იპოთეკური რეგულაციის სახეცვლილება

იპოთეკური რეგულაციის სახეცვლილება

იპოთეკურ სესხებთან დაკავშირებით რაღაც რეგულაციები კი მომზადდა და შემოდის, მაგრამ ეს არაფრით ეხება უკვე დადებულ გარიგებებს. „სესხის გადავადება მხოლოდ ბანკს ევალება“, - ამბობს იუსტიციის მინისტრი.

თეა წულუკიანის განცხადებით, იპოთეკურ სესხებთან დაკავშირებით საკანონმდებლო რეგულაციები უკვე შეიქმნა, რომელიც პარლამენტს უახლოეს დღეებში წარედგინება. ეს, სავარუდოდ, ნოემბრის დასაწყისში მოხდება, როცა საარჩევნო შვებულების შემდეგ, საკანონმდებლო ორგანო ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება.

როგორც წულუკიანმა აღნიშნა, იპოთეკურ სესხებზე მომუშავე ჯგუფს არ ევალებოდა რაიმე ტიპის სესხების გაცემაზე მუშაობა, მას ევალებოდა მომავალში დასადები სასესხო ხელშეკრულების უკეთესი საკანონმდებლო რეგულაციების შექმნა.

კანონპროექტი მთავრობამ უკვე მოიწონა და მიმდინარე პარასკევს, ან მომავალ კვირას პარლამენტში გაიგზავნება.

„ხაზს ვუსვამ, რომ ეს ეხება მომავალში გასაცემ სესხებს. აღნიშნულთან დაკავშირებით მედიამ თავის დროზე მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანა და ცრუ იმედები მისცა მას. სესხის გადავადება მხოლოდ ბანკს ევალება“, - როგორც მოხლეებს ჩვევიათ თითი ჟურნალისტებისკენ გაიშვირა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრის ამ კომენტარით საბოლოოდ დადასტურდა ეჭვი, რომელიც საზოგადოებას და უმრავლესობის დეპუტატთა ერთ ნაწილს რამდენიმე კვირის წინ გაუჩნდა. საუბარია, იმ ინიციატივაზე, რომელიც იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაზე სააღსრულებლო პროცესის 6 თვით ვადით შეჩერებას ითვალისწინებდა. პირველი მოსმენით მოწონებული კანონპროექტი ახლა ჩასავარდნადაა განწირული. არადა, კანონპროექტის ავტორის გედევან ფოფოხაძის განცხადებით ეს არც ეკონომიკისთვის და არც ბიზნესისთვის საზიანო არ იქნება.

„ეს ხელოვნულად მოგონილი თემაა, რადგან კონკრეტული ეკონომიკური ზიანი არ არსებობს. მეორე მხრივ კი ადამიანი საკუთარი ნივთებით არ უნდა გამოიყვანო სახლიდან, წვიმასა და თოვლში არ უნდა დაუყარო ნივთები. ეს ადამიანის უფლებების არანაირ სტანდარტებს არ შეესაბამება!

გარდა ამისა, სხვა კუთხით არის საფრთხე იმისა, რომ უძრავი ქონების ბაზარზე ბინების კუთხით შეიძლება გაჩნდეს დიდი რაოდენობით იაფფასიანი შეთავაზებები, რაც ეკონომიკისთვის არანაკლებ საზიანოა.

თუ ეს ბინები მასობრივად გამოვა აუქციონეზე, ამის შედეგი იქნება ის, რომ ბაზრობაზე აღარ გაიყიდება არც ერთი არმატურა, არ გაიყიდება ცემენტი, აგური... ვერავინ დასაქმდება მშენებლობაზე, აღარავინ იყიდის ახალ სახლებს... რეალურად ბაზარი იმდენად გაჯერდება იაფასიანი შეთავაზებით, რომ მოთხოვნა შემცირდება და ეს პირდაპირ დაარტყამს მშენებლობას, აღარაფერს ვამბობ სოციალურ ფონზე“, - აცხადებს ფოფხაძე.

დეპუტატის განმარტებით, მესაკუთრე, რომელსაც, კანონპროექტის თანახმად, საკუთრების უფლება ეზღუდება, ხშირად არ იყო კეთილსინდისიერი და ხშირ შემთხვევაში საქმე არათანაზომიერ პროცენტთან და თაღლითობასთანაც კი გვაქვს.

„ჩვენ ამით საკუთრების უფლებას არავის არ ვართმევთ, თუმცა ვზღუდავთ. მე მიმაჩნია, რომ პირველი 2 თვე მაქსიმალურად უნდა ყოფილიყო გამოყენებული ადამიანების აღრიცხვისთვის, შემდეგ კი ყველას ერთად უნდა გვემსჯელა ამ პრობლემის მოგვარებაზე და განგვესაზღვრა ის გზები, თუ როგორ უნდა წავსულიყავით 6 თვის შემდეგ“, - აღნიშნა ფოფხაძემ „ბიზნეს კლუბში“ სტუმრობისას.

მისივე თქმით, პროექტის ჩავარდნის შემთხვევაშიც კი ეს ინიციატივა არავის დააზარალებს, პირიქით, სტიმულს მისცემს ფინანსურ ორგანიზაციებსა თუ კერძო იპოთეკარებს, მეტად დაფიქრდნენ მსესხებელთა უფლებებზე.