დაკავებული მაღალჩინოსნები ბრალს არ აღიარებენ და შიმშილობენ

დაკავებული მაღალჩინოსნები ბრალს არ აღიარებენ და შიმშილობენ

ხურჩაში მომხდარ ტერაქტში ბრალდებულებს, რომან შამათავას და მალხაზ მურღულიას ბრალი ტერორიზმის მუხლით წაუყენეს. ბრალდებულები თავს დამნაშავედ არ ცნობენ და აცხადებენ, რომ საკუთარ სიმართლეს დაამტკიცებენ. დაკავებულები საკუთარ ჩვენებაში აცხადებენ, რომ მათთვის წაყენებული ბრალი აბსურდი და მათთვის შეურაცხმყოფელია. 

გარდა ამისა, როგორც დაკავებულების ადვოკატმა გოგა ონიანმა აღნ შნა, ბრალდებულებმა უვადო შიმშილობა გამოაცხადეს. დაკავებულები ამ დრომდე მოდულის შენობაში წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან. ადვოკატის განცხადებით, ეს ბრალდება არის აბსურდი, რადგან ამ წუთამდე დაცვის მხარისთვის მტკიცებულებები არ გადაუციათ, რადგან აცხადებენ, რომ მზად არ არის. 

შსს-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს თანამშრომლებმა, ტერორისტული აქტის მოწყობის ბრალდებით შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი რომან შამათავა გუშინ დააკავეს. მასთან ერთად დაკავებულია სამეგრელო-ზემო სვანეთის სპეციალურ ღონისძიებათა ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სამმართველოს ყოფილი თანამშრომელი მალხაზ მურღულია.

შსს-ს ინფორმაციით, 2008 წლის 21 მაისს, ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში, მშვიდობიანი მოსახლეობის დაშინების მიზნით, რომან შამათავამ, შსს სხვა მაღალ თანამდებობის პირებთან ერთად, ორგანიზება გაუკეთა და განახორციელა ტერორისტული აქტი, რამაც შექმნა ადამიანის სიცოცხლის მოსპობის და მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის განხორციელების საშიშროება, ასევე ხელყო საზოგადოებრივი უსაფრთხოება.

კერძოდ, 2008 წლის 21 მაისს, საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზნით სოფელ ხურჩაში მობილიზებული იქნა გალის რაიონის სოფელ ნაბაკევის მოსახლეობა, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტის მეშვეობით აპირებდა ზუგდიდში გამგზავრებას.
გამოძიების ინფორმაციით, დასახელებულ დროს, სოფელ ხურჩაში ტერორისტული აქტის განსახორციელებლად ჩასაფრებულმა რომან შამათავამ, მალხაზ მურღულიამ და მათმა თანამზრახველებმა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ურთიერთშორის ნაწარმოები მრავალჯერადი გასროლით მშვიდობიან მოსახლეობაში გამოიწვიეს პანიკა, აგრეთვე, მალხაზ მურღულიამ „ერ პე გე“-ს ტიპის ყუმბართმტყორცნიდან განხორციელებული ორი გასროლით ააფეთქა ხალხის გადასაყვანად მობილიზებული ავტობუსები. 

აფეთქების შედეგად სრულად განადგურდა ორივე სატრანსპორტო საშუალება, ხოლო სიცოცხლისათვის სახიფათო ჯანმრთელობისთვის მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო მოქალაქე ნანი ქარდავამ. ტერორისტული აქტის განხორციელების შემდეგ, ორგანიზატორებმა სატრანსპორტო საშუალების მძღოლებსა და დაჭრილ მოქალაქეს შსს-ს ფარული ასიგნებებიდან აუნაზღაურეს მიყენებული ზიანი.

მთავარი პროკურორი არ გამორიცხავს, რომ ხურჩაში 2008 წლის 21 მაისს განხორციელებულ ტერაქტთან დაკავშირებით მაღალი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. არჩილ კბილაშვილის განცხადებით, გამოძიების კვალობაზე ეს მოსალოდნელია.

