მხედრიონი ბრუნდება... რა ხდებოდა სპორტის სასახლეში?

მხედრიონი ბრუნდება... რა ხდებოდა სპორტის სასახლეში?

23 ოქტომბერს სპორტის სასახლე სანახევროდ გაივსო. გიორგი მარგველაშვილისა და დავით ბაქრაძის შემდეგ, ამომრჩეველს ნინო ბურჯანაძე შეხვდა. დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი ხმამაღლა აანონსებდა, მოსვლის მსურველი ბევრია, მაგრამ სამწუხაროდ სპორტის სასახლე მეტს არ იტევსო. არადა, თუ გული გულობს, სიტყვა „დინამო არენაზეც“ ითქმება, მაგრამ საქართველოს მთავარ სარბიელს ვინ ჩივის, სპორტის სასახლეც კი წვალებით სანახევროდ გაივსო. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჭკუაში აშკარად აჯობა საკუთარი გუნდის ყოფილ წევრს - ნაციონალებმა შეხვედრა თბილისობას დაამთხვიეს და სპორტის სასახლის წინ გაშლილ კარვებსა თუ დახლებს შორის არ ჩანდა რეგიონებიდან ჩამოყვანილი ავტობუსი და რეგიონებისთვის დამახასიათებელი კუთხური დიალექტიც ნაკლებად გხვდებოდა ყურში. აკი მითხრეს კიდეც „ნაცმოძრაობის“ ლიდერებმა, შენ რომ გგონია, ხალხი რეგიონებიდან ჩამოვიყვანეთ, სულ ტყუილია, ის ხალხი თბილისობაზე იყო ჩამოსული და ჩვენს მხარდამჭერებში აგერიაო. არადა, იმ ყრილობაზე ისიც მახსოვს, კობა ხაბაზი ბოლო ხმაზე რომ ყვიროდა, ქობულეთელები რატომ გაუშვით დასალევად, ჯერ ყრილობას უნდა დასწრებოდნენო და ისიც მახსოვს, თენგიზ გუნავა რომ შემოუძღვა სამეგრელოს ნაკადს და მოსულები ზუგდიდისა და სენაკის პლაკატებს რომ აფრიალებდნენ.

მოკლედ, წინა ყრილობის დარად, ჯერ გარე პერიმეტრი დავზვერეთ. ჩამოსულებიდან ზოგი თამამად იქცეოდა და სპორტის სასახლის წინ მდგარ ძეგლზე ძველისძველ ანეკდოტს ჰყვებოდა, უმრავლესობა კი ავტობუსების გვერდით მიყუჟულიყო, თბილისურ ცივ ნიავს თავს აფარებდა და ცნობადი სახეების მზერით იყო დაკავებული. უცებ ჩემს ზურგს უკან მომესმა, აი, ნონა გაფრინდაშვილი მოდისო და მეც იმ მხარეს გავიხედე, საიდანაც ლეგენდარული სპორტსმენი უნდა გამოჩენილიყო. ქალბატონი ნონა ვერ დავინახე, უცხო ქალი შემრჩა ხელთ და ვუთხარი კიდეც ჩამოსულებს, ეს გაფრინდაშვილი არ არის თქო და... კინაღამ ცემა დამიწყეს, შენ ვინ გკითხავს, ჩვენ ჩვენთვის ვსაუბრობთო. არა, გაფრინდაშვილს რომ ვერ ცნობ, ეს მხოლოდ მათი პრობლემა არა მგონია იყოს, თუმცა...

გაოცება მაშინ გენახათ, როცა ხალხის მასაში თვალი ამაყად მომავალ იაგო მაჩაბელს მოვკარი. ვინც არ იცის, ვეტყვი, რომ ბატონი იაგო ჯაბა იოსელიანის ზეობის პერიოდში ჯერ გარდაბნის რაიონში, მერე კი რუსთავში მხედრიონის შეფი იყო და ახლა თურმე ბურჯანაძის პარტიის ერთ-ერთი გამორჩეული სახეა. ის 30-მდე ადამიანს მოერეკებოდა (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით) და მათაც ერთ-ერთი ავტობუსის უკან მიუჩინა ადგილი, თან დაუბარა, აქ იდექით, მე მალე დავბრუნდებიო. წასვლას აშკარად არავინ აპირებდა და ისეთი თვალებით იყურებოდნენ, თბილისში პირველად თუ არა, მაქსიმუმ მეორედ იყვნენ. მაჩაბელი მალე დაბრუნდა და თან ერთი ბიჭი მოჰყვებოდა წუწუნით, ეგ არის, 20 ლიტრ ბენზინს მოგცემთ, მხოლოდ 10-ლიტრიანი ტალონი რატომ მომცესო? იაგომ ჯერ ეს ბიჭი მოიცილა, მერე კი მომლოდინე ხალხს სპორტის სასახლის შესასვლელი უჩვენა.

