ბიძინა ივანიშვილი უარყოფს ინფორმაციას, რომ თანამდებობიდან წასვლის შემდეგ ქვეყანის მართვას კულისებიდან გააგრძელებს. თუმცა, აცხადებს, რომ პრემიერის პოსტის დატოვებამდე თბილისის მერობის სასურველ კანდიდატსაც დაასახელებს. მისივე შეფასებით, ქალაქის მერი მეურნე, საქმის მკეთებელი და კარგი მენეჯერი უნდა იყოს.
„ასეთი მერი უნდა ჰყავდეს ქალაქს და არა ისეთები, პოლიტიკოსობას რომ იჩემებენ და ერთმანეთის ჯაჯგურში არიან. წასვლამდე შემიძლია დავასახელო ქალაქის მერობის კანდიდატურაც, ჩემი არჩევანი და შეიძლება მანამდე საბჭოზეც მოვახერხო შეთანხმება. მე მაქვს ჩემი წარმოდგენა და აქაც ძალიან ღირსეული კანდიდატი მყავს შერჩეული. ამაზე თავში წარმოდგენა უკვე მაქვს, თუმცა არც იმ კანდიდატმა და არც გუნდმა ეს არ იცის“, - აღნიშნა პრემიერმა.
პრემიერი ამბობს, რომ „სააკაშვილი პოლიტიკური გვამია“ და არ გამორიცხავს, რომ საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ ის სასამართლოს წინაშე წარსდგეს.
„სააკაშვილი პოლიტიკური გვამია. მას აღარსდროს ექნება პოლიტიკური კარიერა საქართველოში. ჩემი აზრით, სააკაშვილს ბევრი შეკითხვისთვის აქვს პასუხი გასაცემი და სწორედ ამიტომ არსებობს დიდი ალბათობა, რომ ის დაიკითხება. პროკურორები გადაწყვეტილებას გამოძიებაზე დაყრდნობით მიიღებენ და ეს არ იქნება პოლიტიკურად მოტივირებული“, - განუცხადა ბიძინა ივანიშვილმა „ფრანს პრესს“.
ამასთან ივანიშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტს ურჩია, გამოსულიყო, საზოგადოებისთვის ბოდიში მოეხადა და გადამდგარიყო. ის ამბობს, რომ სააკაშვილს და უგულავას არავითარი პოლიტიკური მომავალი არ აქვს.
„მე სააკაშვილს პირველსავე შეხვედრაზე შევთავაზე, როდესაც პოლიტიკაში მოვედი და პრეზიდენტის სასახლეში მოვედი, რომ გადამდგარიყო. შევახსენე მას, რომ მისთვის უამრავი კარგი რჩევა მაქვს მიცემული და მაშინვე დამეთანხმა და როცა ვუთხარი, რომ საუკეთესო რჩევას მივცემდი, ამაზე ძალიან გამოფხიზლდა და ვურჩიე, კარგი იქნებოდა გამოსულიყო, საზოგადოებისთვის ბოდიში მოეხადა და გადამდგარიყო. ვუთხარი, რომ ამ შემთხვევაში, საქართველოში პოლიტიკური პერსპექტივა დარჩებოდა, თუმცა მას ამის ვაჟკაცობა არ ეყო. შემდგომ შეხვედრებში კი უკვე ვთხოვდი, ისე მოქცეულიყო, რომ მე მისი დახმარება შემძლებოდა“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა გადაცემა „პოლიტიკის დრო“ სტუმრობისას.
ივანიშვილის განცხადებას სოციალური ქსელით პასუხობს დედაქალაქის მერი, გიგი უგულავა.
„არადა მივდივარო და თქვენ, ხალხმა, გადაწყვიტეთ აწი, ვის სად აირჩევთო. ბატონ პრემიერს უყვარს გამოთქმა „წინა ხელისუფლება სიცრუეში გაცხოვრებდათო“. საერთოდ არ მანაღვლებს ვინ „უზის თავში“ ბატონ ბიძინას. ფაქტია, რომ დადასტურდა, ის პასუხისმგებლობას გაურბის და ეტრფის ძალაუფლებას. თქვენზე არ ვღელავ, მაგრამ ქვეყნისთვის ეს ძალიან ცუდია“, - წერს გიგი უგულავა.
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე თვლის, რომ სამოქალაქო სექტორში გადასულმა პირმა, ალბათ, პოლიტიკური თანამდებობდაც უნდა დატოვოს.
„პრემიერმა თქვა, რომ მე როგორც პრემიერი ვტოვებო. ალბათ, მან იგულისხმა, რომ ის დატოვებს თავის კანდიდატურას, მაგრამ გადაწყვეტილება ხალხმა უნდა მიიღოს. ალბათ, საზოგადოებას და პოლიტიკურ პარტიას შესთავაზებს თავის კანდიდატურას, ისევე როგორც მარგველაშვილი შესთავაზა „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოებას, მაგრამ არჩევნები იმიტომაა არჩევნები და მათ შორის - მერის არჩევნები, რომ მოსახლეობა გადაწყვეტს ვის დაუჭერს მხარს, სხვა პარტიების მიერ შემოთავაზებულ კანდიდატებს თუ „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებულ კანდიდატებს “, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
პოლიტოლოგი კახა გოგოლაშვილი კი თვლის, რომ ბიძინა ივანიშვილს როგორც პარტიის ლიდერს, აქვს საკმაოდ მაღალი უფლებები, რომ თავისი კანდიდატი დაასახელოს და პარტიაში მოხდეს მისი განხილვა.
„მაგრამ იმის თქმა, რომ მე მყავს კანდიდატი, მაგრამ ჯერ არ ვამბობ და თავის პარტიის ლიდერებსაც არ ეუბნება ამას და პრესაში აჟღერებს, ეს სწორი არ უნდა იყოს. მას რომ ეთქვა - ჩვენ შიგნით ვსჯელობთ ამ საკითხზე, მაგრამ ჯერ ხმამაღლა არ ვამბობთო, ეს კორექტული იქნებოდა. ბოლო ხანებში ივანიშვილის განცხადებებში ჩანს ის მცდელობა, რომ სანამ წავა კარგად დაამკვიდროს აზრი, რომ ის არის ერთპიროვნული მმართველი და ლიდერი ამ ქვეყანაში. სულაც არ მალავს, რომ მისი გადაწყვეტილება არ ექვემდებარება არანაირ განხილვას თავის კოალიციაში“, - აცხადებს კახა გოგორიშვილი.
როგორც ცნობილა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არ გამორიცხავენ, რომ მერის არჩევნებში მონაწილეობა მიხეილ სააკაშვილმა მიიღოს. რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ ამ კითხვას ნაწილობრივ პასუხს გასცემს საპრეზიდენტო არჩევნები. კახა გოგოლაშვილი კი დარწმუნებულია, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ მერის არჩევნებში გამარჯვების ნაკლები შანსი აქვს. მისი თქმით, ყოფილმა მმართველმა ძალამ საპრალმენტო არჩევნები მთლიანად წააგო თბილისში, რაც ნიშნავს, რომ მხარდამჭერები თბილისში ძალიან ცოტა ჰყავთ. გოგოლაშვილის განცხადებით, უახლოეს ორ წელიწადში „ნაციონალურ მოძრაობას“ თბილისის მერის გაყვანის შანსი არ აქვს.