აქციაში –„გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე“.

ეს ის არასრული ჩამონათვალია, რაც მთელი წლის განმავლობაში შს სამინისტროში განხორციელდა. აღნიშნული მიღწევების შეფასება მთავრობის წევრებსა და დიპლომატებს ვთხოვეთ.

საქართველოს მთავრობის წევრები მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის საქმიანობას წარმატებულად მიიჩნევენ. როგორც საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, მაია ფანჯიკიძემ  განაცხადა, უდიდესი მიღწევა პოლიციის დეპოლიტიზებაა.

"ეფექტური ბრძოლა დანაშაულთან, დანაშაულის პრევენცია, მოსახლეობის უსაფრთხოების, ადამიანის უფლებების დაცვა არის ის, რაც ასე სჭირდებოდა ჩვენს ქვეყანას და რაც, სამწუხაროდ, წინა წლებში ვერ ხერხდებოდა. გატარებული რეფორმები უმაღლესი შეფასების ღირსია და მე ვულოცავ ამ დიდ წარმატებას ჩემს ძვირფას კოლეგას, ირაკლი ღარიბაშვილს,“ - განაცხადა ფანჯიკიძემ.

კრიმინალის მაჩვენებლის მკვეთრად შემცირებასა და დანაშაულის გახსნის სტატისტიკის ზრდაზე გაამახვილა ყურადღება ფინანსთა მინისტრმა. ნოდარ ხადურის შეფასებით, უმნიშვნელოვანესია, რომ პოლიცია საარჩევნო პროცესში არ ერევა და განსხვავებული აზრი არ იდევნება, როგორც ეს წლინახევრის წინ ხდებოდა. ამასთან, ხადური მოხარულია, რომ საქართველოს ასეთი წარმატებული შინაგან საქმეთა სამინისტრო და მინისტრი ჰყავს.

ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ აღნიშნა, რომ წარმოდგენილი ანგარიში შტამბეჭდავია, რადგან პოლიციის დეპოლიტიზირებაზე აქამდე ვერავინ იოცნებებდა.

წლიური ანგარიშის პრეზენტაციას პოზიტიური შეფასება მისცეს დიდი ბრიტანეთის ელჩმა, ალექსანდრა ჰოლ ჰოლმა და განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ.

თავად მინისტრი კი აცხადებს, რომ შს სამინისტროში რეფორმები კვლავაც გაგრძელდება.