ყველაზე მეტად ქალბატონი ნინოს მოსვლის პროცესი მაინტერესებდა, მაგრამ ჩემდა სამარცხვინოდ უნდა ვთქვა, რომ „გამემაზა“ და ამის მიზეზი შევარდნაძის მთავრობის რამდენიმე დეპუტატის დანახვა იყო. როგორც ჩანს, „ძველი მეგობრები“ არ იკარგებიან და აგერ, თამამადაც გამოჩდნენ.

როგორც იქნა ყრილობა დაიწყო. გარეთ შემცივნული და გალურჯებული ხალხი მთლიანად გადალურჯებულ სპორტის სასახლეში შევიდა და შეავსო. ბელა ჩაო აშკარად აღარ მოგვისმენია, მაგრამ სამაგიეროდ, ქალბატონი ნინოს მეტსახელი გავიგე. თითქმის ყველა ჩამოსული ერთმანეთს უმტკიცებდა, აი, გახდება „მამიდა“ პრეზიდენტი და მერე გვეშველებაო. ისე, კი ვიფიქრე, ამ ხალხს ანზორ ბურჯანაძის ხათრით თითო-თითო პურს მაინც ჩამოურიგებენ უფასოდ თქო, მაგრამ ისე ჩანს, ჯერ მხოლოდ სანახაობაა საჭირო, პური მერე იქნება, ან თუ არ იქნება, არც არაფერი, ბოლო 9 წელი მხოლოდ სანახაობითაც მშვენივრად ვიკვებებოდით და ამის ერთ-ერთი შემოქმედი სწორედ ბურჯანაძე იყო.

როგორც იქნა გვეღირსა და სპორტის სასახლეში არასპორტული, მაგრამ თამამი ნაბიჯით ქალბატონი ნინო შემობრძანდა. ექსტაზი იცით რა არის? სწორედ ეს დაემართა სპორტის სასახლის ტრიბუნებზე მსხდომთ და ისე ერთ ხმაში დაიწყეს ნინო, ნინოს ძახილი, დირიჟორს დავუწყე ძებნა. მერე გამახსენდა, რომ დირიჟორები მხარს სხვა კანდიდატს უჭერენ და კაშპიროვსკი დავძებნე, რაც არ უნდა იყოს, ბურჯანაძე რუსეთთან ურთიერთობის დალაგებას გვპირდება, პუტინს პირადად და გადაკოცნით იცნობს და დიდი რამე, ერთი დღით კაშპიროვსკი ეთხოვებინათ. მე ვერ დავინახე თუ ლეგენდარული ექსტრასენსი სპორტის სასახლეში მართლა არ იყო, ვერ გეტყვით, მაგრამ აშკარაა, რომ ყვირილში ნავარჯიშები ადამიანები მოწყენის საშუალებას არ გვაძლევდნენ. მერე იყო ბურჯანაძე მიკროფონთან რომ მივიდა და სხვა დაპირებებთან ერთად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების პირობა დადო.

- ან ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იქნება, ან ის 40%, რომლითაც, მახინჯი „ნაციონალური მოძრაობაა“ წარმოდგენილი პარლამენტში. ჩვენ გვინდა ახალი, ქართველი ხალხის ნების გამომხატველი პარლამენტი“, - განაცხადა მან.