„გამოძიების პირველადი ვერსიით ტერაქტი, სავარაუდოდ, სწორედ მაღალი თანამდებობის პირების მიერ იყო ორგანიზებული. ამ საკითხთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს, ის ინფორმაცია, რაც შსს-მ გაავრცელა, არის პირველადი და ის მიუთითებს საგამოძიებო ორგანოს ვარაუდზე, რომ ტერაქტი იქნა ორგანიზებული, სავარაუდოდ, მაღალი თანამდებობის პირების მიერ. დეტალები, თუ ვის მიერ, როგორ და რანაირად - მომავალი გვიჩვენებს“, - აღნიშნა კბილაშვილმა. 

2008 წლის 21 მაისს განხორციელებულ თავდასხმას „შეკვეთილ ტერორისტულ აქტს“ უწოდებს შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და მიიჩნევს, რომ აღნიშნული მაგალითი მეტყველებს იმაზე, თუ რა მეთოდებით ებრძოდა ყოფილი ხელისუფლება საკუთარ ხალხს.

„საზოგადოებამ ნახა, როგორი მეთოდებით ებრძოდა საკუთარ ხალხს წინა ხელისუფლება - ეს იყო შეკვეთილი ტერორისტული აქტი, განხორციელებული საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, იმისთვის, რომ მომხდარიყო მათი დაშინება, გამოეწვიათ პანიკა. საქართველოში ასეთი სპექტაკლების ეპოქა დასრულდა. ეს სპექტაკლები დამთავრდა და არასდროს აღარ განმეორდება. ძალიან მარტივი შესაფასებელია საზოგადოებისთვის, მათ უნდა აირჩიონ ან მშვიდობა, განვითარება და სტაბილურობა, ან მსგავსი დადგმული ტერაქტების ეპოქა“, - აღნიშნა შს მინისტრმა.

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრი სოზარ სუბარის განცხადებით, ხურჩაში 5 წლის წინ განხორციელებულ ტერაქტს დამკვეთი ჰყავს. 
როგორც სუბარმა ჟურნალისტებს განუცხადა, ადამიანები, რომლებიც ტერაქტის განხორციელებისთვის დააკავეს, აღნიშნულს თავად ვერ დაგეგმავდნენ. 

„ეს ადამიანები ტერაქტს თავისით ვერ დაგეგმავდნენ და რომც დაეგეგმათ, დიდი ხნის წინ მოხვდებოდნენ საპყრობილეში. შესაბამისად, ამ ტერაქტს ჰყავს დამკვეთი. ეს იყო აბსოლუტურად დაგეგმილი ტერაქტი და ამგვარ შეფასებას მომხდარს თავად ნორვეგიელი და შვედი დამკვირვებლები ანიჭებენ, რომლებიც სამეგრელო-ზემო სვანეთში მუშაობდნენ. 
მეორე დღეს, როდესაც ტერაქტი მოხდა, ჩემთან მოვიდნენ ნორვეგიელი და შვედი დამკვირვებლები და განცხადება გააკეთეს, რომ ეს იყო აბსოლუტურად დაგეგმილი ტერაქტი, რომელსაც არაფერი ჰქონდა საერთო რეალობასთან. ისინი ვერც კი იჯერებდნენ, რომ ასეთი რამ შეიძლებოდა მომხდარიყო“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა. 

ამასთან, მისივე განმარტებით, წინა ხელისუფლების პირობებში ჩატარებულმა გამოძიებამ ყურადღება არც კი მიაქცია კადრს, რომელიც ერთ-ერთი ტელეკომპანიის ვიდეოკამერამ დააფიქსირა.

„ამ კადრებში ჩანს, რომ ერთ-ერთი დაზარალებული ქალბატონი, რომელსაც ტყვია მოხვდა, იქვე მყოფი პირების მისამართით ისვრის რეპლიკას „ეს რა მიქენი, კინაღამ მომკალიო“. 
კადრშივე ჩანდა, რომ ეს ქალბატონი იღებს პასუხს - არაფერი მოგივა, ნუ გეშინიაო. ეს კადრი რომელიც ტელეეთერში მხოლოდ ერთხელ მოხვდა, შემდეგ ამოჭრეს. გამოძიებას ამ კადრისთვის ყურადღება არ მიუქცევია“, - აცხადებს სოზარ სუბარი.