ახლა შეიძლება ქალბატონ ნინოს იმდენი დაეთანხმოს „ნაციონალური მოძრაობის“ სიმახინჯეში, რომ ყველამ ხმა რომ მისცეს, ვინძლო პრეზიდენტობისთვისაც ეყოს, მაგრამ იმავე რაოდენობამ რომ იკითხოს, ამ პარტიის მმართველობის დროს ერთ-ერთი მაღალი თანამდებობა ვის ეკავა და პარლამენტში შეტანილ მახინჯ კანონებს ვინ „უპრავებდაო“, რა პასუხს გასცემს ნეტავ? ვინ გაამართლა 7 ნოემბერი და ტელე-იმედის დარბევა? ვინ თქვა, რომ ხელისუფლება ვალდებული იყო ასე მოქცეულიყო და მერე, როცა 26 მაისს უკვე თავად იწვნია ის, რაც მანამდე სხვებს დაატეხა თავს, მერე აყვირდა და პრინციპი, მაძღარს მშიერიც მაძღარი ეგონაო, პირდაპირ გაამართლა. პრეზიდენტი ბურჯანაძე ზუსტად იმდენჯერ იყო, რამდენჯერაც სააკაშვილი და მართალია მცირე ვადით, მაგრამ ის ვადაც, მისივე სიტყვებით რომ ვიმსჯელოთ, „მახინჯი ნაციონალური მოძრაობის“ გაკეთლიშობილებას მოანდომა და მერე, როცა მიხვდა, რომ პარლამენტის თავმჯდომარის სკამი შეერყა და ვეღარ დაჯდებოდა, ოპოზიციაში წავიდა.

„მე აუცილებლად გავიყვან საქართველოდან რუსეთის ჯარს და რუსულ ტანკებს. ეს მარტივი გასაკეთებელია და იმასაც გპირდებით, რომ მავთულხლართები, რომლებიც ახლაა გაბმული, აღარ იარსებებს“, - ესეც ბურჯანაძის სიტყვებია.

არადა, ყველაფერი ძალიან მარტივი თუ იყო, საქართველოში რუსეთის ჯარი და ტანკები ათეული წლებია დგას და აქამდე რატომ არ გააკეთა ეს ქალბატონმა ნინომ? სტატუსი არ ჰქონდა, შეხვედრის შესაძლებლობა თუ... თუ ნება?! რატომღაც, ეს დაპირებაც ისე გაისმა, როგორც მანამდე ისმოდა ნაციონალების, უკაცვრავად, მახინჯი ნაციონალების დაპირებები და რომელთა შესრულებაზეც თავს ქალბატონი ბურჯანაძეც დებდა.

„ქართული ოცნების“ პრეზდენტობის კანდიდატ გიორგი მარგველაშვილს არ აქვს მხარდაჭერა და ბიძინა ივანიშვილს ატყუებენ, როდესაც ეუბნებიან, რომ მარგველაშვილს აქვს 40-60% და ის პირველივე ტურში გაიმარჯვებს. ეს ასე არ არის. გპირდებით, რომ თქვენს თითოეულ ხმას დავიცავ“, - განაგრძო ბურჯანაძემ.

რამდენად შესაძლებელია ივანიშვილის მოტყუება, თავად განსაჯეთ, მაგრამ ის, რომ ბურჯანაძე თითოეულ ხმას დაიცავს, აშკარად გადაჭარბებული დაპირებაა. საქმე ისაა, რომ ყველა საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაცია ამტკიცებს, ასეთი დემოკრატიული გარემო არცერთი არჩევნების წინ არ ყოფილაო და, სავარაუდოდ, ქალბატონ ნინოს ძველი დრო ახსოვს, როცა ხმები დასაცავი იყო.

ისიც ითქვა, მეორე ტური აუცილებლად იქნება, რადგან რეიტინგით მარგველაშვილთან ძალიან ახლოს ვარო და მერე იყო დაპირებები მზიან საქართველოზე, უღრუბლო ცაზე და წნეხისგან გათავისუფლებულ ბიზნესზე. იმ ბიზნესზე, რომელსაც წლების მანძილზე მეწველი ძროხასავით იყენებდა ნაციონალური, ისევ ბოდიში, მახინჯი „ნაციონალური მოძრაობა“ და რომლის „მამიდა“ (ეს ბურჯანაძის მხარდამჭერთა მიერ შერქმეული თიკუნია) მაშინ სწორედ ქალბატონი ნინო იყო. სხდომიდან მალე წამოვედი და ისიც ვიფიქრე, ყველამ თავის „მამიდას“ მოუაროს-თქო.